როგორ იშოვა ბიძინა ივანიშვილამდე საქართველოში ყველაზე დიდმა ფილანტროპმა
- ფოტოზე ბაბუაჩემის ძმა აკაკი ხოშტარიაა. ერთ დროს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პიროვნება იყო საქართველოში. ბიძინა ივანიშვილამდე ყველაზე დიდი ფილანტროპი გახლდათ. ორმოცდაათი კაცი სწავლობდა მის ხარჯზე გერმანიაში. ემიგრაციაში წავიდა, მაგრამ საქართველოს მაინც ეხმარებოდა. შიმშილობა რომ იყო, პური შემოჰქონდა.
- როგორ იშოვა აკაკი ხოშტარიამ ამდენი ფული?
- მეგრელი აზნაურიშვილი იყო და ბაბუაჩემთან ერთად უმაღლესი განათლება რუსეთში მიიღო. ერთი პერიოდი ოდესაში ბაღის დეკორატორად მუშაობდა. მერე კომერციას მიჰყო ხელი და პირველად მან ჩაიტანა ფოთიდან თურქეთში ნავთობი. რამდენიმე ბანკის მფლობელი გახლდათ, ირანში დიდი გავლენა ჰქონდა. სამამულო ომის დროს მახსოვს, ბაბუაჩემმა ხალიჩა გაყიდა და მხოლოდ ამის წყალობით შიმშილით არ მოვკვდით. ხალიჩა კი ირანის პრემიერ-მინისტრმა აჩუქა აკაკი ხოშტარიას. როდესაც 1914 წელს სარაჯიშვილი გარდაიცვალა, აკაკი ხოშტარია აზერბაიჯანში, ქალაქ ეზელში იყო. სარაჯიშვილის ცოლისძმამ, ფორაქიშვილმა, მისწერა წერილი. სოლოლაკში ყველაზე კარგი სახლია, არ გვინდა, სხვებს ჩაუვარდეთ ხელში და ხომ არ იყიდითო. აკაკი ხოშტარიამ აზერბაიჯანიდან მოსწერა, რაც უნდა ღირდეს, აუცილებლად ვიყიდიო. მოგვიანებით სტალინს უთხრა, მინდა, ჩემი სახელით ეს სახლი ქართველ ხელოვან ხალხს გადავცეო. თვითონ ამ სახლში რაღაც პერიოდი ცხოვრობდა. დიზაინერობის ნიჭი ჰქონდა და თავისი ხელით მოაწყო. შვილი, ისევე როგორც სარაჯიშვილს, არც მას ჰყავდა. შვილობილი აიყვანა, რომელიც პარიზში მიხეილ ბაგრატიონზე გათხოვდა. დე-დაჩემის ბაბუაც ძალიან ცნობილი პიროვნება იყო. ეფრემ მუსხელიშვილი გენერალი გახლდათ. ფოტო გენერლობამდე აქვს გადაღებული. თურქეთთან ომობდა რუსეთ-თურქეთის ომში. რუსულ წიგნებში ახსენებენ, როგორც ერთ-ერთ საუკეთესო პოლკის უფროსს.
- მომდევნო ფოტოზე, როგორც მითხარით, დედათქვენია. დედას რა პროფესია აქვს?
- გამოქვეყნებულია 50 ცნობილი ქართველი ქალის სია და ამ სიაში დედაჩემი, თინათინ ვირსალაძეცაა. დედას შუა საუკუნეების მხატვრებზე აქვს ნამუშევარი. განსაკუთრებით ბევრს ბიზანტიური კედლის მხატვრობაზე წერდა. დედაზე ამბობენ, დიდი მეცნიერი იყოო. მეცნიერებისა და მხატვრობისკენ თუ რამე მიდრეკილება მაქვს, მისგან და მისი ძმისგან, სო-ლიკო ვირსალაძისგან. ბიძაჩემი თეატრის მხატვარი იყო. "ოტელო" გააფორმა ჭაბუკიანთან ერთად.
- მამა რას საქმიანობდა?
- მამა, მეთოდე ხოშტარია, საგზაო ინჟინერი იყო. სამთავრობო გზები გაჰყავდა. გაგრასა და სოხუმში მუშაობდა ძირითადად. 1938 წლის 26 მაისს 27 წლის ასაკში დახვრიტეს. მისი ძალიან ძველი ფოტო მაქვს შემორჩენილი. დახვრეტის შესახებ ცნობა ახლახან მივიღე. მამა არ მინახავს. დედა ფეხმძიმედ იყო, რომ დაიჭირეს. დედა ასრულებდა ჩემთვის მამის ფუნქციასაც. ბავშვობიდან დავყავდი ისტორიული ძეგლების სანახავად. მომდევნო ფოტო ერთ-ერთი ძეგლის ნახვისას გვაქვს გადაღებული. ჩემთვის ქართული ძეგლი დედის რძესავითაა. საქართველოში ყველა ხუროთმოძღვრების ძეგლი ბავშვობიდან მაქვს ნანახი. დედა ძალიან გამხდარი, მაგრამ ვაჟკაცი ქალი იყო. რომ გარდაიცვალა, სულ 38 კილოს იწონიდა. მტკიცე ხასიათი ჰქონდა, არასდროს გამტყდარა. არ შევიდა პარტიაში. ჩვენი ოჯახიდან პარტიაში არავინ არ შესულა. მე კომკავშირელიც არ ვყოფილვარ.
- რომელ სკოლაში სწავლობდით, რომ მოახერხეთ და კომკავშირში შესვლაზე უარი თქვით?
- 53-ე სკოლაში ვსწავლობდი. სტალინი უკვე მკვდარი იყო და კომკავშირში შესვლაზე ძალიან დიდი სიმკაცრე აღარ იყო. მოგვიანებით ისტორიის ფაკულტეტზე ერთადერთი სტუდენტი ვიყავი, რომელიც კომკავშირელი არ ვიყავი.
"მერაბის მოშორება საჭირო იყო, რომ ზვიადი მარტო დარჩენილიყო"
- მომდევნო ფოტო როდის გაქვთ გადაღებული?
- ფოტოზე 17 წლის ვარ. ინსტიტუტიდან ექსპედიცია იყო წასული დაღესტანში და დედამ მათ გამაყოლა. სვანეთი და დაღესტანი პირველად მდგომარეობაში მაქვს ნანახი. სვანეთში დედა დისერტაციაზე მუშაობდა. ის კოშმარი, რაც ახლა მესტიაში გააკეთეს, საშინლად არ მომწონს. პირველად რომ ვნახე, ერთი ახალი სახლიც კი არ იყო. ბოლო წლებში საქართველოში სიღნაღიზაცია დაიწყო და ყველაფერი დეკორაციას დაემსგავსა. მცხეთაში რაც ხდება, ის საერთოდ აბსურდია. ძალიან ლამაზი ქალაქი მოკლეს. განსაკუთრებულ კარგ ბიჭობაზე თავი არ დამიდია, მაგრამ სადაც ქვეყანას ვჭირდებოდი, იქ ვიდექი. 9 აპრილსაც თავისუფლების მოედანზე ვიდექი. მეტსაც გეტყვით, 9 მარტსაც კი ვმონაწილეობდი აქციებში, მაგრამ სტალინის თაყვანისმცემელი არ ვყოფილვარ. მინდოდა ქუჩაში გამოსვლა და გამოვედი. სულით ანტიკომუნისტი ვიყავი. მახსოვს, დეიდაჩემმა მკითხა კიდეც, შენ მაინც რამ წაგიყვანა სტალინის დასაცავადო. ჩემთვის მთავარი იყო ქუჩაში გასვლა. თავისუფლებას თრობა მოაქვს. ახლა არ ნიშნავს მიტინგი არაფერს, ლამის ყოველდღე რომ მიტინგებია. მაშინ კი ეს ბევრ რამეს ნიშნავდა.
- მომდევნო ფოტო სად გაქვთ გადაღებული?
- მეგობრებთან ერთად ერთ-ერთ ისტორიულ ძეგლზე ვარ. ზუსტად არც მახსოვს, რომელი ძეგლია. საქართველოში ძეგლი არ არსებობს, ნამყოფი არ ვიყო. აფხაზეთიდან დაწყებული, კახეთით დამთავრებული. ეროვნული მოძრაობა რომ დაიწყო, ჩავერთე. ბევრს უკითხავს ჩემთვის, ასეთ კარგ მეცნიერს რა გინდოდა პოლიტიკაშიო. ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი არ იყო და ისტორიული რომ დავამთავრე, დიპლომი ფიროსმანაშვილზე დავწერე. ხელოვნებათმცოდნე ვარ. ჰელსინკის კავშირის წევრი გავხდი. მისი დამაარსებელი ზვიად გამსახურდია იყო. სულ გამგეობის სამი წევრი ვიყავით. თეიმურაზ ქორიძე, ავთო რცხილაძე და მე. ეროვნულ მოძრაობაში კარიერისთვის არ მივსულვარ. მაშინ იქ მისვლა მთლად უსაფრთხო არ იყო. პარლამენტში რბილ სკამზე არ ჯდებოდი. ზვიადი, ჭანტურია, მერაბ კოსტავა და ვოვა ვეკუა მოკლეს. შმაგი სამნიაშვილი მოკლეს. ვოვა ვეკუა აფხაზეთის ლიდერი იყო. შმაგი - სამაჩაბლოსი. კიდევ ბევრი კარგი ბიჭი მოკლეს. სახლიდან რომ გავდიოდი, დავბრუნდებოდი თუ არა, არ ვიცოდი.
- ჯუმბერ პატიაშვილი დღესაც ამბობს, რომ 9 აპრილს მსხვერპლი არ იქნებოდა, ხალხს პატრიარქისთვის რომ დაეჯერებინა. და სვამს კითხვას, რატომ გადარჩნენ ცოცხლები ლიდერები მაშინ, როცა ქალები დაიხოცნენ.
- 9 აპრილს მე და ჩემი მეუღლე თავისუფლების მოედანზე ვიდექი და ვიცი, ხალხში რა განწყობა იყო. პატრიარქმა რომ თქვა, ქაშუეთში წავიდეთო, ხალხმა უპასუხა - არა. ხალხის, მათ შორის ჩემი ნება იყო, რომ იქ ვმდგარიყავი. ეს იყო თავგანწირვაზე შეგნებულად წასვლა. ვიცოდით, რომ დაგვარბევდნენ, ტყვიასა და ნიჩბებს არ ველოდით, მაგრამ ძლიერი დარბევა რომ იქნებოდა, ვიცოდით. იქ იდგა საქართველოს ნაკრები საზოგადოება. დაახლოებით რვა-ცხრა ათასი კაცი. ძალით არავის მიუყვანია ისინი მოედანზე. ლიდერები კი გრძნობდნენ იმას, რაც ხალხს უნდოდა. დარბევა რომ დაიწყო, ხალხმა ძალით გაიყვანა მიტინგიდან მერაბი და ზვიადი. აბა, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, ომში გენერლები უნდა მივატოვოთ და უნდა დაიხოცონ? დაიჭირეს ორივე და ცოტა ხანში მოვლენები როგორც განვითარდა, ყველას კარგად გვახსოვს. ოდნავ მოგვიანებით მერაბ კოსტავა მოკლეს. ამაში დარწმუნებული ვარ. საკავშირო "კაგებემ" მოკლა მერაბი. მერაბის მოშორება საჭირო იყო, რომ ზვიადი მარტო დარჩენილიყო. ავარიის მოწყობას ხომ არაფერი უნდა.
როგორ გახდა ზვიად გამსახურდიას ოპოზიცია
- მომდევნო ფოტოზე ამერიკის ყოფილ პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონთან ხართ.
- ის ძალიან ჭკვიანი პრეზიდენტი იყო მიუხედავად იმისა, რომ გადადგომამ მოუწია. მის გასვენებაში პრეზიდენტების ისტორიაში ყველაზე მეტი ხალხი მივიდა. რიჩარდ ნიქსონი სამი დღე იყო საქართველოში და ამ დროის განმავლობაში გვერდიდან არ მოვშორებივარ. საქართველოსა და ჩვენს მომავალზე ბევრს ვსაუბრობდით. სურათი პიონერთა სასახლეშია გადაღებული. ძალიან დაღლილი იყო, ხუთი ინფარქტი ჰქონდა გადატანილი, მაინც ყველგან ხალისით მიდიოდა. გადაირია, როდესაც ''მართვეს'' სიმღერა მოისმინა. თქვენ ისეთი ჯიში გაქვთ, ვერავინ დაგამარცხებთო, მითხრა. მაფრთხილებდა, საქართველოს ბევრი გასაჭირი შეიძლება შეხვდესო. გასაჭირი კი არა, კოშმარი გამოვიარეთ.
- მომდევნო ფოტოზე გვიამბეთ. ფიროსმანის ნახატს ვისთან ერთად ათვალიერებთ?
- თბილისში ჩამოსული იყო პიტერ ბატკინი, სოთბის ორგანიზაციის დირექტორი. საქართველოში მისი გიდი ვიყავი. ფიროსმანის ამ ნახატს "ქეიფი დათიკო ზემელთან" ჰქვია.
- თქვენი მეუღლე რას საქმიანობს?
- ირინე გუნცაძეც ხელოვნებათმცოდნეა. სამხატვრო აკადემია დაამთავრა. აკადემიაში ლექციებს ვკითხულობდი, მაგრამ მისი ლექტორი არ ვყოფილვარ. ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს. ლამაზი ქალი იყო და ვფიქრობ, რომ ახლაც ძალიან ლამაზია. შემიძლია გითხრათ, რომ ის ჩემი მეგობარია. 1991 წელს ინგლისში გადაღებულ ფოტოზე ჩანს, რომ მეგობრები ვართ. ირინა წერს, მაგრამ მოკრძალებულია. ამბობს, არ მინდა, შენს ჩრდილქვეშ ვიყოო. ერთხელ ზვია-დისტების მომხრეთა მიტინგზე ვიყავით ორივე და ქალებზე ძაღლები მიუშვეს. მართალია, ბოლო დროს ზვიადის ოპოზიცია ვიყავი, მაგრამ საქართველოდან მისი გაძევების შემდეგ სულ მის მომხრეთა მიტინგებში ვიღებდი მონაწილეობას. პოლკოვნიკს შევაგინე, არ მიყვარს გინება, მაგრამ ძაღლები რომ მიუშვა ქალებზე, გავბრაზდი. კეტი ჩამარტყეს. მაშინ ირინა ფეხმძიმედ იყო და ასეთ მდგომარეობაში მიცავდა. ამ ნერვიულობის გამო ბავშვი დაკარგა.
- ზვიადის ოპოზიციაში რატომ იყავით?
- ამაში დიდი წვლილი მანანა არჩვაძე-გამსახურდიას მიუძღვის. 1991 წლის 16 აგვისტოდან მე ზვიად გამსახურდიას გუნდის წევრი აღარ ვიყავი. 17-ში დაიწყო მოსკოვის პუტჩი და მერე ყველაფერი აირია. ზვიადმა საგარეო საქმეთა მინისტრად მურმან ომანიძე დანიშნა, რომელზეც მანამდე თვითონ ამბობდა, ''კაგებეს'' წარმომადგენელიაო. მითხრა, მეგობრებად დავრჩეთო და როცა ვკითხე, თანამდებობას ვის ვაბარებ-მეთქი, მურმანი დამისახელა. გამიკვირდა, ვკითხე, შენ არ თქვი, "კაგებე" არისო? გვჭირდებაო, მიპასუხა. რაში გამოადგა, არ ვიცი.
- მას შემდეგ ზვიად გამსახურდიას არ შეხვედრიხართ?
- არ მინახავს. როცა ზუგდიდიში ჩამოვიდა, შემომითვალა, ამერიკის საელჩოდან ვინმე ჩამომიყვანეო. იცოდა, რომ პუტჩის მერე მას ვიცავდი. მივედი ამერიკის საელჩოში მეორე მდივან ქენდი გრინთან და გადავეცი ზვიადის დანაბარები. წერილისა და თხოვნის გარეშე როგორ წავიდე, ომი არისო, მიპასუხა. გამოვაგზავნინებ წერილს-მეთქი, ვუთხარი. ზვიადი წერილის დასაწერად რომ დაჯდა, მაშინ უთხრეს, ბალტინმა დესანტი გადმოსხა ფოთთანო. აღარაფერს არ ჰქონდა აზრი. წერილი დახია და ვეღარ ვნახე. მისი ნახვა ძალიან მინდოდა, 1989 წლიდან ბევრი გასაჭირი გამოვიარეთ ერთად, ვისაც მოგვეკითხებოდა, ყველას გვაქვს შეცდომა დაშვებული. არავის არ უნდა ამის აღიარება. ზვიადის მთავარი შეცდომა იყო მანანა.
- გაქვთ მანანა არჩვაძე-გამსახურდიასთან ურთიერთობა?
- მასთან არა, შვილებთან ვურთიერთობ. სამივე შვილი ძალიან მიყვარს. ცოტნეს და გიორგის თავზე დიდი ტრაგედია მაშინ გადატყდა, როცა არც იმდენად დიდები იყვნენ, რომ დაცვითი რეაქცია ჰქონოდათ და არც იმდენად პატარები, რომ თავს დატეხილი ტრაგედია ვერ ეგრძნოთ. ზოგიერთი მათ კიცხავს და მათ ზოგიერთ საქციელზე ამბობენ, რატომ გააკეთესო. მე ზვიადის შვილებს ვერც ერთს ვერ გავკიცხავ.
- მომდევნო ოჯახური ფოტოა. შვილები რას საქმიანობენ?
- უფროსმა, ვახტანგმა, სამხატვრო აკადემია დაამთავრა. ხეზე მუშაობს. სამუზეუმო გაერთიანებაში ხის რესტავრატორია. ეკლესიებში ფრესკებს ხატავს. მისაქციელში მოხატა ტაძარი, ახლა წყნეთში აკეთებს ფრესკებს. ვახტანგის მერე დაიბადა თინათინი. ის ხელოვნებათმცოდნეა. ნუგზარმა ისტორიული დაამთავრა, მაგრამ თავის პროფესიას არ გაჰყვა. მერე დაიბადა ელენე, რომელიც არჩევნებამდე მინისტრის მოადგილე იყო. ნატოსთან ურთ-იერთობას განაგებდა. შესთავაზეს დარჩენა ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, მაგრამ არ დარჩა. თქვა, არ შემიძლია, ერთი სკამიდან მეორეზე გადავიდეო. არც ერთ პარტიაში არაა. როცა საჭირო იყო, სააკაშვილს აკრიტიკებდა და როცა საჭიროა, ივანიშვილს აკრიტიკებს. აკრიტიკებდა გირგვლიანის მოკვლის ფაქტს და საპროტესტო აქციებშიც მონაწილეობდა.
- ამის გამო სამსახურში პრობლემები არ შექმნია?
- არა.
- რამდენი შვილიშვილი გყავთ?
- ხუთი. ოთხი ბიჭი და მეხუთე გოგო გაჩნდა, როგორც იქნა. ლამის ყველა შვილიშვილს გიორგი დაარქვეს.
- რამდენი მოსახელე შვილიშვილი გყავთ?
- სამი და მეოთხესაც გიორგის რომ არქმევდნენ, გადავირიე და გავაპროტესტე. დემეტრე დაარქვეს. ამ სამი გიორგიდან ორი ხოშტარიაა, ერთი გაფრინდაშვილი. გოგონას კი ნატალია ჰქვია.
მერი კობიაშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"