რამდენიმე კვირის წინ გავიგეთ, რომ ია კონკურენტ არხზე დავით გოგიჩაიშვილის გუნდმა სერიალ ''შუა ქალაქში'' მიიწვია და ამ ინფორმაციის გადამოწმებაც ვცადეთ, თუმცა მაშინ იამ გვითხრა, რომ ჯერ მხოლოდ მოლაპარაკების დონეზე იყო საქმე და სერიალში არ გადაუღიათ, თუმცა დაგვპირდა, რომ როცა ეს მოხდებოდა, პირველად ''რეიტინგს'' მისცემდა კომენტარს.
- ია, ვინ მიგიწვია ''შუა ქალაქში'' ?
- სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, ვისი იდეა იყო, ჯერ ერთ სერიაში გადამიღეს. ჩემი დატვირთული გრაფიკის გამო ამ სერიალის ხშირი მაყურებელი არ გახლავართ, თუმცა რამდენიმე სერია ნანახი მქონდა.
- კასტინგი გაიარე თუ როლზე მაშინვე დაგამტკიცეს?
- კასტინგი არ გამივლია. როლზე სპორტული გოგონა სჭირდებოდათ, ალბათ მე ამიტომაც დამიკავშირდნენ.
- შენი როლის შესახებ მოგვიყევი...
- ალბათ ნახეთ კიდეც. რთული არაფერი იყო. ვიყავი გოგონა, რომელიც დარბაზში ვარჯიშობდა და ბიჭები მის ''დაკერვას'' ცდილობდნენ, მაგრამ არაფერი გამოუვათ, რადგან სპორტსმენი აღმოჩნდება.
- რა ხდებოდა გადაღებებზე, ადვილად გაართვი თავი?
- არ ვიცი, როგორ გავართვი თავი, ეს ალბათ ''შუა ქალაქის'' გადამღებ ჯგუფს და მაყურებელს უნდა ვკითხოთ, თუმცა ერთი დუბლით ჩავწერეთ გადაღება ძალიან საინტერესო იყო. მსგავსი ილეთი, გამოგიტყდებით და, არასოდეს შემისრულებია, მაგრამ ზოგადად სპორტის დიდი გულშემატკივარი ვარ, მათ შორის ჭიდაობისაც და შევეცადე. სანამ გადაღებაზე მივიდოდი, მეგობარმა მოჭიდავეებმაც მომცეს რამდენიმე რჩევა. ერთიც მინდა აუცილებლად აღვნიშნო, გუნდი, რომელიც იქ დამხვდა, იმდენად მეგობრული იყო, რომ თავი უცხოდ არ მიგრძნია, დიდი მადლობა თითოეულს.
- ''კომედი შოუს'' სკეტჩებშიც მონაწილეობ, ადვილად დაუთმო შენი თავი ''რუსთავი 2'' -ის გუნდმა კონკურენტ ტელევიზიას?
- დათმობა ცოტა გადამეტებული ნათქვამია ალბათ, ეს ჩემი გადასაწყვეტი იყო. მიუხედავად ამისა, მიშას დავურეკე და წინასწარ გავაფრთხილე.
- შენი დის ქმარი, მიშა ანდღულაძე, როგორ შეხვდა ამ ამბავს? რაიმე რჩევა ხომ არ მოუცია?
- გაეცინა და წარმატებები მისურვა (იცინის).
იასთან საუბრის შემდეგ მიშა ანდღულაძეს დავუკავშირდით.
- მიშა, შენი ცოლისდა ია ''შუა ქალაქის'' ერთ-ერთ სერიაში გადაიღეს.
- გადაიღეს უკვე?.. არ ვიცოდი.
- რა რეაქცია გქონდა, როდესაც გაიგე, რომ კონკურენტებმა თქვენი მსახიობი სერიალში გადასაღებად მიიწვიეს?
- მივესალმები, რომ ასეთი გოგო გვიპოვია. ჩემი ცოლისდა თუ კონკურენტებსაც მოეწონებოდათ, არ მეგონა.
- ცნობილია, რომ თქვენს გუნდებს შორის არ არის კარგი დამოკიდებულება, ''რუსთავი 2'' -ის და დავით გოგიჩაიშვილის გუნდს ვგულისხმობ, და ეს ნაბიჯი გარკვეული რისკი არ იყო მათი მხრიდან?
- არ ვფიქრობ, რომ კარგი ურთიერთობა არ გვაქვს. უბრალოდ, დავით გოგიჩაიშვილთან დღემდე გვაქვს პრობლემები გადაცემების რეიტინგებსა და მიჩ სემელთან დაკავშირებით, თორემ დანარჩენ გუნდთან ვმეგობრობთ.
- გამოდის, რომ დავით გოგიჩაიშვილმა ცოლისდა წაგართვა.
- ცოლისდის გადასაწყვეტია, საით მოეწონება, თუმცა არა მგონია, ეგ საშიშროება იდგეს და იამ ''ვნებების ჭუჭრუტანა'' მიატოვოს.
- ია ისევ მიიღებს თქვენს სკეტჩებში მონაწილეობას?
- რა თქმა უნდა, ახალი სეზონიდან ყველაფერი ჩვეულებრივად გაგრძელდება.
სალომე დადიანი
ჟურნალი ''რეიტინგი''