06 სექტემბერი, 2013
ლიკა ლაბაძე პარიზის მეტროში ბალეტს ცეკვავდა
მახსოვს, როგორ გაებადრათ სახეები მამაკაცებს, როცა ჩვენც იმ იტალიურ რესტორანში შევედით, სადაც ისინი ისხდნენ. ყვავილები და ღვინოც კი გამოგვიგზავნეს ''იმედის დილის'' წამყვანი ლიკა ლაბაძე თითქმის მთელი წლის განმავლობაში სრული დატვირთვით მუშაობდა, ამიტომაც გადაწყვიტა, ზაფხული ნაყოფიერად გამოეყენებინა და კარგად დაესვენა. სამოგზაურო ტური თავადვე შეადგინა, წასვლა მარტოს ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ შემდეგ მეგობრებიც შეუერთდნენ და ხუთმა ბალერინამ რომი და ბარსელონა შემოიარა, პარიზში კიდევ ორი ადამიანი დაემატათ და დაუვიწყარი დრო გაატარეს. მოგზაურობის შთაბეჭდილებებზე ლიკა დაბრუნების დღესვე გვესაუბრა, მეორე დღეს
კი ბათუმში ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' ივენთზე გაეშურა...

- მოგეხსენებათ, ძალიან დატვირთული გრაფიკით ვმუშაობდი, ამიტომ გადავწყვიტე, კარგად დამესვენა, თავადვე შევადგინე რომი-ბარსელონა-პარიზის ტური და მარტო ვაპირებდი წასვლას, მაგრამ ბოლოს შვიდმა გოგომ მოვიყარეთ თავი, ყველანი ბალერინები ვართ და ბევრ ქვეყანაში გვიმოგზაურია, მაგრამ დასასვენებლად ერთად არასდროს ვყოფილვართ. ეს პირველი შემთხვევა გახლდათ და ძალიან კმაყოფილნი დავბრუნდით. მართალია, პარიზში შარშანაც ვიყავი, მაგრამ კიდევ ბევრი დამრჩა სანახავი, რომში მხოლოდ ერთი დღით ვყოფილვარ და დასათვალიერებელი ბევრი მქონდა, ბარსელონა კი არასდროს მინახავს, ამიტომ გადავწყვიტე, რომსა და ბარსელონაში სამ-სამი დღე გავჩერებულიყავი, პარიზში კი - ოთხი.
წინასწარ მქონდა ჩამოწერილი გეგმა, სად როდის უნდა მივსულიყავით, რომელი ღირსშესანიშნაობა რომელთან იყო ახლოს, რომ გადაადგილებაში დრო ფუჭად არ დაგვეხარჯა, მოკლედ, გიდის ფუნქცია მქონდა შეთავსებული. მოგზაურობისას ვცდილობდით, ყველა ქალაქი შეგვეგრძნო თავისი მუზეუმებით, სამზარეულოთი, გართობით. რომში ჩასვლისას პირველ დღეს მოვიარეთ ესპანეთის კიბეები, ტრევის შადრევანი, პანთეონი, ვერონის მოედნები, მეორე დღეს კოლიზეუმსა და ძველ რომს ვესტუმრეთ, მესამე დღეს კი ვატიკანში გახლდით. უცხო ქვეყანაში არასდროს დავკარგულვარ, იმიტომ, რომ ყოველთვის თან მაქვს რუკა და გარდა ამისა, წინასწარ იმდენ ინფორმაციას ვიძიებ ამა თუ იმ ქვეყანასა და ქალაქზე, რომ ჩასულმა უკვე ვიცი, რომელ შესახვევში რა სანახაობა დამხვდება და რამდენი წუთია გადაადგილებისათვის საჭირო. ამ ყველაფრის მოსაძიებლად კვირებს ვატარებ კომპიუტერთან. საერთოდ, იტალიური სამზარეულო ძალიან მიყვარს, წინასწარი კვლევისას წავიკითხე, რომ ერთ-ერთ მოშორებულ უბანში, ეტრასტევერეში, ნამდვილი იტალიური კერძები მზადდებოდა და ამაში მხოლოდ პიცა, სპაგეტი და ლაზანია არ იგულისხმებოდა. გაგვიმართლა იმ მხრივ, რომ ჩვენი სტუმრობისას იქ იყო რესტორნის მეპატრონე, რომელიც თურმე კვირაში ერთხელ მიდის და თავად უმასპინძლდება ვიზიტორებს. მეტიც, თურმე მისივე რეცეპტებით მზადდება კერძები. რომ გაიგო, საქართველოდან ვიყავით, გაუხარდა და თქვა, მსმენია თქვენი ქვეყნის შესახებო.
- ამდენი ბალერინა ერთად რომ გადაადგილდებოდით, არ იპყრობდით იტალიელი თუ ესპანელი მამაკაცების ყურადღებას?
- სხვათა შორის, სადაც მივდიოდით, იქნებოდა ეს კაფე თუ მუზეუმი, ყველგან ყურადღების ცენტრში ვექცეოდით, გვეკითხებოდნენ, ამდენი ლამაზი გოგონა ერთად როგორ შეიკრიბეთ, საიდან ხართო. ჩვენც ვუყვებოდით ჩვენი ქვეყნის შესახებ, ზოგმა იცოდა საქართველო, ზოგს გაგონილი ჰქონდა. მახსოვს, როგორ გაებადრათ სახეები მამაკაცებს, როცა ჩვენც იმ იტალიურ რესტორანში შევედით, სადაც ისინი ისხდნენ. ყვავილები და ღვინოც კი გამოგვიგზავნეს და გვითხრეს, დიდი მადლობა, რომ ეს საღამო გაგვილამაზეთო.
- რაც შეეხება ესპანეთს, როგორც გვითხარი, ამ ქვეყანაში პირველად იყავი...
- ჩემი გოგონები მანამდეც იყვნენ ბარსელონაში ნამყოფი, მე არ დავავალდებულე, წამომყოლოდნენ და ამიტომ მარტო დავდიოდი. პირველ რიგში გაუდის არქიტექტურა ვნახე, რამაც გამაოცა, კი ვიცოდი მის შესახებ, მაგრამ საკუთარი თვალით რომ ნახულობ, სულ სხვა შეგრძნებაა. ასევე გადავირიე საგრადა ფამილიას ტაძარზე, ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. იქიდან გამომდინარე, რომ მე საფეხბურთო კლუბ ''ბარსელონას'' დიდი ქომაგი ვარ, ავიღე ტური სტადიონზე, დავათვალიერე მუზეუმი, სადაც შენახულია ''ბარსელონას'' ყველა თასი, დავათვალიერე გასახდელები, გავიარე ის დერეფნები, რომლითაც დიდი ფეხბურთელები - მესი, ინიესტა გადიან მოედანზე. გარდა ამისა, ჩემზე უდიდესი შთაბეჭდლება მოახდინა ფლამენკომ. მთელი ცხოვრება მხიბლავდა ესპანური ჰანგები და აგრესიული ფლამენკო, ვისიამოვნეთ მისი მოსმენით და ბოლოს ჩვენც ავცეკვდით. ბოლო დღეს მე და ჩემი მეგობარი სალვადორ დალის მუზეუმში წავედით, რომელიც ქალაქიდან მოშორებით მდებარეობს. მართალია, დალი შორიდან ძალიან მომწონდა, მაგრამ როდესაც მის სახლ-მუზეუმში მოვხვდი, დავრწმუნდი, რომ ის უბრალოდ ადამიანი კი არა, ადამიანზე მეტი იყო. დიდი ბედნიერებაა, საკუთარი თვალით ნახო ის სასწაული, რაც წიგნებიდან თუ ინტერნეტიდან იცოდი.
Rating
- როგორც გვითხარი, პარიზში ყველაზე დიდხანს გაჩერდით.
- კი, იქ ჩასულებს კიდევ ორი მეგობარი შემოგვიერთდა და პირველ დღეს შემოვლითი ტური გვქონდა, ერთ დღეში დავათვალიერეთ ეიფელის კოშკი, ტრიუმფალური თაღი, შანზელიზე, ნოტრდამი, ოპერა, ასევე გავისეირნეთ სენაზე. მეორე დღეს მუზეუმები მოვიარეთ, მე ლუვრში ნამყოფი ვიყავი, ამიტომ სხვაგან წავედი. სხვათა შორის, პირველად რომ მოვხვდი პარიზში, ამ ქალაქმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება არ მოახდინა, ეტყობა, ფოტოებიდან, ინტერნეტიდან რომ მქონდა ნანახი, იმიტომ. მერე და მერე კი ამ ქალაქის ნოსტალგია გამიჩნდა და კიდევ მომინდა ჩასვლა, სწორედ მაშინ მივხვდი გამონათქვამის - ''აპიატ ხაჩუ ვ პარიჟ'' აზრს... თან მართლა შინაური და მშობლიური ხდება ეს ქალაქი და წამოსვლა აღარ გინდა... შარშან ვერსალი ვერ ვნახე, ამიტომ წელს ერთდღიანი ტური ავიღე, დავათვალიერე, ველოსიპედით ვიარე და გადმოვვარდი კიდეც. დამავიწყდა მართვა, თუ ძალიან დაღლილი ვიყავი, არ ვიცი, მაგრამ ჩემ წინ ტყუპი გოგონა მოდიოდა, ვერ მივხვდი, როგორ უნდა ამეცილებინა ველოსიპედი მათთვის, იმათთან შეჯახებას მერჩივნა, მე გადმოვვარდნილიყავი, ცუდად მოვუხვიე და მართლა გადმოვვარდი. კიდევ კარგი, რბილად დავეცი, გადავრჩი და არაფერი დამზიანებია.
გარდა ამისა, მულენ-რუჟმა მოახდინა დიდი შთაბეჭდილება ჩემზე, ბოლო საღამო კი გართობას დავუთმეთ, თან ჩამოვიდა ჩვენი მეგობარი, რომელთან ერთადაც ვერასდროს მოიწყენ, პარიზის ქუჩაში საოცრებებს აკეთებდა. ბალეტის პოზაში ვიღებდით ფოტოებს, მეტროში რომ ჩავდიოდით, თუ ქუჩის მუსიკოსების შესრულებით კლასიკური მუსიკის ჰანგებს ვისმენდით, ჩავმწკრივდებოდით და ბალეტის ცეკვას ვიწყებდით. სხვათა შორის, ერთ დღეს სასტუმროში გვიან დავბრუნდით, შევედით ფოიეში და მოგვესმა ჩვენებური ''შავლეგო'' . რასაკვირველია, გამოვიძიეთ, ვინ ასმენინებდა ამ მუსიკას ამდენ ხალხს. თურმე, ადამიანი, რომელიც იჯდა მიმღებში, საფრანგეთში მცხოვრებ ბევრ ქართველს იცნობდა, დაეუფლა ქართულ ფოლკლორს და მოსწავლეებიც ჰყავდა ამ განხრით, თან ჰქონდა დისკი, სახელწოდებით ''სუფრა'' და ამ დისკიდან ჟღერდა ეს ჰანგები.
Rating
- რაიმე უცნაურ სიტუაციაში არ აღმოჩენილხართ ამ მოგზაურობის დროს?
- საერთოდ, როგორც წესი, ზუსტად ვიცი, სად უნდა მივიდე ხოლმე, მაგრამ წელს რაღაც ამერია და აეროპორტში ტერმინალი შემეშალა, 15 წუთი მაინც გინდა, რომ მეორე ტერმინალამდე მიაღწიო... წარმოიდგინეთ, ამდენი გოგო ჩემოდნებით მირბის აეროპორტში. უცებ ჩემმა ერთ-ერთმა დაქალმა ვიღაცას თავისი საბარგო ურიკით ფეხზე გადაუარა, გამოგვეკიდა მისი შეყვარებული ბიჭი, გველაპარაკება, მაგრამ ვპასუხობთ, რომ მისი არ გვესმის, თან მივრბივართ, რომ არ დაგვაგვიანდეს, ბოლოს ეტყობა მიხვდა ის ადამიანი, რომ არ იყო საქმე კარგად და თავი დაგვანება. ამის შემდეგ კიდევ დაგვიგორდა ჩემოდნები, მაგრამ იმდენად ვხალისობდით ამ ყველაფერზე და იმდენად დავიღალეთ, რომ ავედი თუ არა თვითმფრინავში, მაშინვე დამეძინა. ასეთი რამ ჩემს ცხოვრებაში პირველად მოხდა.
- ისეთ ქალაქებში იყავი, რომელზე უკეთესსაც ადამიანი შოპინგისთვის ვერ ინატრებს, დაგრჩა ამისთვის დრო?
- დრო ცოტა გვქონდა, მაგრამ ასეთი ქალაქებიდან ისე ვერ ჩამოხვალ, რაღაც რომ არ იყიდო. რომში თითქმის არ გვეცალა მაღაზიებისთვის, უფრო ბარსელონასა და პარიზში გამოვყავით დრო შოპინგისთვის. პარიზში ჩემთვის ერთი საყვარელი მაღაზიაა, რომელიც სულაც არ გახლავთ ძვირად ღირებული ბრენდი, უბრალოდ, მათი მაღაზია ძალიან კარგადაა ''შეფუთული'' , განთავსებულია ისეთ ნაგებობაში, სადაც ადრე სასახლე იყო, მთლიანად თეთრია, გარედან გალავანი არტყია და დიდი ჭიშკარი აქვს, თან ფეისკონტროლი მოქმედებს. შესვლის უფლება რომ მოვიპოვეთ, შევედით დერეფანში, სადაც თეთრი ხრეში იყო მოყრილი, გარშემო კი გამწვანება გახლდათ. უკვე მაღაზიისკენ რომ შეუხვევ, მათი ბრენდის სუნამოს სუნსა და მუსიკას შეიგრძობ. ამ ბრენდს ჰყავს დიჯეი, რომელიც სპეციალურად მათთვის ქმნის მუსიკას. რაც შეეხება გამყიდველებს, მათ კასტინგის მეშვეობით არჩევენ ამერიკიდან ჩამოსული ჟიურის წევრები, პიროვნება აუცილებლად მოდელი უნდა იყოს, კასტინგში მონაწილეობა რომ მიიღოს. შესასვლელში დგას უსიმპათიურესი მოდელი ბიჭი, რომელიც ბრენდის სახეა, ხომ წარმოგიდგენიათ, მას როგორ შეარჩევენ, მილიონიდან ერთს უმართლებს... რომ შედიხარ, პირველი ის ბიჭი გეგებება და შეგიძლია, მასთან ფოტო გადაიღო, გამოსვლისას კი უკვე დაბეჭდილ ფოტოს გაძლევენ... კაცი, ქალი, ბავშვი პირდაღებული იდგა იმ აპოლონივით გამოთლილ ბიჭთან, ზებუნებრივ ადამიანს ჰგავდა... შევედით თუ არა, შემომხედა და მისი ყურადღება დავიმსახურე. ფოტოების გადაღებაზე რომ მიდგა საქმე, გამომელაპარაკა, მკითხა, საიდან ხარო? ვუპასუხე და გზა განვაგრძე, მაგრამ ვგრძნობდი, რომ თვალს არ მაშორებდა. გამოსვლისას კი ყველას გვითხრა, ძალიან კარგი გოგონები ხართ, მომეწონეთ და იქნებ, საღამოს შევხვდეთ ერთმანეთსო... გაგვიხარდა და გაგვიკვირდა მისი მხრიდან ამის მოსმენა, მაგრამ უარი ვუთხარით.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
მარიანა
მიხარია ასეთი ადანიანები,რომ არსებობენ.წარმატებული,აზრიანი,საქმიანი და რაც მთავარია არ აღიზიანებს საზოგადოებას,პირიქით დადებით და პოზიტიურ გარემოს გიქმნის.
16:50 / 07-09-2013
გამოხმაურება / 0 /
alex
ძალინ კარგი,ლამაზი,თანამედროვე, და რაც მთავარია ნიჭიერი ქალბატონია ლიკა ლაბაძე! მას მთავარი წარმატებების მთელი კასკადები წინ ააქვს! ღმერთმა ხელი მოუმართოს!
14:25 / 07-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS