- გარკვეულწილად ამინდების დამსახურებაა ის, რომ ახლა თბილისში ვარ. ბავშვებთან ერთად ბაკურიანში წასვლას ვგეგმავდი, მაგრამ როცა შვებულება მქონდა, ძალიან ციოდა, ამიტომ გადავიფიქრეთ და წავედით ბათუმში. ოთხი დღის შემდეგ ამინდები იქაც აირია, რაღა უნდა გვეკეთებინა? ჩავბარგდით და ჩამოვედით უკან. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ოთხი დღე ვიყავით წასულები, არ ვღელავ, რადგან თბილისში არ ვცხოვრობთ, კაკლებში გადავედით, ეს გახლავთ ადგილი ბაგებსა და წყნეთს შორის, სადაც ისედაც კარგი ჰაერია. დიდი ეზო გვაქვს, ბავშვები ტყეში სეირნობენ და ასეა თუ ისე, სუფთა ჰაერს სუნთქავენ. მართალია, ცენტრისგან მოშორებითაა ჩვენი სახლი, მაგრამ გადაადგილება ნამდვილად არ მიჭირს, პირიქით, სასიამოვნოა თბილისის სიცხიდან აქ ამოსვლა და დასვენება. ალბათ საკუთარი მანქანა რომ არ მყავდეს, გამიჭირდებოდა ქალაქიდან მოშორებით ცხოვრება, მაგრამ ახლა ეს პრობლემა არ მაწუხებს, რადგან 7-8 წელია საჭესთან ვზივარ. ვცდილობ, კარგი მძღოლი ვიყო, პატრულთან შეხება ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ 2-3 ჯერ მქონდა, სამწუხაროდ, სიჩქარე მიყვარს, მაგრამ თავს ვაკონტროლებ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბავშვები სხედან მანქანაში.
დღის განრიგი
...დილას გაღვიძებისა და მოწესრიგების შემდეგ აუცილებლად ვსაუზმობ, სახლიდან უჭმელი რომ გავიდე, შეიძლება გული წამივიდეს. ჰერკულესის ფაფა, ხილი და თაფლია ჩემი დილის მენიუ. ჩვეულებრივ ვაკეთებ ჰერკულესს, რა ხილიც მაქვს, იმას ვყრი ფაფაში, ვამატებ თაფლს და ძალიან გემრიელი გამოდის. ამ საუზმის ალტერნატივა ჩემთვის ხაჭო, მაწონი, ხილი და თაფლია (იღიმის). ხანდახან სამსახურში მიმაქვს ხაჭოში არეული ხილი, ვუმატებ კეფირს და ვსვამ მთელი დღის განმავლობაში. დაკავებული ადამიანისთვის რთულია, ჯანსაღად იკვებოს, მაგრამ გარკვეულწილად ვცდილობ, ეს მაინც მოვახერხო. გაზიანი სასმელები ამოვიღე რაციონიდან; ძალიან მიყვარს წვნიანები, მაგრამ, სამწუხაროდ, ყოველდღიურად ვერ მივირთმევ, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ მაინც ჯანსაღად ვიკვებები. სასწავლო წლის პერიოდში საუზმის შემდეგ მაშოს ბაღში მიყვანაც ჩემი დილის ნაწილია. შემდეგ მივდივარ სამსახურში, ლანჩს მეგობრებთან ერთად მივირთმევ, მერე ისევ ოფისში ვბრუნდები. დღის რაღაც მონაკვეთს აუცილებლად ვარჯიშს ვუთმობ. საქმიანობის გამო ხშირად მიწევს შვილების გარეშე ყოფნა, არ მინდა, მათ ყურადღება მოაკლდეთ, ამიტომ საღამოს და შაბათ-კვირას ძირითადად ოჯახთან ერთად ვატარებ.
ვარჯიში... სალონი...
...როგორც გითხარით, ვვარჯიშობ, ფორმის შესანარჩუნებლად ეს საუკეთესო საშუალებაა. არ მეგონა, თუ ეს პროცესი ასეთი სასიამოვნო და აზარტული აღმოჩნდებოდა, მითრევს და ვერ გამოვდივარ სატრენაჟორო დარბაზიდან. თან კარგი მწვრთნელი მყავს, რომელიც კარგ მიმართულებას მაძლევს და ხანდახან 2-3 საათი ისე გადის, ვერ ვიგებ.
მუდმივად დროის დეფიციტი მაქვს და სულ მგონია, რომ დროს ბავშვებს ვაკლებ, აქედან გამომდინარე, სალონში ხშირად არ დავდივარ. მაგრამ როცა მიხდება იქ მისვლა, ბავშვებიც თან მიმყავს, რადგან დავდივარ იქ, სადაც დედაჩემი მუშაობს, ამიტომ ბავშვების გაჩერების პრობლემა არ მაქვს. პირიქით, მათაც ძალიან უყვართ სალონში სტუმრობა, ყურადღებით ანებივრებენ.
სამსახურში წასვლამდე...
...იმ შემთხვევაში, თუ სამსახურში მისვლამდე მიწევს ვარჯიში, მაშინ 15 წუთი მჭირდება მოსამზადებლად, მაგრამ თუ პირდაპირ სამსახურისკენ მაქვს გეზი აღებული, მეტ დროს ვუთმობ საკუთარ თავს. მაკიაჟს ყოველდღიურად ვიკეთებ, თუმცა არის შემთხვევა, როცა შეუღებავიც გამოვდივარ სახლიდან. ხასიათის მიხედვით ვწყვეტ, რა უნდა წავისვა, ხანდახან მხოლოდ ფერუმარილით შემოვიფარგლები, ხან - მხოლოდ თვალის ფანქრით, ხან - მხოლოდ წითელი პომადით, ხან ამ ყველაფერს ერთმანეთს ვუხამებ. რაც შეეხება სამოსს, ჩემს სამსახურს არ შეეფერება დახეული ჯინსი და მოკლე შორტი, უფრო კლასიკურად ვიცვამ, თუმცა მკაცრ აკადემიურ სტილში გამოწყობას არავინ გვთხოვს. ჯინსსაც ვირგებ ხოლმე, მაგრამ მაინც მგონია, რომ ჯინსი ცოტა შეუფერებელია ჩემი სამსახურისთვის, თუმცა თუ ქუსლიან ფეხსაცმელს შეუხამებ, შესაძლოა კლასიკური ელფერი შესძინო. სხვათა შორის, ხშირად მაცვია ქუსლიანი ფეხსაცმელი. ამ ბოლო დროს იმდენად მაღალქუსლიანი შევიძინე, რომ ჩემმა მეგობრებმა ერთგვარი ლიმიტიც კი დამიწესეს, ფეხსაცმელი ამაზე მაღალი ქუსლით აღარ იყიდოო - გააპროტესტეს ჩემი ქუსლის სიმაღლე (იცინის).
შოპინგი
...შოპინგისთვის საზღვარგარეთ არ დავდივარ, თუმცა როცა უცხო ქვეყანაში ვხვდები, რასაკვირველია, იქ ვყიდულობ საჭირო ნივთებს. შოპინგოთერაპია ძალიან დადებითად მოქმედებს ჩემს განწყობაზე, თუმცა ხშირად ვერ დავდივარ საყიდლებზე, რადგან ამასაც დრო სჭირდება და სახსრებიც. ჩემს მეუღლეს არ უყვარს საშოპინგოდ სიარული, ეზარება ეს პროცესი და მისთვისაც მე ვყიდულობ სამოსს. ეს თბილისს ეხება, თორემ საზღვარგარეთ თავად დადის მაღაზიებში. ამ ბოლო დროს ჩვენი გემოვნება ემთხვევა ერთმანეთს, თუ ეს უბრალოდ თანაცხოვრებამ მოიტანა, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ჩემი შერჩეული სამოსი მოსწონს. საქმე რთულადაა მაშინ, როცა მისთვის რაღაც საზღვარგარეთიდან ჩამომაქვს, რადგან ზომის გამოცვლის შანსი არ მაქვს, აქ კი ეს საკითხი უფრო მარტივადაა.
მაშო და ანასტასია
...მაშო დიდი გოგოა უკვე, შედარებით დაჭკვიანდა, 12 აგვისტოს 5 წლის გახდა. ახლა ელოდება, როდის დაიწყება ბაღი. ჯერ ერთი იმიტომ, რომ მეგობრები მოენატრა და მეორე იმიტომ, რომ როგორც თავად თქვა, უმეგობრო დაბადების დღე ჰქონდა და შემოდგომაზე უნდა გადაიხადოს მეგობრებთან ერთად. როგორც ყველა გოგონა ამ ასაკში, მაშოც ძალიან პრანჭიკელაა, უყვარს ლამაზი კაბები. გრძელი თმა ჰქონდა, რომლის დავარცხნაც არ უყვარდა, შევთავაზე, შევიჭრათ-მეთქი და დამთანხმდა, ჰოდა, შარშან მოკლედ, ბიჭურად შევაჭერით, ახლა კი დიდი ამბით ელის, როდის გაეზრდება თმა (იცინის). რაც შეეხება პატარას – ანასტასიას, ძალიან ცელქია და მაშოს ხშირად აბრაზებს.
წყვილის თანაცხოვრების ყველა ეტაპს თავისი ხიბლი აქვს, შეყვარებულობის პერიოდი სხვაა, დაოჯახება - სხვა, პირველი შვილი, მეორე... ახლაც განსხვავებულად სასიამოვნო ელფერი შეიძინა ამ ურთიერთობამ, მას შემდეგ, რაც ანასტასია წამოიზარდა. უკვე ოთხივე ერთად ვახერხებთ აქეთ-იქით სიარულს. ტოშკა ძალიან კარგი და ამავდროულად გიჟი მამაა. როცა ბავშვები ავად ხდებიან, პანიკაში ვარდება და ჩვენს პედიატრს იკლებს ტელეფონის ზარებითა და ვიზიტებით. ბავშვებს უარს ვერაფერზე ვერ ეუბნება. ყველა მშობელს უყვარს შვილი, მაგრამ ყველა ვერ გამოხატავს ამას, ჩვენ კი ვცდილობთ, შვილებს სითბო და სიყვარული ვაგრძნობინოთ.
ცოლ-ქმრის ''კლუბი''
...მართალია, ორივე ძალიან დაკავებულები ვართ და თავისუფალ დროს ძირითადად ბავშვებთან ვატარებთ, მაგრამ ბებიები ძალიან გვიწყობენ ხელს, რომ პერიოდულად მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთისთვისაც გამოვნახოთ დრო, წავიდეთ საზღვარგარეთ, განვმარტოვდეთ ან გავანებივროთ ერთმანეთი ყურადღებით, საჩუქრებით...
ანა – დიასახლისი
...ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მიყვარს დიასახლისობა, მაგრამ როცა საჭიროა, ყველაფერს ვაკეთებ. სამზარეულოშიც ვტრიალებ, დიდი სახლი გვაქვს და მასაც ვუვლი. ჩემი მეუღლე გურმანია, როცა ხასიათზეა, თავადაც ამზადებს გემრიელ საჭმელებს, მაგრამ ამ ბოლო დროს ჩემი მომზადებული კერძებიც მოსწონს. რაც შეეხება გართობას, დღეს უამრავი საშუალებაა იმისთვის, რომ როგორც გინდა, ისე გაერთო, ამიტომ იმდღევანდელი განწყობის მიხედვით ვირჩევთ გასართობ ადგილს, ხან მეგობრები გვსტუმრობენ, ხან გარეთ გავდივართ.
ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''