- საქართველო ბიოლოგიურად ისეთ ზონებს მიეკუთვნება, როგორიც არის ტიბეტი და ბერმუდის სამკუთხედი. ჩვენი წინაპრები ვაზის რტოთი ეძებდნენ მსგავს ადგილებს, სადაც განსაკუთრებული ენერგია იქნებოდა საცხოვრებლის ან ტაძრის ასაგებად. ძველი ქრისტიანული ტაძრები მადლიან ადგილებზეა აშენებული. რაც არა მარტო ადამიანის სულიერ მდგომარეობაზე, არამედ ნაგებობაზეც მოქმედებს და სწორედ ამიტომ არის, რომ ათასწლეულებს უძლებს. ასეთ ადგილებზე ჩატარებული ლოცვა, ლიტურგია, საეკლესიო მუსიკა გარემოს, ხეობას დადებითად მუხტავს. ეს ყველაფერი საუკუნეების განმავლობაში არ იკლებს, თუ ხელოვნურად არ ჩავერიეთ და ეკოლოგიური ძვრები არ მოვახდინეთ. რაც შეეხება საკრალურ ადგილებს, რაც ძალიან სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ასეთ ადგილებს ჩვენი წინაპრები ჯერ კიდევ ისტორიულად ერიდებოდნენ, არც სახლს აშენებდნენ, არც ტაძარს, არც საძოვრად იყენებდნენ.
- როგორ იგებდნენ, რომ ეს ადგილი გამოუსადეგარი იყო?
- როგორც ამბობენ, ასეთ ადგილებში ცუდად გრძნობდნენ თავს, საქონელი ვერ ისვენებდა, ძაღლები მთელი ღამე ყეფდნენ. შემოწმების შემდეგ აღმოჩნდებოდა, რომ ეს ადგილები ბიოლოგიურად არამდგრადი იყო და სხვადასხვა სახის გამოსხივება ხდებოდა. რამაც შეიძლება საბოლოოდ სიკვდილიც გამოიწვიოს. მაგალითად, მეწყერსაშიშ ზონას ყოველთვის გრძნობს ცხოველი.
იმ ადგილას, სადაც სახლის აშენება უნდოდათ, ჩვენი წინაპრები ცხოველს წაიყვანდნენ, დააბამდნენ. თუ გაჩერდებოდა და თავს კარგად იგრძნობდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში იწყებდნენ მშენებლობას. რასაც დღეს მეცნიერები იკვლევენ, ამას ჩვენი წინაპრები საუკუნეების წინ ხედავდნენ. ეს საკრალური ცოდნა, რომელიც ამ ხალხში იდო, დღემდე გრძელდება მთის რეგიონში. ალბათ გაგიგიათ ადგილები, სადაც ქალბატონებისთვის მისვლა აკრძალულია. ეს თემა დღემდე ტაბუდადებულია. არსებობს ადგილები, სადაც მამაკაცებიც ვერ მიდიან და მხოლოდ ხევისბერს აქვს შესვლის უფლება. არ არის გამორიცხული, რომ ამ ტაბუში ქალბატონების დაცვის ფუნქცია იდოს, ანუ ადგილს ისეთი გამოსხივება ჰქონდეს, რომ ქალის სუსტი ბუნება ვერ უძლებდეს. საქართველოში ცნობილია ისეთი ეკლესიები, სადაც უშვილო ქალბატონები ფეხშიშველები ადიოდნენ და ისეთი ძვრები ხდებოდა, რომ მალე ფეხმძიმდებოდნენ.
- ბევრია საქართველოში საკრალური ადგილი?
- დიახ, დახუნძლულია და სამწუხაროდ, არ არის გამოყენებული. ქალაქში ჩავიკეტეთ და ვცდილობთ მხოლოდ აქ ვაშენოთ ეკლესიები. უამრავი ტაძარი არსებობს, რომელსაც უდიდესი სასწაულები მიეწერება. მამადავითის ეკლესია, წალკაში მდებარე ბერთა მონასტერი. თითოულ სოფელშია ეკლესია, რომელსაც უამრავი სასწაული და ლეგენდა უკავშირდება. იყო შემთხვევები, როდესაც ცდილობდნენ ეკლესიის დანგრევას და სანამ შინ დაბრუნდნენ, მთელი ოჯახი ამოწყდა. საგურამოს ტერიტორიაზე, სოფელ მზიანეთში, ძველი ნამონასტრალია, იქ ბევრი ბზა მოდის. გამვლელს ბზა მოუწყვეტია, შემდეგ გზად გადაუგდია და შინ მისულს მთელი ოჯახი წელს ქვევით მოწყვეტილი დახვედრია. ათასი საოცრება ხდება. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ისეთ ადგილას საცხოვრებლის მოწყობა, სადაც ადრე ეკლესია იყო. წყევლა იქნება ეს თუ სიკეთე, მსგავს ადგილებში ათმაგდება. დიდი ძალა აქვს სიტყვიერად წარმოთქმულ სურვილებს. ბგერა რეზონანსში ექცევა იქაურ ენერგიასთან შერწყმაში და შეიძლება გაათმაგდეს.
- გარდა წმინდა ადგილებისა, კიდევ რა ტიპის ადგილები შეიცავს საკრალურ მნიშვნელობას?
- მანგლისში არის ადგილი, სადაც ქვა დგას. ამ ქვას `მამიდას ქვას~ ეძახიან. ძველთაგან ადამიანები გვალვის დროს მიდიოდნენ, ლოცულობდნენ და წვიმა მოდიოდა. მასობრივი გაქრისტიანების შემდეგ იმ ადგილას ჯვარი გამოსახეს. ქვეყანას დღესაც მოჰყვება წარმართული ტრადიციები. არსებობს სახლები, სადაც ადამიანებმა თავი მოიკლეს და სხვა ოჯახის შესვლის შემდეგ მოვლენები მეორდება. ამ შემთხვევაში სახლი აშენებულია არაჯანსაღ ქანებზე ან ძველ წყლებზე. გარდა ამისა, ბევრი სახლია აშენებული სასაფლაოზე. ძვლის ტვინიდან ფოსფორის ამოსვლას დაახლოებით სამი ათასი წელი სჭირდება. წარმოიდგინეთ, ძველი სასაფლაოს ტერიტორიები როგორი დაბინძურებულია. ადამიანების განცდები წლების განმავლობაში იწერება მის შემადგენელ მოლეკულებში. სულის გარდა, სხეულიც ატარებს გარკვეულ მეხსიერებას. სანამ ფრაგმენტიც კი არსებობს იმ ძვლის, რა თქმა უნდა, ეს იმ ტერიტორიაზე მოქმედებს, მით უმეტეს სენსიტიურ ადამიანებზე ან მათზე, ვინც სტრესულ მდგომარეობაში იმყოფება. თბილისში საშინელი რეპრესიები იყო 20-იან წლებში და წარმოდგენა არ გვაქვს, სად რა ნამარხია. საირმის მთის გაყოლებაზე იყო გერმანელი ტყვეების საფლავები.
- ამ კუთხით რეგიონებში უკეთესი მდგომარეობაა?
- დიახ, რადგან იქ იციან, რომ სასაფლაოზე სახლის აშენება არ შეიძლება, იმ ინფორმაციაში იხარშებიან, რაც ტრადიციიდან, წინაპრებიდან მოსდგამთ.
- რით შეიძლება ამ ადგილების გაკეთილშობილება?
- გეოლოგიის გაკეთილშობილებას ვერაფრით მოახერხებ. არსებობს მეთოდიკა, რის მიხედვითაც პირამიდისმაგვარ სპილენძის მავთულებისგან გაკეთებულ კონსტრუქციას იატაკის ქვეშ დებენ, მაგრამ ეს იმდენად ძვირი სიამოვნებაა, ადამიანებს ურჩევნიათ სხვაგან იყიდონ სახლი. თუ ესეც არ ხერხდება, რაც შეიძლება ნაკლები პერიოდი უნდა გაატარო მსგავს ადგილზე და უნდა ჩათვალო, რომ უბრალოდ ხიფათიან ადგილას მუშაობ. ბოლომდე შესწავლილი არ არის ეს ველები და გამოსხივება. ფაქტია, რომ დღემდე არ ვიცით მათი მართვა.
ჩემი მხრიდან შემიძლია მკითხველს ვურჩიო, მაქსიმალურად მეტი დრო გაატარონ ბუნებაში. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი სახლს ყიდულობს ან სადმე სტუმრად ჩადის და საშინელ დისკომფორტს გრძნობს. ცუდ განწყობაზე იღვიძებს, ენერგია ეცლება, აპათიაში ვარდება და არაფერი აღარ უნდა. შესაძლოა ეს ფსიქოზშიც გადაუვიდეს. თუ ენერგეტიკულად ძლიერი ტიპაჟია, შეიძლება რომელიმე ორგანო დაუზიანდეს, რომელიც გენეტიკურად სუსტი აქვს. მსგავსი ადგილები ადამიანს ენერგიას ართმევს.
- ხომ არსებობენ ადამიანები, ვისთან ყოფნაც დიდ დისკომფორტს გვიქმნის.
- ბოლო ოცი წლის მოდური სიტყვაა ენერგოვამპირი, მაგრამ რეალურად ასეთი ადამიანები არ არსებობენ. უბრალოდ, ეს ადამიანებს შორის შეუთავსებლობას უნდა დავაბრალოთ. არის შემთხვევები, როდესაც ცოლ-ქმარს ძალიან უყვარს ერთმანეთი, კარგად გრძნობენ თავს, მაგრამ უცებ ისე ხდება, რომ ერთ-ერთს ენერგია ერთმევა და სუსტდება. რეალურად აღმოჩნდება, ჯანმრთელია, არაფერი სჭირს, მაგრამ მეუღლე ენერგიას ართმევს. თან ისე, რომ ვერც ხვდება. როდესაც მეუღლეებიდან ერთ-ერთს რაღაც უჭირს ან რაიმე დაავადებას ებრძვის, მეუღლის ენერგიას დონორად იყენებს, რადგან ყველაზე დიდ დროს მასთან ატარებს.
- წყვილის შემთხვევაში გამოსავალი რაშია?
- ამ დროს თვითკონტროლი უნდა ჩაირთოს. არსებობენ სპეციალისტები, რომლებიც ბიოველს ზომავენ. არავის მოვუწოდებ, რომ მკითხავებთან იარონ, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ურთიერთობის დასაწყისშივე შეუთავსებლობაა, თუნდაც ერთი სქესის ადამიანებს შორის. ამ შემთხვევაში, თუ ხვდები, რომ ყველა ღირსების მიუხედავად, იმ ადამიანთან კარგად ვერ გრძნობ თავს, მასთან ყოფნისას ხშირად გამთქნარებს, სუსტდები, ენერგია გეცლება, არავითარ შემთხვევაში არ ღირს ოჯახის შექმნა ან მეგობრობა. ეს ადამიანები შეუთავსებლები არიან და მათ არაფერი უშველით.
- წყალი რამდენად კარგი გვაქვს საქართველოში?
- ძალიან კარგი წყალი გვაქს, მაგრამ ისიც ცნობილია, რომ წყალს ინფორმაციის შენახვის უნარი ახასიათებს. არსებობს ტრადიცია, რომლის მიხედვითაც, წყალს ცუდ სიზმარს ჩაულაპარაკებენ ხოლმე. ქრისტიანულ ტრადიციაში არსებობს განბანვის რიტუალი, რისი მეშვეობითაც იწმინდებიან ადამიანები, მაგრამ ჩვენს ტრადიციაში არსებობს ლეგენდები, რომელიც ტბებს უკავშირდება. მაგალითად, კოპალას ტბას ღვთის შვილებსა და დევებს შორის ბრძოლის ლეგენდა უკავშირდება. დასავლეთ საქართველოში არსებობს ადგილები, სადაც წარმართული რიტუალები ტარდებოდა ქალების მონაწილეობით, რომელიც დაკავშირებული იყო ლოცვასთან, ცეკვასთან. არსებობს ადგილები, სადაც დღემდეა შემორჩენილი კულტები, მაგალითად, ქვის სვეტი ფალოსის სახით, სადაც ნაყოფიერების თხოვნით ქალთა რიტუალები ტარდებოდა. არსებობს ტბები, რომლებზეც ლეგენდის თანახმად ვიცით, რომ უძიროა, მაგრამ ამ ყველაფერს კვლევა სჭირდება. ასეთ თემებზე ეთნოლოგები მუშაობენ, მაგრამ რამდენად მისტიკურად აქვთ დანახული, არ ვიცი.
- წეღან ახსენეთ, რომ ეკლესიებს წმინდა ადგილებში აშენებდნენ. თბილისში სიონის ტაძრის გვერდით კაზინოა. ამ შემთხვევაში დადებითი და უარყოფითი ენერგია როგორ ნაწილდება?
- სიონი დიდი ცოდნით არის აშენებული, მასთან ახლოს ანჩისხატია, მათ შორის კი აშენდა კაზინო. წმინდა ადგილებს თავის ფუნქცია, ძარღვი აქვს, რომელსაც საუკუნეები ვერ წაშლის. ათწლეულების წინ სიონის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო საროსკიპოები, მაგრამ მისი მადლი ვერ წაშალა. ტაძარი იმდენად ზუსტად არის აშენებული, რომ მშენებლები მეტრსაც არ გადააცილებდნენ ამ მადლის ძარღვს და თან შესაძლოა კაზინოზე არც გადის ძარღვი. როგორც უნდა დააბინძურონ ის ტერიტორია კაზინოებით, ტაძარს მუდამ შერჩება თავისი სიწმინდე. მე, როგორც მოქალაქეს, არ მიხარია, რომ იქ მსგავსი დაწესებულებაა, რადგან თბილისის ცენტრი განსაკუთრებულად წმინდა ადგილად მიმაჩნია.
- პრეზიდენტის და პრემიერის რეზიდენციები როგორ ადგილებზეა აგებული?
- 1990-1991 წელი იყო, მამაჩემი, თალეს შონია კვლევებს ატარებდა იმ ადგილებთან დაკავშირებით, სადაც ეკლესიები იყო აშენებული. ორი წიგნი გამოუშვა, სად როგორი ველებია. ამ ყველაფერის გამო მისი კვლევები ყურადღების ცენტრში მოექცა სამღვდელოების მხრიდან და მამასა და საპატრიარქოს შორის ინფორმაციის გაცვლა დაიწყო. იმ პერიოდში საპატრიარქო სხვა ადგილზე გადასვლას აპირებდა. მათ შორის იყო შეთავაზება, რომ ქალაქის ''გაის'' შენობის ტერიტორიაზე დაედო საპატრიარქოს ბინა, სადაც დღეს პრეზიდენტის რეზიდენციაა. მახსოვს, მამამ შეამოწმა ის ადგილი, პარალელურად შემოწმდა თაბორის მთაც, სადაც დღეს ეკლესია დგას და ამის დასკვნებიც კი გვაქვს. თაბორის მთას ათასწლეულების განმავლობაში შენარჩუნებული ჰქონდა მადლი.
- რაც შეეხება პრეზიდენტის რეზიდენციის ტერიტორიას?
- აღმოჩნდა, რომ ეს ტერიტორია ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს. მიწისქვეშა გოგირდოვანი წყლები გადის და ადამიანის ხანგრძლივად ყოფნა ან ლოცვა უარყოფით გავლენას ახდენს. მაშინ საპატრიარქო შეეშვა ამ იდეას და თავისი რეზიდენცია აღარ გადაუტანია. სააკაშვილის მმართველობის პერიოდში აშენდა სასახლე. იქ ხანგრძლივი ცხოვრება ცუდი იქნება არა მარტო მიშასთვის, არამედ შემდგომი თაობებისთვის. იქ უნდა იყოს ისეთი დაწესებულება, სადაც დღის განმავლობაში დიდ დროს არ გაატარებს ადამიანი.
- პრემიერ-მინისტრის სახლზე რას გვეტყვით?..
- ეს არის ძველი ნაქალაქარის ტერიტორიაზე, კლდეზე აშენებული შენობა. იქ მიწისქვეშა წყლები არ გადის, კლდე ესაზღვრება და მეტ-ნაკლებად ჯანმრთელი ადგილია. ყოველ შემთხვევაში, საცხოვრებლად უკეთესია. ადამიანი, რომელიც დიდ დროს გაატარებს მაგ ტერიტორიაზე და საკუთარ თავს დააკვირდება, შეამჩნევს, როგორ მოქმედებს. ჩემს სახლში არის ზოლი, სადაც არ არის კარგი ენერგეტიკა. ბოლო ორი თვე მოხდა ისე, რომ საწოლი სხვაგან გადავიტანეთ და ფეხების ზონა იმ ნაწილში მოხვდა. რამდენიმე დღეში შევამჩნიე, რომ დილას გაღვიძებულს ფეხები მტკიოდა. სხვა ოთახში დაძინების შემთხვევაში ყველაფერი მშვენივრად იყო.
- ქუთაისის პარლამენტი როგორ ზონაშია?
- უარყოფითში, რადგან ის ძეგლი არ უნდა დანგრეულიყო, რომელიც ბრძოლას შეწირული გმირების სახელს ატარებდა. მეორე მომენტიც, ყველას გვახსოვს, რომ ნგრევის დროს იქ დედა-შვილი დაიღუპა. ეს ადგილი ყოველთვის ასოცირებული იქნება ცოდვასთან. ასევეა თბილისში პარლამენტის შენობა, რომელიც ახლა გამოშიგნულია. იქ თავის დროზე იუნკერების საფლავი და ეკლესია იყო. პარლამენტის შენობა იმ ცოდვით არის დამძიმებული. ასევე, ბოლო წლებში რა უბედურებაც მოხდა, ცემა, სისხლი, ტკივილი, ყველაფრის ინფორმაციას ატარებს, საკრალური ადგილია, სადაც უამრავი წლის ნაცოდვილარი დევს.
- თქვენ თუ შეგიძლიათ ასეთი ადგილების გამოკვლევა?
- დიახ, მამამ მასწავლა. ეს მოიცავს ბიოლოკაციურ მეთოდს, რომელსაც სპეციალური ხელსაწყოთი ვახორციელებ. მე მაშინ მომმართავენ, როდესაც აინტერესებთ, როგორი ენერგეტიკული ველი აქვთ, ან სახლის აურა როგორია. იშვიათად მომმართავს ვინმე განვითარებული მშენებელი სახლის აშენების პერიოდში. პოლიტიკოსებიდან არავინ დამკავშირებია, მე თავადაც ვერიდები ამ სფეროს. ერთეული შემთხვევები მქონდა ეკლე-სიებთან დაკავშირებით, როდესაც მშენებლობის სურვილი საერო პირს ჰქონდა. ვუხსნიდი, რომ მის ნაკვეთში განსაკუთრებული ველი არ იყო და ჯობდა 400 მეტრში არსებული ტა-ძრისთვის შეეწირა ფული, რამდენიმე წელში ვარკვევდი, რომ საკუთარ ნაკვეთში მაინც წამოჭიმავდა ტაძარს. ამას ვერაფერს უშველი, ის ეკლესია აშენდა და ფუნქციონირებს, მაგრამ მასში ის მადლი არ დევს, რაც უნდა იდოს. საერთოდ, რაც უფრო ნაკლებად არის ადამიანი ახლოს ბუნებასთან და რაც უფრო იკეტება თავის ნაჭუჭში, ერთსა და იმავე სოციუმში მოძრაობს, მით უფრო მოქმედებს მასზე ეს ყველაფერი.
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''