01 აგვისტო, 2013
გიორგი ზერეკიძე ბიჭის მამა გახდება
პატრული რომ სადარბაზოსთან იდგა, არ შევდიოდი, ახლა კი გინდა სპეცრაზმი იდგეს, არ მეშინია. ვიცი, რომ ტყუილად არავინ არაფერს დამაბრალებს გიორგი ზერეკიძე საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო. მისი საქმე რეზონანსული გახლდათ, საზოგადოება აღაშფოთა 14 წლის ბიჭის გისოსებს მიღმა აღმოჩენამ. გიორგი ორჯერ დააკავეს და ციხეში დაახლოებით შვიდი წლის გატარებამ მოუწია. ამ წლების განმავლობაში ბევრი რამ მოასწრო, უნივერსიტეტში ჩაბარება, საყვარელი გოგონას გულის მოგება და სამწუხაროა, მაგრამ ბევრი მძიმე დღე გადაიტანა. ამაზე არაერთხელ უსაუბრია, ამიტომ ამჯერად მხოლოდ კარგზე და მის
ახალ ოჯახზე ვისაუბრეთ. ინტერვიუ გიორგის-თან და მის მეუღლესთან, მარიკა ვასაძესთან ჩავწერეთ. წყვილმა ოთხი თვის წინ იქორწინა და უკვე პატარას ელოდებიან.

მარიკა:
- მესამე კლასში ვიყავი, 53-ე სკოლაში რომ გადავედი და იქ გავიცანი გიორგი, მას შემდეგ ერთად მოვდივართ.
გიორგი:
- მარიკა დიდი ხანი არ მიმხელდა სიყვარულს და ორი წლის წინ გამომიტყდა. მე სულ მიყვარდა და ამას ღიად ვამბობდი. ყველამ იცოდა, რომ მარიკა ჩემი შეყვარებული იყო. თვითონ არ მელაპარაკებოდა, ეს საერთოდ მაგიჟებდა. ზედ არ მიყურებდა, იმის საშუალებას არ მაძლევდა, რომ დავლაპარაკებოდი. წლების შემდეგ გავუმხილე და ყოყმანით, მაგრამ თავადაც გამომიტყდა. მარიკა ჩემი პირველი სიყვარულია, ჩემთვის ის ყველაფერია. ბაღშიც კი არ მყოლია შეყვარებული. არ ვცდილობ, რომ მას თავი სხვანაირად მოვაჩვენო. ყველაზე ბუნებრივი მარიკასთან ვარ.
მარიკა:
- 14 წლისები ვიყავით, გიორგი რომ დააკავეს. ძალიან განვიცადე. მახსოვს, ლონდონში ვიყავი სასწავლებლად წასული, ჩემი ჩასვლიდან მეორე დღეს დედამ დამირეკა და მითხრა. მშობლები იცნობდნენ გიორგის და მეც მის ოჯახთან კარგი ურთიერთობა მქონდა. მომხდარი ძალიან განვიცადე. ჩემი ჩამოსვლის შემდეგ ბავშვების აქციები დაიწყო, გიორგის გამოშვების მოთხოვნით და მეც აქტიურად ჩავები.
- ოჯახი როგორ უყურებდა შენს აქტიურობას?
- გიორგი ციხიდან ყოველდღე მირეკავდა. დედა მეუბნებოდა, ცოტა მეშინია, დაკავების შემდეგ ციხეში ნერვები არ გაუფუჭდესო. დროთა განმავლობაში შეეგუა. რომ არ სცოდნოდა, გიორგი როგორი პიროვნება იყო, ალბათ წინააღმდეგი იქნებოდა. ყოველთვის დავდიოდი სასამართლოზე კლასელებთან ერთად. გიორგიმ სიურპრიზი მომიწყო და ციხიდან ეროვნულ გამოცდებზე გავიდა და ჩააბარა. ზუსტად იმ უნივერსიტეტში მოხვდა, სადაც მე. ძალიან გამიხარდა, მეგონა, რომ ამის მერე გამოუშვებდნენ, მაგრამ ისე მოხდა, რომ გიორგის გარდა ყველა გამოუშვეს. ორი წლის წინ დეკემბერში ციხე დატოვა და ერთად დავდიოდით უნივერსიტეტში.
გიორგი:
- ძალიან დაძაბული ფონი იყო გარშემო, ლაღად ვერ დავდიოდით. შიშის საშინელი განცდა მქონდა, ორ თვეში პროვოკაცია მომიწყვეს და ისევ დამაკავეს.
მარიკა:
- ძალიან რთული პერიოდი გადავიტანე, მაგრამ იმ ორი თვის განმავლობაში, როდესაც გიორგი გარეთ იყო, იმდენად კარგად ვგრძნობდი მასთან თავს, რომ მზად ვიყავი, გინდა რვა წელი მჯდარიყო, დავლოდებოდი.
- ალბათ, რთულია, როცა პატიმრობაში მყოფს იმაზეც გიწევდა ფიქრი, რომ შენი შეყვარებული თა-ყვანისმცემლებს არ შეეწუხებინათ.
- მარიკა ისეთი ტიპია, რომ აბეზარ თაყვანისმცემლებს ადვილად იშორებს. იმდენად აჩენს თავის პატიოსნებას, რომ ზედმეტს ვერ უბედავენ და ხვდებიან, რომ შანსი არ აქვთ.
მარიკა:
- ხშირად არ დავდიოდი ქუჩაში, კლუბებში, რომ ხალხს არ ეფიქრა, შეყვარებული ციხეში ჰყავს და რამდენს დადისო.
გიორგი:
- ჩემი მდგომარეობის მიუხედავად, მესმის მარიკას მშობლების, რომელთათვისაც ძნელია გაიგონ, რომ ბიჭს, რომელიც 14 წლიდან შვიდი წელი ციხეშია, ფსიქიკა შერჩეს. მაგრამ იმდენად კარგი დამოკიდებულება აქვთ, რომ მეხმარებიან, სწორად წარვმართო ჩემი ცხოვრება. სააკაშვილი კრიმინალს მეძახდა და ერთი-ორჯერ ციხეში მეც კრიმინალივით გავიარე, მაგრამ მთავარია, გარეთ გამოსვლის შემდეგ როგორ გარემოში ხარ, შენც მათ ემსგავსები.
- მარიკა, ციხის კადრების გავრცელების შესახებ სად გაიგე?
- სახლში ვიყავი ჩემს უმცროს ძმასთან ერთად, ტელევიზორში რომ ვუყურე. გავგიჟდი.\ მალე გიორგიმ დამირეკა და დამამშვიდა. ამის შემდეგ მივხვდი, რომ ქვეყანაში რაღაც შეიცვლებოდა. ყოველთვის მჯეროდა, რომ გიორგის რვა წელი არ მოუწევდა იქ ყოფნა. მე კი ვამბობდი, დავე-ლოდებოდი-მეთქი, მაგრამ თვითონ რა მდგომარეობაში იქნებოდა, არ ვიცი. ამნისტიის პერიოდში სულ ტელეფონზე ვიყავით ჩამოკიდებული. მახსოვს, ვეტოს დაძლევის დღეს დამირეკა და მთელი ციხე ყვიროდა ბედნიერებისგან.
- გიორგის გამოსვლის დღეს ციხესთან დახვდი?
- მთელი ღამე არ მეძინა. მეგობართან ერთად წავედი. გიორგი რომ გამოვიდა, ჟურნალისტები დაეხვივნენ. მერე ჩემი მანქანით სახლში წამოვედით. წინა გამოსვლასთან შედარებით სხვანაირად, უფრო თავისუფლად იყო.
გიორგი:
- ციხეში ყოფნის დროს მარიკას ყოველ კვირა მოჰყავდა მამაო. დადიოდა ვიდეოპაემანზე, დედასთან რომ ვრეკავდი, გვერდით მარიკა ედგა. მარიკა იყო ჩემი საფიქრალი მთელი ამ წლების განმავლობაში. თავიდან რომ დამაკავეს, კარანტინში ვიღაცასთან ერთად ვიჯექი, სრულიად უცნობი ადამიანი იყო ჩემთვის და მთელი დღე იმაზე ველაპარაკებოდი, როგორი კარგი შეყვარებული მყავდა. მოგვიანებით ჩემს კამერაში მყოფი ერთი ბიჭი მას სასამართლოზე შეხვდა და უთხრა, ზერეკიძე ჩემთან ერთად ზისო. იმ პატიმარმა უთხრა, სულ თავის შეყვარებულზე ლაპარაკობს, ტვინი წამიღოო (იცინის). მარიკა მეხმარებოდა, რომ ჩემი ფსიქოლოგიური მდგომარეობა კარგად შემენახა და ჯანსაღი ფსიქიკით დავბრუნებოდი სამყაროს. ოთხი თვეა, მე და მარიკა ერთად ვართ და ყოველდღე სიახლეა, ისევ შეყვარებულები ვართ და თაფლობის თვეც გრძელდება. რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი ოცნება აგვიხდა, პატრიარქმა დაგვლოცა და ბედნიერება გვისურვა.
Rating
- როგორ ფიქრობთ, ეს მძიმე გზა რომ არ გაგევლოთ, დღეს ერთად იქნებოდით?
მარიკა:
- შეიძლება, მაგრამ არ მგონია, ასეთი ურთიერთობა გვქონოდა, სხვანაირად დავაფასეთ ერთმანეთი. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ყოველდღე ერთად ვიყავით, მხოლოდ ორი დღე ჩაგვივარდა, ისიც ჩემი მიზეზით. 5 აპრილს სტამბოლში გავიპარეთ.
გიორგი:
- წინა დღეს მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. თვითმფრინავში რომ ჩავსხედით, ოჯახს მესიჯები გავუგზავნეთ და ტელეფონი გამოვრთეთ.
მარიკა:
- სტამბოლიდან გიორგი დედამისს ელაპარაკა. მე ორი დღე არ დამირეკავს. ბოლოს ''სკაიპით'' დედაჩემის დაქალს ველაპარაკე და კამერა რომ ჩართო, დავინახე, რომ ჩემთან იყვნენ სახლში და აღნიშნავდნენ. დედა ყოველთვის მეუბნებოდა, რომ არ გავპარულიყავი, მაგრამ ასე მოხდა.
გიორგი:
- შვილივით მიმიღო მარიკას ოჯახმა. ისე არ მიყურებენ, როგორც სიძეს. დედამ ამ წლების განმავლობაში იმდენი ინერვიულა, რომ ახლა ბედნიერია, ჩემს სიხარულს რომ ხედავს. თვალები სულ გაბრწყინებული აქვს.
- ჯვარი როდის დაიწერეთ?
- იერუსალიმში გვინდოდა მეჯვარეებთან ერთად წასვლა, მაგრამ ვიზა არ ჩაგვირტყეს. ბოლოს აქ დავიწერეთ ჯვარი და მეგობრებთან ერთად ვიწრო წრეში აღვნიშნეთ. ახლა მარტო ვცხოვრობთ. დილას ერთად გავდივართ სამსახურში და საღამოს სულ ერთად ვართ. საერთო მეგობრები გვყავს და ყველგან ერთად დავდივართ.
- რა შეცვალა ოფიციალურმა ქორწინებამ?
გიორგი:
- ცოლის სტერეოტიპი სამზარეულოში წინსაფარაფარებული ქალია. არ მინდა, მარიკა ასე იყოს, კაცი სხვაგან და ცოლი სამზარეულოში, ასეთ რაღაცებს არ ვცნობ. რასაც ვაკეთებთ, ერთად ვაკეთებთ. ლიბერალი მეუღლე ვარ.
მარიკა:
- სულ ვეუბნები, რომ ისევ შეყვარებული მგონია. არაფერი აუკრძალავს ჩემთვის. სხვების ურთიერთობას რომ ვუყურებ, ასე არავინ არის, როგორც ჩვენ. იმ განცდილმა და გადატანილმა თავისი კვალი დატოვა.
გიორგი:
- ახლა არასამთავრობო ორგანიზაციაში ვმუშაობ, მაგრამ არ ვიცი, დავრჩები თუ არა ამ სექტორში. ახლა ჩემთვის ყველაზე მნიშვნლეოვანი მარიკას ფეხმძიმობაა. სულ ვიცი, რომ ფეხმძიმეს რაღაც უნდა მოუნდეს. მინდა, ღამის სამ საათზე ავდგე და რამე მოვუტანო, მაგრამ არაფერი უნდა (იცინიან). ძალიან ვუფრთხილდები მარიკას. ბიჭს ველოდებით. ქვეყანაში სიტუაცია შეიცვალა, პატრული რომ სადარბაზოსთან იდგა, არ შევდიოდი, ახლა კი გინდა სპეცრაზმი იდგეს, არ მეშინია. ვიცი, რომ ტყუილად არავინ არაფერს დამაბრალებს.
- ბოლო დროს მართლაც ძალიან ბევრი ოცნება აგისრულდათ ორივეს.
გიორგი:
- ხანდახან გვაქვს ის მომენტი, თითქოს ყოველდღიურად ისე ვერ ვაფასებთ ამ ყველაფერს როგორც საჭიროა. ერთმანეთის წერილები შენახული გვაქვს, ხანდახან ვკითხულობთ და ვიხსენებთ, როგორ ამაყად ვიდექით და ერთმანეთი როგორ შევინარჩუნეთ.
მარიკა:
- იმდენი ცუდი მოხდა ჩვენს ცხოვრებაში, რომ მეგონა, კარგი არასოდეს მოხდებოდა, სულ დაძაბული ვიყავი, სტრესში, ხან გიორგის ზარს ველოდებოდი. მეორედ რომ დააკავეს, ერთად ვიყავით კაფეში. მახსოვს, ორი-სამი კვირა ტელეფონს ვუყურებდი, რომ დაერეკა. მისი გამოსვლის შემდეგ, როცა მივხვდი, ყველაფერი კარგად იყო, მოვეშვი და ცუდად გავხდი, გული წამივიდა...
გიორგი:
- აუცილებლად მინდა დაწეროთ, რომ ყველაზე მაგარი ცოლი მყავს და ყველაზე მაგრად მიყვარს მთელ ქვეყანაზე.

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 25 /
მაიკო
გილოცავთ, ბედნიერებასა და ბევრ სიხარულს გისურვებთ. მარიკა მართლაც ძალიან კარგი და ლამაზი გოგო იყო. მე-3 კლასამდე „ჯეჯილში" ჩემს შვილთან სწავლობდა და იქიდან ვიცნობ. უფალი გფარავდეთ და მას ებარებოდეთ.
13:59 / 02-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მერი
უდიდეს ბედნიერებას გისურვებთ ბავშვებო, თქვენ ეს დაიმსახურეთ. საოცრად საყვარლები ხართ! უფალი გფარავდეთ!
13:02 / 02-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ვიტო
ბედნიერებას გისურვებთ, დასაფასებლები და სამაგალითოები ხართ რომ ასეთი სიყვარული შეინარჩუნეთ... გიორგი რომ ჯანსაღი ფსიქიკის დარჩა, ამ სიყვარულის და მარიკას დამსახურებაა... ადამიანს გარეთ რაღაც მნიშვნელოვანი უნდა ელოდეს :)
12:12 / 02-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მერი
უბედნიერესები იყავიტ,ღმერთმა დაგლოცოთ,ამ გიჟს მოეკითხება თქვენი ტანჯვის გამო!
12:05 / 02-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნათია
ძაიან, საყვარელი შვილი ხარ გიორგი!!! მინდა , იყოთ ბედნიერები და უფლის დაფარული... წარმატებებს , გისურვებთ ცხოვრებაში.
11:31 / 02-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS