09 სექტემბერი, 2015
რატომ იძინებს ლევან ხურცია საგრიმიოროში
ერთ საიდუმლოს გაგიმხელ მეათე წელია, რუსთაველის თეატრის მსახიობია. პირველი მეხუთე მსაჯულის როლი იყო სპექტაკლში''თორმეტი განრისხებული მამაკაცი''. გრიმი პირველად როდის გაიკეთა, არ ახსოვს, ალბათ, თეატრალურ უნივერსიტეტში, საკურსო ან სადიპლომო სპექტაკლის დროს...

11 წლის იყო, როცა ცნობილმა პოლიტიკურმა გარემოებებმა მის ოჯახს სოხუმი დაატოვებინა. 17 წლის ასაკში ზუგდიდიდან თბილისში ჩამოვიდა, თუმცა ამჯერად''დამნაშავე'' ერთი ზუგდიდელი მსახიობია, რომელმაც მას თეატრალურში ჩაბარება ურჩია. გაუმართლა, მიიღეს, პირველ დღეს თეატრალურ უნივერსიტეტში კოსტიუმით გამოცხადდა, მალე მიხვდა, რომ ამგვარი სამოსით არ უნდა ევლო. პირველი ერთი
წელი უცხო გარემოსთან ადაპტაციისთვის არ იყო მარტივი...

დღეს... ფილმებისა და სერიალების გახმოვანება, რეპეტიციები, სპექტაკლები, დროდადრო ამას სხვა საქმეც ემატება. მიუხედავად სხვადასხვა სამუშაო ადგილისა, თეატრი მისთვის ნომერი პირველია. ადრე რამდენიმე შოუს წამყვანადაც მოგვევლინა, ახლა კი ამ ამპლუას თავს არიდებს. სურს, მეტი დრო დაუთმოს თეატრს, კინოს...

ლევან ხურცია იმ დღეს თეატრში ადრე მოვიდა, რობერტ სტურუამ რუსთაველის თეატრის 136-ე სეზონის დახურვის წინ მსახიობებს რეპეტიცია დაუნიშნა. რამდენიმე წუთში''იულიუს კეისარი'' უნდა წარმოედგინათ.

ლევანი სცენაზე გასვლის სამზადისს დიდ დროს არ უთმობს. გვერდით მაგიდასთან ვზივარ და ვცდილობ გავიგო, რა არის მისი კომფორტისათვის აუცილებელი, სანამ დიდ სცენაზე სულ სხვა კაცად, კასიუსად გარდასახვა მოუწევს...


Rating
















- ერთ საიდუმლოს გაგიმხელ. თეატრში სპექტაკლის წინ, როგორც წესი, ერთი საათით ადრე უნდა მოვიდე, მაგრამ ვცდილობ, ეს დრო უფრი მეტი იყოს, მინიმუმ საათნახევარი. სპექტაკლის დაწყებამდე მიყვარს ათი წუთით ძილი და თითქმის ყოველთვის ასე ვიქცევი.

- ასე''შეკვეთით'' ძილი შეგიძლია?
- კი. შეიძლება, არ დამეძინოს, მაგრამ თვალდახუჭული ვწევარ და ვცდილობ, ყველაფერს მოვწყდე...

იხსნის საათს, ჯვარსა და ბეჭედს. მაგიდაზე ტოვებს მანქანის გასაღებსაც.
- ზოდიაქოთი ქალწული ვარ, მაგრამ პედანტიზმი არ მახასიათებს. ერთადერთი, რაც აუცილებელია, განათებაა. როცა ვემზადები და სპექტაკლის სათამაშოდ სცენაზე გავდივარ, მაგიდასთან შუქს აუცილებლად ჩართულს ვტოვებ. რამდენჯერმე საგრიმიოროში დაბრუნებულს შუქი ჩამქრალი დამხვედრია და ამაზე ცოტა გავბრაზებულვარ.

- ნივთი, რომელიც ყოველთვის თან გაქვს სპექტაკლის მსვლელობისას…
- ლურსმანი-მეთქი, რომ გითხრა, დამიჯერებ?

- ლურსმანი?! მართლა?!
- არა (იღიმის). ლურსმანი პავაროტის ჰქონდა. სცენაზე''გამაქვს'' ჩემი თავი, სხვა არაფერი. საერთოდ, მსგავსი ცრურწმენები არ მახასიათებს, არ მჯერა და არც მიყვარს...
დივნის თავზე, კედელზე, საქართველოს რუკა გაუკრავთ. სარკის თავზე ალ პაჩინოს ფილმების პოსტერები კი უშუალოდ ლევანის საკუთრებაა. მაგიდაზე დალაგებულ ნივთებს ვათვალიერებ: მაცხო-ვრისა და ღვთისმშობლის ხატები, სურნელოვანი სანთლები, ვეფხვისა და ძაღლის ფიგურა, რომლებიც ამ ცხოველების წელიწადის დადგომისას აჩუქეს. ვარდების თაიგული წინა დღეს სცენაზე მაყურებელმა მიართვა. არ იცნობს, უცნობი ქალბატონი იყოო, - მეუბნება.

სარკეზე დამაგრებულია დისშვილის ფოტოები, იქვეა ეპიზოდები სპექტაკლებიდან. მათ
შორისაა''რეიტინგისთვის'' 2010 წელს რუსთაველის თეატრის შენობის წინ გადაღებული ბაჩო ჩაჩიბაიასა და ლევანის ფოტო.

ამ ფოტოს გადაღებამდე რამდენიმე წლით ადრე კი ლევანი რუსთაველის თეატრში კასტინგზე მოტყუებით გაიყვანეს, დიმა ხვთისიაშვილმა დაურეკა, საბურავი დამეშვა, დანკრატი მჭირდება, რუსთაველის თეატრში ვარ, დამეხმარეო. იქვე ქეთინო კანტიძე შეხვდა და უთხრა, სტურუა გიბარებსო. სცენაზე რეჟისორის პირისპირ რომ აღმოჩნდა, დაიბნა. მისი მღელვარება იმდენად შესამჩნევი იყო, რომ სტურუამ იმ დღეს კასტინგიდან გაუშვა.

ამის შემდეგ გავიდა დრო და რეჟისორმა ლევანი სარდაფში ერთ-ერთ სპექტაკლში ნახა. ორი კვირის შემდეგ შინ ახალი დაბრუნებული იყო, როცა ტელეფონის ზარი გაისმა.
იუწყებოდნენ:''ხვალ თეატრში მოდი, კონტრაქტს ხელი მოაწერე, სტურუამ აგიყვანაო''...
''ჩაფლავებული'' კასტინგის შემდეგ ეს სიტყვები მისთვის დიდი შოკი აღმოჩნდა. სახლიდან გავიდა და სანაპიროს ფეხით გაუყვა, დიღმიდან ორთაჭალამდე ისე იარა, დაღლა არ უგრძნია...


Rating
სპექტაკლის შემდეგ შემოვდივარ საგრიმიოროში და ტახტზე ვწვები









რაც სცენაზე გამოჩნდა, მის მიმართ მანდილოსნებმა განსაკუთრებული ყურადღება გამოავლინეს. წლებია, მედია მის რომანებზე წერს, თუმცა თავად საჯაროდ თავის გრძნობებზე არასოდეს ლაპარაკობს. ეს ხელოვნურად შექმნილი იმიჯი არ არის, უბრალოდ, სხვაგვარად ვერ წარმოუდგენია. (ინტერვიუს  ჩაწერიდან რამდენიმე კვირაში მსახიობი დაოჯახდა. მისი რჩეული ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი გახდა. ავტ.)  

უკანასკნელ შტრიხებს ჯერ თავის და შემდეგ კოლეგის სარკეში ჩახედვით აზუსტებს. მზადაა, რამდენიმე წუთიც და სცენაზე გავა. ვინტერესდები, რა ხდება სპექტაკლის შემდეგ?

- სპექტაკლის შემდეგ შემოვდივარ საგრიმიოროში და ტახტზე ვწვები. ნახევარი საათის შემდეგ, როცა გონს მოვდივარ, ვიწყებ იმაზე ფიქრს, რომ კიდევ ათასი საქმე მაქვს და უნდა წამოვდგე. შევდი-ვარ აბაზანაში, ვიღებ შხაპს, ვიცვამ და მივდივარ თეატრიდან. სპექტაკლის შემდეგ ძალიან მიყვარს ერთი ან ორი კათხა ლუდის დალევა. აი, სულ ეს არის (იღიმის)...

ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ნანა
კარგი ტიპია იშვიათი გარეგნობით საოცარი ღიმილით! მაგრამ რა ჭირთ ამ კაცებს აუცილებლად განათხოვარი და შვილიანი რომ უნდა მოიყვანონ???
12:49 / 25-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ელკუსა
უი ახლა კუბლაშვილი წაიყვანს თავისთან, ამა ს მგონი სახლიც არ აქვს:)))
14:11 / 18-09-2015
გამოხმაურება / 0 /
nina
მაგარი კაცია! იშვიათად ეგზოტიკური-გარეგნობით ,ხასიეთით და საოცარი ღიმილით!
03:36 / 12-09-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS