- მე და გუჯა ხუთი წელი ვცეკვავდით ერთად ანსამბლში. ყველასგან ძალიან განსხვავებული ადამიანი იყო ქცევით, ხასიათითა და გარეგნობით. გულში გავიფიქრე, თუ მე ოჯახს შევქმნიდი და შვილები მეყოლებოდა, ის იქნებოდა ჩემი შვილების მამა. თამამად ვამბობ, ურთიერთობაში
ისე გავაჩინე ოთხი შვილი, სამშობიაროში წასვლამდე არ სჯეროდა, რომ ორსულად ვიყავი. ბოლოს 45 წუთში ვიმშობიარე. სამშობიაროში მიმიყვანა და მანქანის გადასაყენებლად წავიდა, უკან რომ შემობრუნდა, მიულოცეს, ბიჭი გყავთო. გადაირია! 24 წელია, შოკში მყავს (იცინის).
ავსტრალიიდან რომ დავბრუნდით, გუჯამ მითხრა, მამაშენთან უნდა ავიდე და ვუთხრა, რომ მიყვარხარ, სერიოზულია ეს გრძნობა და არ ვმაიმუნობო. ანსამბლში უკვე გამოცხადებული ჰქონდა, თეა ჩემი საცოლეაო. მე ჩავთვალე, რომ მამაჩემი აუცილებლად მეორე სართულიდან გადაუშვებდა, ამიტომ წყნარად მივუგე, წამოდი-მეთქი.
ურთიერთობის სწრაფად გასერიოზულებაზე არ მიფიქრია. დედაჩემი დაქალებთან ერთად ლენინგრადში გახლდათ. მამა სახლში მარტო დაგვხვდა. ყველა თითი დავიჭამე, რაც ხელებზე მქონდა. გუჯას ოფლი ასხამდა. ძლივს უთხრა: ბატონო გიმერ, თქვენი ქალიშვილი მიყვარს და მშვიდად იყავითო. მამაჩემის პაუზა არასდროს დამავიწყდება. ორი წუთი ორ საათად მომეჩვენა, ველოდი, რომ იფეთქებდა. ტელევიზორს უყურებდა, ჩვენკენ არ გამოუხედავს, ისე უთხრა გუჯას: მე სიყვარულს ვერ დაგიშლი, მაგრამ დედამისი ჩამოვა და იმას უთხარი ეს ყველაფერიო. მამაჩემმა ხელები დაიბანა. დედაჩემი ლენინგრადიდან რომ დაბრუნდა, მამას უთხრა, დაგილოცია ბავშვები და მე ხომ არ გამოვენთებიო?
- ქალბატონ ნინო რამიშვილთან პრობლემები ხომ არ შეგქმნიათ?
- გაბრაზდა. ეჭვიანობდა. ისეთი მაღალი კლასის პროფესიონალი იყო, ცეკვას რაც აბრკოლებდა, ყველაფერზე ნერვები ეშლებოდა. მითხრა, გათხოვდები, დაფეხმძიმდები, გასუქდები, დეკრეტში გახვალ, ბავშვს გააჩენ, ფორმას დაკარგავ, როდის შენ ფორმას დაიბრუნებ, როდის უკან დაბრუნდებიო... ყველაფერი დამილაგა. ექვს თვემდე დეკრეტში არ გამიშვა. არც მუცელი მე-ტყობოდა, არც წონაში მომიმატებია. რა თქმა უნდა, იძულებით არ დავუტოვებივარ. მე მთლად ნორმალური ვერა ვარ. საშინელი ტოქსიკოზი მქონდა. რეპეტიციაზე ისე ვმუშაობდი, რომ საერთოდ არ მახსენდებოდა ტოქსიკოზი, სახლში მოვიდოდი თუ არა, ეგრევე უნიტაზში ვეყუდებოდი.
- მცირე ასაკში შეუღლდით...
- ოჯახის შექმნა ვიჩქარეთ, იმიტომ, რომ ამერიკაში ორი თვით ერთად უნდა წავსულიყავით. ორივე ტრადიციული ოჯახიდან ვართ, ანგარიში გავუწიეთ მშობლებს, ანსამბლსა და ქალბატონ ნინო რამიშვილს, ბუმბერაზ ადამიანს, რომელსაც არ მოსწონდა დაუკანონებელი და გაუმართლებელი ურთიერთობები.
ავსტრალიის შემდეგ ორი კვირით კვიპროსსა და ისრაელში წავედით. სწორედ იქ დავრწმუნდით, რომ ერთმანეთი ნამდვილად გვიყვარდა. ისრაელში საქორწინო ბეჭდები ვიყიდეთ, გოლგოთიდან დაწყებული ჯვრის მონასტრით დამთავრებული ყველა წმინდა ადგილას დავდეთ. ჩვენი აზრით, ვაკურთხეთ და გავიკეთეთ. მამაჩემი აეროპორტში დაგვხვდა. მახსოვს, ხელები ავწიეთ და ვაჩვენეთ, რომ ბეჭდები გვეკეთა. მამა მიხვდა, რომ შეუღლება გადაწყვეტილი გვქონდა.
ჩამოსვლიდან ერთ კვირაში ამერიკაში უნდა გავფრენილიყავით. გუჯას ვუთხარი, ან ჯვარი უნდა დავიწეროთ, ან რომელიმე ჩვენგანი მოგზაურობაში ვერ წავა-მეთქი. დავიწერეთ ჯვარი. მაშინ რომ მეფიქრა, მე და გუჯა ერთი სისხლი და ხორცი ვხდებით-მეთქი, გამიჭირდებოდა ნაბიჯის გადადგმა. მეორე დღეს ნიუ-იორკში გავემგზავრეთ. ჩვენი სასტუმრო ბროდვეიზე იყო. მივედით. გამოაცხადეს, ვინ ვისთან ერთად იქნებოდა ნომერში. პირველი მოგზაურობა იყო, როცა ბიჭთან ერთად დამასახელეს. მაშინ მივხვდი, რა გავაკეთე.
ორთვიანი მოგზაურობა ორ კვირაში შეწყდა, რადგან სან-ფრანცისკოში მიწისძვრა მოხდა და თეატრი, რომელშიც ნიუ-იორკის შემდეგ უნდა გამოვსულიყავით, ავარიულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. საერთო შრომის პირველი თანხით (ფაქტობრივად არც გვიშრომია), თეთრი 09 ვიყიდეთ, რომელსაც ლურჯას ვეძახით. ასჯერ დაშლილ-აწყობილი, გაშპაკლული დღემდე ავტო-ფარეხში დგას. სულ იმას ვამბობ, რომ გუჯა ცოლსა და მანქანას არ ცვლის. იმდენად ერთგულია სიყვარულში, რომ ავტომობილსაც ვერ ელევა.
- ქორწილი გადაიხადეთ?
- 90-იან წლებში გვქონდა ქორწილი. დღემდე არ ვიცი, ჩემმა მამამთილმა როგორ მოახერხა ასეთი ქორწილის გადახდა. ერთი დიდი ფეიერვერკი იყო. დროსა და სოციალურ მდგომარეობას არ შეესაბამებოდა. ეს იყო სუხიშვილების კონცერტი! ისეთები ხდებოდა, საჭმელი არავის უჭამია. ულამაზესი კაბა მეცვა, ძალიან გრძელი შლეიფითა და ფატით, რომელიც ნიუ-იორკში ლონგ აილენდზე ვიყიდეთ მე და გუჯამ. მეუღლის ოჯახმა ხელგაშლილად მიმიღო. უკეთილშობი-ლესი ხალხია. საოცარი დედამთილი მყავს!
- ცოლ-ქმარმა სიყვარული როგორ უნდა შეინარჩუნოს?
- ბევრი შვილი უნდა გააჩინოს. სხვაგვარად სიყვარულის განახლება არ ხერხდება. რაც მეტი შვილი გყავთ, მით მეტია სიყვარული. ჩემთვის ადვილია შვილების გაზრდა, პრინციპში, ცხრა თვე მუცლით ტარება და მშობიარობა მიწევს, დანარჩენი პასუხისმგებლობა მთლიანად ჩემს მეუღლეს აქვს აღებული. არც ერთ შვილზე არ მყოლია ძიძა, ყველას შრომას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ძიძის ინსტიტუტის არ მესმის. ჩემმა შვილმა ჩემზე მეტად ძიძა რომ შეიყვაროს, იქვე გული გამისკდება. ეგ კი არა, მამა რომ უფრო მეტად უყვართ, იმაზე მეშლება ნერვები!
გუჯა ეთამაშება ხოლმე ბავშვებს, მე, სტუდიიდან გამომდინარე, უფრო მასწავლებლური მიჭირავს, თუმცა ვიცი, რომ ბავშვი დამოძღვრით კი არა, მშობლის წამხედურობით იზრდება. თუ რამე არ მოგწონს, შვილს იმწუთასვე უნდა დაუფიქსირო, მერე აზრი აღარ აქვს.
- ოთხი შვილის ფონზე რომანტიკა შეიძლება არსებობდეს?
- ძალიან რომანტიკული ვარ, მაგრამ ჩემი ქმარი ისე დავქანცე, რომ აღარაფერი სურს სიმშვიდის გარდა. ბავშვების ჯანმრთელობა და მინიმალური საკვები, წიწიბურა იქნება ეს თუ ჰერკულესი, ჩვენთვის უდიდესი რომანტიკაა.
თათული ღვინიანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი“