მსახიობები ლევან ყოჩიაშვილი და ნინო გაჩეჩილაძე სტიქიას გადაურჩნენ, მაგრამ ემოციურად დღემდე უჭირთ იმ დღეების გახსენება და ვეფხვის გარეთ ყოფნაზეც ნერვიულობენ. მოსწონთ აზრი, რომ ზოოპარკი ქალაქგარეთ გადავიდეს...
ნინო:
- ძალიან რთულია, ვეფხვი რომ შეხვდეს ადამიანს ქუჩაში, წარმომიდგენია, როგორ დაიბნევა, რა უნდა მოიმოქმედოს მაგ დროს. შეიძლება, შიშისგან გაეპაროს კიდეც
- სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი დაუპირისპირდა ერთმანეთს, ვინც ცხოველებს გლოვობდა, მათზე წერდნენ, რომ ადამიანები არ ადარდებდათ.
- მთავარი ადამიანის სიცოცხლეა და თუ მთავრობა არჩევანის წინაშე დადგება, ჯერ ადამიანი უნდა გადაარჩინოს, თუმცა ცხოველები ისე მიყვარს, რაღა დაგიმალოთ და, ზოგიერთი ცხოველი ბევრ ადამიანს მირჩევნია. შესაბამისად, ცხოველების სიცოცხლეც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ მეკითხებით, პრიორიტეტი რომელია, რა თქმა უნდა, ადამიანი. ძალიან მეშინია დაკარგული ცხოველის და დიდი იმედი მაქვს, რომ იპოვიან.
- პირადად შენ თუ შეგეხო სტიქია?
- ემოციურად შემეხო, მეც არ ვყოფილვარ გამონაკლისი, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე. დათრგუნვილი ვიყავი, განვიცდიდი. სოციალურ ქსელში გურმანების ჯგუფში ვარ გაწევრებული, ჩვენი გაკეთებული კერძების რეცეპტებს ვდებთ ხოლმე. ვისაც რა შეგვეძლო, შევკრიბეთ და ''მზიურში'' მომუშავე ახალგაზრდებს პროდუქტები ჩავუტანეთ. მე ორცხობილები გამოვაცხვე. ეს მოვლენები ძალიან დამთრგუნველი იყო. ჩემი ახლობლები არ დაზარალებულან, მაგრამ ჩემი და, თაკო, სტიქიამდე ერთი საათით ადრე მივიდა სახლში და გადარჩენილია. საბურთალოზე მეგობრები მყავს და მათზე ძალიან ვნერვიულობდი.
სტიქიის ღამეს აუცილებლად უნდა შეეგროვებინათ მონადირეების ჯგუფი
- ცხოველების გეშინია?
- ძაღლების არა, მაგრამ მტაცებლების, რა თქმა უნდა. ისე, არც ისაა გამორიცხული, რომ ქუჩის ძაღლები ცოფის მატარებლები იყვნენ და საფრთხეს შეიცავდნენ, მაგრამ ჩვენი ქალაქი ისედაც დანაგვიანებულია და ევროპამდე იმდენად ბევრი გვიკლია, რომ ნეტა მარტო ცხოველები იყოს პრობლემა.
- ზოოპარკის ქალაქგარეთ გადატანის იდეას ეთანხმები?
- ვეთანხმები, რადგან არსებობს სტიქიის გამეორების საშიშროება. თავი უნდა დავიზღვიოთ და პროექტი, რომელიც ჯერ კიდევ წინა მთავრობის დროს არსებობდა, აუცილებლად უნდა განხორციელდეს. ვისაც ცხოველების ნახვა უნდა, თბილისის ზღვაზე წასვლა არ დაეზარება.
ლევანი:
- ჩემი ახლობლებიდან სტიქიაში არავინ მოყოლილა, მაგრამ 13 ივნისის ღამეს წყნეთის ქუჩაზე კოტე თოლორდავას დედასთან ვიყავი. 20 წუთით გამოვასწარი სტიქიას. ჯერ მეწყერი არ იყო ჩამოწოლილი და ახალ გზაზე ძალიან დიდი წყალი მოდიოდა. ვფიქრობდი, რომ მანქანა ვერ გაუძლებდა და ჩაქრებოდა, მაგრამ, საბედნიეროდ, გამოვასწარი. მარტო ვიყავი. დაუცველობის, დაბნეულობის შეგრძნება დამეუფლა იმ დღეებში. მძიმე იყო გაქცეული ცხოველების შემდგომი ძიება, იმ ღამესვე უნდა მოეგროვებინათ, ერთი, ორი კვირის შემდეგ რთულია. ზაფხულია და შეიძლება, სიმწვანე საფარად აქციონ.
სტიქიის ღამეს აუცილებლად უნდა შეეგროვებინათ მონადირეების ჯგუფი, კვალზე მოსიარულე ძაღლებით და წვიმის გადაღებისთანავე უნდა დაეწყოთ ცხოველების ძებნა. ორი კვირის შემდეგ მოაგროვეს მონადირეები და ახლა ეძებენ. შეიძლება, არც იყოს ის ვეფხვი ცოცხალი, რადგან, როგორც ვიცი, დღეში 20 კილოგრამამდე ხორცი სჭირდება და აქამდე რაღაცას მაინც დაესხმებოდა თავს. ასე ძნელია, ხომ არ იმკითხავებ ადამიანი.
- როგორ ფიქრობ, ზოოპარკი ქალაქის ცენტრში უნდა იყოს?
- აქამდე დიდი სიამოვნებით დავდიოდი, ხალხი, ძირითადად, ოჯახებით მიდის და, ჩემი აზრით, დიდ სივრცეზე უნდა იყოს გადატანილი, სადაც ადვილად მიუდგები და ნორმალურად დააყენებ მანქანას. მანდ მისვლა ყოველთვის კოშმარი იყო. ხევთან არ შეიძლება ზოოპარკი. ცხოველებისათვისაც რთული იყო, გიჟდებოდნენ მანქანების ხმაურზე. არაფერი სჯობს სიმწვანეში გადატანას, რომ ადამიანებმა ისიამოვნონ და დაისვენონ.
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''