26 ივლისი, 2013
რა კომპლიმენტი მიუძღვნა ბერნარ კუშნერმა ელისო ჯარიაშვილის თვალებს
ქალი ვერ დადგები არჩევანის წინაშე - ოჯახი თუ სამსახური, ამის უფლება არ გაქვს, ეს მცდარი არჩევანია. ორივე გინდა და ორივეს უნდა ეყო რამდენიმე წელია, რაც აქტიურ ტელეჟურნალისტიკაშია და უკვე სერიოზული გამოცდილებაც შეიძინა. ელისო ჯარიაშვილი შვიდი წელი ''საზოგადოებრივ მაუწყებელზე'' ''მოამბეში'' მუშაობდა და მეორე თვეა, რაც ''რუსთავი 2'' -ზე ''კურიერში'' გადაინაცვლა. მიაჩნია, რომ ამ ტელევიზიაში ჟურნალისტმა რაღაც პერიოდი მაინც უნდა იმუშაოს. მისი მეუღლე ასევე ძველი ჟურნალისტი გიორგი კეპულაძეა. წყვილი წლების წინ პროფესიამ დააკავშირა და ახლა უკვე ორი
წლის ევგენიას ზრდიან.

- ელისო, ჟურნალისტიკაში როგორ მოხვდით? რა პროფესიის ხართ?
- თეორიული განათლებითაც და პრაქტიკული საქმიანობითაც ჟურნალისტი ვარ, დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა, ვარ ტელე-რადიოჟურნალისტი. უნდა ვაღიარო, რომ ვერ გამოვნახე დრო, გამომეტანა მაგისტრატურის დიპლომი და სავარაუდოდ, არქივში ინახება. პროფესიული არჩევანის გაკეთება არ გამჭირვებია, რაღაც ინსტინქტივით მქონდა ბავშვობიდან, ამბების მომყოლი მინდოდა ვყოფილიყავი. არადა, არ ვიყავი თამამი, გამბედავი, ყურადღების ცენტრში ყოფნის მეშინოდა კიდეც, მაგრამ რაც გაშინებს, ის გიზიდავს. ვწერდი ჟურნალ-გაზეთებში, ბაკალავრიატის დამთავრებისთანავე მუშაობა კონკურსის წესით დავიწყე საინფორმაციო სააგენტოში, რამდენიმე თვეში კონკურსი ''საზოგადოებრივ მაუწყებელში'' გამოცხადდა, რამდენიმე ტურის და გასაუბრების შემდეგ ''მოამბის'' გუნდში ასევე კონკურსით მოვხვდი. ყველაზე მეტად ამ ისტორიაში მომწონს ის, რომ ჩემი ცხოვრება სულ გამოცდებია და რაღაცნაირად არღვევს სტერეოტიპებს, რომ ტელევიზიაში პროტექციის გარეშე ვერ მოხვდები. ყველა სტუდენტმა მინდა იცოდეს, რომ საკუთარი მომავალის მშენებელია, თუ პირადის არა, პროფესიულის მაინც.
- პირველი გადაღება გაიხსენეთ...
- პირველი გადაღება საპროტესტო აქცია იყო ეკონომიკის სამინისტროსთან, კარგად მახსოვს, როგორ მამხნევებდა სიუჟეტის მომზადებისას ჩემი კოლეგა და მეგობარი სოფო მდინარაძე. საბედნიეროდ, ჩემს პროფესიაში მომუშავე ადამიანები იმაზე კარგები არიან, ვიდრე ეს საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ჰგონია. ნერვიულობა თან ახლა ვს ყველაფერ პირველს, სიუჟეტსაც და ჩართვასაც მათ შორის, თუმცა როცა ღია ეთერი იწყება, ქრება იმის განცდა, რომ ათასი თვალი და ყური გაკვირდება და შეიძლება ჩასაფრებულის პოზიციიდანაც კი, კამერის წინ დგახარ და უბრალოდ, უყვები ახლობელ ადამიანებს იმას, რაც არის. არც მეტს, არც ნაკლებს, მხოლოდ სიმართლეს.
- ყველაზე ხშირად რა თემებზე გიწევდათ მუშაობა?
- ძირითადად პოლიტიკურ ახალ ამბებს ვაშუქებ, ეს ყველაზე ცხელი თემა გამოდგა საქართველოში, თუმცა ვაღიარებ, რომ არ ვარ სკანდალზე ორიენტირებული. მძიმედ მახსენდება ციხის კადრების გავრცელების ღამე და მეორე დღე, როცა როგორც ჟურნალისტმა, ყველაფერი ვცადე, რომ ციხეში შემეღწია და წლების შემდეგ პატიმრის პირველი ინტერვიუც მოვიპოვე, პატიმრის, რომელიც წამებაზე ლაპარაკობდა... შეუძლებელია, ეს დღე დავივიწყო.
Rating
- ყველაზე დიდი გამოხმაურება თქვენს რომელ სიუჟეტს მოჰყვა?
- რთულია, საკუთარ საქმიანობაზე ასე ისაუბრო, გამოხმაურება არ ვიცი, მაგრამ მე პირადად ერთი სიუჟეტის გმირები არასდროს დამავიწყდება. რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე თამარაშენში ვიყავი. მინდოდა, ხშირი თავდასხმებისა და გატაცებების ფონზე, გადამეღო საზღვართან მცხოვრები ბავშვები, ძალიან მძიმე რეპორტაჟი გამოვიდა. მერე დაიწყო ომი და სულ იმ ბავშვებზე ვფიქრობდი, თამარაშენში ტყვიის ხმას შეჩვეულები რომ იზრდებოდნენ, ამიტომ ომის ერთი წლისთავზე ისევ საზღვრისპირა სოფლებისკენ წავედი და რეპორტაჟი ამჯერად იმაზე გავაკეთე, როგორ გადაიტანეს ბავშვებმა აგვისტოს ხუთი დღე. ბავშვური ისტორიები, როგორ აფარებდნენ თავს ტყეს, როგორ დაენგრათ თვალწინ სახლი და მიამიტური, თუმცა გენიალური ახსნა იმის, რა უნდა გააკეთონ დიდებმა, რომ არ იყოს ომი... ძალიან ემოციური გამოვიდა.
- ხშირად მოგიპოვებიათ ექსკლუზიური ნიუსი ან კომენტარი?
- ექსკლუზიური და განსხვავებული თუ არ გიყვარს, ჟურნალისტი ვერ იქნები. მქონდა შანსი, ჩამეწერა რამდენიმე ქვეყნის პრეზიდენტი და მომემზადებინა რეპორტაჟები ისეთ ქვეყნებსა და კონფლიქტების ისტორიაზე, რომელიც ობიექტურად ძალიან საინტერესო იყო. მქონდა შესაძლებლობა, მომემზადებინა რეპორტაჟი ისრაელ-პალესტინის კონფლიქტზე, ნამყოფი ვარ ოკუპირებული პალესტინის ღამის კლუბში, კამერით მოვხვდი ოკუპირებულ ჩრდილოეთ კვიპროსში, იყო რეპორტაჟი მაროკოს პოლიტიკურ ცვლილებებზე, შანსი მქონდა ტრაგიკულ სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი ჩამეწერა, ვილნიუსში შევხვდი და საქართველოს გაგონებაზე დაცვას ანიშნა, ახლოს მივეშვი, თბილად მოიკითხა ჩვენი ქვეყანა, ხელზე მეამბორა და გვირჩია, გახსოვდეთ, თქვენს ერს არ აქვს უფლება, არ ახსოვდეს ისტორიის გაკვეთილებიო...
- საზღვარგარეთ ალბათ ხშირად წასულხართ მივლინებით...
- სასიამოვნოდ მახსენდება ''დავოსის'' მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, ქუჩაში მოსეირნე პაოლო კოელიო რომ ვნახე, გამოვუტყდი, რომ საქართველოში ის მკითხველებს ალბათ ყველაზე მეტად უყვართ, გამომიტყდა, რომ მისი შვეიცარიაში მცხოვრები დანტისტი ქართველია. ომის წელი იყო, ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის დაწყების წინ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი გაეროს შენობის წინ ჩავწერე, ფრანგული დელეგაცია ისეთი მრავალრიცხოვანი დაცვით იყო, რომ აურზაურში საყურე ჩამომვარდა ყურიდან, ვერც შევნიშნე, კუშნერი დაიხარა, ძებნა დაუწყო, თავიდან ვერ მივხვდი, მერე მომაწოდა საყურე და მითხა: Beautiful Eyes You Have... არავინ მოგატყუოთ, რომ ჟურნალისტს არ აქვს სქესი (იღიმება).
Rating
- ახალ პარლამენტში რაიმე თავგადასავალი ხომ არ გადაგხდათ?
- თავგადასავალი შეიძლება იმას ვუწოდო, რა ნერვიულობაც საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისას გადავიტანე. ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესების მომსწრეები ვიყავით იმ სასესიო კვირას და ღამე სიზმარშიც კი კენჭისყრის პროცესს ვხედავდი, ერთ დღესაც საკუთარმა ხმამ გამაღვიძა, - მიიღეს, მიიღეს, - სიზმარში საკონსტიტუციო ცვლილებე-ბის მიღება ვნახე (იცინის). იმ დღეებში ვიგრძენი, რომ ჟურნალისტების ქვეყნის მშენებლობაში თანამონაწილეობის განცდა ოდნავადაც არ არის ყალბი.
- თქვენი პირადი ცხოვრებაც ჟურნალისტიკას უკავშირდება, როგორ გაიცანით მეუღლე, გიორგი კეპულაძე...
- მე ჟურნალისტს ცოლად არ მოვიყვანდი, გულწრფელად ვამბობ. დასვენების დღეებში და შვებულების დროსაც ყველა არხის ყველა საინფორმაციო გამოშვებას ვუყურებ, მთელი დღე ყველა პირად სატელეფონო ზარს ან არ ვპასუხობ, ან ვპასუხობ, რომ არ მცალია, არასამუშაო დროს სულ იმ თემებზე ვლაპარაკობ, რომელიც პროფესიულად მაინტერესებს, ასეთი მეუღლე და მეგობარი ალბათ აუტანელია, ვიცი, რომ ასეთი ვარ, მაგრამ არიან ისეთები, ვინც ნებაყოფლობით მიძლებს. გიორგი ჟურნალისტი რომ არ ყოფილიყო, ალბათ ვერ ამიტანდა. არ მახსოვს, როგორ დაიწყო ეს ამბავი, ჩვენი ამბავი ალბათ ყველაზე ბანალურია, მოვეწონე, მე არ მომწონდა, უფრო სწორად, მეგობარი მეგონა ძალიან დიდი ხანი. როცა გრძნობებზე ლაპარაკი დაიწყო, მე უარის თქმა მომიხდა, მეგობრობის სურვილის გარდა ვერაფერს ვგრძნობდი, თუმცა მითხრა ის სიტყვები, რომლის მოსმენაც ყველაზე მეტად მინდოდა მისთვის უარის თქმის შემდეგ - რომ მას მოსწონს პროცესი და არა შედეგი და რომ პროცესი ურთიერთობაა. ამის შემდეგ 11 თვე დამჭირდა ამ სიტყვების სათქმელად - მგონი მიყვარხარ. მერე იყო ოჯახის შექმნაზე საუბარი, ბუქარესტის სამიტი ახლოვდებოდა, გიორგი გასაშუქებლად მიდიოდა, მე იმდენად მინდოდა, ''მაპი'' მიგვეღო, რომ შევპირდი, თუ ''მაპს'' არ ჩამოიტან, ცოლად არ გამოგყვები-მეთქი. ''მაპი'' არ მიგვიღია, მე კი პირობა დავარღვიე და ეს ალბათ პირველი შემთხვევაა, როცა პირობის დარღვევას არ ვნანობ (იღიმება). იმედი მაქვს, ეს განცდა არ გაივლის... გიორგი ისეთივე შეყვარებული იყო, როგორიც ქმარია, არასდროს გაჩვენებს იმაზე მეტს, ვიდრე არის, ყალბი არაა და მართლა ძალიან კარგი ადამიანია, ობიექტური ვარ ამ დროს.
- მისგან რჩევას ან შენიშვნებს თუ იღებთ?
- ძალიან კრიტიკული შემფასებელია, სიტყვაძუნწიც კი, როცა საქმე ჩემს შეფასებას ეხება. ჩემი მთავარი თანამოაზრე და მხარდამჭერია, თუმცა ყველაზე ნაკლები ქათინაური სწორედ მისგან მესმის. შესაბამისად, მისი შეფასება, შენიშვნა, თუ რჩევა ყოველთვის საინტერესოა.
- ტელევიზიის შეცვლის გადაწყვეტილება როდის მიიღეთ და რა განსხვავებაა მუშაობის რეჟიმს შორის?
- ''მოამბეში'' თითქმის შვიდწლიანი მუშაობის შემდეგ უკვე მეორე თვეა ''კურიერის'' გუნდის წევრი ვარ. ძალიან მომწონს ეს ცვლილება და სიახლე ჩემს ცხოვრებაში. როგორც ჩემთვის ძალიან ავტორიტეტულმა ადამიანმა მითხრა, უცხო ორგანიზმივით არ ვარ ''კურიერში'' და თუ ეს უცხო თვალითაც ასე ჩანს, ძალიან მიხარია. ''მოამბეში'' ბევრი ჩემი მეგობარია, მათ წარმატებას ვუსურვებ. ''რუსთავი 2'' კი ის ტელევიზიაა, რომელშიც ჟურნალისტმა ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა იმუშაო. ეს კარგად აწყობილი, შეკრული, ერთ გუნდად მომუშავე პროფესიონალთა გუნდია, ყველა რგოლი მაღალი დონის სპეციალისტებითაა დაკომპლექტებული. ყველამ იცის თავისი საქმე და თან ძალიან სასიამოვნოა, როცა იცი, რომ ხარ არხზე, რომელსაც ყველა უყურებს.
Rating
- ბავშვის შესახებ მოგვიყევი, ცნობს დედას ტელევიზორში?
- ევგენიაზე დაუსრულებლად შემიძლია ვილაპარაკო, ჩემთვის სამყარო მის გარშემო ბრუნავს, ჯერ ორი წლისაც არაა, ახლა სწავლობს ყველაფერს და მე თითქმის ყველაფერი გამოვტოვე, ვერ ვხედავ მის ახალ-ახალ რექციებს მოვლენებსა და საგნებზე, ეს დიდი დანაკლისია ჩემთვის. ორი თვის იყო, სამსახურში რომ გავედი. ძალიან განვიცადე, მაგრამ მაშინ ვუთხარი საკუთარ თავს, რომ ქალი ვერ დადგები არჩევანის წინაშე - ოჯახი თუ სამსახური, ამის უფლება არ გაქვს, ეს მცდარი არჩევანია. ორივე გინდა და ორივეს უნდა ეყო. მაქსიმალისტი ვარ ბუნებით და პირველ რიგში, საკუთარი თავის მიმართ.

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS