ქალბატონი მანანა ზვიადის მეორე მეუღლე იყო. პირველი ქორწინებიდან მას ჰყავდა შვილი კონსტანტინე გამსახურდია. მართალია, მოვლენები მძიმედ განვითარდა და ზვიადს პრეზიდენტობა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დროს მოუხდა, მაგრამ დღემდე
საქართველოში დაბრუნებულმა მანანა არჩვაძემ ზვიადის მხარდამჭერები ერთ გუნდად შეკრიბა
ბევრი იმასაც ამბობს, რომ მაშინ რეალურად ქვეყანას ქალბატონი მანანა მართავდა, რადგან მისი ჩარევის გარეშე პრეზიდენტი არც ერთ გადაწყვეტილებას არ იღებდა. ფაქტია, რომ დღეს ამ თემაზე ჭორ-მართალი ერთმანეთში აირია და ხშირად არც ზვიადის მომხრეების სიმართლის სჯერათ და არც მისი მოწინააღმდეგეების.
პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების შემდეგ საქართველოში დაბრუნებულმა მანანა არჩვაძემ ზვიადის მხარდამჭერები ერთ გუნდად შეკრიბა და უკვე წლებია, რაც პერმანენტულად მართავს აქციებს სხვადასხვა მოთხოვნით. მათი ბოლო ''მსხვერპლი'' ედუარდ შევარდნაძე გახლავთ. ობიექტი კი კრწანისის საპრეზიდენტო რეზიდენცია.
ედუარდ შევარდნაძე საქართველოს რიგით მეორე პრეზიდენტი 90-იანი წლების არეულობის შემდეგ გახდა. პირველი ლედი კი - ნანული შევარდნაძე. მათი სიყვარულის ისტორიაზე ლეგენდები დადიოდა. იმასაც ამბობდნენ, რომ ქალბატონი პირველი ლედი მეტ-ნაკლებად პოლიტიკურ გადაწყვეტილებებშიც ერეოდა.
მართალია, მაშინ სოციალური ქსელი არ არსებობდა და ხშირად სინათლეც გამორთული გვაქონდა, რომ ქვეყნის პირველი პირის ოჯახური ცხოვრება ტელევიზიით მაინც გვენახა, მაგრამ მაინც შემორჩა რამდენიმე არცთუ სასიამოვნო ამბავი, რომელიც მაშინდელ პირველ ლედის უკავშირდება.
გამონათქვამი, რომ კარგმა დიასახლისმა რვა ლარად ოჯახი ერთი თვე უნდა შეინახოს, მთელი საქართველოსთვის შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა. ამ სიტყვებს ქალბატონ ნანულის მიაწერდნენ. ასევე ''დიდების ზღაპარი'' , რაც მაშინდელი პირველი ქალბატონისთვის ნამდვილ ''აქილევსის ქუსლად'' იქცა. როგორც ამბობენ, ხშირად რეკავდა გაბრაზებული ''პირველ არხზე'' და ''დიდების ზღაპარსა'' თუ სხვა გადაცემებზე თავის შენიშვნებს გამოთქვამდა.
გარდაცვალების შემდეგ ქალბატონი ნანული კრწანისის რეზიდენციის ეზოში დაკრძალეს. ამის სურვილი ყოფილმა პირველმა პირმა გამოთქვა. ფაქტია, რომ მეუღლის გარდაცვალება ექსპრეზიდენტმა მძიმედ გადაიტანა. ამ ამბიდან რამდენიმე თვეში გავრცელებულ ფოტოებზე შევარდნაძე ფიზიკურად ბევრად დაძაბუნებული გამოიყურებოდა.
ასაკოვანი პრეზიდენტის შემდეგ ქვეყნის სათავეში ახალგაზრდა რეფორმატორი ლიდერი მოვიდა - ყოველ შემთხვევაში, მაშინ ასე მოიხსენიებდნენ მიხეილ სააკაშვილს. პირველი ლედი კი ჰოლანდიელი ქალბატონი - სანდრა ელისაბედ რულოვსი გახდა, რომელიც კარგად ფლობდა რამდენიმე უცხო ენას, მათ შორის, ქართულ და მეგრულ ენებს.
სანდრა ხალხმა მალე შეიყვარა, თუმცა პრესასთან არასოდეს კონტაქტობდა და ტელევიზიითაც იშვიათად ჩნდებოდა.
პიარის მხრივ განსაკუთრებულად მომგებიანი აღმოჩნდა მის მიერ ექთნის კურსების გავლა და შემდგომ ერთ-ერთ საავადმყოფოში მუშაობა. ამაზე პრეზიდენტსაც არაერთხელ უსაუბრია პირდაპირ ეთერში. მშვიდი და გაწონასწორებული სანდრა, რომელიც ცდილობდა, ზედმეტად არ მოხვედროდა თვალში მოსახლეობას, მაინც გახდა ჭორების ობიექტი.
ამბობდნენ, რომ მეუღლესთან არეული ურთიერთობის გამო სანდრა ხშირად ტოვებდა საქართველოს და მშობლიურ ჰოლანდიაში მიემგზავრებოდა. შემდეგ კი პირველი ლედი ოფიციალურ შეხვედრებზე სპეციალურად ჩამოჰყავდათ. ეს მისია კი ერთ-ერთ პარლამენტარს ჰქონდა დავალებული.
რეალურად როგორია მიშას და სანდრას ოჯახური თანაცხოვრება, ბოლომდე გაუგებარია, თუმცა ისიც ფაქტია, რომ სანდრა მიშას ყოველთვის გვერდით ედგა არჩევნებსა თუ განსაკუთრებულად რთული გადაწყვეტილებების დროს.
აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ სანდრაზე გავრცელებული უამრავი ჭორის მიუხედავად, მასზე არასოდეს უთქვამთ, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებებში ერეოდა ან რეალურად ქვეყანას მართავდა. სანდრა დაახლოებით ორი თვე კიდევ იქნება ჩვენი ქვეყნის პირველი ლედი, თუმცა ახლა მთავარია, ვინ იქნება შემდეგი?..
საპრეზიდენტო კანდიდატები, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც უხვად გვყავს. ზოგიერთ მათგანს უკვე დიდი ხანია ვიცნობთ, ზოგიც ახლა გამოჩნდა. რამდენიმე კვირაა, რაც აქტიური საპრეზიდენტო პიარკამპანია დაიწყო, კანდიდატები აქტიურად დადიან რეგიონებში და მოსახლეობას საკუთარ გეგმებს აცნობენ. გაგაცნობთ რეალური საპრეზიდენტო კანდიდატების მეორე ნახევრებს.
დავით ბაქრაძე - მაკა მეტრეველი
მაკა მეტრეველი დავით ბაქრაძის მეორე ნახევარი გახლავთ, მათ ორი გოგონა ჰყავთ. მიუხედავად იმისა, რომ დავით ბაქრაძე უკვე ბევრი წელია პოლიტიკაშია, მისი მეუღლე პრესითა თუ ტელევიზიით აქტიურად არასოდეს ჩნდებოდა, სანამ თბილისში ორი მოდის კვირეული არ გამოჩნდა, საიდანაც ერთ-ერთის ხელძღვანელი სწორედ მაკა მეტრეველი გახდა. მაშინდელი პარლამენტის თავჯდომარის მეუღლის მხრიდან მოდის კვირეულის ორგანიზატორობა ბევრს აღიზიანებდა, თუმცა მაშინ ქალბატონი მაკა ამბობდა, რომ მოდის კვირეული ქვეყნის პოპულარიზაციას უწყობდა ხელს. ბაქრაძის მეუღლის მოდის კვირეული არჩევნებში ''ქართული ოცნების'' გამარჯვებამდე გაუქმდა.
გიორგი თარგამაძე - თათია თოფურია
გიორგი და თათია დიდი ხანია ცოლ-ქმარი არიან და ორი გოგონა ჰყავთ. თათია თოფურია თარგამაძის მეორე მეუღლეა. ის წლების განმავლობაში მუშაობდა ტელეკომპანია ''იმედში'' და საღამოს ''ქრონიკა'' მიჰყავდა. ამბობდნენ, რომ უფროსი მეუღლეს მაშინ განსაკუთრებულად ანებივრებდა, რადგან ბევრი ჟურნალისტი ოცნებობდა საღამოს საინფორმაციო გამოშვების წამყვანობაზე. ''იმედის'' დახურვის შემდეგ თათია თოფურია ეკრანიდან გაქრა. ჟურნალისტებთან ურთიერთობის სიყვარულით არც მანამდე გამოირჩეოდა და მით უმეტეს, უსამსახუროდ დარჩენის შემდეგ პრესასთან იშვიათად კონტაქტობდა.
შალვა ნათელაშვილი - ბელა ალანია
ბელა ალანიასა და შალვა ნათელაშვილის ოჯახური ბედნიერებაც მრავალ წელს ითვლის. ჰყავთ ორი შვილი - გოგონა და ვაჟი. მათ ოჯახში სრული იდილიაა, ყოველ შემთხვევაში, გარედან ასე ჩანს. ქალბატონი ბელა არ მუშაობს, ქმრის ყველა პოლიტიკურ იდეას ეთანხმება და იზიარებს. სოციალურ ქსელში საკუთარი პროფილიც აქვს და ხშირად აქვეყნებს მეუღლის მხარდამჭერ განცხადებებს. ქალბატონი ბელას პატარა ჩანახატები სოციალურ ქსელში დიდ მოწონებას იმსახურებს.
ნინო ბურჯანაძე - ბადრი ბიწაძე
პირველი ლედობის რა მოგახსენოთ, მაგრამ თუ ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტი გახდა, ქვეყნის პირველი მამაკაცი ბადრი ბიწაძე გახდება. ბადრი და ნინო დიდი ხანია შეუღლებულები არიან. ორივეს პოლიტიკაში ყოფნა ბევრ წელს ითვლის. ბიწაძეს მიხეილ სააკაშვილის მთავრობაში მუდმივად მაღალი პოსტი ებარა. მას შემდეგ, რაც ბურჯანაძე სააკაშვილს განუდგა, ბიწაძემაც ოპოზიციაში გადაინაცვლა და მალე დატოვა პოსტი. 26 მაისის ცნობილი მოვლენების შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში საზღვარგარეთ ცხოვრობდა. წყვილს ორი ვაჟი ჰყავს. ბურჯანაძე აკადემიური ტიპის პოლიტიკოსია, ის არასოდეს საუბრობს დაწვრილებით ოჯახური ამბების შესახებ.
კობა დავითაშვილი - ინგა ბიწაძე
კობა დავითაშვილის მეუღლე ხუთი ვაჟის დედაა. ალბათ ამაზე დიდი პატივი არ შეიძლება პირველმა ლედობამ მოუტანოს. მიუხედავად ამისა, ქალბატონი ინგა შვილების გაჩენის პარალელურად მუშაობასაც ახერხებდა. ჯერ კიდევ ძველი ხელისუფლების დროს რამდენჯერმე წამოაძახეს მაშინდელ ოპოზიციონერ კობას, რომ მისი მეუღლე დღემდე პარლამენტის აპარატის თანამშრომელი გახლდათ და მისი ბრალდება, რომ ნაციონალები ხალხს პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებდნენ, მხოლოდ მითი იყო.
გიორგი მარგველაშვილი - მაკა ჩიჩუა
ამ წყვილის რომანზე ბევრი დაიწერა, ამიტომ თავს აღარ შეგაწყენთ. რეალურად კი გიორგი მარგველაშვილი დაოჯახებული არ გახლავთ და როგორც თავად ამბობს, ამას პიარისთვის არც აპირებს, თუმცა ცნობილია, რომ მაკა და გიორგი ერთად არიან. მაკა რამდენიმე თვე ვიზაჟისტად მუშაობდა ''მეცხრე არხზე'' . არხის დახურვასთან ერთად კი პრეზიდენტობის კანდიდატის საყვარელი ქალბატონი უმუშევარი დარჩა.
ქეთი მელაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''