27 ივლისი, 2013
რატომ დაუპირისპირდა ავთო ვარსიმაშვილი ნიკო გომელაურის ქვრივს
თავისუფალ თეატრში კი იმიტომ აღარ დავდივარ, რომ ავთო ვარსიმაშვილი ჩემთან კონფლიქტშია, ჩემზე გაბრაზებულია და მე მისთვის „აღარ ვარსებობ“ წელს 12 ივლისს ნიკო გომელაური 43 წლის გახდებოდა. უკვე სამი წელია, ამ დღეს მისი თაყვანისმცემლები, უცნობები თუ ნაცნობები მის საფლავზე მიდიან და პატივს მიაგებენ მსახიობსა და პოეტს. ჩვენც გადავწყვიტეთ, მის მეუღლეს ნინა ჩოდრიშვილს შევხმიანებოდით და გაგვეგო, როგორ აგრძელებს ცხოვრებას ნიკოს გარეშე. ნინას 13 ივლისს სახლში ვესტუმრე. შევედი თუ არა, მისაღებ ოთახში კედლიდან ნიკოს ისეთმა სურათმა მომაპყრო მზერა,
მომინდა მივსალმებოდი... ისეთი შეგრძნება მქონდა, ცოტაც და საუბარში ჩაგვერთვებოდა. ნინასთან ინტერვიუ მეტად ამაღელვებელი აღმოჩნდა, მით უმეტეს, რომ მან პირველად „რეიტინგს“ უამბო იმ დაპირისპირებისა და კონფლიქტის შესახებ, რომელიც მასა და ავთო ვარსიმაშვილს შორის ჩამოყალიბდა.

- ჩემთვის ყოველი 13 აპრილი - ნიკოს გარდაცვალების დღე და 12 ივლისი - მისი დაბადების დღე - აღმოჩენებითაა სავსე. წელიწადის ამ ორ დღეს სხვადასხვა ასაკის უამრავი ადამიანი თავს იყრის ნიკოს საფლავზე. ისევე, როგორც პანაშვიდზე, პანთეონში დილიდან მსვლელობაა. წელს ასეთ ტრადიციას ჩავუყარე საფუძველი - იქ მოსულ ახალგაზრდებს ვუთხარი, შევწყვიტოთ ნიკოს ლექსების კითხვა, რომელიც თქვენ უკვე ძალიან კარგად იცით და ისედაც კითხულობთ, დღეიდან ნიკოს საფლავი გავხადოთ ასპარეზი თქვენი ნაწერების მსმენელზე აპრობირებისთვის, წაიკითხეთ ის, რასაც წერთ და რაც გეწერინებათ, ჩვენ კი მოგისმენთ-მეთქი. მინდა გითხრათ, რომ საოცრად კმაყოფილი ვარ ამ ნოვაციით, რადგან ყველას სჭირდება აუდიტორია, ვინც წერს, ან ლამობს წერას.
დიდი ბედნიერებაა, რომ ნიკოს სიტყვამ ამდენი ადამიანის გულისკენ მიმავალი გზა იპოვა. მე ვხედავ უდიდეს სიყვარულს ნიკოსადმი, ქუჩაში ხალხი რომ მხედავს, ჩვეულებრივად კი არ მელაპარაკება, თვალები ცრემლით ევსებათ ხოლმე. ნიკოს საღამოებს მართავენ მთელ საქართველოში, რუსეთში, საბერძნეთში...
- დღეს როგორ აგრძელებთ ცხოვრებას ნიკოს გარეშე?
- გვერდით არ მყავს ადამიანი, რომელთან ერთადაც მიხაროდა, მაინტერესებდა და მსიამოვნებდა ცხოვრება, რაც ძალიან ძნელია. ნიკოს პოეზიისადმი მზარდი ინტერესი მაძლევს იმის სტიმულს, რომ ბევრი და ბევრი გავაკეთო. ახლა ვმუშაობ ნიკოს აუდიოდისკზე, სადაც ნიკო მუსიკის გარეშე კითხულობს ლექსებს, ჰყვება რაღაც ამბებს, ხუმრობს სხვადასხვა თემაზე, კომენტარს უკეთებს ლექსებს... ამ ალბომში ჩვენი კლასიკოსების 126 ლექსი შევა ნიკოს შესრულებით... მგონი, გავახარებ მის ერთგულ მკითხველს.
- საყვარელი ადამიანის დაკარგვის შემდეგ მათი მეორე ნახევრები ამბობენ ხოლმე, სიზმარში მოდის ჩემთან და ამით დანაკლისს გარკვეულწილად მივსებსო...
- მე არ ვიცი, ეს როგორ გამომდის, მაგრამ რაღაცნაირად ჩავკეტე სიზმრის კარი, არ შემიძლია და არ მინდა ნიკოს სიზმარში ნახვა და არც ვნახულობ! ერთი-ორჯერ დამესიზმრა, ვიფიქრე, ჩემი ტვინის რომელიღაც კარი დამრჩა ღია-მეთქი და ისიც მაშინვე ჩავრაზე. ნიკოს სიზმარში ნახვა არ მინდა, არ მინდა! ვიტანჯები... (თვალები აუცრემლიანდა - ავტ.). ვიცი, გამოზომილად ერთ დღეს რამდენ ლექსს უნდა მოვუსმინო, რამდენ ხანს უნდა ვიფიქრო მასზე, იმ კონკრეტულ დროს თუ გადავაცილე, თუ მეტად გადავერთე ფიქრებში, თუ ერთით მეტი ლექსი წავიკითხე, ვფორიაქდები და მიჭირს...
- რაც შეეხება სპექტაკლებს, რომლებშიც ნიკო თამაშობდა, გინახავთ მას შემდეგ, რაც ნიკო აღარაა?
- არა, არ მინახავს. არავინ იფიქროს, თავისუფალ თეატრში იმიტომ არ დავდივარ, რომ იქ ნიკო აღარ არის. ნიკოს უყვარდა თეატრი და როგორ შეიძლება, მე ცუდი დამოკიდებულება მქონდეს მის მიმართ. თუ ვინმეს რამე კარგად გამოუვა, თუ ვინმე მასზე უკეთ შეასრულებს როლს, ეს ნიკოს გაახარებდა. ეს ფაქტი მეც სიხარულის მეტს არაფერს მომიტანს, იმიტომ კი არა, რომ კარგი ადამიანი ვარ, უბრალოდ, ვარ ჩვეულებრივი და არა ბოროტი. თავისუფალ თეატრში კი იმიტომ აღარ დავდივარ, რომ ავთო ვარსიმაშვილი ჩემთან კონფლიქტშია, ჩემზე გაბრაზებულია და მე მისთვის „აღარ ვარსებობ“ .
- რატომ, რა არის ამის მიზეზი?
- ავთოს აზრით, მე არ მქონდა უფლება, მის გარეშე ნიკოზე ფილმი გამეკეთებინა, როგორ გავბედე და როგორ გადავიღე ფილმი „ნიკო... აპლოდისმენტები“ ავთოს გარეშე. „პარამაუნტ პიკჩერსმაც“ რომ შემოგთავაზოს, მაინც არ უნდა გადაიღო ფილმი ჩემ გარეშეო, - ასე განმიცხადა ავთო ვარსიმაშვილმა. არადა, ზოგადად, მე არ მომწონს ავთოს გადაღებული ფილმები.
- სპექტაკლები?..
- სპექტაკლები გამოსდის. ისევე, როგორც ყველას, მასაც რაღაც გამოსდის სპექტაკლში, რაღაც - არა. მისი ფილმები კი ერთმნიშვნელოვნად მიუღებელია ჩემთვის. „ნიკო... აპლოდისმენტების“ გამო ავთო სერიოზულად დამიპირისპირდა, მეტიც, ერთ მომენტში ასეთი რამ მითხრა: „არ მოგცემ უფლებას, გამოიყენო სპექტაკლები შენს ფილმშიო“ . წავედი იურისტთან, გავარკვიე ჩემი უფლებები და მას შემდეგ იმ ქრონომეტრაჟით გამოვიყენე საჭირო მასალა, რაც კანონით მეკუთვნოდა. როდესაც მე ნიკოს თაყვანისმცემელმა მომცა ფული და მითხრა, რომ ნიკოს სახელზე რაღაც გამეკეთებინა, გადავწყვიტე გადამეღო ფილმი. იმ მომენტში ავთო იღებდა თავის ვითომდა, არაკომერციულ ფილმს „მიდი, ძმაო, მიდი“ . მე ამის შესახებ მისგან არაფერი ვიცოდი. ხომ შეი-ძლებოდა ავთოს დაერეკა და ეთქვა, ან სულაც მოსულიყო სტუმრად ყავაზე და ჩავეყენებინე საქმის კურსში, რომ იღებდა ფილმს, რომელსაც ნიკოს უძღვნიდა. ფილმისთვის რეკვიზიტი რომ მთხოვეს, უსიტყვოდ გავატანე, ისიც არ მიკითხავს, რაში უნდა მიეღო მონაწილეობა საბრალო ნიკოს ქუდსა და ჟაკეტს. შემდეგ გავიგე, რომ ფეხბურთის ფედერაციამ გადაურიცხა ავთოს ფული ნიკო გომელაურზე ფილმის გადასაღებად, ბოლოს კი აღმოჩნდა, რომ გამოვიდა ფილმი, რომელიც მიუძღვნა ნიკოს. ცოტა ხანში ტელევიზიით გავიდა სიუჟეტი იმის შესახებ, რომ ნიკოზე ფილმის გადაღებას ვაპირებდი, ეს უნახავს გია ყანჩელს, ბელგიიდან დამირეკა და მითხრა, რომ დიდი სურვილი ჰქონდა ნიკოს ფილმისთვის მუსიკა შეექმნა უსასყიდლოდ და სპეციალურად ამისთვის საქართველოში ჩამოვიდოდა. ამ საუბრის დასრულებიდან ხუთ წუთში ტელეფონზე გაისმა ავთო ვარსიმაშვილის ზარი და მისაყვედურა, მე ფილმის ამბავს ტელევიზიით უნდა ვიგებდე? ჩემგან არანაირი მხარდაჭერა არ გექნებაო. მეწყინა ცრემლებამდე... როგორია, რომ ჩემთვის უცნობი გია ყანჩელი თავისი ინიციატივით მიდგება გვერდში და ამ დროს ავთო ასეთ პრეტენზიას მიყენებს და საქმის გარ-თულებას მპირდება. ხელოვანი ვერ იფრენს, თუ ის დამძიმებულია პიროვნული უარყოფითი თვისებებით და ამიტომაც ის მეტად შესაცოდია. ნეგატიური მრწამსით დამძიმებული სანტექნიკოსი მილებს მაინც გადააბამს, მაგრამ ხელოვანი, რომელიც ვარსკვლავებს უნდა სწვდებოდეს, რათა რაიმე ღირებული შექმნას, მორალზე და სულიერებაზე უნდა იყოს აქცენტირებული. ყველას გვაქვს ნაკლი და ყველამ ჩვენს თავს უნდა მივხედოთ, სხვის დარიგებას ჯობს, საკუთარ უარყოფით მხარეს გავუმკლავდეთ, შევაფასოთ მაინც ობიექტურად. ვიცი, რომ ზოგჯერ სიჩუმე ღალატის ტოლფასია, მე კი ავთო არ მემეტება ღალატისთვის.
- ავთოს წყენის მიზეზი გასაგებია, მაგრამ მას შემდეგ ხომ დრო გავიდა, არ დალაგდა თქვენი ურთიერთობა? არ გადაიარა წყენამ?
- რაც შეეხება წყენის გადავლას, მას არა, მაგრამ მე გადამიარა. წყენამ იმ საოცარი ფენომენის გამო გამიარა, რომელსაც ღმერთისგან ბოძებული სიყვარული ჰქვია და რომელიც სრულიად დაუსაბუთებელია. რატომ შეიძლება გიყვარდეს ადამიანი, თუ ის არ მოგწონს? პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, ავთო არ არის „ჩემიანი“ , მაგრამ მიყვარს და გული მეტკინება, რომ რაიმე ცუდად ჰქონდეს ცხოვრებაში.
Rating
- 12 ივლისს ნიკოს საფლავზე უამრავი უცნობი ადამიანი იყო, ავთო ვარსიმაშვილი არ მოსულა? ვინმესგან მაინც არ გაგიგიათ, რომ იქ იყო მისული?
- სულ ვფიქრობდი, ვთქვა ეს ამბავი, თუ არ ვთქვა, მაგრამ რადგან შეგხვდით, ბოლომდე ვიტყვი... თუ ხმას არ ამოვიღებდი, მაშინ რაღატომ დაგთანხმდით ინტერვიუზე? ძალიან არასასიამოვნოა, როცა მესმის, რომ თურმე ავთოს ნიკოს საფლავიც არ მოსწონს. საფლავი არის ძალიან სადა, არ გავაკარე არანაირი მარმარილო, ალეგორიები, რაშები. იქ გახლავთ ქართული ქვა და უბრალო ჟანგიანი ჯვარი.
- რატომ მოიქეცით ასე?
- ნიკოს პოეზია და ლექსები ამ კითხვაზე კარგად პასუხობენ. უბედურება ისაა, რომ ავთოს ვითომდა, ყველაზე საყვარელი ლექსი - თბილი და ლირიკული, ნამდვილად ვერ გადმოსცემს ნიკოს პიროვნების არსსა და საფუძველს. უნდა იცოდე, რა არის პოეზია, რას ნიშნავს მეტაფორა და რა არის ფასეული ფაბულაში. რითმა, რაც უნდა კარგად იყოს ის მორგებული, სულაც არ ნიშნავს პოეზიას! აი, ეს სტროფები კი უდავოდ სადა სასაფლაოს გაგაკეთებინებს უკვდავების პანთეონში: „...რამდენი სახე, იმდენი სევდა ჩაბუდებულა ჩვენს ნაღრძობ ტვინში
და ნაკუწ-ნაკუწ სიწრფელეს ხევდა ამპარტავნების შიშველი თიში...“
ეს არის წმინდა მეტაფორა და ნამდვილი პოეზია, რომელიც სტრიქონებს მიღმა ბევრს ამბობს ავტორზე. ამას თუ ჩასწვდები, საფლავს ატრიბუტიკით არაფრით არ გაალამაზებ. გარდა საფლავისა, ავთოს არ მოსწონს ფილმი „ნიკო... აპლოდისმენტები“ . რამდენიმე ადამიანმა მითხრა, ავთოს ველაპარაკეთ და გვითხრა, ნინას ფილმი არ გამოუვიდაო, ამის შემდეგ კი, სიმართლე გითხრათ, ფილმის ნახვის სურვილი დავკარგეთო. ვინც ეს მითხრა, მათ ახლახან ნახეს ეს ფილმი და აღფრთოვანებულებმა დამირეკეს, ერთხელ კი არა, ბევრჯერ ვუყურეთ, საოცარი, არასტანდარტული ფილმია, ვიტირეთ, ძალიან მოგვეწონაო. ამის შემდეგ რაღა უნდა ვილაპარაკო?!
მე მაქვს კერძო საბავშვო ბაღი. გარდა იმისა, რომ ჩემი შემოსავლის წყაროა, მე მისით სულიერად ვსაზრდოობ და ასევე ეს გახლავთ ჩემი ცხოვრების ნაწილი. იგი არ არის ჩვეულებრივი საბავშვო ბაღი - წლის ბოლოს ჩვეულებრივი ზეიმებით, სადაც გოგონები ლამაზ კაბებში არიან გამოწყობილი და ბიჭები გრძელ ლექსებს ამბობენ. მე თვეების განმავლობაში ვმუშაობ პიესებზე, ბავშვებს აქვთ როლები, იმახსოვრებენ ტექსტებს, მიზანსცენებს, მონოლოგებს, დიალოგებს და წლის ბოლოს თავისუფალი თეატრის სცენაზე წარვადგენდით ჩვენს ნამუშევარს. თეატრის გახსნის დღიდან ცხრა თუ ათი წლის განმავლობაში მქონდა ის ბედნიერება, რომ თავისუფალი თეატრის სცენაზე დამეყენებინა ჩემი ბავშვები. ზემოხსენებული ფაქტის შემდეგ კი ავთომ მე თავისუფალი თეატრის კარი დამიკეტა... მგონი, ამ ფაქტის შემდეგ ამ თემაზე საუბრის გაგრძელება საჭირო აღარ არის, მაგრამ გულწრფელად გეუბნებით, რომ მე ამას უკვე გულგარეთ ვამბობ, არც ერთი ჟურნალისტისთვის ეს არ მომიყოლია, რადგან გული მტკიოდა, ახლა გადამიარა და მხოლოდ სიბრალულს ვგრძნობ ავთოს მიმართ, გაბრაზებული აღარ ვარ. პირიქით, სითბო მახსოვს ავთოსგან და გულს მტკენს ემოციების შეუსაბამობა. მე და ნიკო გრიბოედოვის თეატრში რომ გადავედით საცხოვრებლად, ავთოსგან ავიღეთ ნებართვა. დაგვთანხმდა. კარგად მახსოვს, მეორე დილას ოდნავ გაიღო კარი და გამოჩნდა ავთოს ხელი, რომელმაც სუფთა ტუალეტის გასაღები ჩამაბარა, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ჟესტი იყო, მაშინ ჩემთვის ეს გახლდათ ღვთის წყალობა, რომელმაც დახმარების ხელი გამომიწოდა. გენიოსი ბროდსკი ამბობს, მთელი ცხოვრება საკუთარ თავს ვზრდიდი და ვასწორებდიო, - ეს იმას ნიშნავს, რომ სწრაფვა სრულყოფისკენ გვიანი არასდროს არ არის. ამას საკუთარ თავსაც ვეუბნები და ავთოსაც. რომ წაიკითხავს თქვენს სტატიას, იქნებ გამოადგეს შემდგომ ცხოვრებაში.
- ამ თემიდან დღევანდელობაზე გადავიდეთ, თქვენი შვილების შესახებ მოგვიყევით... როგორც ვხედავ, მარტო არ ხართ და შვილთან ერთად ცხოვრობთ...
- შვილთან - ელენესთან ერთად ვცხოვრობ, კარგი გოგოა, ბეჯითი და ლამაზი - იშვიათი თანხვედრაა, ხომ? ჩემი მეორე შვილი, მარიკა, ორსულადაა და მეორე ბავშვს ელოდება. მყავს შვილიშვილი ილო, თბილი და კარგი ბიჭი. ნიკოს ჯეჯიკოსგან დიდ სიყვარულს ვგრძნობ, ის ძალიან კარგ პიროვნებად ჩამოყალიბდა, გარდა იმისა, რომ ძალიან კარგი გარეგნობით გამოირჩევა, ინდივიდუალური შინაგანი სამყარო აქვს. ტასო - მამიკოს სიამაყე, ლამაზი და ჭკვიანი გოგოა, ჰყავს პატარა თინა, ჩემი უძვირფასესი არსება და ქმარი, რომელიც მეც და ნიკოსაც ძალიან მოგვწონს. სხვათა შორის, ტასომ ამას წინათ ასეთი სიტყვები მითხრა, შენ ჩემთვის მამიკო ხარო, ძალიან ბედნიერი ვიყავი იმ წუთას. ღმერთმა კარგად მიმყოფოს ეს ადამიანები, მაგრამ მე მაინც მარტო ვარ, ნიკოსთან ერთად სავსე ვიყავი ცხოვრებით, ახლა კი ცარიელი ვარ... „ეცოცხლაო, ყოფილიყო მთვრალი...“
- გავიგე, რომ ჯეჯიკოს აბიტურიენტობის ხარჯები თქვენ დაფარეთ და ძალიან ეხმარებოდით ბავშვს...
- კი, აბა სხვანაირად როგორ უნდა ყოფილიყო... ვეცადე, იმ მომენტში ნიკოს არყოფნა მატერიალურად მაინც შემემსუბუქებინა, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი. მთავარია, რომ ჯეჯის დარდი არ მაქვს... ნიკო დარდობდა მასზე, ბიჭია მაინც, ხომ იცით?!.
- ასეთი ძლიერი გრძნობა გაკავშირებდათ თქვენ და ნიკოს, რატომ არ გააჩინეთ საერთო შვილი?
- ძალიან რთული პირობები გვქონდა. იმ პერიოდში მე ქმართან გაშორებული ვიყავი, გვქონდა ბინა, რომელიც უნდა გაყიდულიყო და ამას დრო სჭირდებოდა, მე და ნიკო ვცხოვრობდით 6 კვადრატულ მეტრ საგრიმიოროში და მაინცდამიანც იმ პერიოდში დავფეხმძიმდი... ძალიან გამიკვირდა, თან შემეშინდა პირობების გამო, ჰოდა, ავდექი და უტვინოდ მოვიშორე. მას შემდეგ აღარც დავფეხმძიმებულვარ. ძალიან დიდ სინანულს ვგრძნობ ამ საკითხთან დაკავშირებით. სახელიც კი შერჩეული გვქონდა, ალექსანდრე ან ალექსანდრა უნდა დაგვერქმია, სქესიდან გამომდინარე... ვნანობ... მერე და მერე ნიკო მიმატებდა ხოლმე: „რა უქენი ჩვენს ალექსანდრე-ალექსანდრასო?“ ცუდია, უღმერთო და ტუტუცი ჩარევა.
- მაშინ, როცა თქვენ საგრიმიოროში ნიკოსთან ერთად ცხოვრობდით, სად იყვნენ თქვენი შვილები?
- ჩემი შვილები ცხოვრობდნენ იმ ბინაში, რომლის გაყიდვასაც ვგეგმავდით. მთელი დღის განმავლობაში იქ ვიყავი, ვაკეთებდი ჩემს გასაკეთებელს და საღამოს ვბრუნდებოდი ნიკოსთან. ეს ძალიან რთული ეტაპი იყო ჩემს ცხოვრებაში.
- როგორც ვიცი, ათი თვის დაშორებული იყავით ქმართან, კოკი დადიანთან, როცა ნიკო გაიცანით...
- კი. თუმცა არსებობს ჭორები, თითქოს იმიტომ წამოვედი ჩემი ქმრისგან, რომ ნიკოსთან დამეწყო ცხოვრება, ეს დიდი ტყუილია. ჩემი პირველი ქმრის ძმამ და რძალმა კარგად იციან, რომ ასე არ არის, რადგან ქმართან დაშორების შემდეგ ათი თვე სწორედ მათთან ვცხოვრობდი. მერე გავიცანი ნიკო, ბინის პრობლემები გვქონდა და ბოლოს გადავედით თეატრში. საშინელი პერიოდი იყო, მაგრამ ცუდი არაფერი მახსოვს, რადგან პატარა გოგოსავით ვიყავი შეყვარებული.
- რამდენადაც ვიცი, სადედამთილო, ნიკოს დედა აღფრთოვანებით შეგხვდათ, როგორც რძალს, თუმცა გამოგიცხადათ, რომ მის სახლში ვერ იცხოვრებდით, რა იყო ამის მიზეზი?
- მთლად მასეც არ იყო. აღფრთოვანებით შემხვდა, მასთან ერთი წელიწადი ვიცხოვრეთ, მაგრამ მერე „გადაიფიქრა აღფრთოვანება“ და მისგან წამოვედით. თუმცა ამ საკითხზე საუბარი ახლა კარგი არ არის, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ნიკოს დედაა და ცოცხალი აღარ არის, მერეც იმიტომ, რომ ჩემმა დედამთილმა გულწრფელი ბოდიში მომიხადა. გარდა ამისა, ჩვენ საერთო სიყვარული და ტკივილი გვაერთიანებდა და ის გახლდათ საბრალო, შვილმკვდარი დედა. მტერს არ ვუსურვებ ამას! ღმერთო გვიშველე, როცა რამე გვეშლება და დაგვეხმარე, რომ არ შეგვეშალოს!..

ციცი ომანიძე
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 64 /
ნანა
მარტლაც რომ ეცოცხლა,ყოფილიყო მტვრალი.... ყველას გვიყვარდა.დიდი მადლობა ნინას ნიკოს სიყვარულისტვის.
15:50 / 28-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მანანა
არაჩვეულებრივი ქალია ნინა. ღმერთმა გააძლიეროს და ბედნიერებას და სულიერ სიმშვიდეს ვუსურვებ. უბედნიერესი ქალია, რომ ასე უყვარდა. ახლაც სიყვარულით ცხოვრობს, დიდებული ქალია
15:09 / 28-07-2013
გამოხმაურება / 0 /
იკუ
ცოდოა ყველა ის ადამიანი,რომელმაც დიდი სიყვარულის ფასი არ იცის..ნამდვილი და დიდი სიყვარულის..ეტყობა ამ ქალს ,თუ როგორი ღრმა სიყვარული ჰქონდა ქმრის მიმართ..კომენტარებში წავიკითხე: ”ქალო შვილებს მიხედე რა დროს არშიყიაო”...მეცოდება ამის დამწერი,ის გამოცარიელებული და უგუნურია..და შურიანი..შური მართავს ზოგადად ადამიანების საქციელს..
13:28 / 28-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მაიკო
ნინა, ღმერთმა ბედნიერი გამყოფოს და გაგაძლეროს. კარგი და სუფთა ადამიანი ჩანხარ. ნიკოს ბევრი რამე გაუკეთე და გაუკეთებ კიდეც მის უკვდავსაყოფად.
13:16 / 28-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
გაიტანეთ ეს ჯაბა
12:20 / 28-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მსუბუქი ქალი
რა არშიყობა ოჯახი შექმნესო ვიღაცა წერს.ნინა თავად ამბობს რომ მთელი დღის განმავლობასი შვილებთან იყო ცალკე ბინაში და მერე საგრიმიოროში მოდიოდა ნიკოსთან ალბათ დასაწოლად.ეს როგორი ოჯახია მე არ მესმის. წაიკითხეთ: - მაშინ, როცა თქვენ საგრიმიოროში ნიკოსთან ერთად ცხოვრობდით, სად იყვნენ თქვენი შვილები? - ჩემი შვილები ცხოვრობდნენ იმ ბინაში, რომლის გაყიდვასაც ვგეგმავდით. მთელი დღის განმავლობაში იქ ვიყავი, ვაკეთებდი ჩემს გასაკეთებელს და საღამოს ვბრუნდებოდი ნიკოსთან. ეს ძალიან რთული ეტაპი იყო ჩემს ცხოვრებაში.
09:25 / 28-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ჯაბა
ყველას თავისი აზრი და გემოვნება აქვს.ზოდიერთები რასაც სიყვარულს ეძახით ის ველური ჟინია რომელიც ერთ წელში მთავრდება.ალფონსი პატარა ბიჭები უფროს ქალებს ირთავენ.ან დედის მზრუნველობას მოკლებულები.თორემ ნოორმალურ მამაკაცს მასზე უფროსი ქალი არ იზიდავს.პირიქით შეი ძლება,ქალი კაცზე რაც არ უნდა პატარაა მით უფრო ქალურია.დიდი ცოლი დედის ან მზრუნველის ფუნქციას ასრულებს....ვისაც გსურთ თქვენთვის ასაკით უფროსი ცოლები ან შვილის ცოლები ღმერთმა მოგცეთ.ჩემს ოჯახს კიდე ღმერთმა აშოროს.
09:14 / 28-07-2013
გამოხმაურება / 0 /
kato
ჯაბა, ეტყობა შენთვის სიყვარული მხოლოდ წლები და საქალწულე აპკია...სიყვარულს როგორც საზღვარი არ აქვს, ისე ასაკიც არ იცის და ხანდახან ცერცეტაცაა და გიჟმაჟიც
01:08 / 28-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ეეჰ
ძალიან კარგი ადამიანია, გაკვირვებული ვარ ამ დროში ქალს საკუთარი შვილები ყავდეს და ქმრის შვილებს დაეხმაროს. უფალი საკუთარ შვილებზე სიკეთით გადაუხდის.
20:52 / 27-07-2013
გამოხმაურება / 0 /
თინი
პასუხი ჯაბას, ნინასა და ნიკოს შორის იყო ასაკობრივი სხვაობა მაგრამ არც მაგდენი რომ შვილის ტოლა ყოფილიყო - ეს ერთი, და მეორეც, რა არშიყობა ოჯახი შექმნეს და ნიკოს ვინც იცნობდა მან კარგად იცის რომ არ ისე მარტივი იყო მის გვერდით ყოფნა
19:10 / 27-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS