14 ივლისი, 2015
თაკო გაჩეჩილაძის გული თავისუფალია ''მის შემოთავაზებაზე ძალიან გამეცინა''
ყველაფერს დაემატა დიდი შრომა, ღამეების თენება და ნერვების ხარჯვა ''ერთი ერთშის'' მონაწილე თაკო გაჩეჩილაძე უკვე სამჯერ გახდა პროექტის ლიდერი. მომღერალს პროექტსა და პირად ცხოვრებაზე ვესაუბრეთ.

- თაკო, ელოდი, რომ ასე კარგად მოახერხებდი სხვადასხვა მომღერლის როლის მორგებას?
- ჩემს შესაძლებლობებში დარწმუნებული რომ არ ვყოფილიყავი, "ერთი ერთში" მონაწილეობაზე უარს ვიტყოდი. ეს ურთულესი პროექტია, სადაც უნდა იმღერო, იცეკვო და მსახიობობაც კარგად უნდა შეძლო. რომ დავთანხმდი პროექტში მონაწილეობას, იმას ნიშნავდა, რომ საკუთარი ძალების მჯეროდა და ამ ყველაფერს დაემატა დიდი
შრომა, ღამეების თენება და ნერვების ხარჯვა. შესაბამისად, შედეგიც მივიღე. სხვანაირად წარმოუდგენელია წარმატების მიღწევა.

- ყველაზე რთული რომელი ნომერი იყო?
- პლავა ლაგუნა ჩემთვის ურთულესი დავალება იყო.

- ამ დავალებას ისე კარგად გაართვი თავი, ბევრი ამბობდა, შეუძლებელია, ასე კარგად მღეროდეს ადამიანიო...
- არ მწყენია, მითქმა-მოთქმა რომ მოჰყვა ამ ნომერს. სიმღერა მართლა იმდენად რთულია, ძალიან ბევრისთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება, ის ადამიანმა შეასრულოს. კონსერვატორია მაქვს დამთავრებული, მაგრამ საგუნდო-სა-დირიჟორო ფაკულტეტზე ვსწავლობდი. ოპერის ვოკალური კურსები არ გამივლია. ერთი კვირა, რაც კონკურსმა საშუალება მოგვცა, რომ გვემუშავა, ძალიან ცოტა იყო ნომრის მოსამზადებლად. ძნელია, ასეთი ურთულესი არია ერთ კვირაში გააკეთო. მადლობა ღმერთს, ჩემს მუსიკალურ გენეტიკას და მშობლებს, რომ ეს მოვახერხე.

Rating





















- დიდი მოწონება დაიმსახურა კონჩიტას ნომერმაც. ამ ტურში ალბათ უჩვეულოდ გრძნობდი თავს.
- უჩვეულო ამ ნომერში ის იყო, რომ წვერი უნდა გამეკეთებინა. რა თქმა უნდა, დისკომფორტი მქონდა სიმღერისას, რადგან ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი, როგორია წვერის ტარება. მაგრამ იმდენად სასაცილო და სახალისო იყო, რომ ამასაც აღარ ვაქცევდი ყურადღებას. ეს სიმღერა ძალიან მომწონს, კონჩიტაც არაჩვეულებრივად ასრულებს. "ევროვიზიაზე" გაიმარჯვა. ძალიან გამიხარდა, ეს მომღერალი რომ შემხვდა და ბედნიერი ვარ, რომ მესამედ გავხდი ლიდერი. ანრი ჯოხაძე მეუბნებოდა, რეკორდი მოხსენი ლიდერობაშიო.

Rating































- გამარჯვების სურვილი, ალბათ, დიდია.
- როდესაც ადამიანი კონკურსში მონაწილეობს, გამარჯვებაც უნდა. კონკურსი იმისთვისაა, რომ იბრძოლო და ვიღაცას მოუგო. მე არ ვარ დამწყები მომღერალი, რომ მარტო მონაწილეობით ძალიან ბედნიერი ვიყო. რა თქმა უნდა, უბედნიერესი ვარ, რადგან პროექტი ჩემთვის დიდი გაკვეთილი აღმოჩნდა, უდიდესი გამოცდილება მომცა. მადლობა გვანცა კილასონიასა და ''იმედს''.

რომ გითხრათ, გამარჯვება არ მინდა-მეთქი, ძალიან დიდი ტყუილი იქნება. "ფეისბუქზე" გამოხმაურებების, სტატიებიდან და ქალაქში საუბრებიდან გამომდინარე ვხვდები, რომ ჩემ მიმართ ყველა დადებითადაა განწყობილი. რაც ამ პროექტის განმავლობაში სითბო ვიგრძენი, ხანდახან მგონია, გული სიყვარულს ვერ დაიტევს-მეთქი. მაგრამ თუ გინდათ, რომ თაკოს საოცარი შრომა დაუფასდეს, დაუმესიჯეთ.

- როგორ ფიქრობ, მთავარი კონკურენტი ვინაა?
- ამ კითხვას ბევრი მისვამს და ყველას ვეუბნები, რომ არავინ. ამას ცუდი გაგებით არ ვამბობ, იმიტომ კი არა, რომ ვერავის ვხედავ ჩემს კონკურენტად, ყველა მონაწილე უნიჭიერესია და წელს პროექტის უძლიერესი შემადგენლობაა. ბრძოლა ძალიან დაძაბული და რთულია. რვავე მონაწილე ერთმანეთის კონკურენტია, მაგრამ ერთი რომ ამოვირჩიო და ის დაგისახელოთ, ასეთს ვერც ერთს ვერ ვხედავ.

- პროექტის მსვლელობისას, ალბათ, თაყვანისმცემლებმაც მოიმატეს.
- პროექტის განმავლობაში და მანამდეც თაყვანისმცემლების სიმცირეს არ ვუჩიოდი, მაგრამ ახლა ისეთი დაკავებული ვარ, ჩემს დასა და მშობლებს ვეღარ ვნახულობ ძველებურად. სამწუხაროდ, მეგობრებსაც იშვიათად ვხვდები. ვამბობ, პროექტი რომ დამთავრდება, გაძლიერებულად დავისვენებ-მეთქი.

- სად გეგმავ დასვენებას?
- ზოგადად, პასიური დასვენება მიყვარს. ჩემთვის დასვენება არაა ღამეების გათენება, კლუბებში სიარული და დიდი ენერგიის დახარჯვა. მიყვარს დასვენება ბუნებაში, სადაც მშვიდი გარემოა და წიგნს წაიკითხავ, მუსიკას მოუსმენ და ხმაური არ იქნება. სად წავალ დასასვენებლად, არ გადამიწყვეტია, მაგრამ დრო ჯერ მაქვს მოსაფიქრებლად.

- საინტერესოა, როგორ დამთავრდა ამბავი თაყვანისმცემელთან, რომელიც გწერდა, რომ ''ფერარის'' გჩუქნიდა, გული არ გწყდება, ასეთ საჩუქარზე უარი რომ თქვი?
- მგონია, როცა ადამიანი რამის ჩუქებას აპირებს, ამას არ დამიწერს. თუ რამის ჩუქება გინდა, მიდი და აჩუქე. ის ადამიანი იმდენად სასაცილო იყო, რომ მიმოწერა "ფეისბუქზე" გამოვაქვეყნე. მის შემოთავაზებაზე ძალიან გამეცინა. მეგობრებმაც ბევრი ვიცინეთ და ვხუმრობდით. მისთვის პასუხიც არ გამიცია.

- შენს ბევრ თაყვანისმცემელს, რასაკვირველია, აინტერესებს, გყავს თუ არა შეყვარებული და რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში.
- სამწუხაროდ, არავინ არაა ჩემს ცხოვრებაში. მეორე ნახევარზე საუბარიც ზედმეტია. უბრალოდ, ფლირტის დონეზეც არავისთან მაქვს ურთიერთობა. ჩემი გული არაა დაკავებული და არავინ მიყვარს. როგორც უკვე გითხარი, ამისთვის დრო საერთოდ არ მრჩება.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ლელა
თან გული უნდა დახატოთ.
12:58 / 15-07-2015
გამოხმაურება / 0 /
გოკიელი
ყველაზე კარგად გამოუვიდა კონჩიტა, მოკლედ თაკო ჩვენი კონჩიტაა, ევროპელები მადლობას გვეუბნებიან, ამიტომ ბევრი კონჩიტები თუ გვეყოლება ნატოში მიგვიღებენ მაგრამ ქართულ მენტალიტეტს უნდა დავემშვიდობოთ, მე არ მინდა ასეთი საქართველო, მე მინდა ჩემი მორალური ტრადიციული საქართველო.
11:39 / 15-07-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS