03 სექტემბერი, 2013
ოთარ ქირიას ეგვიპტური მძიმე 10 დღე...
დღის 12 საათიდან საღამოს 9 საათამდე, უკაცრავად და, ეს ხალხი ''ლობიში'' ეყარა. არ უშვებდნენ საკუთარ ნომრებში, არ აძლევდნენ ტელეფონს, ფულს ზაფხული ყველა დასაქმებული თუ დაუსაქმებელი ადამიანისთვის შვებულებასა და კარგ დასვენებასთან ასოცირდება. ბევრი დასვენებაზე ფიქრს შვებულებამდე ერთი კვირით ადრე იწყებს. ოთარ ქირია იმ გამონაკლის ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, ვინც მოგზაურობაზე თადარიგს თვეებით ადრე იჭერს. არჩევს ქვეყნებს, ქალაქებს და თავად ადგენს ტურს, რომელსაც ხუმრობით ''ოთარ-ტურიც'' კი დაარქვა. ამ ზაფხულსაც დიდი იმედი ჰქონდა, რომ როგორც ადრე, ოჯახთან ერთად ბედნიერად
იმოგზაურებდა. მართალია, ყველანაირად ეცადა, დაბრკოლებებს მისთვის ხასიათი არ გაეფუჭებინა, მაგრამ ეგვიპტურმა ათმა დღემ შესაძლოა სასამართლოს კარამდე მიიყვანოს.

ამ ზაფხულს მე და ჩემმა ოჯახმა დასვენების ყველანაირი რეკორდი მოვხსენით. ჯერ ათი დღე ბარსელონაში ვიყავით, შემდეგ მეუღლე და ბავშვი ერთი კვირა ათენში იყვნენ, ნათესავები მოინახულეს და ბოლოს ათი დღე ვიყავით ეგვიპტეში მეგობრებთან ერთად.
- ოჯახთან ერთად დასვენების ტრადიცია როდის ჩამოაყალიბეთ?
- სულ გვაქვს, მაგრამ ბავშვი პატარა რომ იყო, მხოლოდ საქართველოს ფარგლებში ვმოგზაურობდით. მას შემდეგ, რაც გოგონა 5 წლის გახდა და მეც ფინანსურად მოვძლიერდი, წელს აღარ ვტოვებთ, რომ სამოგზაუროდ არ წავიდეთ. პირველად მთელი ოჯახი საზღვარგარეთ 2009 წელს წავედით. მთელი თვე ვიყავით და ბევრი ქალაქი დავათვალიერეთ - რომი, პრაღა, მიუნხენი, ვენა, ათენი. თითო ქალაქში ხუთი-ექვსი დღე ვრჩებოდით. ეს სასიამოვნო ტური თავად დავგეგმე. ასეთ ტურებს ''ოთარ-ტურს'' ვეძახი და საქმე უკვე იქამდე მივიდა, რომ ნაცნობებსაც ვუგეგმავ, სად იმოგზაურონ. შემიძლია ვიჯდე და საათები ვხარჯო იმაზე, რომ იაფი სასტუმროები ვიპოვო, ან ფასდაკლებები მოვძებნო.
- ბავშვთან ერთად რთულია გარისკო და ექსტრემალურად იმოგზაურო. გიყვართ მოგზაურობის ეს სახეობა?
- არა, ასეთ რაღაცებს ვერიდები, მაგრამ ამ ზაფხულს ეგვიპტეში რომ ჩავედით, ყველაფერს გადავაჭარბეთ. ჩვენ რომ ჩავედით, იმ დღეს დაიწყო ხოცვა-ჟლეტა. მართლა ექსტრემალურ სიტუაციაში აღმოვჩნდით. ეგვიპტეში შარშანაც ვიყავით. საერთოდ, ევროპაში რომ მიდიხარ, ბევრს დადიხარ, შემეცნებით არეალს იფართოვებ, რაც შეეხება ეგვიპტეს, თურქეთს, ტუნისს, იქ ბოლომდე უნდა მოეშვა, არაფერზე იზრუნო, სასტუმროში იყო და ყველაფერი იქ არის. წელსაც ეგვიპტე იმიტომ ავარჩიეთ, რომ მეგობრებს ძალიან უნდოდათ. შარშანდელ სასტუმროში გავჩერდით, რადგან მაშინ ძალიან მომეწონა.
- მანამდე ათი დღე იყავით ბარსელონაში. იქაურ შთაბეჭდილებებზე მოგვიყევით.
- ამისთვის ჟურნალის ხუთი გვერდი არ გეყოფათ. დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრჯერ მოვხვდები მაგ ქალაქში. ყველაფერი მომეწონა. მაგალითად, რომი გადასარევი ქალაქია, თითქმის მთელი ქალაქი მუზეუმია, მაგრამ ის შეგრძნება არ გამჩენია, რომ იქ ვიცხოვრებდი. აი, ბარსელონაში კი ყველაფერი სხვანაირად მოხდა. სიამოვნებით ვიცხოვრებდი იქ. ბარსელონაში ათი დღე კი არა, ერთი თვე რომ იყო, მაინც არ გეყოფა ყველაფრის სანახავად. შანსი რომ მომეცეს, აუცილებლად წავალ საცხოვრებლად.
- ბარსელონაში სასიამოვნო მოგზაურობის შემდეგ, როგორც მივხვდი, ეგვიპტეში ყველაფერი პირიქით მოხდა.
- ეგვიპტეში ტურისტული კომპანია ძალიან ცუდად მოგვექცა. ძალიან მწყინს, რომ საქართველოში მომსახურების დონე იქამდე ვერ მივიდა, რომ პასუხისმგებლობით მოეკიდონ ყველაფერს. შარშანაც და წელსაც ერთი და იგივე ტურისტული კომპანიის მეშვეობით ვიყავი ეგვიპტეში, ''ინტერკონტინენტალს'' ვგულისხმობ. შარშან საოცრება მოხდა, მივედით და აღმოჩნდა, რომ ფული არ იყო გადარიცხული. მთელი დღე ნომრებში ვერ შევედით, ''ლობიში'' ვეყარეთ. მაშინ ორი ნაკადი ვიყავით. ჩვენი ნაკადი ნომერში საღამომდე ვერ შევიდა. მეორე ნაკადში იყო ''ჯეოსელის'' პიარმენეჯერი ირმა ცქიტიშვილი, იმათ საერთოდ სასწაული დაემართათ. ნომრებში შეუშვეს, მაგრამ იმ ღამეს, 12 საათზე სისტემამ განახლება რომ გააკეთა, აღმოჩნდა, რომ მათი ფულიც არ იყო გადარიცხული. მეორე დღეს აუზზე ჩამოსულებმა გაარკვიეს, რომ ნომერში ვეღარ შევიდოდნენ. არადა, ყველაფერი ნომერში ჰქონდათ, ტელეფონი, ფული... დღის 12 საათიდან საღამოს 9 საათამდე, უკაცრავად და, ეს ხალხი ''ლობიში'' ეყარა. არ უშვებდნენ საკუთარ ნომრებში, არ აძლევდნენ ტელეფონს, ფულს.
- რაც ნახეთ, იმის შემდეგ წელს რატომ ისარგებლეთ იმავე კომპანიის მომსახურებით?
- არის ტურისტული ზონები, სადაც ტურისტული კომპანიის გარეშე საგზურს ვერ შეიძენ. ეგვიპტეზე უფლება სულ ორ-სამ კომპანიას ჰქონდა. ჩემთან ერთად იყვნენ ჩემი მეგობარი ქეთი ქებაძე, რომელიც დილის ''კურიერის'' პროდიუსერია და ასევე ეკა სამხარაძე, დილის გადაცემის წამყვანი. დაგვარწმუნეს, რომ შარშან რა გაუგებრობაც მოხდა, აღარ განმეორდებოდა და წელს საოცრება იქნებოდა. მეც დავთანხმდი, მაგრამ წელსაც სიურპრიზის გარეშე არ დაგვტოვეს.
- წელს რა მოხდა?
- ქვეყანაში ომი იყო და ჩვენი პატრონი არავინ ჩანდა. ქეთის რომ არ ჰქონოდა იმის საშუალება, რომ ინფორმაცია პირდაპირ ელჩისგან მიეღო, სრულ საინფორმაციო ვაკუუმში ვიქნებოდით. არ ვიცოდით, რა ხდებოდა. თბილისიდან გვირეკავდნენ და ყველა პანიკაში იყო. ქვეყანაში საშინელება ტრიალებდა. ჰურგადა შორს არის ცენტრიდან და ჩვენთან სიმშვიდე იყო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ინფორმაცია არ უნდა გვქონოდა. ჩვენი სასტუმროდან სკანდინავიური ქვეყნებისა და გერმანიის ტურისტულმა კომპანიებმა თავიანთი ტურისტები გაიწვიეს.
Rating
- ჩვენთან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეგვიპტის დატოვებაზე ქართველი ტურისტები თავად აცხადებდით უარს...
- ''კურიერს'' ჩემმა მეუღლემ მისცა კომენტარი, რომ ჰურგადაში მშვიდობა იყო, მაგრამ გაფრთხილებული ვიყავით და სასტუმროს ვერ ვტოვებდით. ცუდია, ზოგს ქალაქში უნდოდა გასვლა, ზოგსაც - ლუქსორში წასვლა. ეს იყო იზოლირებული დასვენება მხოლოდ სასტუმროში. წარმოიდგინეთ, სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე მეხუთე-მეექვსე დღეს გავედით.
- ჰურგადაშიც მოკლეს ერთი ადამიანი...
- ეს იმ დილას მოხდა, ჩვენ რომ ეგვიპტეში ჩავედით. უკან რომ ვბრუნდებოდით, საოცრება ვნახეთ. ჩვენ 24 აგვისტოს დავბრუნდით და რამდენიმე სომხური ოჯახი 28-მდე უნდა დარჩენილიყო, მათ სასწაული დამართეს, რეისი, რომელიც უნდა შემდგარიყო 28-ში, აღარ იქნებოდა, დაურეკეს და უთხრეს, რეისი დღეს არის და ათ წუთში ჩაცმულ-დახურულები გასაფრენად მზად უნდა იყოთო. საკუთარი თავი წარმოიდგინეთ, დასასვენებლად ხარ, უცებ გირეკავენ და გეუბნებიან, ახლა თუ არ წამოხვალ, მანდ დარჩებიო. წამოყარეს ხალხი წივილ-კივილით.
- იქ ყოფნისას თქვენს პრეტენზიებს არ აყენებდით?
- იქიდან რომ ვრეკავდით ტურისტულ კომპანიაში, ტელეფონზე არავინ გვპასუხობდა. ყურადღებას არავინ გვაქცევდა. იმ სასტუმროში მარტო ჩვენ ვიყავით ქართველები. მე ჩემს ოჯახთან ერთად, ქეთი ქებაძე ახლობელთან ერთად და ეკა სამხარაძე შვილთან ერთად. თან სხვა პრობლემაც დამხვდა, რა თანხაც გადავიხადე, ის ნომერი არ დამხვდა. აქ ჩამოსული მივედი კომპანიაში და ჩემი პრეტენზიები დავაფიქსირე. მოვითხოვე, რომ პასუხი გამცენ. ძირითადად ეგვიპტურ მხარეს აბრალებენ, მაგრამ მაგის არავის აღარ სჯერა. ისინი ამათ აბრალებენ. სულ არ მაინტერესებს. მე ფული გადავიხადე, კონტრაქტი მაქვს და თუ ახსნა-განმარტებას არ მივიღებ, დავას სამართლებრივ ფორმას მივცემ. ყველაზე კარგი საშუალება სასამართლოს გზაა.
- ათი დღე სასტუმროში გაატარეთ და პირამიდებიც არ გინახავთ?
- არა, პირამიდების სანახავად ქაიროში უნდა წახვიდე. რვა საათი უნდა გზას. შარშან რომ ვიყავით, ბავშვი დავიტოვე და მეუღლე და მეგობრები წავიდნენ სამარხების დასათვალიერებლად. წელს ეს გამორიცხული იყო. პირამიდები კი არა, ჰურგადას ცენტრში არ გავსულვართ.
- ამ ტურისტულ კომპანიაზე სხვებისგანაც გაგიგიათ პრეტენზიები?
- სხვა ტურებზე რა ხდება, არ ვიცი, მაგრამ შარშან ძალიან ბევრი ხალხი ვიყავით ''ინტერკონტინენტალიდან'' და იმავე სასტუმროში ბევრი ხალხი იყო სხვა ქართული ტურისტული სააგენტოდან. მათ სამ დღეში ერთხელ აკითხავდა კომპანიის წამომადგენელი და მოიკითხავდნენ, როგორ იყვნენ. ჩვენი ნაცნობი ქართველები დაგვცინოდნენ, წამოდით, თქვე უბედურებო, ჩვენს ნომრებში შეგიფარებთო. ჩვენ სულ დაძაბულები ვიყავით, ხან ნომრიდან ყრიდნენ ხალხს, ხანაც სხვა ნომერში უშვებდნენ.
- სანამ თქვენ ისვენებდით, თქვენი კოლეგა ნინო არაზაშვილი გაბედნიერდა. არ გინახავთ, რაც ჩამოხვედით?
- ნინოს მეუღლე სანდრო ჩვენი მეგობარია, დიდი ხანია, რაც ნინო ძალიან უყვარს. ახლა თავიანთი გაწამაწია აქვთ, სანდროს ბინას ალამაზებენ და მალე გადავლენ. ველოდებით, რომ ყველა ერთად ვესტუმროთ.
Rating
- სატელევიზიო სიახლეებზეც გვითხარი რამდენიმე სიტყვა.
- წინა სეზონზე ბოლო ორი თვე ეთერში ვიჯექი ოთხშაბათობით და ასევე გაგრძელდება. რაც მთავარია, პრესას თავს არ დავანებებ. რთულია ყოველდღე ოთხ საათზე ადგომა, მაგრამ ეს საქმე ძალიან მომწონს და მიყვარს.

მომხდარზე კომენტარი ტურისტული კომპანია ''ინტერკონტინენტალის'' წარმომადგენლებს ვთხოვეთ. თათა საყვარელიძე, პიარსამსახური:

''რაც შეეხება ჩვენი კოლეგებისა და მეგობრების ვიზიტს ეგვიპტეში: პირველ რიგში ძალიან სამწუხაროა, რომ კონკრეტული სირთულეები შეხვდათ მათ ნომერთან დაკავშირებით, ნება მომეცით ავხსნა სირთულე. ოთარმა შეარჩია და თანხა გადაიხადა კონკრეტული კლასის (ტიპის) ნომერში. სამწუხაროდ, დაჯავშის დროს მოხდა შეცდომა, თუმცა ეს ჩვენ საბოლოოდ მათი საქართველოში დაბრუნების შემდეგ შევიტყვეთ. რაზეც, რა თქმა უნდა, ბოდიშიც მოვუხადეთ და ნომრებს შორის ფასში განსხვავების დაბრუნებასაც შევპირდით (რამდენიმე დღეში).
გამოყვანასთან დაკავშირებით: გეგმიური გამოყვანები ხდებოდა საელჩოსა და სახელმწიფო სტრუქტურების რეკომენდაციების გათვალისწინებით.
რაც შეეხება ინფორმაციულ ვაკუუმს, ამ შემთხვევაში ნება მომეცით გითხრათ, რომ ჩვენი ოპერატორი მათთან კონტაქტობდა სოციალური ქსელის საშუალებით (''ფეისბუქის'' ). ეს კომუნიკაცია არ იყო ყოველდღიური, მაგრამ კონტაქტი იყო. შესაბამისად, ინფორმაციულ ვაკუუმზე საუბარი გამორიცხულია'' .

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
მოკლედ რა?!!
ამდენ ქვეყანაში ყოფილხარ და რაღას გარბიხარ ეგვიპტეში? მე-3 წელია იქაურობა ყირაზეა. ახლა ხომ არ დაწყებულა ეგ ამბავი? აღარ დამთავრდა ეს თქვენი "მარიაჟობა?!!!"
23:40 / 04-09-2013
გამოხმაურება / 0 /
დათო
შარშან მე ვარ მომსწრე როგორ არ უშვებდნენ ნომერში,სასტუმრო იბეროტელ აქვამარინში, 7 საათი ლობში ყავდათ.
16:18 / 04-09-2013
გამოხმაურება / 0 /
კოკო
ტრიპაჩები მეტის ღირსები არიან
11:55 / 04-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ირაკლი
რა გინდა ეგვიპტეში ამ დროს! წადი ნორმალურ ქვეყანაში დაისვენე, ცოტა მეტი გადაიხადე, ვითომ არ გაქვს საშუალება!
11:16 / 04-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ინი
მაკვირვებს მთელი თვე იმას აცხადებენ სხვა და სხვა ენაზე და მაინც ვერ გაიგეთ რო ეგვიპტეში წასვლა არის სახიფათო და ყველამ თავი შეიკავოს მაგრამ ტუპოი ესტ ტუპოი რო იტყვიან-არა რა თქვენ ტვინში მაინც არ შედის თან ბავშვთან ერთად.ასეთი ტვინ გარეცხილები როგორ ხართ?ყრუ სოფლიდან რო იყოთ ხო ეხხხ ელიტა-ბნელიტა!!!
10:03 / 04-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS