19 აგვისტო, 2013
ათი სკანდალური ქართველი წყვილი, რომელთაც საზოგადოება შოკში ჩააგდეს
დავითი და ანა ამ რომანის გახმაურების გამო დაშორდნენ. თუმცა შემდეგ შერიგდნენ და დღეს ტახტის მემკვიდრესთან ერთად ესპანეთში ცხოვრობენ საქართველოში დიდია ხანია, არაფერი გვიკვირს და სკანდალებსაც ისე მივეჩვიეთ, ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. რამდენიმე წლის წინ ყვითელი პრესა მხოლოდ იოცნებებდა ისეთ სკანდალებზე, რომლებიც ახლა ხელის გულზე გვიდევს. პატარა ქვეყანაში ვცხოვრობთ და ჭორი მალე ვრცელდება, ამიტომ თითქმის არც ერთი ცნობილი წყვილის პირადი ცხოვრება აღარ დარჩა პრესის ფურცლებს მიღმა.

განქორწინება და ქორწინება ყვითელი პრესისთვის საყვარელი თემებია. ფაქტია, რომ
ორივე ყველაზე მეტად აინტერესებს მკითხველს და მიუხედავად იმისა, რომ ხშირად გვადანაშაულებენ სხვისი საცვლების ქექვაში, ასეთ მასალებს დიდი ინტერესით კითხულობენ.

გადავწყვიტეთ, ბოლო წლების ყველაზე სკანდალური ათი წყვილის შესახებ მოგვეყოლა. მათ შესახებ ბევრი დაწერილა, შემდგომშიც დაიწერება და თითოეული მათგანი უამრავჯერ მოხვედრილა ბეჭდური მედიის პირველ გვერდზე.

''მეფე'' და შორენა

დედოფალი ვერ გახდა, მაგრამ ამ რომანმა შორენა ბეგაშვილის პოპულარობა ერთიორად გაზარდა. დამწყები მსახიობი, რომელიც საზოგადოებამ ''პლეიბოიში'' დაბეჭდილი შიშველი ფოტოებით გაიცნო, ხშირად ხვდებოდა ჟურნალების ფურცლებზე, მაგრამ მას შემდეგ, რაც მისი და დავით ბაგრატიონ-მუხრანელის რომანის შესახებ გახდა ცნობილი, შორენა ყვითელი პრესისთვის გემრიელ ლუკმად იქცა. ალბათ, ჟურნალისტები ამ ამბავს ერთ-ერთ რიგით რომანად ჩათვლიდნენ, მით უმეტეს, რომ დავითს საქართველოში არ იცნობდნენ, მაგრამ რომანის გამჟღავნების პერიოდში დავითი ანა ბაგრატიონზე ქორწინდებოდა და საქართველოში უკვე სერიოზულად ლაპარაკობდნენ მონარქიის აღდგენაზე. ამბობდნენ, რომ შორენას მაშინ სერიოზული დეპრესია დაემართა. ტახტის გამო გაღებული მსხვერპლი საყვარელ ადამიანს არ აპატია, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთ გადაცემაში იმაზეც ისაუბრა, რომ ''მეფე'' არცთუ ისე კარგად ექცეოდა და ფიზიკურადაც შეხებია. სკანდალური წყვილის გარშემო უამრავი ჭორი აგორდა და მალე ცნობილი გახდა, რომ ახალდაქორწინებული დავითი და ანა ამ რომანის გახმაურების გამო დაშორდნენ. თუმცა შემდეგ შერიგდნენ და დღეს ტახტის მემკვიდრესთან ერთად ესპანეთში ცხოვრობენ. ამ ამბავმა შორენას მართლაც თავბრუდამხვევი პოპულარობა მოუტანა. მას შემდეგ რამდენიმე ფილმში გადაიღეს და დღეს ''რუსთავი 2'' -ზე გადაცემა ''იღბლიან ბორბალში'' ვანიკო თარხნიშვილის თანაწამყვანია. დავითისგან განსხვავებით, ჯერჯერობით პირადი ცხოვრება ვერ ააწყო და რამდენიმე წარუმატებელი რომანის შემდეგ ზაფხულის ცხელ დღეებს სტამბოლში შვილთან ერთად ატარებს.

ლალი და გიორგი

ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ლალი და სკანდალი განუყოფელი რამ იყო, მაგრამ ახალი სამსახურის შემდეგ სოზარ სუბარის მრჩეველი მოროშკინა სკანდალებში იშვიათად ეხვევა. მართალია, მისი სახელისა და გვარის გაგონებაზე ყველას ჩანგალი ახსენდება, მაგრამ რამდენიმე წლის წინ სოციალურ ქსელს რომ ეარსება, ლალი მოროშკინასა და მსოფლიო ჩემპიონ გიორგი კანდელაკის სიყვარულის ამბავზე ბევრს დაწერდნენ. ამ ისტორიაში სკანდალური გიორგის ოჯახური მდგომარეობა გახლდათ. დაოჯახებული კანდელაკი ქვეყანაში ცნობილ ჟურნალისტზე იყო შეყვარებული და ერთად ცხოვრობდნენ. მოგვიანებით ლალი თავის პირველ წიგნში ''მე, პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონი'' ამ სიყვარულის დეტალებზე დაწვრილებით მოგვიყვა. მას შემდეგ ლალის ცხოვრებაში ბევრი თაყვანისმცემელი მამაკაცი გამოჩნდა, შეყვარებულიც ყოფილა, ერთხელ თხოვდებოდა კიდეც, თუმცა მოგვიანებით გვითხრა, რომ იხუმრა, მაგრამ გიორგი კანდელაკი ყოველთვის რჩება მისი წარსულის მნიშვნელოვან მოგონებად.
Rating

გიგი და ლელა

რამდენიმე წლის წინ ლელა კილაძისა და გიგი უგულავას ქორწინებამ შოკში ჩააგდო საზოგადოება. მამაკაცი ქალაქის მერი გახლდათ, ქალბატონი _ მისი ერთ-ერთი თანამშრომელი. ლელა კილაძე მანამდე პრეზიდენტის პირადი ვიზაჟისტი იყო და უცხოეთში ვიზიტებზე ხშირად დაჰყვებოდა. სამსახურებრივ რომანში ყველაზე დიდი სკანდალი ის გახლდათ, რომ უგულავა მის გამო პირველ მეუღლეს, თაკო ცაგურიას გაშორდა, რომელთანაც ორი ქალიშვილი ჰყავდა. ლელას კი _ ორი ვაჟი წინა ქორწინებებიდან. უგულავა რომ საყვარელ ქალს განსაკუთრებულად ანებივრებდა, ამ თემაზე ლეგენდები დადიოდა. პირველი ცოლისგან განსხვავებით, მერი-გიგი ხშირად ჩნდებოდა ოფიციალურ ღონისძიებებზე მეუღლის გარემოცვაში, თუმცა თბილისის ''პირველი'' ქალბატონი ლელა კილაძე ბეჭდურ და ტელემედიას არასოდეს სწყალობდა. მათი წყვილი არჩევნებამდე კიდევ ერთხელ გაეხვია სკანდალში. ინტერნეტით უგულავა-კილაძის სტრიპტიზკლუბში გართობის კადრები გამოქვეყნდა.
Rating

თამრიკო და გია

მათ დაშორებას ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, თუმცა ჭორის სახით ყოველთვის ლაპარაკობდნენ, რომ გია როინიშვილი და თამრიკო ჭოხონელიძე ერთად აღარ ცხოვრობდნენ. მიზეზი ქალი გახლდათ. ამის შესახებაც არაერთხელ დაიწერა. ამბობდნენ, რომ გია თამრიკოსგან ცნობილ მომღერალ ქალთან წავიდა. ამ ჭორს დიდი ხნის განმავლობაში ორივე მხარე უარყოფდა და გარეგნულად კარგი ოჯახის შენარჩუნებას ცდილობდნენ. სავარაუდოდ, ერთ დღეს ორივე დაიღალა და მალე პრესის ფურცლებზე მათი ინტერვიუები მოხვდა. ''დღეს არათუ კონტაქტი არ აქვს ჩემთან, ჩემი ტელეფონის ზარსაც აღარ პასუხობს. მინდა ვუთხრა გიას, დამშვიდდეს, ჩემი ტელეფონიდან ზოგჯერ მისი შვილები რეკავენ, როცა ანგარიშზე თანხა არ აქვთ'' , - ამბობდა თამრიკო ''რეიტინგისთვის'' მიცემულ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში.
Rating

ნინი და ირაკლი

შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოება მას შემდეგ შოკშია, რაც ნინი ბადურაშვილი ირაკლი კუტალაძის ოფიციალური მეუღლე გახდა. ჯერ იმაზე ნერვიულობდნენ, რომ ბადურაშვილი არ თხოვდებოდა, როცა მისმა მეგობრებმა გამოთხოვებაც კი მოასწრეს. შემდეგ კი არჩევანი დაუწუნეს. საქართველოსთვის უცნობი, რუსეთში მოღვაწე წყალბურთელი და ამჟამად ბიზნესმენი ირაკლი კუტალაძე ბევრს ნინის გვერდზე ვერ წარმოედგინა, მაგრამ ახალდანიშნულებზე ნინის ოჯახის წევრები პრესაში წერდნენ, რომ ირაკლი ქართველ მაჩოს ჰგავდა, რომელმაც ნინის გული მოიგო და ''რქები მოამტვრია'' . თვე-ნახევარში ნინიმ მაჩო მოსკოვში დატოვა და საქართველოში დაბრუნდა. თუ როგორ განვითარდა მოვლენები, ამაზე უკვე ბევრი რამ დაიწერა. დღეს კუტალაძეები ოფიციალურ კომენტარს აღარ აკეთებენ. უცნობია, ჩამოვა თუ არა მამა ბავშვის სანახავად. კახიანების მხრიდან კი პრესათან მხოლოდ ნინის ბაბუა, იმედა კახიანი ურთიერთობს.
Rating

ფადი და ია

არაბი ბიზნესმენი ია ფარულავას ცხოვრებაში იმდენ ხანს დარჩა, რომ პოპულარობაც მოიპოვა და ახალი ''მსხვერპლიც'' იპოვა. იასა და ფადის სიყვარულზე ლეგენდები დადიოდა. მდიდარი ბიზნესმენი საყვარელ ქალს განსაკუთრებულად ათამამებდა და ერთად ბედნიერად დიდ სახლში ცხოვრობდნენ. ია მუდამ იცინოდა ჟურნალისტების კითხვაზე, რომლებიც მათი დაშორების შესახებ ჭორის გადამოწმებას ცდილობდნენ. თუმცა ერთ დღეს ჭორი მართალი აღმოჩნდა და წყვილი სკანდალურად დაშორდა. მიზეზი კი ფადის ცხოვრებაში გამოჩენილი ანა ონიანი გახლდათ. წყვილის ცხოვრება ერთ დიდ ტელეს-კანდალად იქცა, თუმცა ერთმანეთთან დაშორების შემდეგ ფადი და ანა პრესის ფურცლებიდან გაქრნენ. მათ მიმართ საზოგადოების ინტერესიც განელდა. რაც შეეხება იას, ბოლოს ყოფილ გუბერნატორ ოთარ სირაძეს ხვდებოდა და ამბობდა, რომ სიყვარული სულაც არ არის საჭირო.
Rating

თაკო და ვანო

დღეს მამაკაცი გისოსებს მიღმაა, ქალბატონი კი გარეთ ელოდება. ალბათ არაფერ განსაკუთრებულს არ დავწერდით მათ შესახებ, რომ არა ქმრის სამსახურებრივი მდგომარეობა და ცოლის სკანდალური წარსული. ჯერ კიდევ პოლიტიკოს ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაია პრესასთან გულახდილი ინტერვიუებით გამოირჩეოდა და საყვარელ მეუღლეზეც ბევრს საუბრობდა, მაგრამ ვანოს გამინისტრების შემდეგ ჟურნალისტებს აღარ სწყალობდა. მოგვიანებით ამისთვის უფრო სერიოზული და სამწუხარო მიზეზი მიეცა, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში მოწმედ დაკითხული თაკო სალაყაია დღემდე საზოგადოების ნაწილის თვალში დამნაშავედ რჩება. დღეს დაკავებული მისი მეუღლეა, თუმცა სხვა დანაშაულისთვის. რამდენიმე ნომრის წინ ''რეიტინგთან'' ინტერვიუში უფლებადმცველი ჯაბა ჯიშკარიანი აცხადებდა, რომ თუ თაკოს არ დაიჭერენ, ისინი მის წინააღმდეგ ბრძოლას ისევ გააგრძელებენ. სანდრო გირგვლიანის საქმე კი სამუდამოდ დარჩება აქილევსის ქუსლად ''ნაციონალური მოძრაობის'' ისტორიაში.
Rating

სალომე და ვასკა

სტატისტიკურად ყველაზე ხშირად ოჯახები ღალატის გამო ინგრევა. კაცმა არ იცის, რა სჯობდა სალომე გოგიაშვილის შემთხვევაში, ეღალატათ თუ გაეძარცვათ. როგორც ჩანს, სალომეს მეორე მეუღლემ ღალატს ძარცვა არჩია. ვასკა თედორაშვილი სალომეს მეორე მეუღლე გახლდათ. თავდაპირველად წყვილი ბედნიერად ცხოვრობდა და საერთო შვილიც გაუჩნდათ, მაგრამ მალე ყველაფერი აირია. ვასკას სამსახურში მდგომარეობა დაეძაბა და სერიოზული ვალები დაედო. მის ვალებს შეეწირა სალომეს სახლი, აგარაკი, მანქანა, ძვირფასეულობა. მეუღლის გამო დაკარგა რამდენიმე ახლობელი ადამიანი და დღემდე არ იცის, რა იყო ვასკას მონაყოლში ტყუილი და რა _ სიმართლე. სალომეს ისტორიამ საზოგადოება ნამდვილად შოკში ჩააგდო, რადგან მამაკაცმა, რომელმაც მეუღლე პირწმინდად გაძარცვა, დედასთან ერთად უცხოეთს შეაფარა თავი. სალომეს ყოფილმა მეუღლემ დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარის რაოდენობის ზარალი მიაყენა. როგორც ტელესახე სხვადასხვა დროს მიცემულ ინტერვიუებში აცხადებს, ვასკა დედასთან ერთად მოქმედებდა. ამ მძიმე ისტორიის შემდეგ სალომემ გაბედა და მესამედ ვახო ნიკოლაიშვილზე გათხოვდა. წყვილი თავს ბედნიერად გრძნობს….
Rating

ნინა და თენგო

ნინას ყვითელი პრესა ყოველთვის განსაკუთრებულად სწყალობდა. კვირა არ გავიდოდა, მისი ფოტო რომელიმე ჟურნალის პირველ გვერდზე არ დაებეჭდათ. ყოველთვის გულახდილად საუბრობდა და თამამ კითხვებზე პასუხებსაც არ ერიდებოდა. პირველ ქმართან დაშორების შემდეგ იმდენი წელი იყო გასული, რომ ბევრი ფიქრობდა, ნინა გათხოვებას აღარ აპირებდა. გულახდილობის მიუხედავად, საკუთარ რომანებს საგულდაგულოდ მალავდა, ამიტომ აღმოჩნდა მოულოდნელი მისი გათხოვება. თენგო წივწივაძე პოლიციელი გახლდათ. ერთმანეთი უცხოეთში გაიცნეს და მოვლენები იმდენად სწრაფად განვითარდა, რომ მალე ერთად დაიწყეს ცხოვრება. ნინა იმდენად ლამაზად ჰყვებოდა მათი სიყვარულის ამბავს, რომ ერთი შეხედვით, წყვილის ცხოვრებაში თითქოს ყველაფერი რიგზე იყო. მაგრამ რამდენიმე თვეში ნინა მეორე ქმარს დაშორდა. მიზეზებზე ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის ეჭვიანობას ვერ გაუძლო. დაშორებიდან რამდენიმე თვეში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, თენგო წივწივაძე ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მისი გარდაცვალება მომღერალმა იმდენად მძიმედ გადაიტანა, რომ დიდი ხნის განმავლობაში გონზე მოსვლა უჭირდა. მოგვიანებით საყვარელ ადამიანს სიმღერა მიუძღვნა.
Rating

ნანუკა და ერეკლე

ნანუკა ჟორჟოლიანს ერეკლე კოდუა რესპონდენტის ამპლუაში არ გაუცნია. დაყაჩაღებულ ჟურნალისტს მაშინდელი ''სოდის'' უფროსი დაეხმარა და შემდეგ საჭიროზე ხშირად კითხულობდა ტელეფონით. იმ პერიოდში ერეკლე დაოჯახებული იყო, მაგრამ როგორც ნანუკა ინტერვიუებში აღნიშნავს, კოდუა ხშირად მიდიოდა ოჯახიდან. სკანდალის მთავარი მიზეზი კი ის გახლდათ, რომ მათი სიყვარულის ამბის დაწყებისას კოდუას ცოლი და ოთხი შვილი ჰყავდა. ნანუკას არასდროს აურიდებია თავი ამ თემისთვის და ბევრი დეტალის ხუმრობით მოყოლას ცდილობს ხოლმე. თუნდაც ის, როგორ აუხსნა ერეკლეს პირველად სიყვარული და როგორ იჩუქა კოდუას კაბინეტში სუნამო. წყვილს დღეს ერთი საერთო შვილი, საბა ჰყავთ. ამჟამად ერეკლე კოდუა პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ საზღვარგარეთ იმყოფება და ჟურნალისტიც შვებულებას ვენაში, მეორე ნახევართან ერთად ატარებს.
Rating

სალომე დადიანი
ჟურნალი '' რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 42 /
პოეზია ვენახში
1.(ხევსურული)ნეტაი გათხოვდებოდეს,ეთხოვოს კაცსა ჭკვიანსა,გაუთხოვრობა ძნელია,ვუსურვებთ ბედსა გვიანსა,ჰყოლოდეს ძეც და ასულიც ენატკბილსა და სვიანსა,ბოტოქსიც აშორებოდეს ვენახის ტურფას იასა........ 2.(სვანური.)ფარულავას ყავდა ფადი,ფადის კიდე ონიანი.მარტო დარჩა ბებერ-ყვავი,არ ხართ ვინმე ცოლიანი?????ცოდო არის ბოტოქს ტურფა,დაეხმარეთ კაცი უნდა...(.მაგრამ ია არვის უნდა). 3.(მოხევური)ვენახის ტურფა იაო,შენი ტოლები გათხოვდნენ,შენ რას უზიხარ შინაო.გინებით ბევრ კაცს უჯოკრავ,არც ეხლა არის გვიანო,იქნებ გათხოვდე იაო,მარადჟამ ბოტოქსიაო. 4.(აფსუუუუს ფადი...)აფსუს...როგორი თხელი ვიყავი,დაუღალავი სასე ჯიქანით,.სვანი მეგრელზე კარგი რით არი?ფადულა ბიჭო ეგ რა მიყავი???? 5.(მატყუარა)ვებერთელა იას გუდა ტყუილებით გაიგუდა,ფადულასთან ისევ უნდა,მაგრამ ფადის ანა უყვარს.ფარულავა არვის უნდა,ბოტოქსია ვინმეს უნდა??????
10:14 / 22-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ფარულავას ბედი
ასეთია უქმარშვილოს ბედი,ფათერაკი რომ დაჰყვება უკან,და ცხოვრების ნახევარზე მეტი დაცინვაში გაატაროს უნდა,მაგრამ რა ქნას ტყუილების გუდამ,პუტანკაც ხომ ახალგაზრდა უნდათ,ყურძნის ტურფა ხომ არა ხარ მუდამ,არცა გშველის ბოტოქსების გუნდა,მაშ რაღა ქნას მევენახე ტურფამ,ნუთუ ისევ ფადულასთან უნდა??????მაგრამ ხალხნო ფადის ანა უყვარს,ფარულავა რჩება ობოლ კნუტად, კნავის კნავის ჩვენი შავი კნუტა,იკბინება ლამაზების უკან,ცოდო არის დავეხმაროთ უნდა.მაჭანკალი მოვუძებნოთ უმალ.
08:43 / 22-08-2013
გამოხმაურება / 0 /
დათო
პოპულარობისთვის კაცებმა რამდენიმე ცოლი უნდა მოიყვანონ და გაუსჰვან ქალები რაც შეიძლება ბევრჯერ უნდა გათხოვდნენ სირცხვილია ეს ყველაფერი. კკაცმა ან ქალმა შეიძლება შეცდომა დაუშვან თხოვა გათხოვებაში იმიტომ რომ ეს იმ ასაკში ხდება ბევრი გამოცდილება არ გაქვს მაგრამ ეს საამაყო და საპიარო არ უნდა იყვეს მითუმეტეს როცა შვილები გყავს!
19:15 / 21-08-2013
გამოხმაურება / 0 /
კაააა
კაით ხალხო რა, არც ნინი ბადურაშვილია ანგელოზი.დაგვღალა საზოგადოება მაგისმა სკანდალურმა აბავმა,სხვა არაფერია რომ დაწეროთ? საერთოდაც არავინაა ნორმალური,ყველა ფულზე ნადირობს და გამორჩენაზეა. გარყვნილია ხალხი რეებს კადრულობენ კაით რაააა
10:35 / 21-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მარინა
პატივცემულო ჟურნალისტო! ნამდვილად არ ვარ, არც ვყოფილვარ და არც ვიქნები შოკში იმის გამო, რომ ნინი ბადურაშვილი ან არ თხოვდებოდა, ან თუ გათხოვდა - სკანდალურად! გირჩევთ, შეარჩიოთ სიტყვები, როცა ქართულ საზოგადოებაზე ლაპარაკობთ - მე დღემდე შოკში ვარ იმაზე, რაც ბათუმში მოხდა (საზარელ მკვლელობას ვგულისხმობ)და ნუ გგონიათ, რომ საზოგადოება ისე დალხენილია და უზრუნველი, რომ ნინის ან ნებისმიერი, თქვენთვის "სელებრითად" წოდებულის პირადი ამბები აგდებდეს შოკში, მაშინ როცა ხალხს ბუზის გაფრენადაც არ მიაჩნია თქვენთვის "დასაშოკი" ეგეთი ამბები! თუ თავად ხართ ჭორიკანა და სხვა საქმე არ გაქვთ, ვინ მოგცათ იმის უფლება, რომ ვიღაცის პირად ამბავს მთელი საზოგადოების, ანუ ქართველი ხალხის შოკის საგნად აცხადებთ?! მართლა სირცხვილია ბოლოსდაბოლოს!!!!!! თქვენს პირად პროფესიონალურ დონეზე იფიქრეთ, ის გიჯობთ!
02:06 / 21-08-2013
გამოხმაურება / 0 /
გეთანხმებით, თამრიკო ჭოხონელიძე ღირსეული ქალბატონია! ალბათ იმიტომ მოიხსენიეს რომ არა მგონია როინიშვილი ყველასთვის ცნობილი ყოფილიყო აი როგორც ჭოხონელიძის ქმარს კი ყველა იცნობდა.......... ბეგაშვილის და დავითის რომანი კი მოჩმახულია შორენასგან თავის გასაპიარებლად (ამის მერე მართლა აღარ ჩამოდის ტელეკრანიდან არ ეყო თავისი თავის სიშიშვლით გაპიარება და მოჩმახა) ან არადა რომელიღაც სახელმწიფო ორგანოში შეიქმნა....... სინამდვილეში დავითი და ანა ერთმანეთს არც დაშორებიან , დავითი ამ სისულელეს არც გამოხმაურებია
00:23 / 21-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ტასიკო
აქ თამრიკო კი არა ეკა მამალაძეზე უნდა დაგეწერათ
23:43 / 20-08-2013
გამოხმაურება / 0 /
თინა
თამრიკო ამის ღირსი არაა, რომ ასეთ გაუგებრობაში მოგეხვედრებინათ!
23:25 / 20-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ქეთევანი
ქალბატონო თამარ, თქვენ ხართ უმშვენიერესი, უსათნოესი, უნიჭიერესიდა ღირსეული ქართველი ქალბატონი.თქვენ შეიძლებოდა სხვანაირად გეცხოვრათ, მაგრამ ღირსეული ოჯახის შვილს სხვანაირად არშეგეძლოთ.ღმერთმა დაგლოცოთ.თქვენ უდიდესი პატივისცემის ღირსი იქნებოდით ნიჭის მეტი არაფერიც რომ არ გქონოდათ, მაგრამ თქვენის მეშვეობით გვყავს მარიამი და ყველა ის ვისაც საქართველოს სიყვარულის სიმღერით ასაზრდოებთ და ალამაზებთ ჩვენს ყოფას.ღმერთმა დაგლოცოთ. მიუტევეთ ზოგიერთ უგუნურ ჟურნალისტს, რომელთაც არა უწყიან რასა იქმნენ
23:06 / 20-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ლეო
თამრიკო ამათ სიაში არ უნდა ყოფილიყო
21:13 / 20-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS