- შალვა, საუბარი ''მეცხრე არხის'' გარშემო მიმდინარე პროცესებით დავიწყოთ.
- ბიძინა ივანიშვილი არასოდეს მალავდა, რომ მისი, როგორც მთავრობის წევრისთვის, პრობლემა იყო, რომ მეუღლეს ჰქონდა ტელევიზია. მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს შეიძლება ეს აღექვა, როგორც მის ხელთ არსებული მედიარესურსის გამოყენება ხელისუფლების მხარდასაჭერად. ეს პრობლემა არჩევნების მოახლოების შემდეგ უფრო გამძაფრდა, რადგან იცით, რომ ამ პერიოდში მედია განსაკუთრებულად აქტიურია და დიდი მნიშვნელობა აქვს, ამ დროს რამდენად მიუკერძოებელი იქნება ტელევიზია. იქ შეიძლება ცალკეული ადამაიანები გამოხატავდნენ პოლიტიკურ პოზიციებს, ისე როგორც მე, მაგრამ როდესაც მთლიანად ტელევიზია ერთ-ერთი კანდიდატის პოლიტიკური ლიდერის მეუღლის კუთვნილებაა, ეს პრობლემაა. ბიძინა ივანიშვილში ერთმანეთს ებრძოდა იქ მომუშავე ადამიანებზე ზრუნვა და მიზანშეწონილობა. ზუსტად ვიცი, რომ ის ადამიანები პროფესიონალები არიან და სამსახურს აუცილებლად იშოვიან.
- პიარის კარგ სპეციალისტად გთვლიან და რამდენად სწორი იყო წინასაარჩევნოდ ამდენი ადამიანის განაწყენება?
- პირველი, არ მგონია, რომ ისინი განაწყენებულნი იყვნენ, თუმცა ადამიანურად შეშფოთებული არიან და წუხან. მეორეც, ეს არჩევნები არ ჰგავს წინა არჩევნებს. ადრე მიშა წინასაარჩევნოდ ტელევიზიებს ხსნიდა ან ითრევდა. ბიძინამ კი თავისი ტელევიზიის გაყიდვა გადაწყვიტა. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, შესაძლოა მყიდველი გამოუჩნდეს. მე მგონი, ეს პრემიერის მხრიდან მომგებიანი ნაბიჯია.
- ბოლო დროს პრობლემებია ''მაესტროშიც''. ეს ორი ფაქტი უცნაურად მიეწყო ერთმანეთს.
- ''მაესტროში'' პრობლემები დიდი ხანია არის. მათ ვერ მოახერხეს კომერციული ტელევიზიის გაკეთება და ვერ აეწყვნენ რეკლამაზე. რამდენიმე ფინანსურად წამგებიანი პროექტი განახორციელეს. გასართობი გადაცემები ვერანაირ კონკურენციას ვერ უწევდა ''რუსთავი 2''-ის და ''იმედის'' შოუებს. ეს იყო დამფუძნებლებისა და მენეჯმენტის ფინანსური რისკი, რომელიც ვერ გათვალეს.
- გიორგი მარგველაშვილზე ვისაუბროთ. ზოგს სასაცილოდ არ ეყო, რომ თქვენ მის პიარსამსახურს ხელმძღვანელობთ, ზოგსაც - პირიქით.
- მე რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ზოგიერთი ადამიანის აზრზე ვღელავდე, ვერაფერს გავაკეთებდი ცხოვრებაში. საკმაოდ მდიდარი გამოცდილება მაქვს პოლიტიკურ პიარში. მეტწილად პოლიტიკურ ბრძოლებშიც ვიყავი ჩართული და ჩემთვის ეს არ არის ახალი.
- მარგველაშვილის პიარის ყველა დეტალს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოებს, ახალ იმიჯს, თქვენ გაწერენ, მართლა ასე დეტალურად ერევით?
- სად უნდა იყოს შეხვედრა, როგორ უნდა გამოიყურებოდეს კანდიდატი, რა ფოტო უნდა აიტვირთოს ''ფეისბუქზე'' და გადაეგზავნოს სააგენტოებს, რა თქმა უნდა, ამას პიარსამსახური განსაზღვრავს. ვადასტურებ, რომ ეს ასეა.
- მის რეალურ კონკურენტად ნინო ბურჯანაძეს განიხილავენ. ასევე დავით ბაქრაძეს.
- რაც შეეხება ბაქრაძეს, წასულებზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს. რთულია კარგის თქმა დათო ბაქრაძეზე და მის პარტიაზე, ამიტომ არაფერს ვიტყვი. ეს არის მომაკვდავი პარტია, რომელსაც ჰყავს აგონიაში ჩავარდნილი ლიდერი - მიხეილ სააკაშვილი. ეს მახინჯი კოაბიტაცია 27 ოქტომბერს მთავრდება და მთავრდება ''ნაციონალური მოძრაობის'' კანდიდატის დამარცხებით და მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლით. რა იქნება შემდეგ, ამას მკაფიოდ ავუხსნით მოსახლეობას.
ახლა ნინო ბურჯანაძეზე ვისაუბროთ. მას აქვს უფლება, პროპაგანდის დროს დემაგოგია გამოიყენოს და ისეთ რაღაცებს დაჰპირდეს ადამიანებს, რისი შესრულებაც შეუძლებელია. ეს ცნობილი ფანდია. რაც შეეხება ხელისუფლების კანდიდატს, რომელიც მალე გახდება პრეზიდენტი, ცხადია მას მეტი თავშეკავება მართებს და მისი ყველა სიტყვა გამოზომილი უნდა იყოს. ხალხის გარკვეულ ნაწილს მოსწონს ხმამაღალი შეძახილები და გულის მოფხანა, მაგრამ მინდა ისინი დავარწმუნო, რომ ყველაფერი ის, რასაც მათ ბურჯანაძე ჰპირდება, სამართლიანობის აღდგენის და ძველი მთავრობის მაღალჩინოსნების დასჯით, ისე მოხდება, რომ საქართველო არ აღმოჩნდეს იზოლაციაში, ანუ კანონის დაცვითა და სასამართლოს განაჩენით. ჩვენ ვნახეთ თენგიზ გუნავას მაგალითზე, როგორ მოიქცა პრეზიდენტი, გაათავისუფლა და დააბრუნა ძველ თანამდებობაზე. ეს არის ყველაზე მძლავრი ხელის შეშლა სამართლიანობის აღდგენაში. ახლა რომ გასამართლებული იყოს ვანო მერაბიშვილი ან ბაჩო ახალაია, ვინ დაუშლიდა მიშას, იგივე არ გაეკეთებინა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ პროცესები ხელოვნურად ფერხდება, მაგრამ ჩვენ სერიოზული პრობლემა გვაქვს ამ კაცის სახით. როცა ეს პრობლემა აღარ იქნება, ყველაფერი გაცილებით იოლი გახდება.
- უხერხულ შეკითხვას დაგისვამთ, ბევრს ლაპარაკობენ გიორგი მარგველაშვილის პირად ცხოვრებაზე.
- გიორგის და მაკას ურთიერთობაზე? მაკა ჩიჩუა ჩემი მეგობარია, ჩვენ ერთად ვმუშაობდით ''მეცხრე არხზე'' და ვიცი გიორგის პოზიცია ამ თემაზე. გიორგის და მაკას შორის წრფელი გრძნობაა, რომელიც მიმდინარეობს და ვითარდება. მკითხველს ვეკითხები, თქვენ რომ გქონდეთ ეს გრძნობა, განა უფრო შეურაცხყოფა არ იქნებოდა, პიარფანდები გამოგეყენებინათ? გიორგიმ თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში, არ შეიძლება წრფელი გრძნობა, რომელიც ორ ადამიანს შორის არსებობს, წინასაარჩევნო გათვლებს და პიარსტრატეგიას ექვემდებარებოდესო.
- მოქმედი პრეზიდენტის პირადი ცხოვრება მუდმივად იყო განსჯის საგანი...
- არა, განსხავება ძალიან დიდია. მიხეილ სააკაშვილის პირადი ცხოვრება აზარალებდა ქვეყანას, მათ შორის ფინანსურადაც. მის პირად ცხოვრებაში დახარჯულია ასიათასობით ლარი. საჩუქრებში, რომელსაც ქალბატონებს უძღვნიდა, საეჭვო დროსტარება მოდელებთან. ბუნებრივია, ეს იყო ხალხის განსჯის საგანი, ამით ზარალდებოდა ბიუჯეტი. მე ვიცნობ გიორგი მარგველაშვილის ხასიათს და აქ არანაირი პარალელის გავლება არ შეიძლება.
- გიორგის თვისებების შესახებ ბევრს საუბრობენ, თუმცა ახლოს არ ვიცნობთ მის გარემოს, შვილს...
- მაკას შვილი მაშო და გიორგის ანა მეგობრები არიან... გიორგის აქამდე არ უცხოვრია საჯარო მოხელის ცხოვრებით და არც პოლიტიკურ კარიერაზე უოცნებია. ხალხის სურვილი ლეგიტიმურია, რომ აინტერესებდეთ, სად ცხოვრობს. დუშეთში ცხოვრობს, ძალიან უბრალოდ. ჩვეულებრივი სახლი აქვს და უშუალო ურთიერთობები აკავშირებს მეზობლებთან. რამდენჯერმე ერთად ვყოფილვართ იქ და ყველანაირი ზედმეტი ფუფუნების გარეშე ცხოვრობს. არჩევნებამდე ხალხი უფრო ახლოს გაიცნობს.
- მისი გაპარსული წვერი ძველი ხელისუფლების მხარდამჭერებისთვის ქილიკის საგნად იქცა. გიორგი მარგველაშვილი წვერით - ესეც მისი იმიჯის ნაწილი იყო და ვინ მიიღო ამ იმიჯის შეცვლის გადაწყვეტილება?
- რაც შეეხება წვერის გაპარსვას და თმის დავარცხნას, ძალიან ცდებიან, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამას კანდიდატს თავს ახვევენ. ყველა თანამდებობას აქვს თავისი წესი და რიგი. როდესაც თუნდაც ყველაზე თავისუფალი ადამიანი წვეულებაზე ჯინსსა და კედებში გამოწყობილი მიდიხარ, ამით იმ წვეულებას არ სცემ პატივს. გიორგი მარგველაშვილს კარგად ვიცნობ და იმდენჯერ არ ჰქონია წვერი, რომ ამაზე ყურადღების გამახვილება არ ღირს. ჩვენი ამოცანა არ არის პიარსვლები და ხრიკები, ჩვენ მკაფიო გეგმები გვაქვს. გიორგის სურს იყოს არა დესტრუქციული და მთავრობასთან კრიჭაში ჩამდგარი პრეზიდენტი, არამედ მთავრობის პარტნიორი. მას მიაჩნია, რომ ეს მთავრობა კარგად მუშაობს. რა თქმა უნდა, არის პრობლემები, რაც დაიწყო, ისე სწრაფად არ ვითარდება, პირველი ამის ხელის შემშლელი ეს კოაბიტაციაა. საქართველოს პრეზიდენტი დღეს ყველა სფეროს აფერხებს. საგარეო საქმეებს, რადგან ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაციას ეწევა, ელჩებს არ ნიშნავს. სასამართლოთი გასამართლებულ ყოფილ ჩინოვნიკებს უტიფრად უშვებს და ძველ თანამდებობაზე აბრუნებს. მიშას თავისი ტექსტებით ნევროზული დაძაბულობა და შფოთი შემოაქვს, ვეტოებს ადებს კანონებს.
- ახლახან გამოსცა ბრძანება ნასამართლეობის მოხსნაზე, თქვენ არ მიგიმართავთ პრეზიდენტისთვის?
- ჩემი ბევრი მეგობარი დაზარალდა ძველი სისტემის მიერ და დარწმუნებული ვარ კმაყოფილები არიან, რადგან აღარ ექნებათ პირობითი მსჯავრი, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს ნაბიჯი ნათლად მეტყველებს იმაზე, როგორ უყურებს პრეზიდენტი შეწყალების საქმეს. ამით ამტკიცებს, რომ ტერორისტული რეჟიმი ჰქონდა ქვეყანაში დამყარებული.
- თქვენ არ ისარგებლებთ ამ აქტით?
- არა, მე ნასამართლეობა ერთ წელიწადში ისედაც მომეხსნება, მიხეილ სააკაშვილის წყალობით ადრე არ მისარგებლია და ახლა რატომ უნდა ვისარგებლო, თუმცა ის ადამიანები, რომლებიც იქ მიდიან თხოვნით, მისი მხარდამჭერები არ ხდებიან.
- პრეზიდენტისა და პრემიერის ურთიერთობას როგორ შეაფასებთ?
- ეს არის პოლიტიკოსის და შეშლილის ურთიერთობა.
- პრეზიდენტს შეშლილს უწოდებთ?
- რა თქმა უნდა, შეშლილია ადამიანი, იმიტომ, რომ მასზე უკვე არა მარტო საქართველოს მოქალაქეებს, ამერიკის ელჩსაც ეცინება.
- რას აპირებთ არჩევნების შემდეგ, მედიასივრცეს სამუდამოდ დაემშვიდობეთ?
- ტელევიზიაც დამემშვიდობა და მეც დავემშვიდობე. არ ვიცი, ჯერ აქ ვარ და მაინტერესებს ის, რაც ხდება ჩემ გარშემო. შემდეგ რა იქნება, ვერ გეტყვით.
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''