01 მაისი, 2013
რა სიურპრიზს უმზადებს „ნაციონალურ მოძრაობას“ ირინა იმერლიშვილი
„არ ვმეგობრობთ, ერთად არ დავდივართ. სამწუხაროდ, ხათუნა გოგორიშვილთან ისეთი ურთიერთობა მაქვს, როგორიც თინათინ ბოკუჩავასთან. გული მწყდება ამაზე, მაგრამ რას ვიზამთ. ახლა, როდესაც პრეზიდენტის საჩუქრები გამოქვეყნდა, არ ესიამოვნათ“. ცხოვრებაში საკმაოდ მშვიდი და გაწონასწორებულია. სწორედ ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა ქალბატონი ირინა იმერლიშვილი ახალი პარლამენტის დარბაზიდან, მაგრამ მის მიერ გამოქვეყნებულმა დოკუმენტებმა, რომლებშიც პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის გასაიდუმლოებული ხარჯები იყო წარმოდგენილი, ქვეყნის პირველი პირი და მისი გარემოცვა თავის მართლების რეჟიმში ჩააყენა. ძვირად ღირებული სამაჯური მარიამ საჯაიასთვის, დეპუტატების საახალწლო ტური დუბაიში,
ივანა მელაის ოქროს სამკაულები, სოფო ნიჟარაძის თვითმფრინავით მგზავრობის ხარჯები და კიდევ ბევრი სხვა... დეპუტატი ქალბატონი „ქართული ოცნებიდან“ წოდებით გენერალი გახლავთ. მეუღლე კერძო სექტორში მენეჯერად მუშაობს. ამბობს, რომ ნაციონალებმა აგრესიული და სკანდალური უწოდეს, თუმცა ამას არ განიცდის და მათთვის კიდევ ერთი სიურპრიზის მოწყობას გეგმავს.


- თბილისში დავიბადე. წარმოშობით კახელი ვარ, ყვარლიდან. პირველი ექსპერიმენტული სკოლა დავამთავრე. მშობლები ბიოლოგები იყვნენ. მამა გარდაიცვალა. დედა დღემდე ასწავლის ერთ-ერთ სკოლაში, სასწავლო ნაწილის გამგე გახლავთ. ბიოლოგების ოჯახში გავიზარდე და ბუნებრივად მოხდა, რომ მეც ბიოლოგიური ავირჩიე. სკოლა მედალზე არ დამიმთავრებია, მაგრამ ცუდად არ ვსწავლობდი. ჩემი კლასელები იყვნენ ბიზნესმენი სოსო ფხაკაძე, ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე, პოლიტიკოსი ლევან თარხნიშვილი. მეგობრული კლასი გვქონდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მერე მეგობრობა ყოველდღიურად არ გაგრძელდა. ბიოლოგიურზე რომ ვაბარებდი, ძალიან დიდი კონკურსი იყო. კურსზე სულ გოგონები ვიყავით, ხუთი ბიჭი გვყავდა. უნივერსიტეტი წარმატებით დავამთავრე. მაშინ ახალი შემოსული იყო ეკოლოგია და მეც ამ პროფესიას გავყევი. ჩემი საკურსოს და შემდეგ სადიპლომოს ხელმძღვანელი პროფესორი ნანა ნემსაძე გახლდათ. მასთან ურთიერთობისას მოვხვდი დაცული ტერიტორიების სააგენტოში, რომელსაც მაშინ პაატა შანშიაშვილი ხელმძღვანელობდა. ერთ დღეს პაატამ მითხრა, საქართველოს პარლამენტში დაცული ტერიტორიების თემაზე კანონი განიხილება და იქნებ ჩავერთოთო. პაატამ და ნანამ მეც წამიყვანეს. პირველად მაშინ მოვხვდი პარლამენტში, მეოთხე კურსზე ვიყავი. პარლამენტში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიას ზურაბ ნოღაიდელი ხელმძღვანელობდა. მაშინ არავის ვიცნობდი და „მწვანეთა ფრაქციის“ ხელმძღვანელი გახლდათ ზურაბ ჟვანია. რამდენიმე შეხვედრის შემდეგ ნოღაიდელმა მათთან სამსახურში დარჩენა შემომთავაზა. იმ დროიდან გავხდი პარლამენტის თანამშრომელი. მაშინ თუ უნივერსიტეტის სტუდენტი იყავი, მეორად ფაკულტეტზე უფასოდ ჩაბარების საშუალებაც გქონდა. მეორე კურსიდან ჟურნალისტიკაზე ჩავაბარე და სამი წელი საღამოს, მეორე ცვლაში ვსწავლობდი. ომის პერიოდი იყო, ტრანსპორტი ცუდად მოძრაობდა. მე ვფიქრობ, კარგად მოვიქეცი, რადგან ბევრი მომცა ამ ფაკულტეტმა. პრესის ჟურნალისტიკაზე ვსწავლობდი და რამდენიმე სტატიაც გამოვაქვეყნე.
- პარლამენტში თქვენი მუშაობა როგორ გაგრძელდა?
- 1995 წლის არჩევნების შემდეგ ზურაბ ჟვანია პარლამენტის თა­ვმჯდომარე გახდა. მან შემომთავაზა პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელობა. ეს იყო ძალიან დიდი ვალდებულება. თან მაშინ პარლამენტი იმელის ძველ შენობაში გადავიდა. იმ პერიოდში ჟვანიამ დიდი როლი შეასრულა ქართული პარლამენტარიზმის განვითარებაში და ვამაყობ, რომ ამაში პატარა წვლილი მეც მიმიძღვის. პარლამენტში მუშაობის პარალელურად იურიდიულზე ჩავაბარე და როდესაც ვამთავრებდი, 2000 წელს მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის მინისტრი გახდა. ყველას გაგვიკვირდა, რადგან იმ პერიოდში მიშა უკვე ოპოზიციაში ედგა ედუარდ შევარდნაძეს. სანამ კენჭს უყრიდნენ, მე და კოტე კუბლაშვილს დაგვიძახა და გვთხოვა, მინისტრის მოადგილეებად გავყოლოდით. მაშინ მიშაც ძალიან ახალგაზრდა იყო და ჩვენც ძალიან პატარები ვიყავით. მახსოვს, როცა წარგვადგინეს, შევარდნაძემ მთავრობის სხდომაზე ჩვენზე იხუმრა, მიშა და მისი საბავშვო ბაღიო.
- რატომ შეგარჩიათ სააკაშვილმა მოადგილედ?
- მან იცოდა, რა შემეძლო და ეტყობა, სჭირდებოდა ასეთი ადამიანი. პირველიდან ბოლო დღემდე ერთად ვიყავით. შემდეგ დაგვემატა ირაკლი ოქრუაშვილი. მიშა საკმაოდ კარგი უფროსი იყო, მაგრამ ძალიან ბევრი საქმე გვქონდა. გზადაგზა შემოგვემატნენ გიორგი არველაძე, მარიკა ვერულაშვილი, დავით კეზერაშვილი.
- შემდეგ როგორ გაგრძელდა თქვენი კარიერა?
- მიხეილ სააკაშვილი წავიდა და ხელმეორედ იყარა კენჭი დეპუტატად ვაკეში. მას არ უთქვამს, რომ გავყოლოდით, ასე არც დამდგარა საქმე. პირიქით, თქვა, თუ ვინმეს დარჩენა შეგვეძლო, დავრჩენილიყავით. ერთადერთი, ვინც არ ისურვა დარჩენა, იყო ირაკლი ოქრუაშვილი. გიორგი არველაძე ექვს თვეში წავიდა სამინისტროდან, მარიკა ვერულაშვილი წელიწად-ნახევარი კიდევ მუშაობდა. როდესაც როლანდ გილიგაშვილი მოვიდა მინისტრად, მე და გიორგი წკრიალაშვილს მოადგილეობა შემოგვთავაზა და დავთანხმდით. კიდევ ორი წელიწადი ვიყავი იუსტიციის მინისტრის მოადგილე. აქედან ბოლო რვა თვე მინისტრის გარეშე ვმართავდით ამ უწყებას. ხელისუფლებაში სააკაშვილის მოსვლის შემდეგ, ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნები არ იყო ჩატარებული, იუსტიციის ახალ მინისტრად ზურაბ ადეიშვილი დაინიშნა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გამორჩეული ურთიერთობა გვაკავშირებდა, მას შემდეგ ზურა არ მინახავს. მათთან რომ დავრჩენილიყავი, ზუსტად ისეთივე ადამიანი გავხდებოდი და ამის სურვილი არ მქონდა.
- ვარდების რევოლუციის შემდეგ დატოვეთ თანამდებობა?
- დიახ, მე აღარ ვყოფილვარ სააკაშვილის ხელისუფლებაში. პარადოქსია, მაგრამ შევარდნაძის მმართველობის პერიოდის ჩინოვნიკიც არ ვყოფილვარ, რადგან სააკაშვილის მოადგილე ვიყავი. წავედი სახლში...
- გენერალი როდის გახდით?
- როლანდ გილიგაშვილის მინისტრობის პერიოდში. სააკაშვილმა წარმადგინა წოდებაზე, შემდეგ მიშა წავიდა და გილიგაშვილის პერიოდში მაშინდელმა პრეზიდენტმა შევარდნაძემ მომცა გენერლობა. ეს არის იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის წოდება, რომელიც უთანაბრდება გენერლობას. პროკურატურასა და პოლიციასაც აქვს ჩვენნაირი წოდებები. პოლიციაში რომ დავიწყო მუშაობა, პოლიციის გენერალ-მაიორი ვიქნები. მერე აღმოჩნდა, რომ არც მანამდე და არც ჩემ შემდეგ ეს წოდება ქალბატონისთვის არ მიუნიჭებიათ.
- ამდენი წლის მუშაობის შემდეგ სახლში წასვლა არ გაგიჭირდათ?
- ძალიან, რადგან 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობდი. ეს იყო 2003 წლის 30 დეკემბერი. 31 დეკემბერს ნინო ბურჯანაძემ დამირეკა, რომელიც მაშინ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იყო და მითხრა, რომ ჩემს განცხადებას ხელს არ მოაწერდა. ავუხსენი, რომ არ შემეძლო იქ ყოფნა, რადგან იმავენაირად არ ვფიქრობდი. მას შემდეგ ადამიანები, ვისთანაც ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა, არც თავად მეხმიანებოდნენ და არც მე ვეხმიანებოდი. გამარჯობაც აღარ გვითქვამს ერთმანეთისთვის. ჩემს პოზიციაზე კი გიგი უგულავამ დაიწყო მუშაობა. იმ ოთახში იჯდა, სადაც მე (იღიმება). დღესაც არ მინდა მათთან ამ თემაზე საუბარი. გახსოვთ მაშინ, როგორი წმენდა მიდიოდა იმ ადამიანების, რომლებიც მათი მომხრეები არ იყვნენ. როდესაც ოჯახის წევრებმა დაინახეს, რომ ძალიან სერიოზული გადაწყვეტილება მივიღე, მეუღლემ, რომელიც მერიაში კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი გახლდათ, განცხადება დაწერა და წამოვიდა. ასევე ჩემმა დედამთილმა, რომელიც ჩემს გაცნობამდე ბევრი წელი თბილისის სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო, განცხადება დაწერა და წამოვიდა სამსახურიდან. მაშინ მართლა შეგვექმნა ეკონომიკური პრობლემები. ორი პატარა ბავშვი გვყავდა. მე და მეუღლეს, რომელიც ასევე იურისტია, სხვადასხვა სამუშაოს ძებნა გვიწევდა. პერიოდულად სხვადასხვა კომპანიაში ვმუშაობდი იურისტად, რომ ხელფასი ამეღო და თავი გვერჩინა. ბიზნესიც წამოვიწყეთ, ბევრი რამ ვცადეთ, მაგრამ მას შემდეგ სახელმწიფო უწყებაში აღარ გვიცდია სამსახურის შოვნა.
- როდის დაბრუნდით ისევ პოლიტიკაში?
- 2006 წელს დავით უსუფაშვილი დამიკავშირდა და შემომთავაზა, საბურთალოზე მათი სახელით კენჭი მეყარა. საბურთალო ორ ნაწილად იყო გაყოფილი და მე და თინა ხიდაშელი ვიყავით კანდიდატები. შემდეგ რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო მდივანი ვიყავი.
Rating- მეუღლე სად გაიცანით?
- შალვა ბებოშვილი პარლამენტში მუშაობის დროს გავიცანი. თავად არ გახლდათ თანამშრომელი, „მოქალაქეთა კავშირის“ ახალგაზრდული ფრთის რეგიონული მდივანი იყო. შემდეგ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ვხვდებოდით და 1999 წელს, ერთი წლის თავზე დავქორწინდით. ორი შვილი გვყავს, 12 წლის ბიჭი და 11 წლის გოგონა.
- გარეგნულად მშვიდი ქალბატონის შთაბეჭდილებას ტოვებთ. რთული არ არის ქართული პოლიტიკა, სადაც მუდმივად ხმაურია?
- არა, ეს საქმე ძალიან მომწონს და მიყვარს. აბა, ნაციონალებს ვკითხოთ, ისინი ამბობენ, რომ აგრესიული და სკანდალური ვარ. მე კი, რაც დაზუსტებით არ ვიცი, იმაზე არასოდეს ვლაპარაკობ.
Rating- დღეს როგორი ურთიერთობა გაქვთ ნაციონალ ქალბატონებთან?
- არ ვმეგობრობთ, ერთად არ დავდივართ. სამწუხაროდ, ხათუნა გოგორიშვილთან ისეთი ურთიერთობა მაქვს, როგორიც თინათინ ბოკუჩავასთან. გული მწყდება ამაზე, მაგრამ რას ვიზამთ. ახლა, როდესაც პრეზიდენტის საჩუქრები გამოქვეყნდა, არ ესიამოვნათ.
- დოკუმენტებში მოყვანილი ფაქტების შესახებ წლების განმავლობაში ჭორის დონეზე ლაპარაკობდნენ.
- საპროცედურო საკითხთა წესების კომიტეტის თავმჯდომარე ვარ, მაგრამ ჩემი პროფესიიდან და ინტერესებიდან გამომდინარე, როგორც პარლამენტის წევრი, ხშირად ვაყენებ სხვადასხვა საინიციატივო წინადადებას. თავიდან უკვირდათ, ახლა - აღარ. ამ შემთხვევაში საუბარი იყო პრეზიდენტის დაცვის სამსახურზე. მე მქონდა არგუმენტაცია, რატომ უნდა გადასულიყო დაცვა სახელმწიფოს დაქვემდებარებაში. სერიოზული ისტერიკის ფონზე მიდიოდა განხილვა. პრეზიდენტის დაცვის სამსახური გადმოვიდა მთავრობის დაქვემდებარების ქვეშ, მე ვიყავი ამ კანონის ინიციატორი და ძალიან გვინდოდა, რომ შეთანხმებისთვის მიგვეღწია. პირველი პირი ამბობდა, რომ დაცვის გარეშე რჩებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მიმაჩნდა, ეს არასწორი იყო, მაინც წავედით დათმობაზე, რომ თავად შეექმნა დაცვის სამსახური, თვითონ დაენიშნა ხელმძღვანელი, ყველა თანამშრომელი, თუმცა მაინც იყო წინააღმდეგობა, ამან კი ეჭვი გამიჩინა. კომისიამ შესთავაზა 350 კაცი, რაც საერთაშორისო პრაქტიკიდან ძალიან ბევრია და 7 მლნ ლარი დაფინანსება, ეს გამოდიოდა 1 მლნ ლარი თვეში პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე. იუარეს, იწყინეს, გვითხრეს, ხომ არ დავცინოდით. როგორც ჩანს, თანხა ეცოტავათ, რადგან, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, მას დაცვის პრობლემა არ ჰქონდა.
- დოკუმენტებამდე როგორ მიხვედით?
- 12 მარტს მთავარ პროკურატურას გავუგზავნე მოთხოვნა, მოეცათ ხარჯვის ნაწილში სპეციალური სამსახურის დოკუმენტაცია, რადგან მე ვიყავი ამ კანონპროექტის ინიციატორი. ამდენი დრო პროკურატურას იმიტომ დასჭირდა, რომ დოკუმენტაციის განსაიდუმლოება მოეხდინათ. ჩემთვის რომ საიდუმლო ფოსტით გამოეგზავნათ, რისი დაშვებაც მაქვს, მაშინ ამ დოკუმენტებს საჯაროდ ვერ გამოვაქვეყნებდი. გრიფი საიდუმლო მოხსნეს და დოკუმენტაცია გამომიგზავნეს, რის შემდეგაც განვასაჯაროე.
- ძალიან ბევრი დოკუმენტი გქონდათ ხელთ, რა პრინციპით ამოარჩიეთ, რომელზე ისაუბრებდით?
- არც ერთი დოკუმენტი არ ამომიღია და გვერდზე არ გადამიდია, არც მომავლისთვის შემინახავს. ყველა დოკუმენტი, რაც მივიღე, ვებგვერდზე ავტვირთე.
- მათ შორის მოხვდა მარიამ საჯაიასთვის მირთმეული სამაჯური, თინა ბოკუჩავასთვის ნაჩუქარი ტელეფონი...
- ოქროს ნაკეთობები მომღერლებისთვის, თაიგულები. აქ არ არის ლაპარაკი, თანხის რაოდენობა დიდია თუ მცირე, არადა ზოგ შემთხვევაში ძალიან დიდია, ერთ-ერთი სამაჯური 3500 ლარი ღირს.
- მარიამ საჯაიას სამაჯურზე საუბრობთ, სოფო ნიჟარაძისთვის ნაყიდ ბილეთებზეც იყო დოკუმენტებში ინფორმაცია...
- დიახ, ბილეთები იყო... კვების ხარჯები და გახდომის პროცედურებია საოცარი ღირებულების. კონკრეტული სახელებისა და გვარებისთვის არ მიმიქცევია ყურადღება. მესმის, რომ საზოგადოების ინტერესი დიდია და ამიტომ არ გადავარჩიე დოკუმენტები. ზოგმა მისაყვედურა, იუშჩენკოს ხარჯები რატომ გამოქვეყნდაო.
- ამბობენ, რომ იუშჩენკოს იქ არ უბანავია...
- არ ვიცი, ვინ სად იბანავა, მაგრამ მე ყველაფერი დოკუმენტებით გამოვაქვეყნე. იგივე თქვა გოგა ხაჩიძემ, რომ დუბაიში არ ყოფილა, თუმცა გაფრენა-გამოფრენის ბილეთებია ატვირთული და სასტუმროს ნომრის ინვოისი, სადაც წერია, რომელ სასტუმროში და ნომერში ცხოვრობდა. ამიტომ ძალიან სასაცილოა ამაზე უარის თქმა, მეგონა, ამას არ იზამდნენ.
- ეს სერიოზული დარტყმა გამოდგა ნაციონალური მოძრაობისთვის...
- როდესაც პოლიტიკოსი ხარ და ასეთ რაღაცაზე მიდიხარ, ისიც უნდა იცოდე, რომ ადრე თუ გვიან ინფორმაცია საჯარო გახდება. დიახ, მათ ეგონათ, რომ არასოდეს გასაჯაროვდებოდა, რადგან გრიფი საიდუმლო ედო. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, იმიტომ ჭიდაობდნენ ამდენს დაცვის სამსახურზე. მე ბრიფინგზევე ვთქვი, რომ ამის შემდეგ ტალახის სროლა დაიწყებოდა ჩემი მისამართით. მე ცუდი ვარ თუ კარგი, ეს არის დოკუმენტირებული მასალა, რომელიც ადასტურებს, რომ ბიუჯეტის თანხა არამიზნობრივად არის დახარჯული და როდესაც ჩემი ოჯახის წევრი სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში იღებს მონაწილეობას, პრობლემას ვერ ვხედავ. სამწუხაროდ, იმ კომპანიამ ვერ მოიგო ტენდერი. ჩემი მეუღლე იმ კომპანიაში დაქირავებული მენეჯერია. ელიტური კორუფცია კი ის არის, როცა სხვადასხვა ფირმებს და პიროვნებებს ერთ ლარად გადაეცემოდათ სახელმწიფო ქონება.
- მეუღლეს აღარ უფიქრია პოლიტიკაში დაბრუნებაზე?
- არა და ნაწყენია, ოპოზიციაში ხარ, უბედურებაა, ხელისუფლებაში ხარ და კიდევ უარესიო (იცინის). არ ვაპირებთ, ამ ბრალდებების გამო თავზე ნაცარი დავიყაროთ. არაფერი დაგვიშავებია და მე რომ ასეთი წელგამართული არ ვყოფილიყავი, ამ საბუთებს არ წარვადგენდი. ადამიანები ვართ და წინასწარ ვფიქრობთ, რა შეიძლება ამ ყველაფერს მოჰყვეს.
- ნაციონალური მოძრაობა თქვენგან კიდევ უნდა ელოდოს „სიურპრიზებს“?
- რა ვიცი, მათთვის სიურპრიზი ისიც იყო, რომ მსგავსი კანონპროექტების გამოტანა დავიწყე. მათ დაიწყეს იმის მოძიება, რომ ჩვენი მინისტრები მაღალ ხელფასებსა და პრემიებს იღებენ. თვითონ როგორ პრემიებსა და ხელფასებს იღებდნენ, ამასაც ვაჩვენებ. ფინანსთა სამინისტროში შეკითხვა მაქვს გაგზავნილი, ბოლო ათი წლის განმავლობაში რამდენი იყო მინისტრის ხელფასი, პრემია და დანამატი. როდესაც პასუხს მივიღებ, აუცილებლად საჯაროდ გამოვაქვეყნებ. იურისტი ვარ და საბუთებით მიყვარს ლაპარაკი.

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი „რეიტინგი“


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 14 /
დადუნა
yuriburi-ს ჯერ ინტერვიუს კითხვა ისწავლეთ ბოლომდე და ისე გააკრიტიკეთ იმერლიშვილი ... პარლამენტში მუშაობის პარალელურად იურიდიულზე ჩავაბარე და როდესაც ვამთავრებდი, 2000 წელს მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის მინისტრი გახდა. ყველას გაგვიკვირდა, რადგან იმ პერიოდში მიშა უკვე ოპოზიციაში ედგა ედუარდ შევარდნაძეს. სანამ კენჭს უყრიდნენ, მე და კოტე კუბლაშვილს დაგვიძახა და გვთხოვა, მინისტრის მოადგილეებად გავყოლოდით. მაშინ მიშაც ძალიან ახალგაზრდა იყო და ჩვენც ძალიან პატარები ვიყავით. მახსოვს, როცა წარგვადგინეს, შევარდნაძემ მთავრობის სხდომაზე ჩვენზე იხუმრა, მიშა და მისი საბავშვო ბაღიო.
15:32 / 03-05-2013
გამოხმაურება / 0 /
yuriburi
მოკლედ ქ-ნი იმერლიშვილი ამბობს რომ დაამთავრა ბიოლოგიური და მეორადი ფაკ. ჟურნალისტიკა, არსად არ წერს როგორ მიიღო იურიდიული განათლება! მიუხედავად ამისა ქ-ნი გენერალი გახდა, ეგ რომ აქ ევროპაში ვინმეს აუხსნა არა თუ ვერ გაიგებს, სიცილით დაიხრჩობა!!! გენერალო იუშენკოს ქოშების გამოფენა სირცხვილი იყო, თორემ ნაც-ბანდა რა ნაგავიც არის ყველამ კარგად ვიცით!
22:35 / 02-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნატალი
მაშინაც თქვენ იყავით,ახლაც თქვენ ხართ,ერთი კაცია ახალი და ამოეფარეთ მის სახელს.აქაც ,რომ აგერიოთ ურთიერთობები,მერე ამ მთავრობაზე ილაპარაკებთ.ყველა ხალხი ყველაფერს ხედავს...
19:22 / 02-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნუგზარ
საბუთები კი უნდა გამოგექვეყნებინათ, მაგრამ მანამდე, სანამ თქვენს შესახებ კომპრას დადებდნენ. ეხლა კი ბევრს არ ჯერა თქვენი ვითომ პატიოსნებისა, რადგან ეს ყველაფერი ჰგავს შურისძიებას სამაგიეროს გადახდის მიზნით. ვიცით, რომ ის ხელისუფლება ნიჩბით ხვეტავდა ხელფასებს და პრემიებს, როგორც თქვენ ამბობთ უკანონოდ. თქვენ კი ეს კი არ გააუქმეთ, არამედ კანონის სახე მიეცით და ეხლა თქვენი ხელისუფლება ხვეტავს საბიუჯეტო თანხებს. აი ეს რომ მოისპობა, ხელფასებს და პრემიებს რომ შეიმცირებთ და პენსიებს გაზრდით, მაშინ გექნებათ "წელი გამართული" თუ არადა თქვენც არაფრით არ განსხვავდებით "იმათგან".
15:14 / 02-05-2013
გამოხმაურება / 0 /
სოფიო
აუცილებელია ყველა ხარჯი რას ბიუჯეტიდან იხარჯებოდა არამიზნობრივად გასაჯაროვდეს,წარმატებებს გისურვებთ ყველა პატიოსან და ღირსეულ ადამიანს.
12:56 / 02-05-2013
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
მოუთმენლად ველით ახალ საბუთებს!
12:37 / 02-05-2013
გამოხმაურება / 0 /
კოტე
და თქვენ ფიქრობთ,რომ მინისტრის და თუნდაც დეპუტატის ხელფასი ადექვატურია დღევანდელ გაჭირვებულ ქვეყანაში??? არ უნდა გაგეორმაგებინათ ხელფასები ასე მალე,ხალხი ხომ ყველაფერს ამჩნევს!!!
12:17 / 02-05-2013
გამოხმაურება / 0 /
უფლის იმედი გქონოდეს!
უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა; ვისა მეშონოდის? უფალი შესავედრებელ არს ცხორებისა ჩემისა; ვისგან შევძრწუნდე? გან-თუ-ეწყოს ჩემზედა ბანაკი,არა შეეშინოს გულსა ჩემსა, აღ-თუ-დგეს ჩემზედა ბრძოლაი, ამისთვისცა მე შენ გესავ (ფს. 26,1-3)
11:27 / 02-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მახო
ძალიან ჭკვიანი ქალბატონი ბრძანდებით,მე ვაფასებ იმას რომ როგორც განაცხადეთ, საბუთებით გიყვართ ლაპარაკი ეს ძალიან კარგია.
11:10 / 02-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ირინა
მიხარია ჩემი სეხნია რომ ხართ. წარმატებებს გისურვებთ, გაიხარეთ
10:37 / 02-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS