ჩვენს ჭიას კი ვახარებთ, ზოგჯერ სხვების ჭიებიც ხარობენ, მაგრამ ჯერჯერობით შენს ნამუშევარს ვერავინ აფასებს. ბაზარი არ არის, სადაც გაყიდი შენს პროდუქციას. ფულს ხარჯავ და უკან არაფერს იღებ კომპლიმენტის გარდა
ნინო ძოწენიძე და ვერიკო ტურაშვილი აგვისტოს ცხელ დღეებს ქობულეთში ატარებენ. მეგობრები შავი ზღვის სანაპიროზე ოჯახებთან ერთად ისვენებენ და ბულგარეთში წასასვლელად ემზადებიან.ნინო:
- ათი წელია ქობულეთში ვისვენებ. მე მოვიყვანე ვერიკო აქ და მას მერე ერთად ვისვენებთ. წელს ბათუმშიც ვიყავით.
ვერიკო:
- ჩემი და ნინოს საზაფხულო დასვენება ყოველთვის
- მომღერლები ზღვისპირეთს ძირითადად სამსახურებრივად იყენებენ, თქვენ შემთხვევაში როგორ არის?
ნინო:
- ამისთვის ჩამოვედით ბათუმში, ერთ-ერთ კლუბში უნდა გვემღერა. ცუდი ამინდები დაგვემთხვა. 2-3 დღე ვიმუშავეთ და წამოვედით. სამი დღე მე და კახა კუხიანიძე ქობულეთში ერთ-ერთ ბარში ვმღეროდით.
- როგორი დასვენება გირჩევნიათ, ხმაურიანი თუ მშვიდი?
- გიგა სულ მეუბნება, წავიდეთ სადმე, მარტო მე და შენ, მშვიდად დავისვენოთ, აღარ გვინდა ეს ხმაურიო, მაგრამ მე არ შემიძლია მეგობრების გარეშე დასვენება. ამიტომ სულ ხმაურიანი გამოგვდის.
ვერიკო:
- ბავშვებთან ერთად დასვენება წყნარი ნამდვილად არ გამოდის.
- ახლა სად არიან თქვენი შვილები?
- ეზოში თამაშობენ. ჩვენ ოჯახებით ვართ ჩამოსული. ნინოს დედამთილიც აქ ჰყავს, დედაც, ჩემი დედამთილიც აქ არის. ასე რომ, საღამოობით ბარებსა და კლუბებში გასვლას ვახერხებთ. ბავშვებთან ბებიები რჩებიან.
- ნინო, ძაღლიც ჩამოგიყვანია დასასვენებლად...
- ჰო, ეს ჩემი ბრედ პიტია, მეგობარმა მაჩუქა. შვილივით ვუვლი, ისე მომეჩვია, რომ მხედავს, დედაჩემთან აღარ მიდის. სადმე რომ მივდივარ, გამომეტირება ხოლმე (იცინის).
- თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?
ვერიკო:
- ვჭორაობთ (იცინიან).
ნინო:
- სხვებზე არა, ჩვენზე ვლაპარაკობთ, ჩვენს მომავალს ვგეგმავთ, სალაპარაკო არ გველევა.
- გარუჯულხართ უკვე...
ვერიკო:
- თბილისშიც მოვახერხეთ, მთლად თეთრები არ ჩამოვსულვართ. ხშირად მაქვს რუჯი და ყველას ჰგონია, რომ მუქი ფერის ვარ. სინამდვილეში ღია ფერის ვარ. თავიდან ჯერ ვწითლდები და მერე ვშავდები.
- ორივე ცურავთ?
ნინო:
- მე ვცურავ და ყოველთვის ვეხვეწები გასწავლი-მეთქი, მაგრამ არ ჩამოდის წყალში.
ვერიკო:
- ძალიან მეშინია წყლის, ვერ ვბედავ.
ნინო:
- ვერიკოს გოგონა, ლიზა ცურავს ძალიან კარგად და ამან არ იცის.
ვერიკო:
- პატარაობაში დედაჩემმა ორჯერ მიმიყვანა ცურვაზე, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ძალიან მეშინია წყლის, ვერაფრით ვერ ვისწავლი.
- ახალ სიმღერებზე თუ მუშაობთ?
ნინო:
- მე კლიპი გადავიღე ჩემს სიმღერაზე „ცხოვრება“. საკმაოდ თამამად გამოვიყურები, მალე მონტაჟს დავიწყებთ, დიზაინერი ვიზაჟისტი, ოპერატორი, რეჟისორი - ყველაფერს ერთი ადამიანი, მარიკა ქურდობაძე ართმევს თავს. სექტ-ემბრისთვის მექნება პრემიერა რომელიმე სატელევიზიო შოუში.
ვერიკო:
- მე ახალი სიმღერა დამიწერა ანრი ჯოხაძემ და ამ სიმღერაზე ვიწყებ მუშაობას. დასვენება რომ ჩაივლის, ჩავწერ და კლიპსაც გადავიღებთ. ქალის ცხოვრებაა ამ სიმღერაში, სევდიანია, ოღონდ არა სატირალი.
- რა ჰქვია სიმღერას?
- „განა ყველა ქალი ქალია“ .
ნინო:
- „განა ყველა კაცი კაცია“ რომ დაგერქმიათ არ ჯობდა (იცინიან)?
- ვერიკო, ქალების წინააღმდეგ გამოდიხართ?
- არა, არა, პირიქით, კაცს ვუმღერი ამას. ყველაფერს ვერ მოვყვები წინასწარ. მოისმენთ მალე. კლიპის რეჟისორიც ანრი იქნება.
- გიშვილა ანრიმ, ხომ?
- (იღიმის) ასე გამოვიდა, ძალიან ზრუნავს ჩემზე. რამდენ კლიპსაც თავისთვის იღებს, იმდენს მე მიღებს.
- ვერიკო, პირად ცხოვრებაში სიახლეები არ გაქვს?
- არა, აბსოლუტურად არა.
- ნინო, მეუღლე ხომ არ გიშლის ხელს დასვენებაში?
- არა, რას ამბობ?!
ვერიკო:
- გიგა ძალიან კომფორტული ადამიანია ყველასთვის, არა მარტო ნინოსთვის.
ნინო:
- მშია და მაჭამეს კი არ გეტყვის, რას მიირთმევო, გეკითხება.
- პლაჟზე თქვენს გამოჩენას როგორ ხვდებიან დამსვენებლები?
ვერიკო:
- ჩვეულებრივად. გვცნობენ, გვიღიმიან, გვისმენენ რაზე ვსაუბრობთ. გუშინ ავტოგრაფი მთხოვეს, მესიამოვნა, რა თქმა უნდა.
ნინო:
- გარშემო ჩვენი მეგობარი სომხები არიან ბევრნი. იმდენი, რომ მალე სომხურად ავმეტყველდებით.
- კლუბში სხვა რომ მღერის და თქვენ მაყურებლის ამპლუაში ხართ, არ გინდებათ სცენაზე ასვლა?
- თუ მინდება, ავდივარ კიდეც. წელს არ ყოფილა ჯერ ასეთი შემთხვევა, მაგრამ შარშან ავხტი რამდენჯერმე სცენაზე.
ვერიკო:
- მე და გიგა ვართობთ ერთმანეთს კარგად. ენები გვაქვს მოგდებული ზურგზე (იცინის).
ნინო:
- მე ვეუბნები, თქვენ უნდა იყოთ ცოლ-ქმარი, ორ დღეში დაწყვეტთ ერთმანეთს-მეთქი (იცინის).
ვერიკო:
- იმ დღეს ვლაპარაკობდით მე და გიგა, როგორი დუეტი გამოგვივიდოდა ერთად და რამდენ შავ-ბნელ საქმეს გავაკეთებდით (იცინიან).
- როდის დაუბრუნდებით თბილისს?
- ბულგარეთიდან მალე ჩამოვალთ. სექტემბერში თბილისში ვიქნებით, ცუდი ის არის, რომ რა ვაკეთოთ არ ვიცით. ჩვენს ჭიას კი ვახარებთ, ზოგჯერ სხვების ჭიებიც ხარობენ, მაგრამ ჯერჯერობით შენს ნამუშევარს ვერავინ აფასებს. ბაზარი არ არის, სადაც გაყიდი შენს პროდუქციას. ფულს ხარჯავ და უკან არაფერს იღებ კომპლიმენტის გარდა.
ნინო:
- მე მაქვს ქუთაისში სტუდია, რომლის დირექტორიც ვარ და ჯერჯერობით იქ ვიხარჯები. მაგრამ ჩემი საქმე სიმღერაა, მინდა სიმღერით მქონდეს შემოსავალი, აქ დავიხარჯო. წლები გადის... არაფერი ხდება ქვეყანაში, იმედია, გამოსწორდება რამე.
- საპრეზიდენტო არჩევნები მოდის, ხმა გავრცელდა, რომ თქვენი კოლეგა იყრის კენჭს, მას ხომ არ მისცემთ ხმას?
- გია სურამელაშვილზე გვეკითხები? ხუმრობა მგონია ეგ ამბავი (იცინიან). ამას წინათ დავწერე „ფეისბუქზე“ , ცხოვრებაში აღარ ვუყურებ პოლიტიკურ სიახლეებს და ქართულ ფეხბურთს-მეთქი. საქართველო-ბელორუსიას ვუყურე და ძალიან ვინერ-ვიულე. არ ეწყინოთ ბიჭებს, მაგრამ ნერვებს მინდა გავუფრთხილდე.
ვერიკო:
- მე საერთოდ ვერ ვერკვევი ფეხბურთში. დიდი გულშემატკივარი არასდროს ვყოფილვარ. ამას წინათ ანრი ჯოხაძეს გავყევი სტადიონზე. ერთადერთი გავიგე ის, რომ წავაგეთ. მეწყინა და წამოვედი. რაც შეეხება პოლიტიკას, მართლა აღარ შემიძლია. ვინ ვისიანია, ვინ სიმართლეს ამბობს და ვინ ტყუილს - ვეღარ გავიგე.
ნინო:
- ასე ჩართულები არც უნდა ვიყოთ პოლიტიკაში. ყველამ ჩვენ-ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ.
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი „რეიტინგი“