31 ივლისი, 2013
''სააკაშვილის თანამოაზრე არასდროს ვყოფილვარ!..''

პრემიერ-მინისტრისა და ქვეყნის იმიჯი დაზარალდება და მარგველაშვილის გამარჯვება ქვეყანასაც და ''ოცნებასაც'' ძვირად დაუჯდება

სამუშაო კაბინეტის კედელზე მარგარეტ ტეტჩერის ფოტოა... კომპიუტერის ეკრანზე - მეუღლის ფოტო. ოთახის ერთი კუთხე ხატებს აქვს დათმობილი, თუმცა ამბობს, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო, იქ ფოტოს გადაღებას ყოველთვის ერიდება... მაგიდაზე წიგნებსა და ქაღალდებთან ერთად ბადრი ბიწაძის კიდევ ერთი ფოტო დევს. საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატი ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ ყველაფერში, მათ შორის კარიერაში, წარმატებას ოჯახის წევრების თანადგომით მიაღწია. როგორ აპირებს გამარჯვების მოპოვებას, ამის შესახებ პრეზინდეტის მოვალეობის
არაერთგზის შემსრულებელს ვესაუბრეთ.

- ქალბატონო ნინო, საკმაოდ ძლიერი კონკურენტები გყავთ, როგორ აფასებთ თქვენს შანსებს?
- ''ძლიერ კონკურენტში'' ვის გულისხმობთ?
- თუნდაც გიორგი მარგველაშვილს...
- კონკურენტი კი არა, მისი დამსახელებელია ძლიერი, მაგრამ იმედია, საზოგადოებას ესმის, რომ ასეთ თანამდებობაზე ადამიანი იმის მიხედვით კი არ უნდა აირჩიონ, ვინ დაასახელებს მას, ან ვინ არის მისი მხარდამჭერი, არამედ იმის მიხედვით, რამდენად შეძლებს ამ თანამდებობისთვის თავის გართმევას. უდავოდ ვუწევ ანგარიშს ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს, მაგრამ ქართველი ხალხის იმედიც მაქვს. ჩვენი ქვეყნის განვითარების ისტორიაში სამჯერ ძალიან მძიმე შეცდომა დავუშვით, როდესაც იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ხალხის ნდობა ჰქონდა, სრული ძალაუფლება მივეცით და სერიოზულ პრობლემებამდე მივედით. ახლა საჭიროა დაბალანსებული ხელისუფლება, რომელსაც მე ვთავაზობ საზოგადოებას, ასევე ის წინადადებები, თუ როგორ უნდა მოგვარდეს არსებული პრობლემები, როგორ უნდა ამოვიდეთ იმ კრიზისიდან, მუდმივად შეცოდების პოზიციაში არ ვიყოთ, როცა მუდმივად სხვები წყვეტენ ჩვენს პრობლემებს და ქართველი ხალხი დახმარების ობიექტია.
- პოლიტიკაში ფინანსური მხარდაჭერა გადამწყვეტია, თქვენ რას აპირებთ?..
- ფინანსები მნიშვნელოვანია, მაგრამ გადამწყვეტი რომ ყოფილიყო, ოქტომბრამდე აღარ გაჩნდებოდა კითხვები, ''ოცნება'' გაიმარჯვებდა თუ ''ნაციონალები'' ... ასე რომ, ამ შემთხვევაში ყველაზე მთავარი პოლიტიკის ცოდნაა. იმის მეასედი თუ მექნება, რასაც ''ქართული ოცნება'' და ''ნაციონალური მოძრაობა'' პიარკამპანიაში დახარჯავს, აუცილებლად გავიმარჯვებ. ივანიშვილი თუ შევარდნაძესავით მოიქცევა, როდესაც ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილი ხელჩაკიდებული დაჰყავდა არჩევნების დროს, მე თუ მიჭერთ მხარს, ამას მიეცით ხმაო და გიორგი მარგველაშვილს ატარებს ასე, ან ასეულობით მილიონ დოლარს დახარჯავს, მაშინ, კი ბატონო, გაიმარჯვებენ, მაგრამ პრემიერ-მინისტრისა და ქვეყნის იმიჯი დაზარალდება და მარგველაშვილის გამარჯვება ქვეყანასაც და ''ოცნებასაც'' ძვირად დაუჯდება.
- რას გულისხმობთ?
- იმას, რომ თუ გიორგი მარგველაშვილი გაიმარჯვებს, ძალიან მოკლე ხანში ''ნაციონალები'' ხელისუფლებაში დაბრუნდებიან. ხედავთ, რომ ''ქართული ოცნება'' ''ნაციონალებს'' ვერ უმკლავდება?.. სწორედ ეგაა საქმე, რომ ''ნაციონალებს'' პოლიტიკური მანევრირების მეტი გამოცდილება აქვთ, ფაქტია, რომ ''ოცნება'' ძალიან სუსტია მათ პირისპირ და წარმოგიდგენიათ, ხვალ და ზეგ რა მოხდება?.. ნაციონალების განეიტრალების ერთადერთი გზა ობიექტური მართლმსაჯულებაა. ნამდვილად არ მინდა ხეზე ჩამოკიდებული ''ნაციონალების'' ხილვა, ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ ისინი, როგორც საფრთხე, რეალურად არსებობენ და ''ოცნებას'' მათ გასანეიტრალებად ძალა და კომპეტენცია არ აღმოაჩნდა.
ის, რომ ბოლო დრო დასავლეთის მხრიდან ახალი ხელისუფლების კრიტიკისა და ''ნაციონალების'' დაცვის მეტი არაფერი ისმის, ახალი ხელისუფლების კრახს ნიშნავს. მათ ვერ შეძლეს დასავლეთისთვის წინა რეჟიმთან დაკავშირებით ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს - ''ქართულ ოცნებაში'' არიან ადამიანები, რომელთაც ''ნა-ციონალების'' , როგორც პოლიტიკური ძალის გაქრობის სურვილი არ აქვთ და არც მალავენ.
- წლების შემდეგ ვარდების რევოლუციის გადაფასება მოხდა. თქვენც იმ გუნდთან ერთად იყავით, ხომ არ მიიჩნევთ, რომ ის თქვენი პოლიტიკური შეცდომა იყო?
- არა, რადგან მე იმ ძალასთან კი არ ვიყავი, ''ნაციონალური მოძრაობა'' შემოგვიერთდა ''ბურჯანაძე-დემოკრატებს'' და შემდეგ სააკაშვილმა თავისი რადიკალიზმით ლიდერობის ხელში აღება შეძლო... ხალხი ძალიან დაღლილი იყო და ''ნაციონალების'' რადიკალური დაპირებები უფრო ირწმუნა, ვიდრე ''ბურჯანაძე-დემოკრატების'' გაწონასწორებული მოსაზრებები. მაშინ ქვეყნისა და საკუთარი თავისთვის კატასტროფული შეცდომა დაუშვა ზურაბ ჟვანიამ, როდესაც ''ბურჯანაძე-დემოკრატები'' გააუქმა და ''ნაციონალურ მოძრაობას'' შეუერთდა. ამან გამოიწვია ''ნაციონალების'' მხრიდან ხელისუფლების უზურპირება და შესაძლოა, მისი ტრაგიკული გარ-დაცვალებაც, თუ დადასტურდება, რომ ეს ტრაგიკული შემთხვევა არ ყოფილა. ისე კი, ვარდების რევოლუციას ცოდვად სულაც არ მივიჩნევ. ეს იყო უნიკალური შანსი, მაგრამ ლიდერებიდან ერთი გარდაიცვალა, მეორემ მის პრინციპებს უღალატა და მე მარტო ვერ გავუმკლავდი ''ნაციონალურ მოძრაობას'' ... რაც შეეხება ჟვანიას გარდაცვალების ფაქტს, როგორც იურისტი, ვამბობ, რომ წლების შემდეგ გამოძიება ძნელია, რადგან დაზიანებული, გამქრალია ან გაფუჭებულია ნივთმტკიცებები, თუმცა ამ საქმის გამოძიების დიდი სურვილი მაქვს.
- ''ნაციონალური მოძრაობის'' პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატზე, დავით ბაქრაძეზე გკითხავთ...
- პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ''ნაციონალებიდან'' მომავალი არავის აქვს. მასზე ამბობდნენ, რომ იმ დანაშაულების უშუალო მონაწილე არ ყოფილა, ჩატარდეს გამოძიება და ამის შემდეგ გაირკვევა, ვინ არის დამნაშავე და უდანაშაულო... შეურაცხყოფილები რომ ლაპარაკობენ, ზუგდიდსა და ბათუმში ქვები დაგვიშინესო, ეს მართლაც ცუდი ფაქტია, მაგრამ სად იყვნენ დავით ბაქრაძე და გიგი წერეთელი, როდესაც ჩვენ გვიშენდნენ ქვებს და ალყაში ვყავდით. არ იცოდნენ? ყველაფერი იცოდნენ და მათი თანაპარტიელების მოწყობილი იყო, ეგონათ, ხელისუფლებაში 30 წელი იქნებოდნენ. ახლა კი თავს გვაცოდებენ, ქვები დაგვიშინესო. ის, რაც ახლა ხდება, ''ქართული ოცნების'' ბრალია, ცხრა თვეა ხალხი სამართლიანობის აღდგენას ამაოდ ელოდება და ბოლოს თავად აიღო ქვა ხელში. კიდევ ბედავენ პრაიმერის ჩატარებას და ლამის მეორე ადგილზე ლაპარაკობენ, ისევ ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი აქვთ და ხალხი გაგიჟდება, აბა, რა იქნება... სხვათა შორის, ყველაზე საშიში სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებიც ახლა ცდილობენ განახლებული პოლიტიკური სახით წარმოჩნდნენ. სააკაშვილის ადვოკატობას ნამდვილად არ ვაპირებ, მაგრამ ყველაფრის მისთვის დაბრალება უსამართლობაა. სწორედ ბაქრაძე და სხვები ახლა ''ნაციონალური მოძრაობის'' ''გარეცხვას'' ცდილობენ და თავს ნურავინ მოიტყუებს, თითქოს ის პარტია დამთავრდა. ასე რომ იყოს, ბაქრაძე, ბოკერია, ვაშაძე, საყვარელიძე, ადეიშვილი, მერაბიშვილი, ახალაია, ბარამიძე ვერ ილაპარაკებენ ასეთი გონორით. მე მათ კარგად ვიცნობ და სწორედ მაშინ არიან საშიშნი, როდესაც ასე ლაპარაკობენ, ჭკუა ვისწავლეთ და ხალხისგან სილა მივიღეთო... როდესაც გერმანიაში ფაშისტური რეჟიმი აკრძა-ლეს, ყველა მკვლელი იყო? უბრალოდ, იდეოლოგია აიკრძალა და ევროპას აზრადაც არ მოსვლია, რადგან ჰიტლერი მკვდარია, ყველა დანარჩენი გავათავისუფლოთო. ასობით ადამიანი დაისაჯა. პირდაპირ პარალელს არ ვავლებ, მაგრამ ის საზიზღარი კადრები ფაშისტური რეჟიმისგან დიდად არ განსხვავდება.
- მიხეილ სააკაშვილსა და მის გუნდთან თანამოაზრეობა ამ გადმოსახედიდან უხერხულობას არ გიქმნით?
- იცით, სააკაშვილმა თქვა, რომ მათი თანამოაზრე არასდროს ვყოფილვარ და ეს ასეც იყო. დისკომფორტი ყოველთვის მქონდა, ხელისუფლებაში ყოფნის დროს განსაკუთრებით, მაგრამ ჩემი დამსახურებით ბევრი პრობლემა აიცილა ქვეყანამ. ფართომასშტაბიან ომებზე რომ არაფერი ვთქვა. ერთი ამბავი მინდა გიამბოთ, როდესაც პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრუ-ლებელი ვიყავი, გადავწყვიტე, არასრულოვანთა კოლონია მომენახულებინა. ბოკერია და სააკაშვილი ცდილობდნენ დავერწმუნებინეთ, რომ არ ღირდა, მაგრამ მაინც წავედი. უმძიმესი სიტუაცია ვნახე, გარეთ მინუს 14 გრადუსი იყო და შიგნითაც ასე ციოდა. შოკში ვიყავი ნანახით და ორკვირიანი ვადა მივეცი ვითარების გამოსასწორებლად, ეს ეხებოდა როგორც გათბობას, ისე ჰიგიენას...
- როგორ შეხვდნენ თქვენს გადაწყვეტილებას მეუღლე, შვილები...
- საბედნიეროდ, გამიმართლა, რომ ძალიან თბილ ოჯახში გავიზარდე. ოჯახის ყველა წევრს ყოველთვის გვესმოდა ერთმანეთის და ერთმანეთის აზრებს პატივს ვცემდით. მას შემდეგ, რაც ჩემი ოჯახი შევქმენი, იგივე გაგრძელდა, ბადრი ყველანაირ სიტუაციაში გვერდით მედგა და მხარს მიჭერდა. ძალიან ძნელია ქალისთვისაც და მამაკაცისთვისაც, შექმნას წარმატებული კარიერა, თუ მას ოჯახი არ უდგას გვერდით, მით უმეტეს, ისეთ ბრძოლაში, როგორიც წინა წლებში გავიარე. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ისინი ჩემ წინააღმდეგ იყვნენ, ხელისუფლებაში ჩემი ყოფნის დროს მოხდა. მაშინ ხშირად ვკამათობდით იმაზე, შეიძლება თუ არა უფრო მეტის გაკეთება. ყველას აწუხებდა ის, რაც ქვეყანაში ხდებოდა და ვცდილობდით, ხელისუფლებაზე ზემოქმედების მეტი ბერკეტი მქონოდა, მაგრამ არ გამომდიოდა, რასაც ჩემი ოჯახი ძალიან განიცდიდა. ერთი ამბავი მახსენდება, ჩემი უმცროსი ბიჭი, რეზი, 13 წლის იყო, როდესაც გადადგომასთან დაკავშირებით განცხადება გავაკეთე. ის ჩემი კაბინეტის შესასვლელთან, კუთხეში იჯდა და უყურებდა, როგორ შედიოდნენ და გამოდიოდნენ. სანამ კაბინეტიდან გამოვიდოდი, სააკაშვილმა დამირეკა და მთხოვა, ეს არ გამეკეთებინა, მაგრამ გადაწყვეტილება უკვე მიღებული მქონდა. კარი გავაღე თუ არა, ჩემი შვილის დაფეთებული თვალები დავინახე... ბრიფინგის დასრულების შემდეგ მოვიდა და ჩამეხუტა, დედა, მთელი ამ ხნის განმავლობაში დაძაბულობისგან მუშტებშეკრული ვიჯექი, ნეტავ არ გადაიფიქროსო. ასე იყო მანამდეც და მერეც. ჩემს შვილებსა და მეუღლეს სწამთ, რომ ჩემი პრეზიდენტობა მათთვის და მათი დედისთვის კი არა, ქვეყნისთვის არის კარგი და ამიტომაც არიან ასეთი მოტივირებულნი...
- შვილები რამდენად გახსნილი არიან თქვენთან?
- ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, ვსაუბრობთ ყველაფერზე, თუმცა ამ ბოლო დროს ჩვენს ოჯახში ყველაზე დიდი ადგილი პოლიტიკურ საკითხებს, კონკრეტულად საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადებას ეთმობა.
- უფროსი ვაჟი ანზორი ძალიან აქტიურობდა 26 მაისის მოვლენების დროს, ახლაც ჩართულია ამ პროცესებში?
- პირდაპირ არა, მაგრამ მორალურად და ემოციურად სრულ მხარდაჭერას ვგრძნობ მისგან. პატარაც არ არის და ძალიან კარგი ანალიზის უნარი აქვს. თავის მეგობრებსა და თანატოლებში თავისი სიტყვა ეთქმის.
- ოქტომბრის არჩევნებამდე ძალიან აქტიურობდა პრემიერ-მინისტრის ვაჟი ბერა. ითქვა ისიც, რომ მის თანატოლებს შორის, სწორედ მისმა პერსონამ ითამაშა დიდი როლი ''ოცნების'' გამარჯვებაში...
- ძალიან დასაფასებელია, რომ ბერა მაშინ მამამისის გვერდით იდგა, მაგრამ ჩემი შვილი, ანზორიკო, ტყვიების ქვეშ იდგა ჩემ გამო და რა ვქნათ, თუ ვერ იმღერებს. მას მუსიკალური ნიჭი არ აღმოაჩნდა. ყველა ადამიანს თავისი გზა აქვს. ჩვენ ბრძოლის სხვა მეთოდი გვქონდა. 6 მაისს, როდესაც ტყვიები დაგვიშინეს, მთელი ჩემი ოჯახი ჩემ გვერდით იყო. ანზორიკოს საძილე არტერიასთან ახლოს ტყვია მოხვდა და ნატყვიარები ეტყობდა მის მანქანასაც... ასე რომ, ყოველ წუთს ვგრძნობ ორივე შვილის თანადგომას.

ლალი პაპასკირი
ჟურნალი ''რეიტინგი''


 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 16 /
marina
მარგველაშვილი თუ გაიმარჯვებს ნაციონალები მოვლენო_ ამბობს ქალბატონი ნინო. მაგრამ განა წასულები არიან სადმევინც დაიჭირეს ისევ ამართლებენ და გარეთ უშვებენ, ეკონომიკა ჩააგდეს. გლეხებს ფული დაურიგეს(ასე ვთქვათ თავი მოუკქონეს) მაგრამ მოსავალს რომ მოიყვანენ სად გაყიდონყველაფერი დადგმული სპექტაკლი მგონია. როგორც ეტყობა ივანიშვილს მობეზრდა ამდენი მუქთახორის რჩენა. აიკრავს ახლა გუდა-ნაბადს და მიხედავს თავის მილიარდებს. დაინახა, რომ ხალხი ყოველთვის უმადური იქნება მთელი თავისის მილიარდებიც რომ დაურიგოს!
14:29 / 01-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ჯაბა
ქალბატონო ნინო, ამბობთ "ოჯახის ყველა წევრს ყოველთვის გვესმოდა ერთმანეთის და ერთმანეთის აზრებს პატივს ვცემდით"-ო. ქართველი ხალხის რომ არ გესმოდათ? ორჯერ იყავით პრეზიდენტი და რა გააკეთეთ? სააკაშვილს "გაუპრავეთ" წაგებული არჩევნები. გაიგეთ, რომ ჩვენ ბელადი არა გვჭირდება, ქვეყანა უნდა იმართოს კანონებით, თქვენი ადგილი უნდა იცოდეთ, თქვენზე სუფთა ხელებიანებიც და რადიკალებიც გვყავს ქვეყანაში, რომელთაც თქვენნაირი ამბიციები არა აქვთ. თქვენი რეიტინგი 5 %-ს არ აღემატება და რისი ან ვისი იმედი გაქვთ?
11:14 / 01-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ქეთინო
2007 წლიდან 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ვერცერთმა ოპოზიციურმა პარტიამ ვერც ცალკე და ვერც გაერთიანებით ვერ მოახერხეთ ნაციონალების მოშორება , რაც ბიძინამ გააკეთა 1 წელიწადში და ეხლა როცა ნაციონალები აღარ არიან სათავეში ეხლა გინდათ თავის წამოჩენა და პირველობა
10:45 / 01-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მეგგზური
ქალბატონო ნინო, ამომრჩეველი არ არისიმდენად მიამიტი, როგორც თქვენ გგონიათ,საქმე იმაშია რომ თავის ქებას ფასი არაქვს,იქეს და იქეს ოცნებისტება თავი და რამე სასიკეთო გამოვიდა ამ საქმიდან??? ხალხს უნდა საქმეები გაკეთებული, რა შეგიძლიათ თქვათ?? ხომ იყავით 4-წელი მეორე პირი ქვეყანაში?? დავუშვათ ბევრი უფლებები ქვეყნის მართვაში არ გქონდათ მაგრამ რატომ არ მიიღო თქვენმა პარლამენტმა ის აუცილებელი კანონები?? თქვენ ე.ი არ შეგიძლიათ გუნდური მოღვაწეობა, არ შეგიძლიათ ოპოზიციონერობა,არ იცით ვისზე დადოთ ფსონი, ანუ ის რომ პუტინის ლაქიობა გამსვლელ ქულებს არ მოგცემთ. 26-მაისის ტრაგედია მთლიანად თქვენი ბრალია, ისევე როგორც 9-აპრილი მრგვალების, ეხლაც ვერაფერს ვერ ეუბნებით ხალხს, არ გაქვთ პროგრამა როგორ უნდა იმართოს ქვეყანა, რა უნდა ეკონომიკის წარმატებას და ა.შ. და ბოლოს ქართველები არასოდეს არ გაპატიებენ თქვენი მამის საქმეებს ანუ თქვენს გენებს არ გაპატიებენ. თუ თქვენ ის დაპირებული მილიონი ლარის მიღებაზე გაქვთ ორიენტირი მაშინ თქვენი მიზანი გასაგებია.
01:40 / 01-08-2013
გამოხმაურება / 0 /
alex
ჰო,მჯერა ნინო შენი : შენ არასოდეს ყოფილხარ სააკაშვილის თანამოაზრე! შენ ხომ თითქმის აკვნიდან,დაბადებიდან,შენმა ,,დისიდენტმა,, მამიკომ,ანზორიე ბურჯანაძემ, მხოლოდ ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და მერაბ კოსტავას თანამოაზრედ გაგზარდა! მიდი რა ერთი,ატყუე მეწისკვილეები,თანაც თერჯოლაში!
22:42 / 31-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ლალა
მე მწამს ბურჯანაძის და ვაძლევ ხმას ,ეგ უნდა იყოს პრესიდენტი,ხალხი თუ ოცნებას გვერდს აუვლის ბურჯანაძე გაიმარჯვებს და დასრულდება ეს უსახური კოჰაბიტაცია და მიხედავს დამნაშავე ნაცებს
22:05 / 31-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS