ვანო ჯავახიშვილი:
- ერთი გადაცემა დაგვრჩა, შემდეგ კი გავდივარ
- როდის გამოვა ფილმი?
- ეს ჩვენი ჯგუფის პირველი ფილმია. სახელი ჯერ არ ვიცით. სცენარის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, კარგი ფილმი უნდა გამოვიდეს. იქნება დრამა და კომედია, უფრო დიდი დოზით - ეს უკანასკნელი. მთავარ როლში იქნება მიშა ანდღულაძე. ფილმში ძირითადად ჩვენი ჯგუფის წევრები არიან დაკავებული, მოწვეული არავინაა, ვთამაშობთ მიშა, ვასო, მე, ბიჭიკაშვილი, არაბიძე. წინასწარ ვერ ვილაპარაკებ ვრცლად, ახლა მიდის მუშაობა და მერე უკვე შეგვეძლება ლაპარაკი.
- მაშინ ყველაზე კარგი ზაფხული გაიხსენეთ.
- ალბათ ის, როცა ჩემი მეუღლე გავიცანი. ოჯახში ამ ზაფხულს ხშირად ვიხსენებთ ხოლმე. ასევე ის ზაფხულიც კარგად მახსენდება, როდესაც მეგობრებთან ერთად ბარსელონაში გახლდით და კარგი დრო გავატარეთ.
- ახლა, როცა ოჯახი გაქვთ, რა კრიტერიუმით არჩევთ დასვენებისთვის კარგ ადგილებს?
- ბოლო პერიოდში კრიტერიუმები არ მაქვს, რადგან ცოლის ჭკუაზე დავდივარ. მთელი წელი რომ ვერ ვაქცევ სათანადო ყურადღებას, ვცდილობ, მას დავუთმო მთელი დასვენების დღეები. ძალიან უყვარს მოგზაურობა, სადაც მივდივართ, ყოველთვის ფეხით მატარებს, ანუ ეს არის ჩემი ტანჯვა-დასვენება.
- წელსაც ხომ არ აიღებთ გეზს უცხოეთისკენ?
- ვნახოთ, როგორ წარიმართება ფილმის გადაღებები და შემდეგ დავგეგმავთ.
მაკა ძაგანია:
- ჯერ არ მაქვს შვებულება. 28-დან მექნება. აუცილებლად ვაპირებ ბათუმში წასვლას, დანარჩენ დროს კი ხან ჩემს აგარაკზე გავატარებ, ხან - მეგობრებთან, ხან - წინანდალში და ხან სხვა ადგილებში ვიხეტიალებ.
- ''ჩემი ცოლის დაქალების'' ამ სეზონის ბოლო სერია როდის გადის?
- ჩვენ მუშაობას 27 ივლისს დავამთავრებთ და 28-ში გავა ამ სეზონის ბოლო სერია. აგვისტოში დავისვენებთ, სექტემბრიდან კი ისევ დავიწყებთ მუშაობას, ოღონდ ზუსტად რიცხვი არ ვიცი, როდიდან გავა სერიალი.
- მთას ანიჭებთ უპირატესობას თუ ზღვას?
- ზღვა ძალიან მიყვარს, მთაშიც ვისვენებ ხოლმე, მაგრამ მთისთვის სხვანაირად უნდა მოემზადო, მეგობრებთან ერთად წახვიდე, ზღვაზე კი ისედაც შეგიძლია.
- საზღვრებს გარეთ თუ ყოფილხართ დასასვენებლად?
- ანტალიაში ვიყავი წლების წინ და მერე ვეღარ მოვაბი თავი.
- კარგად ცურავთ?
- დიდი მოცურავე არ ვარ, მაგრამ მე მაკმაყოფილებს, როგორც ვცურავ.
- საინტერესო სიტუაცია თუ გქონიათ დასვენებისას?
- ასე უცებ ვერ გავიხსენებ. ტალღებში არასდროს მოვყოლილვარ, რადგან ისე კარგად ვერ ვცურავ, რომ ტალღებში შევიდე (იღიმება). მიყვარს წყნარი და მშვიდი ზღვა.
- პოპულარობის კვალდაკვალ ბოლო დროს პლაჟზე თაყვანისმცემლები ხომ არ გაწუხებენ?
- ძირითადად, ჩვენი, მსახიობების დანახვა პატარა ბავშვებს უხარიათ. გინდა ზღვაში იყო, გინდა პლაჟზე და გინდა ქუჩაში, ეს ყველგან სასიამოვნოა. რაც შეეხება თაყვანისმცემლებს, ქუჩა-ქუჩა და კარდაკარ არ დამდევენ (იცინის). ყველა ასაკის ადამიანი უყურებს ამ სერიალს და თავისებურად გამოხატავს პატივისცემას, თუმცა ამას თაყვანის-ცემას და თაყვანისმცემლებს ვერ დავარქმევ.
ნინო არაზაშვილი:
- აგვისტოში დავისვენებ, როდესაც გადაცემა გაჩერდება. ჯერ არ დამიგეგმავს დასვენება. ცოტა ხნის წინ დავბრუნდი ამერიკის შეერთებული შტატებიდან, სადაც სასწავლებლად გახლდით და რამდენიმე დღე ძმასთან დავისვენე. ჯერ ვერ ვფიქრობ, სად უნდა წავიდე დასასვენებლად, რადგან შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ.
- რა პროგრამით იყავით?
- ამერიკის საელჩოს ჰქონდა გამოცხადებული კონკურსი პროდიუსერთა შორის. ვინც გავიმარჯვეთ, ორი კვირის განმავლობაში სასწავლებლად გაგვიშვეს ვაშინგტონის ჟურნალისტიკის საერთაშორისო ცენტრის პროგრამით. ერთი კვირა ვაშინგტონში ვიყავით, ერთი კვირა - ნიუ-იორკში. ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ პროდიუსერთათვის ერთგვარი კვალიფიკაციის ამაღლების კურსი. ძალიან საინტერესო იყო, ბევრ ადგილას ვიყავით, სადაც ვორქშოფები გვიტარდებოდა, მათ შორის ''ვაშინგტონ პოსტის'' , ''ბლუმბერგის'' , ''ნიუ-იორკ ტაიმსის'' რედაქციებში. რაც შეეხება დასვენებას, როცა ადრე გავემგზავრე და ვესტუმრე ჩემს ძმას ფლორიდაში, მისი ოჯახი იქ ცხოვრობს და ვისიამოვნე იმით, რომ მასთან ერთად გავატარე რამდენიმე დღე. ასევე ძალიან ვისიამოვნე ''დისნეილენდით'' (იღიმის).
- თქვენი ძმა დიდი ხანია ამერიკაში ცხოვრობს?
- 13 წელიწადია იქ ცხოვრობს. მას იშვიათად ვნახულობ, რადგან ძალიან შორსაა ამერიკა (იღიმის).
- დასვენებას დავუბრუნდეთ. რას ანიჭებთ პრიორიტეტს, საზღვაო თუ მთის კურორტს?
- მე ზღვაზე მოხვედრა მინდა, ბავშვები კი უკვე ისვენებენ, აუცილებელია, ჩაყლაპონ მთის ჰაერი, ამიტომაც ამჟამად იმყოფებიან ყაზბეგში, ბანაკში. ისეთი მადლობის წერილები მომწერეს, რომ მივხვდი, ძალიან მაგრად ისვენებენ. ჩემი ვაჟი უკვე იყო ზღვაზე ერთი კვირით. არჩევანი დიდია აგვისტოსთვის და რაღაცას დავგეგმავ.
- ქართული კურორტები გიყვართ?
- ახლა ყველაზე ბედნიერი ვარ, რომ ჩემი შვილები არიან ყაზბეგში და ფეხით შემოიარეს. ისეთ ასაკში არიან, რომ მინდა, საქართველო შემოვატარო. ჩვენ მხოლოდ ვლაპარაკობთ იმაზე, როგორი ლამაზი ქვეყანა გვაქვს. ბევრ ზრდასრულ ადამიანს ვიცნობ, რომელიც, მაგალითად, სვანეთში არ არის ნამყოფი. ასე რომ, ჩემს შვილებს დიდი სიამოვნებით ვაჩვენებდი იმ კუთხეებს, რომლებიც არ უნახავთ.
ეკა ნიჟარაძე:
- გუშინ ყაზბეგში ჩამოვედი რამდენიმე დღით. ბავშვობაში ვისვენებდი ხოლმე აქ, მას მერე დიდი ხანია არ ვყოფილვარ და ახლა ჩამოვედი ბავშვებთან ერთად.
- სამოგზაუროდ იყავით, რამდენადაც ვიცი.
- სამი თვით გახლდით ამერიკაში. საქმეზე ვიყავი. ამერიკაში ბევრჯერ ვარ ნამყოფი, დიდხნიანი პირველი იყო, მაგრამ მანამდეც გახლდით ნამყოფი.
- დასვენებისას რას ანიჭებთ მნიშვნელობას?
- მშვიდ გარემოს, სუფთა ჰაერსა და სასიამოვნო ხალხს. რასაკვირველია, კომფორტი კარგია, მაგრამ თუ არ არის, ამაზეც არ მოვიკლავ თავს.
- საზღვარგარეთ ყოფილხართ დასვენების მიზნით?
- ვყოფილვარ. ჩემი დიდი ხნის მეგობარი მირანდა მირიანაშვილი გვპატიჟებს ხოლმე იტალიაში, საფრანგეთში და გადასარევ დროს ვატარებთ.
ლევან ჯიბღაშვილი:
- ბათუმში აუცილებლად ჩავალ, ერთი კვირით მაინც, მეგობრებთან ერთად. სავარაუდოდ, შეიძლება წავიდე თურქეთში ან ოდესაში, იალტაში.
- ბათუმში ჩასვლა ტრადიციაა?
- ზაფხული ბათუმის გარეშე ვერ წარმომიდგენია, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ამბობს, ძვირიაო. ყველა ნაცნობი იქ იკრიბება, საქართველოა, ჩვენი კურორტია და ამიტომ.
- რა კრიტერიუმებით არჩევთ დასასვენებელ ადგილს?
- ძირითადად მეგობრები ერთად ვგეგმავთ ხოლმე. ვიცი, რომ წელს ზღვა იგეგმება და რამდენიმე დღე შეიძლება მთაშიც გავატარო. ზღვაზე უფრო დასალევად და დასაღლელად მივდივარ. ზღვაზე ვერ ვისვენებ, რადგან ყოველ ღამეს ვათენებ და გამორიცხულია იქ დასვენება, აქედან გამომდინარე, მთაში ზღვის მერე მივდივარ, რომ ცოტა დავისვენო (იცინის).
- უცხოური კურორტებიდან საუკეთესო დრო სად გაგიტარებიათ?
- სიმართლე გითხრა, ევროპაში არ ვყოფილვარ, თუმცა წასვლის დიდი სურვილი მაქვს. კიევში, ოდესაში არაჩვეულებრივი დრო გამიტარებია. ევროპაში წასვლა სამეგობროსთან ერთად მინდა და ვიცი, რომ ძალიან მაგრად მოვილხენთ.
- არაჩვეულებრივი დროის გატარებაში რას გულისხმობთ?
- დადებითი ემოცია მაშინ წარმოიქმნება, როცა შინაგანი მოთხოვნილებები გარემო პირობებს ემთხვევა. როცა შენ გარშემო კარგი ხალხია, გარემოც შესაბამისია, სამეგობრო წრე გვერდზე გყავს, კარგი ამინდია, ეს ქმნის მთლიან განწყობას. სადაც მივდივარ, ყოველთვის ძალიან მაგარ დროს ვატარებ.
მარკუს მეტრეველი:
- ერთი კვირით ბათუმში გახლდით, მქონდა გადაღებები ''შერატონში'' , ფოტოსესია, ახალ ალბომთან დაკავშირებით. არაჩვეულებრივად ვიმუშავეთ. მალე მოგეცემათ საშუალება, რომ ინტერნეტში ნახოთ ეს ფოტოსესია. მუშაობას დასვე-ნებაც შევუთავსე. სხვათა შორის, იქ ქართველების ნაკლებობაა, რაც ძალიან მაღიზიანებს. მალე კონცერტს ვგეგმავ ბათუმში, ჩემთან ერთად მონაწილეობენ თემურ წიკლაური, ნუგზარ კვაშალი და სხვა ქართველი შემსრულებლები. ასევე უცხოელი შემსრულებელიც ჩამოვა ამ კონცერტისთვის. მე და დიმიტრი ჩხეიძეს დაგეგმილი გვაქვს ათდღიანი ტურნე ეგვიპ-ტეში. დასვენებას და მუშაობას იქაც შევათავსებ. მირჩევნია, საქმით ვიყო დატვირთული და ასეც გამოდის. ამ პაპანაქება ზაფხულში ორი სიმღერა ჩავწერე, ალბომისთვის ყველა სიმღერა მზადაა, სავარაუდოდ, სექტემბერში ან ოქტომბერში გამოვცემ და ლამაზ პრეზენტაციას გავაკეთებ.
- სასტუმრო მნიშვნელოვანია, როცა დასასვენებელ ადგილს არჩევთ?
- გარემოსა და სუფთა ზღვას ვანიჭებ უპირატესობას. მიყვარს ხმელთაშუა ზღვა. საზღვარგარეთ ვისვენებ ხოლმე.
- საუკეთესო ზაფხულის შესახებ გვიამბეთ.
- მაროკოში გავატარე ექვსი თვე და დაუვიწყარი იყო. საბერძნეთში გატარებული ზაფხულიც ძალიან კარგად მახსოვს. სამშობლოში გატარებული ზაფხული მაინც ყველაზე დასამახსოვრებელია. ბევრი ქართული კურორტი მოვიარე და კიდევ ბევრის მონახულებას ვაპირებ, რომ დანაკლისი ავინაზღაურო (იღიმის).
ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''