28 აგვისტო, 2013
ნათია კობერიძე: ''ვადასტურებ, მე და მიშა ერთად ვართ'' .
ჩემი აზრით, რამდენიც უნდა გადაეხადათ ნათია ლაზაშვილისა და ეკა ბერიძისთვის, ისინი გააკეთებდნენ მხოლოდ იმას, რასაც აკეთებდნენ. დიდი ანაზღაურება პროფესიონალს არ აფუჭებს გასულ კვირას ''მეცხრე არხის'' დახურვის თემა აქტიურად განიხილებოდა. ზოგს ეს ამბავი არ გაჰკვირვებია, ზოგს კი უმუშევრად დარჩენილი ჟურნალისტების ბედი ადარდებდა. ჟურნალისტი ნათია კობერიძე, რომელიც ქართულ მედიასივრცეს აკვირდება, მიიჩნევს, რომ არხის დახურვა მოსალოდნელი იყო, რადგან მან ის ფუნქცია წარმატებით შეასრულა, რისთვისაც შეიქმნა.

- ნათია, როგორ შეაფასებდით იმ ყველაფერს, რაც ქართულ ტელესივრცეში ხდება?
- ''მეცხრე არხზე''
რაც ხდება, ლოგიკურია. ტელეკომპანია იმიტომ შეიქმნა, უფრო სწორად, იმიტომ განახლდა, რომ საარჩევნო პოლიტიკური მიზნები განეხორციელებინა მის მფლობელს. არხმა შეასრულა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური დაკვეთა. მოგეხსენებათ, ტელევიზია ძვირი შესანახია. პრემიერ-მინისტრს არ უღირს ''მეცხრე არხის'' ფლობა. გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლას აპირებს. ამ ყველაფრის ფონზე ''მეცხრე არხმა'' რატომ უნდა იმუშაოს მისი დაფინანსებით? სავსებით ლოგიკურია, რომ მან არხთან ურთიერთობა დაასრულა.
- ''ფეისბუქზე'' აქტიურობდით ამ თემასთან დაკავშირებით და ჩანდა, რომ მაინცდამაინც არ მოგწონთ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით...
- მოწონება-არმოწონებაზე ამ შემთხვევაში საერთოდ არაა ლაპარაკი. რაც მეტი ტელევიზია არსებობს ქვეყანაში, მით უფრო კარგია, მიუხედავად იმისა, როგორი პოლიტიკური დაკვეთა აქვს. ყველა მედიასაშუალება პოლიტიკურად ანგაჟირებულია. თითზე ჩამოსათვლელია ის მედიასაშუალება, სადაც ეს მკვეთრად არ გამოიხატება. ''მეცხრე არხის'' დახურვით რაიმე განსაკუთრებული მოხდა და ქართულ ტელევიზიას მნიშვნელოვანი მედიასაშუალება დააკლდა-მეთქი, ვერ ვიტყოდი. არხი მაღალი რეიტინგით არ გამოირჩეოდა. არც დიდი გავლენა ჰქონდა საზოგადოებრივ აზრზე. ვიცი, რომ ძალიან ძვირი ჯდებოდა ამ ტელევიზიის შენახვა, რადგან არხზე მომუშავეებს ქართული სატელევიზიო ბაზრისთვის შეუსაბამოდ მაღალი ხელფასები ჰქონდათ და არხი არ იყო მოგებაზე ორიენტირებული. შესაბამისად, ეს მედიასაშუალება თუ აღარ იქნება ბაზარზე, მაყურებელს ბევრი არაფერი დააკლდება.
- შეიძლება ქართულ სატელევიზიო ბაზარს არ დააკლდეს ''მეცხრე არხი'' , მაგრამ ჟურნალისტები დაიჩაგრნენ, უმუშევრები დარჩნენ.
- რატომ არიან დაჩაგრულები? ისინი მუშაობდნენ და კომპანიამ შეწყვიტა არსებობა. ესაა თავისუფალი ბაზრის ერთ-ერთი გარდაუვალი მახასიათებელი. სახელმწიფო და კერძო კომპანიები შეიძლება გაკოტრდნენ ან მის მფლობელს ამოეწუროს კომპანიის მიმართ ინტერესი, რაც ამ შემთხვევაში მოხდა. ვფიქრობ, ეს მოსალოდნელი იყო, რადგან არხი შეიქმნა წინასაარჩევნოდ. არჩევნებში კი ბიძინა ივანიშვილმა და მისმა კოალიციამ გაიმარჯვა და ყველა გამოკითხვებით მის კანდიდატურას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი აქვს, ამიტომ არხის არსებობაში დიდ აზრს ვეღარ ხედავს ბიძინა ივანიშვილი. ჟურნალისტებს, რომლებიც ამ არხზე მუშაობდნენ, გარკვეულწილად უნდა სცოდნოდათ ეს ყველაფერი. მე რომ მემუშავა ამ არხზე, მეცოდინებოდა, რომ ''მეცხრე არხი'' შეწყვეტდა მუშაობას.
- ''იმედიდან'' წამოსვლის შემდეგ საკუთარი გადაცემა არ გქონიათ. მუშაობდით ''პიკში'' , რომელიც დაიხურა. არასდროს გაგჩენიათ სურვილი, ''მეცხრე არხზე'' საკუთარი გადაცემის იდეით მისულიყავით?
- ''მეცხრე არხზე'' მისვლის სურვილი არასდროს გამჩენია, გამომდინარე იქიდან, რომ ღიად პოლიტიკურად ანგაჟირებული ტელევიზია იყო. ''მეცხრე არხზე'' არასოდეს არ მივიდოდი, როგორი ანაზღაურებაც უნდა მქონოდა. ხელფასი მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ ჩემი პრინციპების წინააღმდეგ ანაზღაურების გამო არ წავიდოდი.
- ამჟამად რას საქმიანობთ?
- ვაკვირდები მედიაპროცესებს საქართველოში. პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს კომიტეტში ვმუშაობ. ეს არის ყველაზე ძველი და ყველაზე მსხვილი ჟურნალისტური გაერთიანება, რომელიც მსოფლიოში მედიის თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის იბრძვის გასული საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისიდან. ამერიკელებმა დააარსეს. ამჟამად სათავო ოფისი ვენაში აქვთ.
- თქვენი ორგანიზაციის დაკვირვების წყალობით, ალბათ კარგად იცით, საქართველოში რომელ არხზეა მეტ-ნაკლებად თავისუფალი გარემო. რომელ არხზე იმუშავებდით?
- თავისუფალი გარემო ალბათ ყველგანაა. ვერ ვიტყოდი, რომ ხელისუფლების ზეწოლა რომელიმე არხზე გამოკვეთილია. მუშაობისთვის ღირებულებებთან ერთად შესაბამისი სივრცეც უნდა შეარჩიოს ადამიანმა. ჩემთვის ცოტა ძნელია დღეს ამაზე ფიქრი, სად ვიმუშავებდი. სიმართლე გითხრათ, დღეს არც ერთი მედიასაშუალება არ მომწონს.
- რა არ მოგწონთ ქართულ მედიაში?
- პროფესიონალური დონე. ასეთი დევალვირებული პროფესიონალიზმი, როგორიც დღეს არის ქართულ ტელესივრცეში, აქამდე არ ყოფილა. ჩემი აზრით, 2000 წლის შემდეგ მდგომარეობა გაუარესდა. რაც დრო გავიდა, პროფესიონალიზმი შემცირდა. იმის მაგივრად, რომ გაზრდილიყო.
- რა არის ამის მიზეზი?
- შესაძლებელია, სწორედ პოლიტიკური ანგაჟირებულობა. მედია, განსაკუთრებით მისი საინფორმაციო ნაწილი, ორიენტირებული არაა საინფორმაციო ბაზარზე, არამედ პოლიტიკურ გემოვნებაზე ან პოლიტიკურ დამკვეთზე.
- ''მეცხრე არხის'' თანამშრომელები ყოველთვის ამბობდნენ, რომ მათ სარედაქციო საქმიანობაში მფლობელი არასდროს ჩარეულა.
- ეს ძალიან გულუბრყვილო ნათქვამია. ამ ნათქვამის მიღმა არხზე არსებობდა დაუწერელი კანონები, მაგრამ ზოგადად ჟურნალისტები ისეთ გარემოში არ მუშაობენ, რომელიც არ მოსწონთ. ყველა მუშაობს იქ და აკეთებს იმ საქმეს, რაც მათთვის მისაღებია. ამიტომ არანაირი კონფლიქტი ჟურნალისტებსა და მათ უშუალო დამკვეთებს შორის ჯერჯერობით საქართველოში არ მომხდარა.
- ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდით, რომ ეკა ხოფერია უხეშად ერეოდა თქვენს საქმიანობაში და ამიტომ დატოვეთ ''რუსთავი 2'' .
- ეს ბუნებრივი იყო. ჩვენ ვერ ვთანხმდებოდით, რადგან განსხვავებული ხედვა და განსხვავებული ღირებულებები გვქონდა, ამიტომ ვერც ვიმუშავეთ ერთად. ეს შიდა სამზარეულოა. მაღაზიის მფლობელი და გამყიდველი კლიენტთან მომსახურების დეტალებზე რომ ვერ შეთანხმდნენ და გამყიდველი წამოვიდეს, დაახლოებით ასეთი რამ მოხდა მე და ეკას შორის.
- ''მოდელირებული ქრონიკის'' წაყვანის შემდეგაც მალევე დატოვეთ ''იმედი'' . მაშინაც მსგავსი რამ მოხდა?
- გადაცემის მომზადებისას ჩემზე ზეწოლა არ ყოფილა. მე წავიყვანე გადაცემა, გამოვაცხადე, რომ ის მოდელირებული იქნებოდა. სხვა საკითხია, რომ მე სრული პასუხისმგებლობა არ ავიღე საკუთარ თავზე, გავემიჯნე არხის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას, არ დაედოთ გადაცემისთვის ტიტრი, რომ ეს მოდელირებული ''ქრონიკა'' იყო. ამის გამო კონტრაქტი სამუშაო წლის ბოლოს შემიწყვიტეს. ვფიქრობ, არხთან ბოლომდე რომ მეთანამშრომლა, შეიძლებოდა ''იმედში'' უფრო დიდხანს დავრჩენილიყავი, თუმცა საერთოდ არ ვნანობ, რომ წამოვედი.
- თეა სიჭინავას გადაწყვეტილებას, დაბრუნებულიყო ''იმედში'' , კრიტიკა მოჰყვა. ზოგი ამბობდა, რომ ''მაესტრომ'' თეა წლების წინ შეიფარა და ახლა არხის დატოვება მისი მხრიდან უმადურობაა...
- თეას გადაწყვეტილება აბსოლუტურად მესმის. ''იმედს'' გაცილებით ბევრი მაყურებელი ჰყავს, ვიდრე ''მაესტროს'' , ამიტომ მან აირჩია მეტი აუდიტორია და შესაბამისად, უკეთესი პირობები. უკეთესი პირობები რომ არ შეეთავაზებინათ, ასე არ მოიქცეოდა. არ მგონია, თეა ''მაესტროსთან'' ვალში იყოს. იმუშავა ''მაესტროსთვის'' რამდენიმე წელი. ჟურნალისტების გადაბირება სატელევიზიო ბაზარზე ჩვეულებრივი ამბავია. პრობლემა სხვაა. როგორც აღმოჩნდა, მედიასაშუალებები სა-ქართველოში მხოლოდ ბაზარზე არაა დამოკიდებული. მათი დამფინანსებლები შესაძლებლობების მხრივ მკვეთრად განსხვავდებიან. როდესაც ბადრი პატარკაციშვილმა დააარსა ''იმედი'' , მას განუზომლად დიდი შესაძლებლობები ჰქონდა, ვიდრე ''რუსთავი 2'' -ს და მის მფლობელებს. მაშინ ''რუსთავი 2'' ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ბადრი პატარკაციშვილმა შექმნა მძლავრად აღჭურვილი და ძლიერად დაფინანსებული სივრცე, რომელიც ბევრი ჟურნალისტისთვის მიმზიდველი გახდა. მან ჟურნალისტებს დიდი ხელფასები გადაუხადა და ''რუსთავი 2'' დადგა დიდი გამოწვევის წინაშე. ის იძულებული გახდა, გაეზარდა ხელფასები და შესაბამისად, გაიზარდა არხის ხარჯები, მაშინ ''რუსთავი 2'' გაკოტრდა. დამფუძნებლებმა არხი ვეღარ შეინარჩუნეს და ტელევიზია აღმოჩნდა სხვადასხვა ბიზნესის ხელში. ამ ბიზნესს კი ჰქონდა პირდაპირი ან ირიბი კავშირი მაშინდელი ხელისუფლების სხვადასხვა შტოსთან. ბადრი პატარკაციშვილის შემოსვლა ქართულ ტელესივრცეში რეკლამაზე არადამოკიდებული მედიის სახით დამანგრეველი აღმოჩნდა თავისუფალი მედიისთვის. ეს ტენდენცია მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია. ჩემი აზრით, ბადრი პატარკაციშვილს გაცილებით უკეთესი მენერჯერები ჰყავდა დაქირავებული, ამიტომაც ''იმედი'' წარმატებული გახდა.
''მეცხრე არხი'' რეიტინგული რომ ვერ გახდა, იმის ბრალია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ცუდი მენეჯერები დაიქირავა. მათ ''მეცხრე არხისგან'' ვერ შექმნეს თუნდაც ის ''იმედი'' , რაც თავის დროზე ბადრი პატარკაციშვილმა. მან შექმნა კარგად დაფინანსებული, რეკლამაზე არდამოკიდებული ტელევიზია, თუმცა არხზე რეკლამების ისეთი რაოდენობა შევიდა, რომ ''რუსთავი 2'' -ს, რომელიც ბაზრის უპირობო ლიდერი იყო, ''იმედი'' დაარსებიდან 2-3 წელიწადში დაეწია და ზოგჯერ უსწრებდა კიდეც. შემდგომ ეს ტენდენცია ''იმედმა'' მეტ-ნაკლებად შეინარჩუნა, მიუხედავად იმისა, რომ მისი მფლობელები იცვლებოდნენ. ''მეცხრე არხის'' დახურვის დღეს ერთი თანამშრომელი წერდა, ჩვენ სტანდარტებთან ყველაზე ახლო მდგომი ტელევიზია ვიყავითო. სტანდარტი პოზიციების მრავალფეროვნებასაც გულისხმობს. ვერ ვიტყოდი, რომ ''მეცხრე არხი'' პოზიციების მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. ის აშკარად ორიენტირებული და პროპაგანდისტული იყო ''ქართული ოცნების'' სასარგებლოდ, მკვეთრად მტრულად განწყობილი იყო მაშინდელი ხელისუფლებისა და ახლანდელი უმცირესობის მიმართ.
- ნათია ლაზაშვილსა და ეკა ბერიძეზე ამბობდნენ, სხვებთან შედარებით მაღალი ხელფასი ჰქონდათო. ზოგადად არსებობს მოსაზრება, რომ როდესაც ჟურნალისტს დიდ თანხას უხდიან, ეს მის პროფესიონალიზმზე ცუდად აისახება...
- ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები. ჩემი აზრით, რამდენიც უნდა გადაეხადათ ნათია ლაზაშვილისა და ეკა ბერიძისთვის, ისინი გააკეთებდნენ მხოლოდ იმას, რასაც აკეთებდნენ. დიდი ანაზღაურება პროფესიონალს არ აფუჭებს.
- მინდა გკითხოთ პირად ცხოვრებაზეც. თქვენი და მიშა თავხელიძის სიყვარულის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
- ვადასტურებ, მე და მიშა ერთად ვართ.
- ერთი წლის წინ ჩვენს ჟურნალთან ინტერვიუში მეუღლეზე ძალიან თბილად საუბრობდით.
- მეუღლეს გავშორდი, ამით განსაკუთრებული არაფერი მომხდარა.
- მიშა თავხელიძეს დიდი ხანია იცნობთ?
- ძალიან დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ.
- რამდენი ხანია, რაც ერთად ხართ?
- არ დამითვლია (იცინის).
- თქვენი სიყვარულის ამბავი რომ გაიგეს, მეგობრებს და ახლობლებს ალბათ ძალიან გაუკვირდათ.
- ვიღაცას გაუკვირდა, ვიღაცას - არა. ჩემი პირადი ცხოვრების შესახებ აზრს არავის ვეკითხები.
- მიშას ჰქონდა ოჯახი?
- კი, ჰქონდა.
- ქორწილს გეგმავთ?
- ამ ეტაპზე ვერაფერს ვიტყვი. ერთად ვცხოვრობთ. ჩვენი საქმეები და ინტერესები გვაქვს.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 15 /
სანდრო
მართლაც კარგი გასაჟიმი ქალია. რაც მართალი მართალია. მალადეც მიშა. უყურე შენ რა ოხერი ყოფილა. თანაც ძალიან ჭკვიანი ქალია ნათია.
16:31 / 09-09-2013
გამოხმაურება / 0 /
მააშ !
მოდელირებული და იდიოტური კოაბიტაცია
15:15 / 08-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ანტინაცი
თქვენ წარმოიდგინეთ ქალი, რომელიც თავხელიძესთან ცხოვრობს, მისი პირველი ქმარი ვინ იქნებოდა.
19:23 / 06-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ანენერბე
თავხელიძე.... ვაააა...ჯერ მოდელირებული ქრონიკა, ახლა თავხელიძე... არადა არ ჩანდა მთლად ასეთი "დაბნეული". გულდასაწყვეტია...არ უნდა იყოს ცუდი გოგო...
13:30 / 05-09-2013
გამოხმაურება / 0 /
დასაერთოდ
თავხელიძის შეყვარება შეიძლება?მაგას სკოლაში ალბათ სასტიკად აჩმორებდნენ
13:12 / 05-09-2013
გამოხმაურება / 0 /
აითან
ნათია , შენისთანა ადამიანებს სიყვარულის არაფერი გაეგებათ და ვერც ვერასოდეს გაიგებთ. გყვარებია როდესმე? არა? მაშინ სუსკაც რა.
10:25 / 05-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ბორია ცხმორელი
ნათია მართლაც რომ ძლიერი და განსწავლული ჟურნალისტია. ამაში ორი აზრი არ არსებობს. გუშინ კავკასიაზე იყო გადაცემა ალეკოსთან, რომელიც რელიგიურ საკითხებს ეხებოდა და ყველაზე დამაჯერებლად და ძალიან შთამბეჭდავად გამოვიდა, გგანსხვავებით იქ მჯდომი ნუკრი ქანტარიასი, რომელიც ძალიან უსუსური იყო.
10:14 / 04-09-2013
გამოხმაურება / 0 /
თამთა
ღმერთმა მოგთხოვოთ პასუხი ყველა იმ უბედურებისთვის რაც თქვენ ქართველ ხალხს მოუტანეთ!!!!
21:33 / 03-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნათია
არაჩვეულებრივი გოგო ხარ, ძალიან გამიკვირდა ამ გამოქლიავებულ კაცს რომ გაყევი ცოლად. რაც შეეხება იმ მოდერნირებულ ქრონიკას, ვერ ამოვხსენი, შენ იყავი მისი ავტორი თუ უბრალოდ ტექსტს კითხულობდი. დაანებე თავი ამ ავადსახსენებელ თავხელიძეს, მითუმეტეს თუ შვილები გყავს. დაგიწამლავს თავისი აზროვნებით ბავშვებს.
19:08 / 03-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ლლ
ორი უნიჭო, არშემდგარი პიროვნება. ეს ცანცარა ორი შვილის დედა.
14:34 / 03-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS