ინტერვიუში ქეთამ საკუთარ მეგობარზე, ნინი ბადურაშვილზე და მის ოჯახურ მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ არც ირაკლის უყვარდა ნინი და არც ნინის
მოგვიანებით, ნინის სტატუსს თავად ქეთაც გამოეხმაურა ვიდეომიმართვით, სადაც თქვა, რომ თავად ''ფეისბუქის'' გვერდი არ აქვს და ის ინტერვიუც, აქედან გამომდინარე, მასთან ჩაწერილი ვერანაირად ვერ იქნებოდა.
სანამ ეს ყოველივე გამჟღავნდებოდა, თქვენმა მონა-მორჩილმა გადაწყვიტა, ქეთასთან თავადაც ჩაეწერა ინტერვიუ და მიემართა ''ფეისბუქის'' იმ გვერდისთვის, რომელიც წლებია, ქეთას პირად გვერდად მიიჩნევა, ვინაიდან მე და მას 56 საერთო მეგობარი გვყავდა, მათ შორის, უამრავი ცნობილი ადამიანი და ეს გვერდი საოცარი ოპერატიულობით აქვეყნებდა ქეთას ფოტოებს შესაბამისი წარწერებით, მეც გადავწყვიტე, ქეთასთვის ამ გვერდზე მიმეწერა.
ინტერვიუზე შევუთანხმდი, თუმცა ჩვენი ვირტუალური ურთიერთობა საინტერესო მას შემდეგ გახდა, რაც ''ქეთამ'' ჩემ მიერ მიწერილ შეკითხვებზე პასუხები გამცა და ვერ ჩამოაყალიბა, მაგალითად, სად აპირებს დასვენებას, არ იცის, როგორია ჯგუფის უახლოესი გეგმები და ა.შ.
ნინის ცნობილი სტატუსის შემდეგ ამ გვერდზე ისევ მივწერე და ვუთხარი, რომ ინტერვიუს ვერ გამოვაქვეყნებდი, თუკი ''სკაიპით'' ერთი წუთით მაინც არ დამენახვებოდა. ამაზე უკვე ''ყალბი'' ქეთა აღარ გამომხმაურებია და პირველი, რაც გააკეთა, ის გახლავთ, რომ ეს პროფილი სახელად Keti Topi წაშალა.
ამ თემით ჩვენი ჟურნალი ძალიან დაინტერესდა და ჩამოვუარეთ ''ფეისბუქს'' იმისთვის, რათა გაგვეგო, რამდენი რატი დურგლიშვილი, ნინო ჩხეიძე, ნოდიკო ტატიშვილი და სხვა ცნობილი სახეები არიან ამ სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული.
საინტერესოა, რომ მაგალითად, ლელა წურწუმიას ''ფეისბუქის'' საკუთარი გვერდი საერთოდ არ აქვს, მაგრამ სოციალურ ქსელში არსებობს მისი გვერდი, სადაც სამუშაო ადგილად ''ქართული ოცნება'' უწერია, ამას წინათ კი სტატუსად ჰქონდა დადებული, ''მიშა, არ წახვიდე, მესამედ დარჩი''.
ამის შესახებ მოსაზრება მის მეუღლეს, პროდიუსერ კახა მამულაშვილს ვკითხეთ, რომელმაც დიდი წუხილი გამოთქვა ყალბი ''ფეისბუქის'' გვერდებთან დაკავშირებით. მისი თქმით, ლელას ამ სოციალურ ქსელში გვერდი არ აქვს და ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მომღერლის სახელით ვიღაც ბოროტად სარგებლობს.
''აუცილებლად გავივლით კონსულტაციას იურისტებთან, უკვე ყელში ამოვიდა ასეთი საქციელი'', ამბობს ჩვენთან საუბრისას ცნობილი პროდიუსერი. ნინო ჩხეიძის სახელით ასევე სარგებლობენ და მისი აზრითაც დავინტერესდით.
- არ ვაქცევ ყურადღებას. ხალხი ხვდება მაინც, რომელია ნამდვილი და რომელი ყალბი ''ფეისბუქის'' გვერდი. ასეთ გვერდებს დიდი დრო არ უწერია. მოსწყინდებათ და გააუქმებენ. ისიც არ არის ცუდი, რადგან ასეთი ბევრი გვერდია, ე.ი. ხალხს უყვარხარ და რეიტინგული ხარ.
როგორც შევიტყვეთ, მსახიობ ლელა მებურიშვილსაც იგივე პრობლემა აქვს. როგორც ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნავდა, ის პროფილი, რომელიც მისი სახელით არის შექმნილი ''ფეისბუქზე'' ყალბია და მისი არ არის. ცნობილი ადამიანებიდან ბევრი სარგებლობს ამ სოციალური ქსელით, თუმცა ყალბი გვერდების პრობლემა მხოლოდ შოუბიზნესის წარმომადგენლებს არ ეხებათ.
საკმარისია გავიხსენოთ ის განცხადებები, რომლებიც ყოფილი ხელისუფლების ამა თუ იმ წარმომადგენლის მხრიდან ვრცელდებოდა ''ფეისბუქის'' საშუალებით და შემდეგ აღმოჩნდებოდა ხოლმე, რომ ეს არ იყო მათი ნამდვილი გვერდები.
იმის გასარკვევად, სხვისი სახელით მანიპულირების შემთხვევაში რა შეიძლება დაეკისროს ადამიანს, ადვოკატ ირაკლი ყანდაშვილს დავუკავშირდით.
- საქართველოში ინტერნეტთან დაკავშირებული თავდაცვის მექანიზმები ჯერ კარგად არ არის განვითარებული, თუმცა ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ სხვისი სახელით ადამიანებთან ურთიერთობაში შესვლა და სხვისი სახელით მანიპულირება კანონით ისჯება. სისხლის სამართლის კუთხით ეს შესაძლოა, ჯარიმას ან პატიმრობას ითვალისწინებდეს.
ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''