- ამ ზაფხულმა ისე ჩაიარა, ფაქტობრივად არ დამისვენია, რადგან ბევრი საქმე მქონდა და ძირითადად თბილისში ყოფნა მომიხდა. მხოლოდ ორი კვირით გახლდით წასული გურიაში, ბავშვობის მეგობრებმა გადავწყვიტეთ, შვილები ერთად წაგვეყვანა ჩვენივე დაქალის აგარაკზე და ოთხმა გოგომ ცხრა ბავშვი ერთად გავიყვანეთ ქალაქიდან. გვინდოდა, ჩვენს შვილებს უფრო კარგი ურთიერთობა ჰქონოდათ ერთმანეთთან და უფრო დაახლოებულიყვნენ. მართალია, კარგი დრო გავატარეთ, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ უფროსებს არ დაგვისვენია და ამას არც ვთვლი დასვენებად. ალბათ წარმოგიდგენიათ, ცხრა ბავშვის გარემოცვაში როგორ ვი ქნებოდით. თბილისში დაბრუნების შემდეგ კი ისევ საქმეს შევუდექი. ჩემთვის დასვენება მინიმუმ ათი დღით ზღვაზე წასვლაა, წელს კი საქმეების გამო ეს ვერ მოვახერხე.
საქმიანობა
...''ევროვიზიისთვის'' მზადებისას იმხელა დატვირთვით ვმუშაობდით და ისე დავიღალე, რომ ძალიან მინდოდა დასვენება, მაგრამ გამოჩნდა ახალ-ახალი პროექტები, რომელთა შესახებ ლაპარაკისგან თავს შევიკავებ, რადგან ახლა დამუშავების პროცესშია; მაგრამ საჭირო გახდა აქტიური მუშაობა, თუნდაც იმიტომ, რომ ოქტომბერ-ნოემბერში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მაქვს კონცერტები დაგეგმილი. ''ევროვიზიამ'' მოგვცა საშუალება, უამრავ ადამიანს დავკონტაქტებოდით, იქ პროდიუსერები გავიცანით, ეს კი გახდა იმის წინაპირობა, რომ შემდეგ საქმიანი ურთიერთობა ჩამოგვყალიბებოდა. მაგალითად, გერმანიაში მე და ნოდიკო ტატიშვილი, როგორც ''ევროვიზიის'' მონაწილეები, კონცერტზე ვართ მიწვეულები, გარდა ამისა სხვადასხვა ქვეყანაში ქართველი ემიგრანტებისთვის იმართება კონცერტები და იქ გვეპატიჟებიან ხოლმე.
დღის რეჟიმი
...რამდენად საინტერესოა ზაფხულის დღის რეჟიმი, არ ვიცი, მაგრამ გეტყვით, როგორი განრიგი მაქვს წელიწადის აქტიურ სეზონზე. დილით გაღვიძების შემდგომ ბავშვს ვამზადებ, ვაჭმევ და შემდეგ ბაბუას მიჰყავს ბაღში. მერე ვიცლი საკუთარი თავისთვის, ვემზადები და გავდივარ სახლიდან სხვადასხვა საქმის მოსაგვარებლად. ხან შეხვედრები მაქვს, ხან სტუდიაში ვარ, დღის განმავლობაში იმდენი რამ მიგროვდება გასაკეთებელი, რომ სახლში გვიან შევდივარ და სამწუხაროდ, ოჯახში დიდ დროს ვერ ვატარებ.
სარკესთან
...თუ სასწრაფო საქმეზე ვარ გასაქცევი, შემიძლია, ხუთ წუთშიც მოვემზადო, მაგრამ თუ არის იმის საშუალება, რომ მშვიდად და წყნარად ჩავდგე ფორმაში, ამას რა სჯობს?! სადმე რომ მივდივარ, მომზადებას საათ-ნახევრით ადრე ვიწყებ, ზამთარში მაკიაჟს ვიკეთებ, ზაფხულში - არა, რადგან სიცხეა და მიმაჩნია, რომ ამ დროს უჯობესია კანმა დაისვენოს. თმა არის დეტალი, რომელიც ყოველთვის წესრიგში უნდა მქონდეს. იმდენად სქელი თმა მაქვს, რომ მუდმივად ითხოვს დავარცხნას და ხშირ შემთხვევაში ამის გამო სალონში მიწევს მისვლა, რაც უარყოფითად აისახება თმის ხარისხზე. ამიტომ ვცდილობ, გამოვიყენო ნიღბები, რათა თმამ სიჯანსაღე არ დაკარგოს. მადლობა ღმერთს, რომ არ მაქვს პრობლემური კანი, თუმცა ვფიქრობ, რომ სამ-ოთხ თვეში ერთხელ კოსმეტოლოგთან ვიზიტი სასურველია, მით უმეტეს, ისეთ შემთხვევაში, როცა ადამიანს გიწევს მძიმე მაკიაჟის კეთება. ზაფხულია და უამრავი საშუალებაა, რომ ბუნებრივი კომპონენტებით გავიკეთოთ ნიღბები, მაგალითად, ძალიან კარგია კიტრის, სხვადასხვა ხილის, ''ჰერკულესის'' ფაფის ნიღაბი, რომელსაც ხშირად ვიკეთებ. ბავშვობიდან მახსოვს, ბებიაჩემი - დედაჩემის დედა, კიტრს ისე არ გაფცქვნიდა, სახეზე რომ არ მოესვა, თან მარტო თვითონ კი არ ისვამდა, ჩვენც გვიწმენდდა სახეს კიტრის კანით და ეს მეც ჩვევაში მაქვს. ხალხური მეთოდით კანის მოვლა შეიძლება ბევრად უფრო სასარგებლო და ეფექტური აღმოჩნდეს, ვიდრე ძვირად ღირებული კრემებით.
სამოსი
...იმის გათვალისწინებით, რომ დღის დიდ ნაწილს გარეთ ვატარებ და ხშირად მაქვს შეხვედრები, ვცდილობ, უფრო კლასიკურად გამოვიყურებოდე. სპორტულ ფორმაში ძალიან იშვიათად მნახავთ, უფრო მეტად თავისუფალი და კომფორტული სამოსი მიყვარს, ხშირად მაცვია ქუსლიანი ფეხსაცმელი, შარვლები, მოკლე სარაფნები, ქვედაბოლოები, პიჯაკები...
...საკონცერტო სამოსი არის ჩემი და ჩემი კოლეგების მუდმივი საფიქრალი. რაც უნდა ბევრი ტანსაცმელი გქონდეს, გადავსებულიც რომ იყოს შენი გარდერობი, მაინც ყოველთვის გჭირდება ახალი და ახალი საკონცერტო სამოსი. როდესაც საზღვარგარეთ ვხვდები, იქ ვიძენ ჩემი პროფესიისთვის საჭირო სამოსს, რადგან იქ ბევრად უფრო იაფია და ბევრად დიდი არჩევანია. ჩვენს ქვეყანაში კი უფრო შეკერვას ვამჯობინებ. ისე, მამიდაჩემიც მანებივრებს ამ მხრივ, გერმანიაში ცხოვრობს და ხშირად მიგზავნის.
შოპინგი
...ამ ბოლო დროს მივხვდი, რომ აღარ მიყვარს მაღაზიებში ბევრი სიარული, თუმცა მახსოვს, ამსტერდამში მე და ნათია უზნაძე, რომელიც ჩვენი პროდიუსერი გახლდათ ''ევროვიზიაზე'' , ნოდიკო ტატიშვილს ვეღარ გამოვყავდით მაღაზიებიდან. ძალიან დიდი ფასდაკლებები იყო და ვერა და ვერ შეველიეთ იქაურობას. გვეხვეწებოდა ნოდიკო, გამოდითო. ეს შეიძლება ყველა ქალს დაემართოს, ვისაც უყვარს და არ უყვარს საყიდლებზე სიარული. მაგრამ ისე, ზოგადად, ჩემთვის შოპინგი დამღლელია.
საქართველოში რაღაცის შესაძენად თუ მივდივარ, ჩემი და მომყვება, მის გემოვნებას ვენდობი, მაგრამ ახლა სასწავლებლად წავიდა ერთი წლით და დამტოვა, რასაც ძალიან განვიცდი, რადგან მის გარეშე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მიჭირს.
დიასახლისობა
...ამ მხრივ ძალიან განებივრებული ვარ, მყავს დედამთილი, რომელიც მუშაობს, მაგრამ იმავდროულად საოჯახო საქმეებსაც უძღვება. დაუზარელი და საოცარი ადამიანია. იმას, რასაც მე ვერ ვაკეთებ და ვერ ვასწრებ, ის აგვარებს, თუმცა როდესაც სახლში ვარ და მცალია, მეც მიყვარს სამზარეულოში ფუსფუსი და გემრიელი სადილების კეთება. ბოლო წლებია აღმოვაჩინე, რომ გემრიელად ჭამა მიყვარს, არადა, ადრე ასე არ ვიყავი. ცომეულს დიდად ვერ ავუღე ალღო, მაგრამ ჩემი ოჯახის წევრებს ძალიან მოსწონთ ჩემი გაკეთებული ''სალიანკა'' , როგორც ყველა, მეც ისე ვამზადებ, მაგრამ ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს. ამ კერძის მთავარი ინგრედიენტია კარგი, ნაკლებად ქონიანი ხორცი, მჟავე კიტრი, რომელიც თავის არომატს აძლევს, პომიდორი და ბევრი მწვანილი, ხანდახან ბულგარულ წიწაკასაც ვუმატებ ხოლმე. ვერ ვიტყვი, რომ მე დიდად მიყვარს ეს საჭმელი, მაგრამ მამაკაცების დიდ ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს ოჯახში მამაკაცები ჭარბობენ, ჩვენც ვცდილობთ, მათი გემოვნება დავაკმაყოფილოთ.
შვილი
...დედაჩემს არასდროს უყვარდა შვილებზე ლაპარაკი და ეს ფაქტი ყოველთვის მაკვირვებდა, მაგრამ მეც ზუსტად ასე ვარ, არ ვიცი, რა უნდა ვთქვა საკუთარ შვილზე. დათა კარგი ბავშვია, 4 წლის გახლავთ. რაც მახარებს, არის ის, რომ ძალიან კაცთმოყვარეა, არ მახსოვს, ვინმესთვის ხელი დაერტყას, რამე დაეზიანებინოს, არადა მსგავსი ქმედება ახასიათებთ ბავშვებს ამ ასაკში. უკონფლიქტოა. იქიდან გამომდინარე, რომ დათა ერთადერთი ბავშვია ჩვენს ოჯახში, ყველა ათამამებს, ამიტომ მე ვცდილობ, მის მიმართ მკაცრი ვიყო, არ მიყვარს, როდესაც ბავშვი თავხედია და არ იცის, როგორ უნდა მოიქცეს. აღზრდას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ დათა კარგ პიროვნებად ჩამოყალიბდეს.
- მეორე შვილზე არ ფიქრობთ?
- კი, ვფიქრობ და ძალიან მინდა, დათას ძმა ან და ჰყავდეს...
მეუღლე
...მართალია, ჩემს ქმარს არ უყვარს, როცა მასზე საჯაროდ ვლაპარაკობ, მაგრამ გეტყვით, რომ ნოდი ექიმ-გინეკოლოგი გახლავთ. შვიდი წელია ერთად ვართ და ამ დროის განმავლობაში ვგრძნობ, რომ უფრო და უფრო ღვივდება და ღრმავდება სიყვარული. ერთ გზას გავდივართ, ერთი ტკივილი გვაქვს, ერთი სიხარული. ერთმანეთის მიმართ კიდევ უფრო დიდი პატივისცემის გრძნობა გვიჩნდება. ნამდვილად არ არის ადვილი მომღერლის და ზოგადად, ხელოვანი ადამიანის გვერდით ცხოვრება, მაგრამ ეს საკითხი ჩემი ქმრისთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს, პირიქით, ნოდი ამით ბედნიერია და სიამოვნებას ჰგვრის ჩემი საქმიანობა, რაც ჩემთვის დიდი სტიმულია.
გართობა
...ჩემთვის გართობა ერთი-ორი დღით სადმე წასვლაა, თუნდაც ახლომახლო. მიყვარს, როცა გავდივართ რამდენიმე დღით, ვწყდებით აქაურ გარემოს და განვიტვირთებით. თავს კარგად ვგრძნობ ოჯახის წევრებისა და ახლობელი ადამიანების გარემოცვაში და სადაც უნდა ვიყოთ, ყველაზე კარგად სწორედ მათთან ერთად ვერთობი.
ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''