- ერეკლე, რა ასაკში დაიწყეთ მხატვრულ ლიტერატურასთან ურთიერთობა?
- მახსოვს, პირველად წიგნების თაროს რომ მივადექი, კარგად ილუსტრირებულმა წიგნმა მიმიზიდა, ეს იყო ''ცხოვრება იესო ქრისტესი'' , ტექსტი მინიმალური იყო, მთავარი აქცენტი ილუსტრაციაზე გადაეტანათ და ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. ამის შემდეგ დანარჩენი წიგნების ქექვა დავიწყე და მოულოდნელად ასევე კარგად ილუსტრირებულ ''კამა სუტრას'' წავაწყდი, რომელიც ვიღაცას წიგნების უკან საგულდაგულოდ დაემალა. თავიდან მეგონა ტანმოვარჯიშე აკრობატების შესახებ იყო წიგნი, მაგრამ მალევე მივხვდი, რაც ხდებოდა. მას შემდეგ ყველას ეჭვის თვალით ვუყურებდი, დაუძლურებულ მოხუცებსაც კი, რადგან ყველა ერთდროულად იქცა ამ წიგნის ნაწილად. ''კამა სუტრას'' მოჰყვა ძმები გრიმების სამტომეული, რომელსაც დიდობაშიც არაერთხელ მივუბრუნდი, მერე იყო მარკ ტვენის სათავგადასავლო რომანები და მოთხრობები. პარალელურად პორნოგრაფიულ გაზეთებსაც ვკითხულობდი, რომელსაც ჩემი თანაკლასელი მამამისს ჰპარავდა, იმ პერიოდში ბევრი მსგავსი გაზეთი იყიდებოდა, ერთ-ერთს ''ძინ ძინი'' ერქვა. ფაქტობრივად, სექსმა მიმიყვანა ლიტერატურამდე. თუმცა ''უთავო მხედარი'' , ''შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი'' და ''განძთა კუნძული'' , რომლებიც საბავშვო ლიტერატურასთან ასოცირდება, დღემდე არ წამიკითხავს.
- როგორ გამოიყურებოდა თქვენი საოჯახო ბიბლიოთეკა, სკოლის ბიბლიოთეკით თუ სარგებლობდით?
- საოჯახო ბიბლიოთეკამ დიდი ზეგავლენა მოახდინა ჩემზე, 10 წლის ასაკში ქართული პოეზიის 12-ტომეული წავიკითხე. ამას მოჰყვა აკაკი წერეთლის ორი პოემის დაზეპირება, არ ვიცი რაში მჭირდებოდა, ან ვინ მაძალებდა, მაგრამ ცოტა მეტიჩარა ბავშვი ვიყავი და სიამაყის გრძნობა მეუფლებოდა, როცა ამბობდნენ, აკაკის ორი პოემა ზეპირად იცისო. ასამდე კუპლეტი ახლაც მახსოვს, ვფიქრობ, ჩემი მუსიკალური გატაცება და რეჩიტატივების წერაც ამ ყველაფრის შედეგია. სკოლის ბიბლიოთეკით არასოდეს მისარგებლია. ქუთაისის ბიბლიოთეკით კი არაერთხელ, თავიდან გაწევრიანებული არ ვიყავი და პირადობის მოწმობას ვტოვებდი, სანაცვლოდ გამომქონდა წიგნები, რომლებიც ისე მომწონდა, დაბრუნება მენანებოდა, მაგრამ პირადობის მოწმობის დათმობაც არ გამოდიოდა. როცა გავწევრიანდი, მარკესის ''მარტოობის ასი წელიწადი'' და მაიაკოვსკის ორი ტომი გამოვიტანე, დღემდე არც ერთი არ დამიბრუნებია, მას შემდეგ იქ აღარ მიმესვლება. რა დასამალია და, ბავშვობაში სოფლის ბიბლიოთეკა გავძარცვე და ორი ტომარა წიგნები მოვიპარე, რა თქმა უნდა, ნახევარზე მეტი ნაგავი იყო, მაგრამ ბევრი კარგი წიგნი შემრჩა.
- რამდენად მოდური იყო მაშინ თქვენი ასაკის ბიჭებში კითხვა?
- მოდური არ ყოფილა, მაგრამ ჩემი ბავშვობის განუყოფელი ნაწილი ნამდვილად იყო. პარალელურად მავნე ჩვევებსაც ვუთავსებდი, ყოველთვის მეშინოდა, ერთი უკიდურესობიდან მეორეში არ გადავვარდნილიყავი. ზომიერება ორივე საკითხში აუცილებელია. ქუჩას თავისი ადგილი აქვს და წიგნსა და ლიტერატურას - თავისი. ხშირ შემთხვევაში ქუჩაში ისეთ რამეს სწავლობ, რასაც ვერც ერთი წიგნი ვერ მოგცემს და პირიქითაც ხდება, ნებისმიერ შემთხვევაში ორივე საჭიროა ისევ და ისევ საკუთარი ცოდნისთვის. ვიღაცისთვის კითხვა რელაქსაციაა, მაგრამ ხანდახან ლიტერატურის შემდეგაც საჭიროა რელაქსაცია, ამისათვის ბევრი რამ არსებობს, მთავარია შენ რას ირჩევ და რომელ ხერხს მიმართავ. მოხერხებული მკითხველი ადრე თუ გვიან თავად იქცევა ლიტერატორად, მაგრამ ეს მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ.
- არსებობს თუ არა წიგნი ან წიგნები, რომელსაც პერიოდულად უბრუნდებით და კითხულობთ?
- რა თქმა უნდა, არსებობს, ძირითადად საყვარელი პოეტები, მათ შორის მაიაკოვსკი, ნერუდა, ბუკოვსკი, პრიგოვი. ზემოთ ხსენებული ძმები გრიმების ზღაპრებიც, არის წიგნები, რომლებიც შენთან ერთად იზრდებიან და ნებისმიერ ასაკში ახერხებენ შენს გაოცებას. ამის შემდეგ კი ხვდები, რომ ლიტერატურა ძალადობაა, რომელიც შენივე ნებით გაუპატიურებს. შენ კი კმაყოფილი ხარ და მოგწონს მსხვერპლის როლში ყოფნა.
- რამდენად ახერხებთ თანამედროვე ქართველი მწერლების შემოქმედების გაცნობას. გამორჩეული მწერალიც გეყოლებათ ან მწერლები...
- ვკითხულობ აბსოლუტურად ყველაფერს, თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში ბევრი პრობლემაა, ეს კარგია, რადგან პრობლემის გარეშე არ არსებობს ლიტერატურა, მაგრამ მე უფრო გადაჭრის გზები და ხერხები მაინტერესებს. ჩვენი ავტორები რაღაცნაირად მოხუცებულები არიან, ზოგადად თანამედროვე ქართულ პროზას ჭილაძის სუნი ასდის, ჭილაძე ჭილაძეა და ვისურვებდი მეტი სიახლე და ექსპერიმენტი ყოფილიყო, რისიც ჩვენს ავტორებს ეშინიათ. ყველას შედევრის შექმნა სურს და იოტისოდენა თვითირონიაც არ გააჩნიათ, საპანთეონე ''ნაროდია'' . დიდი ეჭვი მაქვს, ღამღამობით მთაწმინდაზე საკუბოვე ადგილებს ეძებენ. ვფიქრობ, თანამედროვე პოეზია თანამედროვე პროზაზე ბევრად საინტერესოა, თუმცა არის რამდენიმე კარგი პროზაიკოსიც, ისინი ჩემი მეგობრები არიან.
- უცხოელი ავტორებიდან რომელს გამოარჩევდით? ბოლო დროს რამდენიმე მწერალი გახდა მოდური, რომლებიც აუცილებლად უნდა გქონდეს წაკითხული. ამ მოდას თუ აჰყოლიხართ?
- ახლა ფამუქის ბუმია, გამომცემლებსაც მეტი რა უნდათ, ბეჭდავენ და ბეჭდავენ, ფამუქის ორი რომანი დავიწყე და ორივე შუა გზაში მივატოვე, კინაღამ თურქოფობი გავხდი. სერიოზული გრაფომანია. თვალსა და ხელს შუა კოელიო ჩაანაცვლა, თუმცა რა შედარებაა, მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვკითხულობ, ფამუქი ბევრად კარგი ავტორია. ეს მოდურობაც ძალიან მომწონს, როცა წიგნის კითხვა მოდასთან ასოცირდება, ეს უკვე კარგის ნიშანია. ჩემი ბოლო დროის აღმოჩენა ჯონ მაქსველ კუტზეეს ''სირცხვილია'' , გია ბერაძის შესანიშნავი თარგმანი.
- წიგნი ან მწერალი რომელიც მეუღლემ შეგაყვარათ და პირიქით...
- მეუღლის რჩევით წავიკითხე პერ ლაგერკვისტის ''ბარაბა'' , შემდეგ ''სიბილა'' და ვერ ვიტყოდი, რომ გადავირიე, თუმცა ძალიან კარგი ავტორია და მოლოდინმა გაამართლა. მისივე რჩევით წავიკითხე ლავკრაფტის მოთხრობებიც, თუმცა არ მომეწონა. ახლა კორტასარის წაკითხვას მაიძულებს. ჩემი რჩევით კი არაფერს კითხულობს. ეს კარგია, რადგან მომავალში უკეთ გამიცნობს და მიხვდება, რა მაგარი გემოვნება მაქვს.
- წიგნი, რომელმაც ყველაზე მეტად გაგიცრუათ იმედი, არადა, დიდი მოლოდინი გქონდათ...
- ამელი ნოტომის რამდენიმე რომანი, სომერსეტ მოემის ''მოხატული ფარდა'' , კონსტანტინე გამსახურდიას რომანები.
- დღემდე რომელ ლიტერატურულ გმირს ამსგავსებთ საკუთარ თავს?
- ალბათ ოქტავ პარანგოს, ბეგბედერის ''99 ფრანკიდან'' , თუმცა მაგდენი ფული არ მაქვს, მაგრამ პასუხისმგებლობის აღება ოქტავივით მეშინია, ზედმეტად თავის შეწუხებაც არ მიყვარს და ცოტა ზარმაციც ვარ. ასევე 52 წლის დევიდ ლურს, კუტზეეს ''სირცხვილიდან'' , რომელმაც ცდუნებას ვერ გაუძლო და საკუთარი სტუდენტი გოგონა გაჟიმა, ვფიქრობ, რომ კუტზეეს ეს პერსონაჟი ყველა ადამიანში ცხოვრობს, სხვების არ ვიცი და გული მეც ხშირად ამჩქარებია. რამდენიც უნდა მოვიტყუოთ თავი, ყველა კარგი მკითხველი ცოტათი პედოფილია. სხვათა შორის, დევიდ ლურიც კარგი მკითხველია, არის რომანტიკოსი პოეტების სპეციალისტი და მუშაობს ოპერაზე, რომელიც ბაირონისა და გრაფინია გვიჩიოლის სიყვარულს ეძღვნება.
- როგორ ფიქრობთ, ადვილია დღევანდელ საქართველოში გახდე პოპულარული მწერალი?
- ალბათ კი, მთავარია ამის სურვილი გქონდეს და მოხერხებული სვლა გააკეთო. არ უნდა მოგერიდოს საკუთარ კომპლექსებზე ხმამაღლა ლაპარაკი, რაც მეტი კომპლექსი გაქვს, მით მეტი შანსი გაქვს მაგარ მწერლად იქცე, ასევე უნდა დაივიწყო იდიოტური მითი იმის შესახებ, რომ ''ცა გნიშნავს და ერი გზრდის'' .
- კოლეგისთვის გული თუ გიტკენიათ? ახლა თქვენი და დეფის პაექრობა გამახსენდა...
- არ მიყვარს ადამიანები, რომლებსაც მცირედი თვითირონიაც არ გააჩნიათ, მით უმეტეს, როცა მწერლად მოგაქვს თავი, ხანდახან მგონია, რომ ტუალეტშიც არ დადიან. აქ საკმარისია ვინმეს რაიმე ნაწარმოები გაუკრიტიკო, მაშინვე შენი მტერი ხდება. მართალი გითხრათ, ძალიან ღრმად მკიდია, ეტკინებათ თუ არა გული. როცა თავს მწერალს უწოდებ, ჯერ მწერალი უნდა იყო და მერე ადამიანი. კარგ მწერლებს კი კარგი გული აქვთ და როგორც უნდა ეცადო, ვერ ატკენ.
- თქვენი ლიტერატურის განსაკუთრებული მკითხველი გაიხსენეთ, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ...
- ერთხელ ლაშა ბუღაძეს უთხრა ვიღაც ქალმა - ''ბატონო ლაშა, თქვენი წიგნები არ წამიკითხავს, მაგრამ ძალიან მომწონსო'' . მეც მინდა ეგეთი მკითხველი მყავდეს, პრინციპში, არც ჩემს წიგნებს კითხულობენ, განსხვავებაა ისაა, რომ წაუკითხავად არ მოსწონთ. ისე, ერთხელ ტაქსისტმა ფული არ გამომართვა, არც მას ჰქონდა წაკითხული, მაგრამ მითხრა, ''ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში'' გნახე და კაი კაცი ხარო.
- ბოლოს რა წიგნი გააჩუქეთ და თქვენ რა გაჩუქეს...
- ბოლოს გავაჩუქე ჩემი რომანი ''დამლაგებელი'' . სხვა წიგნებს, რაშიც ფულს ვიხდი, რატომღაც ვერ ვიმეტებ. ჩემი რომანი კი გამომცემლობისგან სამი ცალი მერგო საჩუქრად. გამოდის, რომ რაც მაჩუქეს, ის გავაჩუქე. პრინციპში, სამი ცალი რად მინდოდა.
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''