12 აგვისტო, 2013
გვანცა ჯაფარიძე თავს მარტოსულად გრძნობს
ერთხელ გამთენიისას პიჟამასა და პერანგში გამოწყობილები ავედით სახურავზე. ჩვენი სახლის გვერდით დგას ბაბუაჩემის ძმის სახლი, საიდანაც მისმა მეუღლემ დაგვინახა და დაგვიყვირა, რას აკეთებთ მანდო, შეგვეშინდა კონკურს „საქართველოს ვარსკვლავს“ ბევრი დასამახსოვრებელი მონაწილე ჰყავდა, მათ შორისაა გვანცა ჯაფარიძე, რომელიც ადრე მოდელიც გახლდათ და ბევრი სხვა გატაცებაც ჰქონდა, თუმცა სიმღერის სიყვარულმა ყველაფერი გადაწონა. სწორედ ამან გააბედვინა ოჯახის წევრებისგან მალულად, მისთვის საყვარელი და განუყრელი ატრიბუტი - ნოტებით გარშემორტყმული მიკროფონი ზურგზე ამოეტვიფრა. მართალია, დედა ამის გამო ძალიან გაუბრაზდა, მაგრამ ბოლოს თავად
წმენდდა და უსვამდა მალამოს. გვანცა საზაფხულო ამბებსა და პირადი ცხოვრებაზე ღიად გვესაუბრა.

- გამოცდილებას, რომელიც „საქართველოს ვარსკვლავში“ მივიღე, ვაღრმავებ და აქტიურად ვმუშაობ. გარდა ამისა, იცით, რომ დასაქმებული ვარ მძლეოსნობის ეროვნულ ფედერაციაში, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სპორტული ღონისძიების ორგანი-ზების მენეჯერი გახლავართ. მთავარი საქმე, რაც მაბარია, სითიმარათონების, იმავე სამოყვარულო გარბენების ჩატარებაა. სითიმარათონი თბილისში უკვე ორჯერ გაიმართა, ასევე - ყვარლის ტბაზე, ვგეგმავთ ზღვისპირეთში და მთებში ჩატარებასაც. კონკურსის დასრულების შემდეგ ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ცხოვრების რიტმი მოდუნდა, ისევ ისე აქტიურად ვცხოვრობ.
- ჭორი გავრცელდა, რომ ტელევიზიაში გადაცემა უნდა წაგეყვანა.
- ეს არ შეესაბამება სიმართლეს, არც ერთ ტელევიზიაში არ ვმუშაობ და შემოთავაზებაც არ მქონია, რაღაც არასწორად გაიგეს და ამიტომ გაჩნდა ჭორი, თითქოს სატელევიზიო შოუთი ვუბრუნდებოდი მაყურებელს. სიახლეა, რომ ერთმა ნიჭიერმა ადამიანმა, კახა ხოშტარიამ, საკუთარ თავზე აიღო ჩემი პროდიუსერობა და მუშაობს ამ საკითხზე. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ადამიანი გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში.
- ახლა ის გვითხარი, როდის და სად აპირებ წლევანდელი გრილი ზაფხულის გატარებას?
- როგორც წესი, ამ დროს თბილისში არ ვარ ხოლმე, შარშან მომიწია აქ ყოფნამ, რომ „ახალ ხმაში“ მიმეღო მონაწილეობა, წელს კი სამსახურის გამო შემოვრჩი თბილისს. ჯერჯერობით არ მაქვს შვებულება და ისიც არ ვიცი, მექნება თუ არა, რადგან დიდი ხანი არ არის, რაც მუშაობა დავიწყე. ჩემდა საბედნიეროდ, საქმიანობის გამო მიწევს თბილისიდან გასვლა და გარკვეულწილად ვინაზღაურებ დანაკლისს. თუმცა ისე მენატრება ჩემი საოცნებო სვანეთი, რომ მელანდება, ოღონდ მართლა. ძალიან მინდა, ჩემს კუთხეს ვესტუმრო. მართალია, ზაფხული დასვენების სეზონია, მაგრამ მას შემდეგ, რაც თხილამურებზე დავდექი და შევიგრძენი ზამთრის გართობა, ცივ სეზონს ვნატრობ. მიუხედავად იმისა, რომ წელს ვერ ვისვენებ, ბათუმში ჯაზფესტივალზე ჩასვლა მაინც მოვახერხე, ეს ჩემთვის დიდი სიამოვნება იყო. დავესწარი არა მარტო კონცერტებს, არამედ რეპეტიციებს, საუნდჩეკებს. ვუსმინე, როგორ გადიოდა რეპეტიციას ელ ჯეროს ბენდი. მიუხედავად წვიმისა და იმისა, რომ სულ გალუმპული ვიყავი, მაინც დიდი სიამოვნება მივიღე. ის სამი დღე, რომელიც ბათუმში გავატარე, ძალიან ნაყოფიერი და მრავალფეროვანი იყო. სამწუხაროა, რომ ბოლო კონცერტს ვერ დავესწარი, რადგან მეორე დღეს, ანუ ორშაბათს, სამსახურში უნდა ვყოფილიყავი და წამოსვლა მომიხდა.
- როგორც აღნიშნე, სვანეთი ძალიან გიყვარს, ალბათ განსაკუთრებული მოგონებები გაკავშირებს...
- კი, ასეა. თითქმის ყოველ ზაფხულს ჩავდივარ. მას შემდეგ, რაც ამ კუთხეში ზამთრის კურორტები განვითარდა, უფრო ხშირად ვსტუმრობ. შეიძლება ითქვას, რომ მთელი ბავშვობა იქ მაქვს გატარებული, ზოგჯერ ზაფხულის სამივე თვეს იქ ვრჩებოდით და ვგიჟობდი. როცა ჩემი ბიძაშვილიც ჩვენთან ერთად იყო, მაშინ უფრო მეტ სიგიჟეს ჩავდიოდით, რადგან ისიც ჩემი ასაკისაა და მგონი, ჩემზე გადარეულია, საოცარი ტანდემი გვქონდა.
ჩვენი სახლის სახურავიდან ჩანს მთები, კოშკები, ლამაზი ხედი იშლება, ძალიან გვიყვარდა იქ აძრომა, შტაბი გვქონდა იქ მოწყობილი, განვმარტოვდებოდით ხოლმე და ვთამაშობდით. ერთხელ გამთენიისას პიჟამასა და პერანგში გამოწყობილები ავედით სახურავზე. ჩვენი სახლის გვერდით დგას ბაბუაჩემის ძმის სახლი, საიდანაც მისმა მეუღლემ დაგვინახა და დაგვიყვირა, რას აკეთებთ მანდო, შეგვეშინდა. ჩემი ბიძაშვილი ჩახტა, დაეცა სკამი, მაგრამ მაინც გაიპარა, მე ჩავიმალე და ვლოცულობდი, რომ ბაბუას არ ვენახე. ასეთი გამწარებული არასდროს მინახავს, ჩუმად ვსუნთქავდი, რომ არ მოეგნო, თორემ ალბათ მართლა გამგლეჯდა. მეორე დღეს მაქსიმალურად ვცდილობდი, თვალში არ მოვხვედროდი, მაგრამ როდემდე დავიმალებოდი? დამიჭირა და მკაცრად მითხრა, კიდევ თუ გაბედავთ მსგავსი რაღაცის გაკეთებას, ვერ გადამირჩებითო. საკმაოდ მკაცრი იყო ბაბუა, ისეთი გაბრაზება იცოდა, რომ მტერს (იცინის).
სხვათა შორის, დედაჩემის სოფელშიც ძალიან კარგ დროს ვატარებდით, დეიდაჩემი სკოლის დირექტორი იყო და ამის გამო პრივილეგირებული გახლდით, ვაწყობდით ღონისძიებებს, ჩემი და იყო ორგანიზატორი და სულ მე მამღერებდა და მაცეკვებდა.
- მიუხედავად იმისა, რომ მთა გიყვარს, ალბათ არ იქნები გამონაკლისი, ვისაც ასევე იზიდავს ზღვაზე დასვენება...
- ჩემთვის ბათუმი ძალიან საყვარელი ქალაქია, ისეთი მოგონებები მაკავშირებს მასთან, რომ მათი გახსენებისასაც კი კარგად ვერთობი, უბრალოდ, მალე მბეზრდება იქ ყოფნა და მენატრება თბილისი.
Rating
- ცურვა იცი?
- ძალიან კარგად არ ვცურავ, მეშინია წყლის და ესაა ყველაფრის მიზეზი. იყო დრო, როცა საკმაოდ შორს შევდიოდი, მაგრამ ერთხელ სარფში ტალღებმა მატრიალა, ვერაფრით ვერ გამოვდიოდი ნაპირზე, თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ იქ ისეთი ხალხი იყო, რომელიც გადა-მარჩენდა.
- ექსტრემალური გასართობები გიზიდავს?
- კი, ძალიან, მაგრამ საქართველოში ექსტრემალურ გასართობებზე ძალების მოსინჯვის მეშინია, არ ვენდობი ქართულ ატრაქციონებს. ხიდიდან გადახტომაც მინდოდა, ბიძაშვილთან ერთად ვაპირებდი ამის გაკეთებას, მაგრამ უბედური შემთხვევა მოხდა და..
- რაც შეეხება გართობას ზღვაზე...
- ღამის ცხოვრება ძალიან მიყვარს, ზღვაზე ყოფნისას კლუბს არ ვტოვებ, რომ არ მივიდე, ამ ბოლო დროს ძალიან კარგი ივენთები კეთდება და ყველანაირად ვცდილობ, დავესწრო. ზოგჯერ გართობას ისე გადავყვები ხოლმე, რომ ზღვაზე გასვლას ვეღარ ვახერხებ.
- გასამგზავრებლად წასაღები ბარგის ჩალაგებას დიდხანს ანდომებ?
- კი, ეს ჩემთვის საშინელი პროცესია. უაზროდ ბევრი რაღაც მიმაქვს, ორი დღით რომ მივდიოდე, მაინც უამრავი ნივთი მიმაქვს და თავს იმით ვიმართლებ, იქნებ, ეს არ მომეწონოს და სხვა მომინდეს-მეთქი, ამასობაში კი ბევრ ჩანთას ვავსებ.
- რომელ ქვეყანაში დაისვენებდი დიდი სიამოვნებით?
- ძალიან მინდა აზიური ქვეყნების ნახვა, დიდი სიამოვნებით წავიდოდი ინდოეთში, მიუხედავად იმისა, რომ საშინლად ბინძური ქვეყანაა. სხვათა შორის, ამ ბოლო დროს აბორიგენული სურვილები მიჩნდება, არ მინდა კომფორტი, ველურად მირჩევნია ცხოვრება ტყეში, კარვით. არ ვიცი, რა გარდასახვა მოხდა ჩემში, მაგრამ ამ ბოლო დროს აზიური და ბუნებრივი მომწონს ყველაფერი.
- გვანცა, საკურორტო რომანი თუ გქონია?
- როგორც ყველას, მეც მქონია არასერიოზული სასიყვარულო ურთიერთობა, რომელიც ზაფხულში იწყება და ამ სეზონზევე მთავრდება.
- ზემოთ თქვი, ჩემში გარდასახვა მოხდაო, ეს მამაკაცებსაც ეხებათ, შეგეცვალა გემოვნება ამ თვალსაზრისით?
- კი, ძალიან უბრალო და უშუალო ადამიანები მიზიდავს, რომელთაც აქვთ არასტანდარტული მსოფლმხედველობა, თავიანთი სტილი. მინდა, საინტერესო ადამიანი შემხვდეს, პრინციპში, შემხვდა კიდეც, მაგრამ არ აეწყო ჩვენი ურთიერთობა „საქართველოს ვარსკვლავის“ მიმდინარეობის პროცესში მოხიბლული ვიყავი ერთი ადამიანით, მაგრამ დავშორდით. ბოლომდე მე თვითონაც არ ვიცი - რატომ, ჩემთვის რეალური არ არის ის მიზეზი, რასაც ის ადამიანი ასახელებს.
- ანუ, ის წავიდა შენგან?
- შეიძლება ითქვას, მაგრამ ბოლომდე ასეც არ იყო, უბრალოდ, ურთიერთობა ისეთ ფაზაში გადადიოდა, რომ მივხვდით, აზრი არ ჰქონდა ჩვენს ერთად ყოფნას, ამიტომ არაფერი გავაკეთე შენარჩუნებისთვის. ხანდახან ისე ვარ, ვამბობ, არავინ მჭირდება-მეთქი, მაგრამ იმასაც ვაანალიზებ, რომ სიმარტოვე ძალიან ძნელია და განვიცდი ამას. მაწუხებს ის ფაქტი, რომ მარტო ვარ და თავს მარტოსულად ვგრძნობ.
- გვანცა, როგორც ვიცი, ტატუ გაიკეთე, მიკროფონი დაიხატე, რატომ შეაჩერე ამაზე არჩევანი, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს...
- დიდი ხანია, მინდოდა ტატუს გაკეთება, უბრალოდ, ბოლომდე ვერ ჩამოვყალიბდი, რას დავიხატავდი. არ მინდოდა, ისეთი რამ ამომეტვიფრა, რასაც არანაირი კავშირი არ ექნებოდა ჩემს ცხოვრებასთან და უბრალოდ, სადემონსტრაციოდ მექნებოდა სხეულზე. კარგად რომ დავფიქრდი ამ საკითხზე, დავრწმუნდი, რამე მუსიკასთან დაკავშირებული უნდა დამეხატა, ან დამეწერა. „საქართველოს ვარსკვლავის“ შემდეგ კი მივხვდი, ჩემი განუყრელი ატრიბუტი - მუსიკალური ნიშნებით გარშემორტყმული მიკროფონი უნდა დამეტანა კანზე. ადამიანმა, რომელმაც ტატუ გამიკეთა, ძალიან ლამაზი და ფერადი ნახატი შემომთავაზა, მომეწონა, მივხვდი - ის იყო, რაც მინდოდა და ბევრი ფიქრის გარეშე დავიხატე. სიმართლე გითხრათ, მეგონა, უფრო მტკივნეული იქნებოდა გაკეთების პროცესი, მაგრამ მთლად ასეც არ აღმოჩნდა.
Rating
- ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ შენს ამ გადაწყვეტილებას?
- ჩუმად გავიკეთე, არავინ იცოდა ჩემი დის გარდა, რომელიც ჩემთან ერთად იყო და ჩემი ხელი ეჭირა, როცა მახატავდნენ მიკროფონს. სახლში რომ მივედი, თავიდან დედამ ვერაფერი შემამჩნია, დასაფარად ყელზე დიდი სამკაული მეკეთა, მაგრამ ბოლოს, შემთხვევით მოკრა თვალი და გაგიჟდა, მეჩხუბა. ჯერ მოვატყუე, ექვსთვიანია-მეთქი, მერე კი შევაპარე სიმართლე, ბოლოს თავისი ხელით მიწმენდდა და მისვამდა მალამოს (იღიმის).

ციცი ომანიძე
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნინო
ტავს მარტოსულად გრდზნობს,-ეს განცხადებაა , კაცებო იცჰქარეტო? ))))))))
17:00 / 16-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS