ნიკოს მეგობარი და რეჟისორი ავთო ვარსიმაშვილი ნინას იმიტომ გაუნაწყენდა, რომ მან ეს ფილმი ბატონ ავთოს არ გადააღებინა. მეტიც, როგორც ქალბატონმა ნინამ აღნიშნა, გაბრაზებულ ავთოს ნინასთვის ისიც უთქვამს, ფილმისთვის საჭირო მასალის გამოყენების უფლებას არ მოგცემო. ამაში იმ სპექტაკლების ჩანაწერები იგულისხმებოდა, რომლებიც ავთო ვარსიმაშვილის რეჟისორობით იყო დადგმული და სადაც ნიკო გომელაური მონაწილეობდა. ამის შემდეგ ნინამ იურისტთან გაარკვია თავისი უფლებები და ფილმისთვის აუცილებელი კადრები კანონით მინიჭებული ქრონომეტრაჟით გამოიყენა.
ქალბატონი ნინა ''რეიტინგთან'' ინტერვიუში იმასაც ამბობს, რომ მისთვის ავთოს გადაღებული ფილმები მიუღებელია, ამით კი ყველაფერია ნათქვამი და იმის მიზეზიც გარკვეულია, თუ რატომ გადაწყვიტა გომელაურის ქვრივმა ფილმის დამოუკიდებლად გადაღება, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ზუსტად იმ პერიოდში ბატონი ავთო იღებდა ფილმს ''მიდი, ძმაო, მიდი'' , რომელიც ნიკო გომელაურს ეძღვნებოდა.
მსახიობის ქვრივის თქმით, ამის შემდეგ რეჟისორმა მას ''თავისუფალი თეატრის'' კარი დაუხურა, რაშიც ის იგულისხმება, რომ ბატონი ავთო ნინას აღარ აძლევს უფლებას, მისი ბაღის აღსაზრდელები ''თავისუფალი თეატრის'' სცენაზე დააყენოს და წლის ბოლოს ტრადიციული ზეიმის მაგივრად, სპექტაკლები ბავშვების მონაწილეობით თეატრის სცენაზე წარადგინოს. ამავე ინტერვიუში ნინა იმ სიკეთეზეც საუბრობს, რომელიც ავთო ვარსიმაშვილმა მას და ნიკოს გაუკეთა და იხსნებს იმ პერიოდს, როცა რეჟისორმა შეყვარებულ წყვილს თეატრის საგრიმიოროში ცხოვრების უფლება მისცა.
იქიდან გამომდინარე, რომ არ გვინდოდა ჩვენი მკითხველისათვის ამ კონფლიქტის მხოლოდ ერთი მხარე წარმოგვეჩინა, ქალბატონი ნინას ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ ავთო ვარსიმაშვილს დავუკავშირდით. მან ამ თემაზე ვრცლად საუბრისგან თავი შეიკავა და მხოლოდ იმ კომენტარით შემოიფარგლა, რომელსაც სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ.
- მე არ ავყვები ნინას და უბრალოდ ვიტყვი, რომ ჩემი და ნიკოს ურთიერთობა ძალიან ფაქიზი იყო და დამყარებული გახლდათ ურთერთგაგებასა და სიყვარულზე. ეს ძალიან ბევრს მის სიცოცხლეშივე არ მოსწონდა და ცდილობდნენ, ხელი შეეშალათ ჩვენი მეგობრობისთვის.
- ''ბევრში'' ნინაც იგულისხმება?
- დავასრულებ, თუ შეიძლება... ასევე ბევრი ცდილობდა გაეფუჭებინა ჩემი და ნიკოს მეგობრობა, მაგრამ ეს არ გამოუვიდათ. იმედია, ამას მისი გარდაცვალების შემდეგაც ვერ მოა-ხერხებენ. რაც შეეხება ქალბატონ ნინას, ნიკო თავის ცოლთან მიმართებით ამ ფრაზას - ''ნინა, ნუ მარცხვენ'' - ხშირად იმეორებდა და იმასაც სთხოვდა, რომ გარდაცვალების შემდეგ ნინა მოქცეულიყო ისე, რომ ნიკო არ შეერცხვინა. ძალიან ვწუხვარ, რომ ნინა არც მაშინ უსმენდა ნიკოს და არც ახლა ისმენს მის შეგონებას. ესაა ჩემი კომენტარი ამ თემაზე. დიდი მადლობა...
ამის შემდეგ ბატონმა ავთომ ტელეფონი გათიშა. შეიძლება, მასთან დეტალებზე საუბარი საინ-ტერესო ყოფილიყო, მაგრამ ''თავისუფალი თეატრის'' სამხატვრო რეჟისორის ამგვარი პოზიციაც საზოგადოებისათვის გასაგები უნდა იყოს.
იხილეთ ნინა ჩოდრიშვილის ინტერვიუ
სალომე დადიანი
ჟურნალი ''რეიტინგი''