20 აგვისტო, 2013
''მე და დათო ვხუმრობდით, რომ პრინცი უილიამის შვილის დაბადებამ გადაფარა ჩვენი ქორწილი''
ეს ისეთი კლუბია, სადაც ახალ წევრებს იშვიათად იღებენ. მე შევძელი, თავი დამემკვიდრებინა, მაგრამ ეს იოლი ბრძოლა არ ყოფილა ბოლო ერთი წელი ელისო ჩაფიძის ცხოვრებაში განსაკუთრებული აღმოჩნდა. ჯერ ჟურნლისტიკიდან პოლიტიკაში გადაინაცვლა, შემდეგ - პარლამენტში და რამდენიმე კვირის წინ დაოჯახდა. მისი რჩეული დავით მიქაბერიძე გახლავთ. წყვილმა რამდენიმე თვის წინ გაიცნო ერთმანეთი და ის ფაქტი, რომ ბატონი დავითი ამნისტირებული პატიმარი აღმოჩნდა, უამრავჯერ დაიწერა. პოლიტიკოს ქალბატონს თბილისში შევხვდით. ინტერვიუს დაწყებამდე მთხოვა, რომ პირად ცხოვრებაზე საუბარი აღარ სურს და მხოლოდ
პოლიტიკაზე გვესაუბრა. ალბათ დაიღალა, რადგან ბოლო დროს სოციალურ ქსელში მის მეუღლეზე არასასიამოვნო ინფორმაციები გაავრცელეს. ინტერვიუზე ელისოს მეუღლე ახლდა. პოლიტიკოსი ქალბატონი შეცვლილია, უფრო ბედნიერი და გახარებულია...

- ელისო, როგორ შეფასებთ გიორგი მარგველაშვილს, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატს?
- მე რომ გითხრათ, ველოდი გიორგის დასახელებას-მეთქი, მართალი არ ვიქნები, რადგან კანდიდატურა კოალიციის პოლიტსაბჭოს წევრებისთვის გასაიდუმლოებული იყო. ეს იყო ბრძნული გადაწყვეტილება. მე მგონი, გიორგი მართლაც ევროპული ტიპის ლიდერი იქნება. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი გახდება და საქართველოს ისტორიაში შევა, როგორც კარგი პრეზიდენტი. მას არასოდეს გაუჩნდება ცდუნება, გასცდეს თავისი უფლებამოსილების ფარგლებს. საბჭოთა ტიპის მენტალობა უნდა დაიმსხვრეს და ქვეყანა დემოკრატიულ მმართველობაზე უნდა გადავიდეს, სადაც ყველა თანამდებობის პირი ჩვეულებრივი ადამიანი იქნება. ისინი ჩვეულებრივ ივლიან აღმაშენებელზე და მოსახლეობას შეხვდებიან. როგორც მე ვიცი, გიორგი ხშირად სეირნობს რუსთაველზე, ლექციებს კითხულობს.
- არჩევნებს მუდმივად ახლავს კომპრომატების ომი. როგორ ფიქრობთ, წინასაარჩევნოდ ნაციონალებს არ ექნებათ კომპრომატები გადანახული თქვენი კანდიდატის წინააღმდეგ?
- ეს ნაცადი მეთოდია და ერთი წლის განმავლობაში საშინელი შეურაცხყოფა გამოვიარეთ. ბევრი რამე ვისწავლეთ ამის შედეგად. ასეთი დარტყმის ქვეშ იშვიათად აღმოჩნდები ადამიანი. შეურაცხყოფისა და ცილისწამების მოთმენა ეკლესიურადაც ძალიან სასარგებლოა ადამიანისთვის.
- ამბობენ, რომ ''ქართულ ოცნებასაც'' აქვს გადანახული ''საინტერესო'' კომპრომატები ''ნაციონალების'' წინააღმდეგ.
- ეს ის სფეროა, სადაც შესვლას არ ვაპირებ. არ უნდა გამოიყენო ის მეთოდი სხვის წინააღმდეგ, რაც არ გინდა, შენ წინააღმდეგ გამოიყენონ. ჩვენი პრეზიდენტობის კანდიდატის ცხოვრება საჯაროა. ის არის ინტელექტუალი ადამიანი, მას აქვს თავისი პირადი ცხოვრება. ცხოვრობს სოფლად.
- მისი პირადი ცხოვრება მუდმივად არის განსჯის საგანი. ბოლოს უმრავლესობის დეპუტატმა ომარ ნიშნიანიძემ სკანდალური განცხადება გააკეთა. ის ამბობს, რომ სვანეთში მარგველაშვილს ოჯახურ მდგომარეობას უწუნებენ.
- არა მგონია, დეპუტატისგან ეს განცხადება ეთიკური იყოს ჩვენი გუნდის პრეზიდენტობის კანდიდატის მიმართ. მთავარი ის კი არ არის, მოგვწონს თუ არა ერთმანეთი, ხელისუფლებაში მოსვლით პასუხისმგებლობა იმ დაპირებების შესრულებაზე ავიღეთ, რომელიც ''ქართულმა ოცნებამ'' გასცა წინასაარჩევნოდ და გიორგი მარგველაშვილი გახლავთ ამ რგოლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. ის უნდა გახდეს იმის გარანტი, რომ მომავალი ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში ''ქართული ოცნება'' შეასრულებს დანაპირებს. ჩემთვის გიორგის ხელისუფლებაში მოსვლა ნიშნავს სტაბილურ ურთიერთობას ევროპასთან.
- რომელ ევროპულ პოლიტიკურ ლიდერს გაგონებთ?
- პარალელს ვერ გავავლებ, მაგრამ გერმანიას ყოველთვის ჰყავს გაწონასწორებული, კეთილშობილი, დამაბალანსებელი პრეზიდენტი, რომელიც იშვიათად ერევა პოლიტიკურ პროცესებში.
- რამდენიმე დღის წინ ბათუმში სამხედრო ხომალდზე საკმაოდ უხერხული შეხვედრა ჰქონ-დათ პრეზიდენტს და პრემიერს. სააკაშვილის გამოსვლის დროს ივანიშვილის და ამერიკის ელჩის სიცილი ბევრმა ძალიან ცუდად შეაფასა.
- მე როგორც ვხედავდი, ელჩს არ უთარგმნიდნენ სააკაშვილის საუბარს. არ შემიძლია, ადამიანის მიმიკების გამო კომენტარები გავაკეთო. შესაძლოა, ეს პრეზიდენტის გამოსვლით იყო გამოწვეული, ან მის მიმართ დამოკიდებულებით, რომელიც მუდმივად თავის მართლების რეჟიმშია აგვისტოს ომის გამო. თუმცა მე მგონია, მთელ მსოფლიოს ეცინება ტალიავინის დასკვნის შემდეგ. ''ნაციონალების'' პრეზიდენტობის კანდიდატი ჩვენგან დანა- ჩანგლით ითხოვდა მტრის მოგერიებას. თბილისი ერთი წუთით არ დამიტოვებია, ''ნაციონალური მოძრაობის'' წარმომადგენლებისგან განსხვავებით. ძნელად წარმომიდგენია, თუ ბავშვობაში არ ხარ ჩარჩენილი, რეალურ ცხოვრებაში მტერი დანა-ჩანგლით როგორ უნდა მოიგერიო. ეს ცოტა რთულია (იღიმება). თუ ბატონი ბაქრაძე ქვეყნის მთავარსარდალი იქნება, იმედია, თავდაცვას რჩევას არ მისცემს, რომ მტრის წინააღმდეგ საბრ ძოლველად დანა-ჩანგალი და კომპიუტერები მოამზადონ.
- პრეზიდენტისა და პრემიერის შეხვედრა მუდმივად ხდება იუმორის საგანი. ეს რამდენად ნორმალურია?
- მე ვფიქრობ, დიდი ხანია პრემიერი სერიოზულად არ აღიქვამს მიხეილ სააკაშვილს. წინააღმდეგ შემთხვევაში რთული იქნებოდა მისი ისტერიკისა და ბრალდებების მოსმენა. მაშინ ანგარიში უნდა გაუსწოროს, მაგრამ აქვს ისეთი დამოკიდებულება, რომ სააკაშვილი არ არის სერიოზული კაცი და შესაბამისად, მის ბრალდებებს ყურადღება არ უნდა მიაქციოს. თქვენ ნორმალური გგონიათ, რომ ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში გაფინანსებდა, რუსეთის აგენტი უწოდო?
- დარწმუნებული ვარ, ჟურნალისტად მუშაობის პერიოდში ბევრი დაგიწერიათ ბაჩო ახალაიას მიერ ჩადენილი სისასტიკეების შესახებ. დღეს როგორ უყურებთ იმ ბრალდებებს, რაც ყოფილ მაღალჩინოსანს წაუყენეს?
- ახალაია ჩემთვის არის ძველი სისტემის ერთ-ერთი შემოქმედი და თავისი სისასტიკით ცნობილი ადამიანი. ჩვენ ბევრს ვწერდით მასზე. ხომ გახსოვთ ციხის ბუნტი. უნდა დაადგი-ნონ, ვინ გასცა პატიმრების დახვრეტის ბრძანება. ძალიან კარგად მახსოვს ის ღამე, როგორც ვიცი, მათ შორის გიგა ბოკერიაც იმყოფებოდა.
მე ვფიქრობ, რომ არა საერთაშორისო ძალების ზეწოლა, ის პროცესი, რასაც სამართლიანობის აღდგენა ჰქვია, უფრო სწრაფად მოხდებოდა; მაგრამ, მეორე მხრივ, არ გვაქვს იმის უფლება, რომ ქართველ საზოგადოებაში, მასობრივად ანგარიშსწორების პროცესი დაიწყოს. მე როგორც ჟურნალისტი ჯერ ზვიადისტების უფლებებს ვიცავდი მხ-ედრიონელებისგან, შემდეგ - მხედრიონელებს შევარდნაძისტებისგან, შემდეგ - შევარდნაძისტებს სააკაშვილის მომხრეებისგან და ახლა გვიხდება ნაციონალების დაცვა იმ ადამიანებისგან, რომლებსაც ოჯახებში შეუვარდნენ და დახოცეს.
- სად არიან ახალაიას ნაწამები პატიმრები, რატომ არ აძლევენ ჩვენებას?
- ამ ყველაფერზე პასუხისმგებელია სასამართლო და პროკურატურა. მე ხელისუფლების წარმომადგენელი ვარ და უფლება არ მაქვს, გამოძიების პროცესში ჩავერიო. მაგრამ იმ პროცესებზე, რაც დღეს ხდება, ჩემი მოსაზრებები მაქვს. პროკურატურასა და სასამართლო სისტემაში არ განხორციელდა იმ ტიპის რეფორმა, რაც საშუალებას მოგვცემდა, ამ ადამიანების მიმართ ბრალდებები ყოფილიყო როგორც კვალიფიციურად გამოძიებული, ასევე წაყენებული. ცალკეულ შემთხვევებში არ გამოვრიცხავ საბოტაჟს, მაგრამ დღეს ყველა ხვდება, რომ ''ნაციონალური მოძრაობა'' მიმავალი ხელისუფლებაა. დღეს სააკაშვილი თავის შემცირებულ მომხრეებთან ერთად აპირებს მაქსიმალურად მოემზადოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, მაგრამ პირობას ვაძლევ, რომ ისინი ხმების 10%-საც ვერ გადალახავენ.
Rating
- არ ნანობთ პოლიტიკაში წასვლას?
- არა, წელიწადში ოცი ჟურნალისტური გამოძიება რომ ჩამეტარებინა, პოლიტიკაზე ამდენს ვერ გავიგებდი. და ვერც იმას, როგორები არიან პოლიტიკოსები სინამდვილეში. ძალიან ბევრი სიურპრიზი დამხვდა, რაზეც მომავალში აუცილებლად ვისაუბრებ. ჩვენ ჟურნალისტებთან ყოველთვის ვიპრანჭებით და გვინდა იმაზე უკეთესად მოვაჩვენოთ თავი, ვიდრე სინამდვილეში ვართ. როდესაც მათთან მიდიხარ, კონკურენტი ხდები, კარგად ჩანს, ვის შეუძლია იყოს შენ გვერდით, ან ცდილობს გაგრიყოს ამ წრიდან. ეს ისეთი კლუბია, სადაც ახალ წევრებს იშვიათად იღებენ. მე შევძელი, თავი დამემკვიდრებინა, მაგრამ ეს იოლი ბრძოლა არ ყოფილა.
- ცოტა ხნის წინ გაბედნიერდით. რამდენიმე კითხვას ამ თემაზეც დაგისვამთ. ინტერვიუს დასაწყისში მითხარით, რომ საქორწინო მოგზაურობაში იყავით.
- პატრიოტული მოსაზრებებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, ჩვენს ქვეყანაში გვემოგზაურა. ქობულეთი, ფოთი, ბათუმი შემოვიარეთ. ჩვენი ქორწილის ფოტოებით მთელი სოციალური ქსელი იყო გადაჭრელებული, რის გამოქვეყნებასაც საერთოდ არ ვაპირებდით. მე და დათო ვხუმრობდით, რომ პრინცი უილიამის შვილის დაბადებამ გადაფარა ჩვენი ქორწილი (იცინის). ყველას დიდი მადლობა, ვინც სიკეთე გვისურვა, მაგრამ არიან საქართველოში დაბოღმილი ადამიანებიც, მათაც მადლობას ვუხდით, რომ არსებობენ. მათ ვურჩევდი, რომ უფრო კარგია ცხოვრება, როცა გარე სამყაროსა და ადამიანების მიმართ კეთილგანწყობილი ხარ, უფრო ბედნიერი იქნები.
- ახლა სად ცხოვრობთ?
- მუდმივი საცხოვრებელი არ გვქონია, ძირითადად ქუთაისში ვაპირებთ ყოფნას, სანამ პარლამენტი თბილისში გადმოვა. ამჟამად თბილისში ვართ, დათოს მშობლებთან. არაჩვეუ-ლებრივი ადამიანები არიან. ყველა გავიცანი, ვისთანაც დათოს რამე აკავშირებს. მის მშობლიურ სოფელს ვსტუმრობდით. ცოტა წავიტრაბახებ, დათოს ბაბუა იყო ძალიან ცნობილი ექიმი, აპოლონ მიქაბერიძე.
- ბოლო ერთი წლის განმავლობაში თქვენს ცხოვრებაში ბევრი რამ დადებითად შეიცვალა. როგორც კარიერაში, ასევე პირადში.
- მე მგონი, ადამიანმა ყველაფერი უნდა მიიღო, რასაც ცხოვრება გაძლევს. თავიდან არც გამარჯვებაზე ვფიქრობდი. სამი ადამიანის, ჩემი, ჩემი დის და ბიძინა ივანიშვილის გარდა არავის სჯეროდა, რომ კუბლაშვილების წინააღმდეგ არჩევნებში გავიმარჯვებდი. რომც არ გამემარჯვა, მაინც მინდოდა, რომ ამ ბრძოლაში ვყოფილიყავი და რაღაც მეკეთებინა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ქუთაისში უნდა მეცხოვრა, სადაც ერთი ღამეც არ მქონდა გატარებული. ხელახლა მომეცა შანსი, ახალი ცხოვრება დამეწყო. ხანდახან გუბაზ სანიკიძეს ვეხუმრები, არ გამაბრაზო, თორემ მომავალ არჩევნებში ქუთაისში ვიყრი კენჭს-მეთქი. მე მგონი, ნახევარი ქალაქი უკვე დავიმეგობრე. მე რომ იქ არ მეცხოვრა, ყოველ კვირა ვერ მოვილოცავდი უამრავ ტაძარს. ეს გარკვეული საჩუქარია ღმერთის მხრიდან. მე და ნინო ჟიჟილაშვილს ნახევარი მსოფლიო გვაქვს შემოვლილი, ერთ პროექტში გავიმარჯვეთ, როგორც ჟურნალისტებმა და ნინოს ვეუბნები ხოლმე, ამ ხალხს რა შურს ჩემი, ყოველთვე დავდიოდით ლონდონში, პარიზში, ბერლინში, ახლა დავდივარ ძმუისში, ძუყნურში, მუხურაში, ცუცხვათში (იცინის).
- მეუღლე თუ გიწყობთ ხელს მუშაობაში?
- ყველაფერში მეხმარება, ახლა ცოტა მეუხერხულება მისი თანდასწრებით ამ თემაზე საუბარი (იღიმება).

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
მარგო
ტყიბული და მისი სოფლები ხომ ააშენე და დაამშვენე, მომავალ წელს ქუთაისი გახდება სავარდო და სამაისო შენი წყალობით.გუბაზზე აღარ ვლაპარაკობ
17:59 / 22-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მაკა
ღმერთმა ბედნიერი გამყოფოთ ქ-ნო ელისო, ყოველთვის მომწონდით როგორც კარგი, განათლებული და პროფესიონალი ჟურნალისტი. გისურვებთ რომ ასეთივე პოლიტიკოსიც იყოთ.
03:56 / 22-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნათია
ღმერთმა გადღეგრძელოს და გაბედნიეროს ქალბატონო ელისო. გისურვებ გამრავლებას და წინ სვლას კარიეერაში. ლარგი ქართველი ხარ.ჩვენ ზნეობრივ საზოგადოებაში მოგიხსენიებთ. უზნეონი რას გწერენ ყურად ნუ მიიღებ. აბა! სულ ბედნიერად იყავი.
18:49 / 21-08-2013
გამოხმაურება / 0 /
იმედა
ეს ერტი ასრულებული ოცნებაა. მეტი გინდათ რამე სრულიად საქართველო ,,ბ ე დ ნ ი ე რ ი ა,,
11:35 / 21-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ღმერთმა ბედნიერი გამყოფოს, ასე მგონია რომ მებრძოლი სულის ჟურნალისტი ხალხს არ უღალატებს :)
10:32 / 21-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS