სიახლე
- მუშაობა დავიწყე ავსტრიულ-ქართულ მედიაჰოლდინგში, ძალიან კარგი გუნდი მყავს. ვაკეთებთ კორპორატიულ ჟურნალებს და სარეკლამო ივენთებს, მარკეტინგის განხრით ვმუ-შაობ, თუმცა ივენთების დაგეგმვაც მე მეხება.
- ესე იგი ბიზნესიდეა, რომელიც სერიალში გაჩნდა, რეალობაში განახორციელე...
- კი, დაახლოებით ასეა (იცინის). როდესაც ვმუშაობ, ვგეგმავ შეხვედრებს, მეუბნებიან, ზუსტად შენი საქმე იპოვეო, ეტყობა, ახლოს იყო ეს სფერო ჩემთან, მეც ძალიან მომწონდა ეს საქმიანობა და ყოველთვის მინდოდა აქტიურად ჩაბმა, იმედია, გავამართლებ (იღიმის).
- შენი სხვა სამსახურში დასაქმება ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ''ჩემი ცოლის დაქალებს'' დატოვებ?
- სერიალი კარგია, მაგრამ მხოლოდ მასზე ვერ იქნები დამოკიდებული. გადაღებები პერიოდულად მაქვს, სამსახურიდან ხელს ყველანაირად შემიწყობენ, რომ იქაც კარგად გავაკეთო ჩემი საქმე და აქაც. მეტიც, ახალი პროექტებიც რომ გამოჩნდეს, ფილმი იქნება თუ სპექტაკლი, მასზეც არ ვიტყვი უარს, შეთავსებით ყველაფერს გავუმკლავდები (იღიმის).
- ალბათ ახალი სამსახურის გამო ზაფხულის თბილისში გატარება გიწევს...
- მთლად მასეც არ არის საქმე. მართალია, წელიწადის ცხელი სეზონის დიდ ნაწილს თბილისში ვატარებ, მაგრამ შვებულებაც მექნება და ზღვისპირეთში ვაპირებ შვილთან ერთად წასვლას. სამსახურებრივი საქმიანობის გამოც ხშირად მიწევდა ქალაქიდან გასვლა, ახლა კი ორი კვირით ვესტუმრები ბათუმს.
შეცვლილი დღის განრიგი
...სამსახურში 11-ის ნახევარზე უნდა გამოვცხადდე, მაგრამ ცოტას ვაგვიანებ ხოლმე, იციან, რომ ასეთი მკაცრი გრაფიკით არასდროს მიმუშავია და დაგვიანების გამო არაფერს მეუბნე-ბიან. მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ წესით, 11-ის ნახევრიდან 7 საათამდე ოფისში უნდა ვიყო, თუ დღის განმავლობაში რაღაც აუცილებელი საქმე გამომიჩნდა, გასვლის საშუალებასაც მაძლევენ... დილას 9 საათზე ვიღვიძებ, სამაგიეროდ ადრე ვიძინებ, 12 საათზე ვითიშები, საკუთარ თავს ვეღარ ვცნობ (იცინის), თუმცა ბათუმში საქმიანი ვიზიტით რომ ვიყავი, 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობდი, ღამის 4 საათზე ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს ვწყვეტდი, მეცინებოდა კიდეც.
სალონი და მაღაზიები
...იქიდან გამომდინარე, რომ მაღაზიები 9 საათამდეა ღია, სამსახურის გამო შოპინგზე დაბრკოლება არ მექმნება, პრობლემა სალონში მისვლაა, რადგან ძირითადად 7 საათამდე მუ-შაობენ. საბედნიეროდ, ცოტა ადრე მიშვებენ ხოლმე და ამით გვარდება ყველაფერი. ზოგადად, საყიდლებზე სიარული ყველგან და ყველა ასპექტში მიყვარს, განსაკუთრებით ვგიჟდები ბავშვის ტანსაცმლის შეძენაზე და ძირითადად მართას ჩაცმაზე ვარ გადართული. რაღაც რომ მომწონებია, ბოლო კაპიკებიც ამომიფხეკია მის საყიდლად...
ზედმეტი კილოგრამები და მათთან ბრძოლა
...ბოლო პერიოდში ცოტა მოვდუნდი და ახლა დიეტა დავიწყე, არ ვჭამ არაფერს ხილის გარდა. იმის იმედით მივდივარ ბათუმში, რომ მართა ბევრს მარბენინებს და ხუთ კილოს მაინც დავიკლებ. ადრე სისტემატურად ვიკეთებდი მასაჟს, მაგრამ მივხვდი, რომ შედეგი მხოლოდ იმწუთიერია, ცოტა ხნის მერე ისევ თუ არ გაიკეთე, ფორმას დაკარგავ.არადა მოგეხსენებათ, კარგი მასაჟი დიდი ფუფუნებაა. ამიტომ ჯობია, ჯერ სასურველ წონაზე ჩამოხვიდე და მერე გაიკეთო მასაჟი. მხოლოდ ხუთი კილო მაქვს ზედმეტი და რაღაცნაირად დავამარცხებ, თუმცა სერიალში უფრო მსუქანი ვჩანვარ. რეალურად იმის ნახევარი ვარ, რაც ეკრანზე, ქუჩაში რომ მხვდებიან, ხშირად აღნიშნავენ, აშკარად გამხდარი ხარ და ეკრანზე რა გჭირსო. ეს სიმართლეა, ზოგადად ეკრანი მატებს კილოგრამებს, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ეს განსაკუთრებულად გამოიკვეთა.
სამსახურში წასვლამდე
...თუ წინა დღით გადავწყვეტ, რა უნდა ჩავიცვა, ყველაფერს მარტივად და უცებ ვაგვარებ, მაგრამ თუ ვერ ავარჩევ სამოსს, მაშინ ვაგვიანებ ხოლმე. მაკიაჟს ყოველდღიურად არ ვიკე-თებ, მხოლოდ ფერუმარილით შემოვიფარგლები. იქიდან გამომდინარე, რომ ხშირად მიწევს შეხვედრებზე წასვლა, ჩაცმის სტილიც შევიცვალე, უფრო სადა და კლასიკურ სამოსზე გადავედი, თუმცა ხანდახან მაინც ვიცვამ კედებს, ოფისში მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ვტოვებ და საქმიან შეხვედრაზე წასვლის წინ ვიცვლი.
...გარდა ჩაცმის სტილისა, თმის ფერიც შევიცვალე, ძალიან მკვეთრი არაა ეს ცვლილება, თუმცა შესამჩნევია. გარდა ამისა, სოლარიუმშიც დავდიოდი და გავირუჯე, ბათუმში რომ ვიყავით, პლაჟისკენ გახედვაც ვერ მოვასწარი, იმედია, ახლა რომ წავალ, ჩემი შვილი დამაცდის გარუჯვას. ჩემი ქმარი კარგა ხანია საზღვარგარეთაა წასული. რომ ვუთხარი, ბათუმში ვაპირებთ წასვლას-მეთქი, მითხრა, გეხვეწები, ბავშვი ზღვაზე არ გაიყვანოო, აბა, რისთვის წავიყვანო, რესტორნებში ხომ არ ვატარებ-მეთქი, ვუპასუხე (იღიმის). მართა ძალიან ცელქია, არ ვიცი, როგორ ჩაივლის ჩვენი დასვენება, ძალიან ვნერვიულობ. საბედნიეროდ, ბათუმში ჩემი ქმრის კარგი და დიდი სამეგობრო მხვდება, ხან ერთი დაიტოვებს, ხან მეორე და ვიმედოვნებ, კარგად დავისვენებთ.
რატომ წავიდა მეუღლე საზღვარგარეთ
...მე გახლავართ ცნობილი მხატვრის მიხეილ ვარდიშვილის შვილიშვილი. ეს უდიდესი ადამიანი დედაჩემის ბიძა იყო, საკმაოდ ტრაგიკული ისტორია ჰქონდა, მისი გარდაცვალების შემდეგ საქართველოში ორჯერ მოვაწყვე მისი გამოფენა, ახლა კი ყაზახეთში მიგვიწვიეს მისი ნამუშევრების წარსადგენად, ჩემი ქმარი სწორედ ამ საქმის გამო გახლავთ იქ, ჩვენი წარმომადგენელია ყაზახეთში. სამწუხაროდ, მე წასვლას ვერ ვახერხებ, რადგან ჩემი შვილი უჩემობას განიცდის. სხვათა შორის, გამოფენას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ყაზახური საინფორმაციო გამოშვებებში ეს ნიუსი პირველ ადგილს იკავებდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მესამედ ჩატარდა მისი გამოფენა ამ ქვეყანაში.
როგორც გითხარით, რამ-დენიმე თვეა ჩემი მეუღლე ამ საქმის გამო წასულია და მიჭირს ასე ყოფნა. დაქორწინების შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამდენი ხნით მოგვიწია ცალ-ცალკე ყოფნამ, თუ ყველაფერი წესისა და რიგის მიხედვით წავიდა, ამ თვის ბოლოს უნდა დაბრუნდეს. სხვათა შორის, ერთი ჟურნალისტი მირეკავდა და მეკითხებოდა, არ ჩამოვიდა შენი მეუღლეო, არა, მგონი მიმატოვა, იმდენი ხანია წასული-მეთქი, - ვუთხარი ხუმრობით (იცინის).
დღის განმავლობაში ხშირად ვკონტაქტობთ, მადლობა ღმერთს, რომ ''სკაიპი'' არსებობს, მართალია, სამსახურიდან ვერ ველაპარაკები, რადგან უხერხულია, მთელი დღე იჯდე და ქმარს ესაუბრო, მაგრამ საღამოობით ვახერხებთ შეხმიანებას. ყოველდღიურად რომ ნახულობ ადამიანს, მონატრების უსიამოვნო შეგრძნება იმდენად აღარ გეუფლება, თუმცა მაინც გამიჭირდა მის გარეშე ყოფნა. სხვათა შორის, მართა ამ ამბავს ძალიან განიცდის. იმ დღეს რაღაც ფილმს უყურებდა, უცებ მომიტრიალდა და იცით, რა მითხრა? ახლა არ გადამრიო და არ მითხრა, რომ მამიკოს სხვა შეუყვარდა და აღარ აპირებს ჩამოსვლას, მოვკლავ მაგასო (იცინის). გადავირიე, საიდან მოიტანე, ასე არაა-მეთქი, ვუმტკიცებდი, ეტყობა, რაღაც ნახა ტელევიზორში და უცებ ასეთი დასკვნა გამოიტანა.
მართა
...მართა ძალიან კარგი, მაგრამ ცელქი გოგოა. უყვარს ცეკვა, სიმღერა, პატარა მსახიობია. ზღვაზე როგორ ვიქნებით, არ ვიცი, ჩემი ქმარი მეხუმრებოდა, ჯაჭვი წაიღე და შეზლონგზე მიაბიო (იცინის). როცა მე სამსახურში ვარ, მართა ბებოსთანაა, ძალიან მიწყობენ ჩემი მშობლები ხელს ამ თვალსაზრისით, სექტემბრიდან ბაღი იწყება და ბედნიერი ვარ, რადგან თვითონაც უყვარს ბაღში სიარული. ჩემი შვილი გიჟდება ტკბილეულზე, საწოლის ქვეშ უჯრაში აქვს საწყობი, რომ გამოაღოთ, გაოცდებით, იმდენ ტკბილეულს ნახავთ, ალბათ ამიტომაც აქვს კბილებზე პრობლემები, თან ძალიან ეშინია კბილის ექიმის, ერთხელ მივიყვანე და გამომექცა, ავნერვიულდი, მაგრამ მითხრეს, ძალიან რომ ეტკინება, თვითონ მოვაო. ერთხელ მის ლოგინზე წამოვწექი და ვიგრძენი, რომ რაღაცები უხეშად მეხებოდა, გადავწიე ლეიბი და რას ვხედავ... ბურბუშელები, კანფეტები, ავკრიფე და უჯრაში ჩავულაგე, თან გავაფრთხილე, აქ შეინახე-მეთქი, დამიჯერა და მას შემდეგ უჯრაში უყრის თავს ყველანაირ ტკბილეულს.
საოჯახო საქმეები
...ამჟამად საოჯახო საქმეების კეთებას ვერ ვასწრებ, ახლა ჩემი დიასახლისობა კარადისა და ოთახის დალაგებით შემოიფარგლება, რადგან რეალურად ვერაფერს ვასწრებ, შაბათ-კვირას დაგროვილ საქმეებს ვაგვარებ, დანარჩენში დედა მეხმარება. როცა ჩემი მეუღლე დაბრუნდება, მერე ალბათ შემეცვლება განრიგი და გვიან მომიწევს საჭმლის გაკეთება ოჯახის გამოსაკვებად.
სისუტე ...ფობიები
...სიმართლე გითხრათ, წყლის შიში მაქვს, აუზში ვბედავ გაცურვას, ზღვაში - ვერა. თუმცა ყველაზე მეტად მაინც სიმაღლის მეშინია. იუსტიციის სახლთან საფეხმავლო ხიდი სიმაღლის გამო ვერ გადავკვეთე და მეორე მხარეს ტაქსით გადავედი. ვერაფრით ვერ დავძლიე ეს შიში, მიუხედავად იმისა, რომ ერთხელ პარაშუტითაც ვიფრინე, მიცნეს და პატ-ვისცემის ნიშნად ძალიან ზევით ამწიეს, კინაღამ გავგიჟდი, რომ მივხვდი, ცაში ვიყავი გამოკიდებული, თავი ხელში ავიყვანე და დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ ვითომ ფილმში მიღებდნენ, მიწაზე რომ დავეშვი, ვალერიანის წვეთებით მასულიერებდნენ. გარდა ამისა, მეშინია დიდი შენობების, მაღალი ძეგლების, კლდეების. ძველ პარლამეტის შენობასთან ღამით მარტო რომ დავდგე და ავიხედო, შეიძლება, გული გამისკდეს.
რატომ ვერ მართავს მანქანას
...დიდი მანქანების შიში მაქვს და ამის გამო ვერ ვჯდები საჭესთან, რომ დავინახო, შეიძლება, ჩემით შევუვარდე. უმანქანობით ძალიან ვწუხდები, ხან ჩემს ძმას მივყავარ, ხან ტაქსით გადავადგილდები, მაგრამ ახლა უკვე სერიოზულად ვფიქრობ, როგორმე დავძლიო ეს შიში და ავიღო მართვის მოწმობა. მართალია, სამსახურში მძღოლი გვემსახურება, მაგრამ საკუთარი მანქანა მაინც სხვაა. ისე, მართას ხელში საჭესთან ჯდომა ძალიან რთული იქნება, მაგრამ მანამდე იმედია, ისიც დაჭკვიანდება და ამ პრობლემასაც მოვაგვარებთ.
ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''