- ჯერჯერობით დადებითი განწყობაა, განწყობაში იმედს ვგულისხმობ. თუმცა, როდესაც '' ნაციონალები'' მოვიდნენ, მაშინაც ძალიან კარგი განწყობა იყო. ყველას გვქონდა იმედი, რომ რაღაცები უკეთესობისკენ შეიცვლებოდა. კრიმინალური სამყაროს ასალაგმად ბევრი გაკეთდა,
- ახლანდელი ვითარება 2003 წლის საქართველოს გაგონებთ?
- იცით, მე დღესაც ძალიან იმედიანად ვარ განწყობილი და რატომღაც მგონია, ან ჩემს თავს ვაიმედებ, რომ ისეთ შეცდომებს აღარ დაუშვებენ, რაც 2003 წლის '' ვარდების რევოლუციის'' შემდგომ იყო დაშვებული... ჩემი იმედიანი განწყობის მიუხედავად, ძალიან ვღელავ და ამის საფუძველიც მაქვს. ამ ცხრა წლის განმავლობაში უამრავი თავისი საქმის პროფესიონალი იდგა ჩრდილში, უამრავი ადამიანი გააჩოჩეს გვერდზე და სახლში დასვეს, სამაგიეროდ, ანგარებით მოსული არაპროფესიონალები წამოატივტივეს. ჩემდა საბედნიეროდ, წლების განმავლობაში ჩრდილში მოქცეული ადამიანები '' ქართული ოცნების'' მხარდამჭერ აქციებზე დავინახე, ამიტომ მომეცა დიდი იმედი, რომ რაღაც შეიცვლებოდა, რადგან ძალიან სერიოზული ადამიანები იდგნენ იქ თავიანთი ქვეყნის გადასარჩენად. ასეც მოხდა, ხელისუფლება შეიცვალა, მაგრამ ახლა, ცოტა არ იყოს, დაბნეული ვარ, სწორედ ის ადამიანები, რომლებსაც საზოგადოებაში სიტყვა ეთქმით და თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან, ისევ არ ჩანან.
- ვის გულისხმობთ?
- თუნდაც ბატონ ანზორ ერქომაიშვილს... ჩემს ბუნებაში არ ზის აქციებზე დგომა, მაგრამ მაშინ ასე სჭირდებოდა ქვეყანას და არც ერთი აქცია არ გამიცდენია. მხოლოდ სამეგრელოს აქციაზე ვერ წავედი, რადგან ავად ვიყავი... ვაკვირდებოდი, აქციებზე რა ხდებოდა და მართალი გითხრათ, შევშინდი, რადგან იყვნენ ადამიანები, როგორც კულტურის, ისე სხვა სფე-როს წარმომადგენლებიც, რომლებმაც მოსინჯეს ვითარება, ანუ მივიდნენ '' ოცნების'' პირველ და ბოლო აქციაზე. იმ ერთი წლის განმავლობაში, როდესაც იმ პოლიტიკურ კოალიციას '' ნაციონალები'' ებრძოდნენ, ისინი ჩუმად იყვნენ და შორიდან უყურებდნენ, როგორ წარიმართებოდა პროცესები, შემდეგ კი, როდესაც მოძრაობა უკვე ფინალში გადიოდა, ისინი ისევ გამოჩნდნენ.
- დააკონკრეტეთ, ვინ იყვნენ ეს ადამიანები...
- არა, მათი დაკონკრეტება ჩემი საქმე არ არის. ვინც იმ პროცესებში აქტიურად იყო ჩართული, ყველამ იცის, ვისზეა ლაპარაკი, რადგან მახსოვს, ხალხი მათზე ლაპარაკობდა. ამ ხნის განმავლობაში სულ მინდოდა, მთავარი ლიდერებისთვის დამესვა კითხვა, ნუთუ მათ ვერ შეამჩნიეს ეს მედროვეები, რომლებიც ყნოსვით ხვდებოდნენ, რა დროს სად უნდა მდგარიყვნენ. ეს ადამიანები განსაკუთრებით საშიში არიან, რადგან პირწავარდნილი '' ნაციონალები'' იყვნენ, ოღონდ ყველაზე ცუდი გაგებით, რადგან '' ნაციონალებშიც'' იყო კარგი ტენდენცია, - ისინი ყველაფერს ცუდს არ აკეთებდნენ, '' ნაციონალების'' დროს ბევრი კარგიც გაკეთდა, უბრალოდ, ვისზეც მე ვსაუბრობ, ყველა მიმართულებით განხორციელებულ ბოროტ ქმედებებში იყვნენ ჩართული, ეს ეხებოდა როგორც კულტურას, ისე პოლიტიკას. ახლა ეს ადამიანები კულტურის სფეროში თანამდებობებზე არიან და ჩვენი ქართული საგანძურის საკითხებს მართავენ. ამ მხრივ სრული უიმედობა მაქვს, თუმცა ჯერჯერობით, შეიძლება ითქვას, ხავსს ვეჭიდები, სასოწარკვეთილებაში არ ჩავვარდნილვარ. მაგრამ დღეს ამ მხრივ ძალიან მძიმე ვითარებაა ქვეყანაში, კულტურის მნიშვნელოვან საკითხებში სადავეები ისევ საშიშ ხალხს უკავია და ეს რომ არ ვაღიარო, ჩემგან სამშობლოს ღალატის ტოლფასი იქნება. იცით, ყველა კარგად ხედავს, რომ ხელი არაფერზე მომითბია, რადგან იმ კატეგორიას არ მივეკუთვნები, რომელიც ამას იკადრებს. ამით ძალიან ვამაყობ. მთელი ჩემი ცხოვრება, ჩემი ოჯახი ასე ცხოვრობდა. სხვებისგან განსხვავებით, იმიტომ არ ვიდექი იმ აქციებზე, რომ რაღაც მომეპოვებინა. ძალიან მაღელვებს, რომ მიხეილ სააკაშვილი გარემოცვამ დაღუპა და ძალიან დიდი საფრთხე არსებობს, რომ ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაშიც მსგავსი რამ განმეორდეს, რადგან მის გარემოცვაში საფრთხე ნამდვილად არსებობს.
- ამიტომაც მიმართეთ პრემიერ-მინისტრს, საზოგადოებაში გასულიყო?
- დიახ, მე მას ვთხოვე, გლახუნასავით ჩაიცვას და ხალხში გავიდეს, რათა გაიგოს, სინამდვილეში რა ხდება ქვეყანაში. ბიძინა ივანიშვილს ძალიან კარგად ვიცნობ და ვიცი, როგორი პიროვნებაა, მან რომ ყველაფერი იცოდეს, რაც თუნდაც კულტურის სფეროში ხდება, ამას არ დაუშვებდა. კულტურის სფეროს დღეს ვითომ '' ქართული ოცნების'' მხარდამჭერი, სინამდვილეში კი '' ნაციონალებიდან'' შემოპარული ადამიანები ლობირებენ, რომლებიც დანაშაუ-ლის ტოლფას ქმედებებს ახორციელებენ. მათ საქციელზე ბატონ ბიძინას ნათელი წარმოდგენა რომ ჰქონდეს, არავითარ შემთხვევაში არ დატოვებდა იქ, სადაც ახლა არიან. ის უბრალოდ საინფორმაციო ვაკუუმშია და ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. ამასობაში კი, ასე ვთქვათ, ე.წ. '' ქართული ოცნების'' '' ნაციონალები'' უკვე ახერხებენ იმ საქმეების ჩაფარცხვას, რომლებზეც მათ ვერავინ შეედავება. ამას ჰქვია, უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონნენო.
- ბოლო დროს კულტურის სამინისტროს მიმართ ხელოვნების წარმომადგენლებისგან ბევრი საყვედური ისმის...
- კიდევ კარგი, რომ მარტო მე არ ვლაპარაკობ ამაზე. ის ადამიანი ვარ, რომელიც არც მიხეილ სააკაშვილის დროს გაჩერებულა, არასდროს შემშინებია და უსამართლობის წინააღმდეგ ყოველთვის თამამად გამოვდიოდი. იმ სფეროს წარმომადგენელი გახლავართ, რომელსაც ნამდვილი ქართული კულტურა ჰქვია. მთელი ცხოვრება ვამაყობდი იმით, რომ ფოლკლორისტი ვარ, მაგრამ თუ არ მოგვისმინეს, თუ არ გვკითხეს, რა გვტკივა და რა გვაწუხებს, არაფერი შეიცვლება. ნუთუ არავის დააინტერესა, რას შვრება ეს ხალხი, როგორ არისო?.. კარგი, თამრიკო ჭოხონელიძემ რამდენჯერმე ხმამაღლა თქვა სათქმელი, ვიცით, რომ ბიძინა ივანიშ-ვილის გარემოცვა ადვილად ახერხებს ჩემი სიტყვების განეიტრალებას, მაგრამ არსებობენ ქართული კულტურის დიდი მოამაგეები, თუნდაც ანზორ ერქომაიშვილი და უამრავი ფოლკლორისტი, ჰკითხონ მათ, რა ხდება ამ სფეროში. თუმცა, ჯერჯერობით მხოლოდ '' შე-ფუთვებით'' არიან დაკავებული, ისე, როგორც ეს მიხეილ სააკაშვილის დროს ხდებოდა.
- '' შეფუთვაში'' რას გულისხმობთ?
- ისე წარმოაჩენდნენ, თითქოს ქართული კულტურისთვის რაღაც კეთდებოდა, სინამდვილეში კი არაფერი გაკეთებულა... არადა, ისე დაიჩემეს, ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთო, რომ დიმიტრი არაყიშვილი, ზაქარია ფალიაშვილი და ია კარგარეთელი საფლავში ტრიალებდნენ ალბათ. ამას ვგულისხმობ და ეს პოლიტიკა ახლაც გრძელდება. არ მინდა, რომ ბატონი ბიძინა თვალებახ-ვეული დადიოდეს.
- უმრავლესობაში კულტურის სფერო საკმაოდ ფართოდ არის წარმოდგენილი. მაგალითად, სოსო ჯაჭვლიანი, ნუკრი ქანთარია...
- დიახ, ვიცი და მათ გასაგონადაც ვამბობთ ამ ყველაფერს, მიხედონ კულტურას და საინფორმაციო მხარეს, რასაც ბიძინა ივანიშვილის ინფორმირება ჰქვია...
თუმცა, ვიდრე მას მიაწვდიდნენ რაიმე ინფორმაციას, ჯერ თავად უნდა გაერკვნენ, რა და როგორ ხდება.
- თქვენი აზრით, კონკრეტულად ვინ და რატომ ცდილობს პრემიერ-მინისტრისთვის თვალე-ბის ახვევას?
- არ მინდა პერსონიფიცირება, მაგრამ იმიტომ ცდილობენ, რომ ყველა თავის საქმეს აკეთებს და ქვეყნის საქმისთვის არავის სცალია. მათ არ უნდათ იმის დათმობა, რაც უგუნური '' ნაციონალების'' დროს მოიპოვეს. ამიტომ ვამბობ, არ მინდა, ბიძინა ივანიშვილი მოტყუებული იყოს. მე მის ოჯახს ვიცნობ და ვიცი, როგორები არიან ეს ადამიანები. მისი შვილი, ბერა, ნამდვილად ამ თაობის ერთ-ერთი სახეა და შეიძლება, '' სავიზიტო ბარათად'' გამოიყენო. ეს არის ქართველი ახალგაზრდის სახე, რომელიც მისთვის შექმნილი პირობების მიუხედავად ძა-ლიან თავმდაბალი, უშუალო და სუფთა ადამიანია. არ მინდა, რომ ასეთი შვილების მამა თავისი შვილებიანად მოატყუონ. ამიტომ, მინდა მას ვთხოვო, ჰკითხეთ თქვენს გარემოცვას, რა ხდება კულტურის სფეროში...
- თქვენი აზრით, რატომ არ უჩნდება მას ეს კითხვა, რა შეიცვალა ხელისუფლებაში მისი მოსვლის შემდეგ?
- მადლობა ამ კითხვისთვის და ჩემი თხოვნა იქნება, ეს კითხვა ინტერვიუში დამიტოვოთ. რადგან სულ კარის მომღერლებზე მეკითხებიან და ამას წინათ იმდენჯერ მკითხა ვიღაც ქალმა, რომ გავბრაზდი კიდეც. არადა, ეს თემა ჩემთვის სულაც არ არის საინტერესო. რა შუაშია კარის მომღერლები, მლიქვნელები ყველა ხელისუფლების დროს იყვნენ და ახლაც არიან. რა მნიშვნელობა აქვს, მღერის თუ სიტყვით უხსნის თავის დროებით '' ერთგულებას'' ... ბიძინა ივანიშვილს იმის დრო არ ექნება, რომ ჩემი ინტერვიუები წაიკითხოს, ამიტომაც ვიღაცამ უნდა მიაწოდოს ჩვენი პოზიცია. ის ფრთხილად უნდა იყოს, და ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის. თუმცა, ეტყობა, მე განსაკუთრებით უშიშარი ადამიანი აღმოვჩნდი, რადგან სათქმელი ყველას აქვს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ყველა თავის ტყავს უფრთხილდება.
- რამდენად არსებობს საფრთხე, რომ ასეთი დამოკიდებულება '' ქართული ოცნების'' საპრეზიდენტო კანდიდატის შედეგებზე უარყოფითად აისახოს?
- იცით, ღმერთმა დაგვიფაროს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში '' ნაციონალების'' კანდიდატმა გაიმარჯვოს, ვინც უნდა იყოს ის. მათ იმხელა ზიზღი დათესეს საზოგადოებაში, რომ ოჯახის წევრები გადაჰკიდეს ერთმანეთს. რაც შეეხება მარგველაშვილს, არ ვეთანხმები იმას, რომ მისი დადებითი თვისება მხოლოდ პრემიერთან მეგობრობაა, თუ ასეა, ჩვენ, ხალხი რას ვაკეთებთ, ოდესმე მაინც ხომ უნდა დადგეს დრო, რომ მათ თავისი ძალა დაანახვოს, აქ არ ვართ, ვიაზროვნოთ, ერთად დავდგეთ და არჩევნებში ის ადამიანი მოვიყვანოთ, ვისიც გვჯერა.
- თქვენ ვისი გჯერათ?
- ჯერჯერობით ოქტომბრამდე დრო არის და შევხედავთ, ვინ რას იზამს... ზუსტად არ ვიცი, როგორ მოვიქცევი, მაგრამ შესაძლოა, ეს ის პირველი შემთხვევა აღმოჩნდეს, როდესაც არჩევნებზე არ წავალ.
- რატომ?
- არ ვიცი, ბოლო დღეებში გადავწყვეტ, წავალ თუ არა. ახლა მიმაჩნია, რომ არ წავალ, რადგან დაბნეული ვარ.
ლალი პაპასკირი
ჟურნალი ''რეიტინგი''