ავტორი, რომელიც გამორჩეული წერის მანერითაა ცნობილი, მკითხველმა დიდი ხანია შეიყვარა. კეკელიძის იუმორი, წერის მარტივი სტილი ყველასთვის მისაღებია. ახალი მინირომანი დეტექტიური ჟანრისაა, ეს მისი პირველი მცდელობაა, კრიმინალური ხაზით აესახა დღევანდელი სოციალური გარემო, თავისი პაროდიებით.
მოქმედება ამჯერადაც გურიაში ხდება, 2000 წელს.
მწერალი ინტერვიუებში ამბობს, რომ დღეღამეში მხოლოდ ორისამი საათი სძინავს, რადგან ბევრი საქმე აქვს მოსასწრები. ამის მიუხედავად, კეკელიძე მუდმივად ურთიერთობს თავის მკითხველთან, სიამოვნებით უსმენს და პასუხობს მათ კითხვებს, ეს მისთვის კომფორტული მდგომარეობაა. ამაზე უკვე ხუმრობს კიდეც, რომ ჰიპერაქტიურია. ხანდახან პირადი ცხოვრების გამო ყვითელი პრესის გემრიელ ლუკმადაც იქცევა, თუმცა ფაქტია, მას ყველა იცნობს და ყველას უყვარს. ის იმ იშვიათ ცნობილი ადამიანების რიცხვშია, ვის მიმართაც აგრესია არ არის.
''გურული დღიურების'' წარმატების შემდეგ მწერლისთვის საკმაოდ რთული იყო ახალ წიგნზე მუშაობა, არა იმიტომ, რომ ამბები შემოაკლდა ან მუზა არ ესტუმრა, უბრალოდ, რთულია გაიმეორო ან მოხსნა იგივე რეკორდი, რადგან, როგორც ცნობილია,''დღიურები'' დაახლოებით 15000იანი ტირაჟით გაიყიდა.
დღეს გიორგი კეკელიძე უკვე ყველასთვის საყვარელი მწერალია, მის წიგნებს, მკითხველების გარდა, კოლეგებიც ელოდებიან.''სიკვდილი პიცერიაში'' გამოსვლამდე უკვე წაიკითხეს დათო ტურაშვილმა, ლაშა ბუღაძემ, ანა კორძაია-სამადაშვილმა და თავიანთი შთაბეჭდილებები პოტენციურ მკითხველს გაუზიარეს.
დათო ტურაშვილი ამბობს, რომ მოუცლელობის მიუხედავად, წიგნმა იმდენად ჩაითრია, რომ დიდხანს ვეღარ მოსწყდა. გაახსენა ნოდარ დუმბაძის მიერ აღწერილი საბჭოთა კავშირის პერიოდის გურია, რომლის შესახებაც მკითხველმა ზეპირად იცის, მაგრამ თანამედროვე გურია კეკელიძემ გააცნო საზოგადოებას. დათოს მოსწონს გიორგის არჩევანი, რომ მწერალმა პოეზიიდან პროზაში გადაინაცვლა.
დათო ტურაშვილი:
- შეუძლებელია, თანამედროვე ლიტერატურული პროცესი იყოს მრავალფეროვანი და სრულყოფილი, თუ თანამედროვე ქართველი მწერლები მხოლოდ ვაკის, ვერის ან თუნდაც თბილისის ამბებს მოჰყვებიან. აქ ორივე ამბავია თბილისისაც და გურიისაც. ნიჭიერი გურული, რომელსაც იუმორის გადასარევი გრძნობა აქვს, საქართველოში არავის უკვირს, მაგრამ კიდევ ერთი მწერლის დაბადება ჩემს ქვეყანაში ახლაც ისევე მახარებს, როგორც ახალი საჩუქარი მახარებდა უკვე ხსენებულ საბჭოთა ბავშვობაში...
განსაკუთრებულად თბილია ანა კორძაია-სამადაშვილის შეფასება. მწერალი ქალბატონი დიდი სიყვარულით აღწერს გიორგის ურთიერთობას მკითხველთან:
''ძალიან მიყვარს ისეთი ამბები, თვითონ რომ ამბავია და სხვა ამბებსაც რომ გაგახსენებს. კიდევ: მიყვარს''გურული დღიურები'' წიგნიც, მისი დამწერიც, მკითხველებიც და ის ხალხიც, პიცერიაში სიკვდილის ამბავს რომ წერს და თან, გურულ დღიურებს კითხულობს. მარად ჰერმან მელვილზე გულშევარდნილი, თქვენიანა კორძაია-სამადაშვილი...''
იუმორი, სატირა, გაშარჟებული პერსონაჟები ლაშა ბუღაძის როგორც მწერლის საყვარელი ხაზია, ამიტომ განსაკუთრებულად მოსწონს კეკელიძის იუმორნარევი მძიმე ისტორიებიც კი და ენა, რომლითაც მწერალი გარემოს აღწერს.
''შესანიშნავია, სასაცილო, პოეტური, სევდიანი და მოულოდნელი. ძალიან მომეწონა, ძალიან!''დაზეპირებული ოთახის'' დილით დაბადება სრული შედევრია! საერთოდ, მაოგნებს ეს უეცარი და ახლებური პოეტიკა, რაც''გურულ დღიურებსაც'' ახასიათებს.
ენით, რომლითაც გიორგი კეკელიძე წერს, ბევრი პროზაიკოსი ვერ დაიკვეხნის. ერთადერთი, რამაც ოდნავ შემაწუხა, თავდაპირველად ურბანისტული სიტუაციის აღწერაა, სადაც თითქოს ავტორის ხმა დამეკარგა, რაც, მართალია, შემდეგ თავიდან ისევ ბრუნდება, მაგრამ რაღაც''ამოვარდნილობის'' განცდა დამიტოვა. ეს უმცირესი დეტალია და ტექსტი იმდენად მომეწონა, რომ არ შემეძლო, ამაზე ყურადღება არ გამემახვილებინა...''
პ.ს. ალბათ, რთულია, დამწყებმა პროზაიკოსმა ხალხის სიყვარულის გარდა კოლეგების ასეთი შეფასებები და ნდობა მოიპოვო. გიორგი კეკელიძემ ეს შეძლო და მოკლე ხანში ბევრისთვის საყვარელ მწერლად იქცა. ალბათ, ამიტომ ელოდება მოუთმენლად მკითხველი... კეკელიძე კი''პიცერიაში გასროლის'' შემდეგ ახალ რომანზე დაიწყებს მუშაობას.
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''