17 დეკემბერი, 2015
ფესტივალ ''საჩუქრის'' ყველაზე რეიტინგული, ორმოქმედებიანი სპექტაკლი, რომელსაც მაყურებელი ფეხზემდგომიც კი ადევნებდა თვალს
საერთაშორისო ფესტივალი ''საჩუქარი'' დასრულდა. თბილისის სამი თეატრი ერთი თვის განმავლობაში მასპინძლობდა სხვადასხვა ქვეყნის დასებს. ფინალური აკორდი დადა მაზილოს ცეკვის ფაბრიკის, ჟორჟ ბიზეს ბალეტი ''კარმენი'' იყო. გრიბოედოვის თეატრში წარმოდგენილი ეს დადგმა, საუკეთესო ფინალი იყო...

გარდა ამისა, ფესტივალ ''საჩუქრის'' ფარგლებში სამი ქართული წარმოდგენა მოექცა: ბათუმის მცირე თეატრის სპექტაკლი: ''ღამის პორტიე'' (რეჟისორი ზაზა სიხარულიძე), თუმანიშვილის თეატრის ''ტრამვაი სურვილი'' (რეჟისორი ქეთი დოლიძე) და ამავე თეატრის დასთან განხორციელებული ბრიტანელი რეჟისორის ჰილარი ვუდის სპექტაკლი ''ჭირვეულის მორჯულება''.

''საჩუქრის'' პროგრამის მიხედვით მაყურებელი განსაკუთრებელი
ინტერესით ელოდა რამდენიმე სპექტაკლს. მათ შორის რიგის მიხეილ ჩეხოვის რუსული თეატრის ''ხანუმას'', რომელიც ავქსენტი ცაგარელის მიხედვით ალა სიგალოვამ დადგა. სპექტაკლის დეკორაციისა და კოსტუმების მხატვარი გიორგი ალექსი-მესხიშვილი, ხოლო კომპოზიტორი გია ყანჩელია. რუსულ ენაზე გადმოცემული მაჭანკლის ისტორია, ჯაზ-კომედიის სტილში, ორ მოქმედებად იყო გადაწყვეტილი.

რუსთაველის თეატრში გაიმართა გერმანელი ქორეოგრაფის საშა ვალცის სპექტაკლის ''დღიური I - რვას აკლია ოცი წუთი'' ჩვენება. საგნები, დეკორაცია, კინემატოგრაფიული ხერხები და მუნჯი კინოსათვიოს დამახასიათებელი გროტესკული მოძრაობები, ვალცის ნამუშევრის ძირითადი ელემენტებია. სხეულის ენით გადმოცემული ყოველდღიურობა, ვალცის მოცეკვავებმა ისე წარმოაჩინეს, თითქოს სცენაზე არა ხუთი მსახიობი, არამედ მილიონობით იყვნენ.

მოლოდინი არ გაამართლა დიმიტრი კრიმოვის სპექტაკლმა ''რუსული ბლუზი. სიკოზე წასვლა''. წლევანდელ ფესტივალზე წარმოდგენილი ეს დადგმა, ხარისხის მიხედვით არ ჰგავდა რეჟისორის სხვა სპექტაკლებს.

მაყურებლისათვის გამორჩეულად საინტერესო გამოდგა ლიტველი რეჟისორის რიმას ტუმინასის ორი სპექტაკლი ''მადაგასკარი'' და ''ევგენი ონეგინი''. პირველი ადგილობრივი წარმოების, ვილნიუსის სახელმწიფო მცირე თეატრის პრუდუქციაა, ხოლო მეორე, მოსკოვის ვახტანგოვის აკადემიური თეატრის. ორივე საკმაოდ კარგი რეჟისორული და სამსახიობი ნამუშევარია, მაგრამ ''მადაგასკარმა'' ''ევგენი ონეგინის'' ''რეკორდი'' მაინც ვერ მოხსნა.
ამ უკანასკნელს ''საჩუქრის'' მსვლელობის სამი დღე დაეთმო და ფესტივალზე ყველაზე დიდი გამოხმაურება სწორედ მას მოჰყვა. სამივე დღეს იყო ანშლაგები და ორმოქმედებიან სპექტაკლს მაყურებელი ფეხზე მდგომიც კი ადევნებდა თვალს.

ალექსანდრე პუშკინის მსოფლიოში ცნობილი პოემის სათეატრო ნაწარმოებად ქცევა, მისი ტექსტის ფორმატიდან გამომიდნარე, რეჟისორებისთვის იოლი სულაც არ არის. არც მსახიობებისთვისაა ტექსტის ათვისება მარტივი. ტუმინასის სამსაათიანი სპექტაკლი, რომელიც სავსეა სიმბოლოებითა და მინიშნებებით, რეჟისორის ნიჭისა და ვახტანგოვის თეატრის მაღალი დონის სამსახიობო დასის წყალობით, ერთ ამოსუნთქვად აღიქმება და სპექტაკლიდან გამოყოლილი ემოცია, მაყურებელს დიდი ხნის განმავლობაში გაჰყვება...

ანა კალანდაძე



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS