15 აგვისტო, 2013
რატომ არ ისვენებს ეკა ჩხეიძე ქმართან ერთად
დემოკრატიული და ევროპული ურთიერთობა დასვენების თვალსაზრისით და ერთმანეთისგანაც ვისვენებთ. საერთოდ, უცებ, სპონტანურად მიყვარს ყველგან წასვლა ეკა ჩხეიძეს წელიწადის ცხელი სეზონი არ უყვარს, მისთვის კარგი დასვენება გასტროლებზე ყოფნაა, სადაც მუშაობას გართობასაც უთავსებს, უცხო ქვეყნის დათვალიერებასაც და დასვენებასაც. ვერ წარმოუდგენია, ზაფხული კურორტზე უსაქმურად ყოფნითა და გაზის ქურასთან დგომით როგორ უნდა გაატაროს. დასვენების თვალსაზრისით მის ოჯახში სრული დემოკრატიაა, უფროსი შვილი მეგობრებთან ერთად დადის დასასვენებლად, ეკას მეუღლეს მთაში სიარული მოსწონს და მთამსვლელ ბიძინა გუჯაბიძესთან ერთად ჰიმალაის მთათა სისტემის მწვერვალ ამადაბლანზეც
კი გაატარა ერთი თვე, ახლა უმცროს შვილს - დათას წაიყვანს სადმე მთიან რეგიონში დასასვენებლად, ეკაც, როგორც თავად ამბობს, ზღვაზე წავა მეგობრებთან ერთად, თუ გამოიდარებს და ზაფხული ზაფხულს დაემსგავსება.

- ჯერჯერობით ტელევიზიაში გახმოვანებაზე ვმუშაობ, თავისუფალი არ ვარ, მაგრამ სიმართლე გითხრა, არსად წასვლის ინტერესი არ მაქვს. ისე, ჩემთვის ეს წელიწადი ძალიან ნაყოფიერი იყო. თუმანიშვილს თეატრში ვითამაშე სპექტაკლში ''სუფთა სახლი'' , მარჯანიშვილს თეატრში კი ორ სპექტაკლში გახლდით დაკავებული. ეს გახლდათ ''ჰამლეტი'', რომელშიც გერტრუდა განვასახიერე, მეორე კი - ''გრონჰოლმის მეთოდი'' , რომელიც თემურ ჩხეიძემ დადგა. მინდა აღვნიშნო, რომ სპექტაკლი მეტად წარმატებული აღმოჩნდა, სულ ოთხჯერ თუ ხუთჯერ წარვუდგინეთ მაყურებელს, რადგან სეზონი იხურებოდა, მაგრამ დარბაზი ხალხს ვერ იტევდა. ახალი სეზონიდან ლევან წულაძე ახალ სარდაფში გეგმავს პრემიერას, რეპეტიციები ივლისში გვქონდა, მაგრამ ზაფხულის გამო დავიშალეთ, ლევანმა გვითხრა, დაისვენეთო, ყველა ჩემნაირი გიჟი ხომ არაა, იძახოს, არა, არა, ვიმუშაოთო. სექტემბერში მუშაობა განახლდება და თუ მოესწრო, ალბათ, ოქტომბერში იქნება პრემიერა.
- არსად წასვლის ინტერესი არ მაქვსო, აღნიშნეთ...
- საერთოდ, არ მიყვარს ზაფხული, რადგან არ მიყვარს უსაქმური დასვენება, როცა შენთვის სულერთია, რა დღეა და რომელი საათია. ჩემთვის ყველაზე კარგი დასვენება და გართობა გასტროლებზე ყოფნაა. გარდა იმისა, რომ მოგზაურობA ახალ ქვეყანაში, იცვლი ატმოსფეროს, იმუხტები დადებითად, იმავდროულად მუშაობ და თავს გრძნობ საჭიროდ შენი პროფესიიდან გამომდინარე, რაც ძალიან მაგარი შეგრძნებაა. ამ დროს დასვენებას, გართობასა და მუშაობას ერთმანეთს უთავსებ და ეს ყველაზე კარგია. შარშან სამი კვირა გადაღებაზე ვიყავი პრაღაში, ყველაფერი კარგად იყო ორგანიზებული, გადაღებები ძალიან მალე მთავრდებოდა, შესაბამისად, გვეძლეოდა ქალაქის დათვალიერების საშუალება, ფეხით მოვიარეთ მუზეუმები, ქუჩები, კაფეები და გადასარევად დავისვენე.
მოკლედ, ჩემთვის საქმესთან შეფარდებული დასვენება არის ყველაზე სასიამოვნო, თორემ სადმე აგარაკზე რომ გამიშვან ბავშვებთან ერთად და თან სადილები მქონდეს გასაკეთებელი, შეიძლება, თავი მოვიკლა, ეს ჩემთვის დასვენება არაა. ბოდიში ყველასთან, მაგრამ ამ სიტუაციაში რომ აღმოვჩნდე, შეიძლება გავგიჟდე. ჩემი შვილები უკვე დიდები არიან, უფროსი მეგობრებთან ერთად დადის დასასვენებლად, ბიჭი მამამისს დაჰყავს აქეთ-იქით, მეც მოვაბამ თავს რამეს და დავისვენებ. ყველა დღე რომ ერთმანეთს ჰგავს, მაშინ მე ვგავარ გიჟს. გასტროლებზე ყოფნისას, სპექტაკლის შემდეგ მთელი ღამე გვისეირნია, კარგად მოგვილხენია, მაგრამ უძილობითა და ხმაურით არ შევწუხებულვარ, რადგან ამ უძილობასაც თავისი ხიბლი აქვს, ყველაფერი ეს სიამოვნებას მანიჭებს და სასიამოვნოდ ვიღლები. როდესაც რეპეტიციები მღლის, ფეხზე ვერ ვდგავარ და ისიც კი არ მახსოვს, დღეს ვჭამე რამე თუ არა, მაშინ ვარ კარგად, რადგან ჩემთვის სასიამოვნო საქმით ვარ დაღლილი და არა სადილის კეთებით. ბაზარში რომ წავიდე, კერძები რომ ვაკეთო, ამან შეიძლება ისე დამღალოს, რომ გავგიჟდე. დასვენებაც მსიამოვნებს, თუ ვგრძნობ, რომ ვარ საჭირო. მილიონჯერ ვყოფილვარ ამა თუ იმ ქვეყანაში, მაგრამ როდესაც გასტროლებით მივდივარ საზღვარგარეთ, სულ სხვა დატვირთვა და განწყობა მაქვს. აგვისტოში არ მაქვს არანაირი გასტროლი, არანაირი გადაღება, აგარაკზე წასვლა კი არ მინდა, თუ გამოიდარა და ზაფხულს ზაფხული დაერქვა, შეიძლება, რამდენიმე დღით მეგობრებთან ერთად ზღვაზე წავიდე და ვიცი, ესეც მალე მომბეზრდება. ]
Rating
- ეკა, ბავშვობაში სად ისვენებდით ხოლმე?
- ჩვენ გვქონდა არაჩვეულებრივი სახლი კიკეთში, ტყეში, მთელი ჩემი ბავშვობა იქ მაქვს გატარებული, იქ დამსვენებელი ბავშვები დავმეგობრდით კიდეც, შეიძლება, ზაფხულიდან ზაფხულამდე ერთმანეთი არ გვენახა, მაგრამ კიკეთში დასვენებისას აღვადგენდით ხოლმე ურთიერთობას, დავდიოდით ღია კინოში, ვსეირნობდით მოტოციკლეტით, ამას თან ახლდა დალეწვები, ჩანჩქერზე ბანაობა და სხვა გიჟობები. შემდეგ კიკეთის სახლი გავყიდეთ, მაგრამ ისე კარგად მახსენდება ის პერიოდი, რომ სურვილი მიჩნდება ხოლმე, უბრალოდ იმ სახლთან ავიდე და იმ მდელოს ვუყურო. გარდა ამისა, დავდიოდით სოხუმში, სინოპში, რომელსაც დიდი ნოსტალგიით ვიხსენებ, არა იმიტომ, რომ აფხაზეთი ჩვენი ტკივილია, უბრალოდ, არაჩვეულებრივად მახსენდება ის დრო. შეიძლება ითქვას, რომ არძინბას რეზიდენციაში ვარ გაზრდილი. სამწუხაროდ, აფხაზეთში ისე ვერ ავალ და ვერ დავხედავ იქაურობას, როგორც ამას კიკეთის შემთხვევაში ვაკეთებ. წლინახევრის ვიყავი, როცა პირველად წამიყვანეს სინოპში და მას შემდეგ სულ იქ დავდიოდით, იღებდნენ 24-დღიან საგზურებს და ამ დროს სულ იქ ვატარებდით. არ მახსოვს ერთი წვიმიანი დღე, აჭარისგან განსხვავებით, იქ მართლაც ფანტასტიკური ჰავაა. ბოტანიკურ პარკში იდგა მეოთხე სამმართველოს დასასვენებელი სახლი, სადაც ჩვენ ყოველ ზაფხულს ვატარებდით, მთაზე იყო შეფენილი ეს კურორტი, საბაგიროთი ჩამოვდიოდით ზღვაზე, ეს იყო მთისა და ზღვის შეუდარებელი შერწყმა. მას შემდეგ უამრავ ადგილას დამისვენია, მაგრამ მსგავსი არაფერი მინახავს, ცალკე გახლდათ წითელი ვარდის ბაღი, მინდა გითხრათ, რომ ისეთი ვარდის სუნს მთელი ცხოვრება ვეძებ და ვერ ვიპოვე, სინოპი სულ მენატრება, ფილმის კადრებად მესახება ის დრო.
- თქვენი ბებია, მსახიობი მედეა ჩახავა, ყოველთვის დაკავებული იყო, თუ ახერხებდა შვილიშვილებთან ერთად დასვენებას?
- მედიკოს სახლი ჰქონდა შეკვეთილში, პატარა ვიყავი, ყველა ერთად იქ რომ ვისვენებდით, ბუნდოვნად მახსოვს ის პერიოდი, ამის შემდეგ, უკვე როცა შვილები მყავდა, მაშინ დავისვენეთ ერთად, მაკაც იყო თავისი შვილებით ჩვენთან ერთად. სხვა დროს არ მახსენდება, ერთად რომ დაგვესვენოს. მედიკო უფრო მაკასთან ერთად დადიოდა დასასვენებლად, მე კი დედასთან ერთად. მოგეხსენებათ, დედა თემურის პირველი ცოლია, ამიტომ ერთად იშვიათად ვისვენებდით, ორი ცოლის ერთად დასვენება როგორ გამოვიდოდა, ალბათ, ხვდებით..
- თქვენ თუ ახერხებთ მეუღლესთან ერთად დასასვენებლად წასვლას?
- სიმართლე გითხრა, ჩემს ქმართან ერთად დასასვენებლად არ ვყოფილვარ, იმიტომ რომ მე ამ კაცის დასვენება არ მინახავს. მისი დასვენება მთაში წასვლაა, ბიძინა გუჯაბიძეს მიჰყვება და რისი ჯანიც ჰყოფნის, იმ სიმაღლეზე ადის, ჰიმალაის მთათა სისტემის მწვერვალ ამადაბლანზე იყო ერთი თვე, ასევე გახლდათ აკონკაგუაზე. მისთვის ესაა დასვენება, ამიტომაც არასდროს შემოუთავაზებია - წამოდიო (იცინის) მას ზღვა არ უყვარს, მე კი კარავებით მოგზაურობის დიდი სურვილი არ მქონია, კომფორტი უფრო მიზიდავს. ერთადერთი საზღვარგარეთ თუ წავსულვართ ერთად. ბოლოს, ორი კვირით ბავშვთან ერთად ინგლისში მეგობართან ვიყავით, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, სულ ეს იყო ჩვენი ერთობლივი დასვენება, მას შემდეგ, რაც ცოლ-ქმარი ვართ. მგონი ოჯახთან ერთად არც არასდროს დამისვენია, ვერ წარმომიდგენია, ხელი ჩავკიდოთ ყველამ ერთმანეთს და დასასვენებლად წავიდეთ. ჩვენთან საქმე სხვაგვარადაა, ვისაც როდის სცალია, ვისაც სად უნდა, იქ მიდის დასასვენებლად, ზოგი მთაში, ზოგი ზღვაზე და ა.შ. გვაქვს დემოკრატიული და ევროპული ურთიერთობა დასვენების თვალსაზრისით და ერთმანეთისგანაც ვისვენებთ. საერთოდ, უცებ, სპონტანურად მიყვარს ყველგან წასვლა. ერთხელ სახლში დაბრუნებულებს მე და ჩემს შვილს ჩემმა ქმარმა დაგვახვედრა თვითმფრინავისა და რინგო სტარის პარიზული კონცერტის ბილეთები, არანაირად არ ველოდით ამას, მაგრამ ეს იყო ძალიან დიდი სიამოვნება. შეიძლება, ბოლო ფული გადაიხადოს და წავიდეს საყვარელი მუსიკოსის კონცერტზე. მთელი ზაფხული შეუძლია, არსად წავიდეს, სამაგიეროდ, ბოსტონში გადაფრინდება მიკ ჯაგერის დაბადების დღეზე და ''როლინგ სტოუნზის'' კონცერტზე, სხვათა შორის ამას წინათ ასეც მოიქცა. ჩემი აზრით, ეს უფრო შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელია, ვიდრე ერთი თვე კურორტზე ყოფნა.
- ქვეყანა, რომელშიც დიდი სიამოვნებით იმოგზაურებდით...
- ბრაზილია, ვგიჟდები ბრაზილიის კარნავალზე... რაც მე მაგათი სერიალები მაქვს გახმოვანებული, შეიძლება ითქვას, რომ მთელი ბრაზილია, ქალაქები, ქუჩები, ვინ სად ცხოვრობს, ზეპირად ვიცი (იცინის). ბრაზილია სხვა ეგზოტიკა და სხვა სამყაროა, კარნავალი კი არის დიდი თეატრი. აი, კოპაკაბანას პლაჟზე დავწვებოდი და ვიქნებოდი, პენსიონერულად დავისვენებდი, რადგან იქ სულ სიახლის შეგრძნება გექნება ადამიანს. მე გახლავართ ის პიროვნება, რომელიც მუდმივად ახლის ძიებაშია, ხომ არიან ადამიანები, რომლებიც ერთ საქმეს აკეთებენ წლების განმავლობაში? მე ეს არ შემიძლია. მაგალითად, დედაჩემი მევიოლინეა და მთელი ცხოვრება ჰყავს მოწაფეები, ვგიჟდები ხოლმე და სულ ვეკითხები, როგორ არ გბეზრდება ერთი და იმავე საქმის კეთება-მეთქი, უკვირს, ამას რომ ვამბობ და მეუბნება, რას ლაპარაკობ, ზოგი მეტად ნიჭიერია, ზოგი - ნაკლებად, ბავშვისგან, რომელმაც ნოტებიც კი არ იცის, ლაურეატი დააყენო, ეს ხომ დიდი წარმატებააო, მართალია, მაგრამ ჩემთვის ეს მიუღებელია...
Rating
- ზღვა, რომელიც ასე გიყვართ, ასოცირდება ცეკვასთან, კლუბთან, ღამის ცხოვრებასთან, გიზიდავთ ასეთი გართობა?
- კი და ამიტომაც მიყვარს მეგობრებთან ერთად წასვლა ზღვაზე, თორემ ბავშვებს თუ ვდიე, რა გამოვა?! გარდა ამისა, ძალიან მიყვარს ჯაზფესტივალზე წასვლა, დღისით მზითა და ზღვით იღებ სიამოვნებას, საღამოს კარგი მუსიკით, ნახულობ უამრავ ნაცნობს და დროს სასიამოვნოდ ატარებ.
- რადგან ზღვა გიყვართ, ნამზეურიც გეყვარებათ, ადვილად ირუჯებით?
- კი, არასდროს დავმწვარვარ. ჩემი მეგობრები ხუმრობენ ხოლმე, მგონი, ეკა გარუჯვის კურსებზე დადიოდა და ისწავლაო. ჯერ ერთი, არ ვარ ფითქინა თეთრი და კანის ფერიც მიწყობს ხელს, რომ კარგად გავირუჯო, გარდა ამისა, ვიცი რომ პირველივე დღეს არ უნდა ვეცე და მზეზე ნახევარ საათზე მეტად არ უნდა დავწვე, კანს მზეს ნელ-ნელა თუ შეაპარებ, მართლა კარგ ფერს მიიღებ, ყველაზე კარგად კი სხეული 12 საათამდე ირუჯება.
- ცურვა იცით?
- კი, ბავშვობაში ბაბუამ მასწავლა სინოპში. იქვე იყო ხიდი და იქიდანაც ვხტებოდი.
- რამდენად ხიფათიანი ბავშვი იყავით?
- ხიფათიანი ნამდვილად ვიყავი, მაქვს ნაკერები ფეხზე, ხელზე, მერე იყო ავარია, მოტოციკლეტიდან გადმოვარდნა და ა.შ. საშინლად გიჟი და ქაჯი ვიყავი, ძირითადად ბიჭებთან ვმეგობრობდი, ფეხბურთის სათამაშოდ რომ მიდიოდნენ, მეძახდნენ და კარში მაყენებდნენ. ბებია მეუბნებოდა, სირცხვილია, გოგოს ფეხბურთის სათამაშოდ როგორ უნდა დაგიძახონო, ქაჯანა ვიყავი, მაგრამ მართლა კარგი ბავშვობა მქონდა.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS