- ნატალია, როგორ მოხვდნენ კახიანები თქვენს ბინაში?
- უამრავჯერ მომიყოლია ამ თემაზე, მაგრამ მინდა ეს ამბავი კიდევ ერთხელ მთელმა საქართველომ გაიგოს. როდესაც ჩემი კერძო საკუთარება დაინგრა, მშენებელთან გაფორმებული ხელშეკრულებით, უნდა მიმეღო ახალაშენებულ კორპუსში ორი ბინა, რაც მშენებელმა შეასრულა. ეს ორი ოთხოთახიანი ბინა ერთ სართულზე მდებარეობდა, მერვეზე - 29 და 30. ერთი ბინის რემონტი უკვე დამთავრებული მქონდა. მეორეში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, მეორე ბინის რემონტის დასრულების საშუალება არ მქონდა. ამ დროს მოვიდა ჩვენთან მშენებელი მურთაზ გვიდიანი და ჩემს მეუღლეს სთხოვა, სანამ იმედა კახიანს დააკმაყოფილებდა გვერდით სადარბაზოში ბინით, დროებით, ექვსი თვით შემეშვა ჩემს კუთვნილ ბინაში, ამის სანაცვლოდ კი ის დამიმთავრებდა სარემონტო სამუშაოებს. მაშინ მე დასასვენებლად ვიყავი, როდესაც დავბრუნდი და მეუღლემ მითხრა, ამ წინადადებას მეც დავთანხმდი. კახიანების ოჯახს, ასე თუ ისე, ვიცნობდით და ბევრი საერთო მეგობარი გვყავდა. მშენებელმა თავისი სიტყვა შეასრულა, ჩაატარეს სარემონტო სამუშაოები და იმ დღეს იმედა კახიანის ოჯახი ჩემს ბინაში შევიდა. ჩვენ იქ ერთი ღამეც არ გაგვიტარებია.
- და რა მოხდა ექვსი თვის შემდეგ?
- ეკა კახიანი სადმე რომ მხვდებოდა, მეუბნებოდა, ნატა, ჩვენი ბინა მალე მთავრდებაო. რეალურად ვიცოდი, რომ არ იყო ის კორპუსი ჯერ დამთავრებული, ამიტომ ვერ ვეუბნებოდი, ექვსი თვე გავიდა და ბინა დამიცალეთ-მეთქი. როდესაც ის კორპუსი მართლაც დამთავრდა, აღმოჩნდა, რომ კახიანებს რაღაც არ მოეწონათ და მშენებელთან გარიგებებს აწარმოებდნენ. მთხოვეს, ცოტა ხანს კიდევ დამეცადა. ამასობაში ჩემმა ვაჟმა დაოჯახება გადაწყვიტა და კახიანებს ვუთხარი, ბინა დაეცალათ, ნელ-ნელა უკვე იძაბებოდა სიტუაცია. საქმეში მშენებელიც ჩაერთო, რომელიც ჩვენთან უხერხულად გრძნობდა თავს. ბოლოს კონტრაქტი გავაფორმეთ, რომლის თანახმადაც, კახიანებს მშენებელი სთხოვდა, ჩემი კუთვნილი ბინიდან გამოსულიყვნენ და სანაცვლოდ ჰპირდებოდა გირაოთი ან ქირით გადაყვანას, სანამ მათ კუთვნილი ფართით დააკმაყოფილებდა. ამაზე კატეგორიული უარი განაცხადეს.
- შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები?
- ეს სახლი საჯარო რეესტრში არ იყო დარეგისტრირებული და საერთო მრიცხველი ჰქონდათ. მშენებელმა და მცხოვრებლებმა მოახერხეს თელასის შემოყვანა და დაიწყეს მცხოვრებლებზე აბონენტის ნომრის მინიჭების პროცესი. ამ დროს შემატყობინეს, რომ ჩემს ნომერზე კახიანის გვარი დაფიქსირდა და არა ჭეიშვილის. თელასში მივედი და სიტუაცია ავუხსენი. ბინის მესაკუთრეობის დოკუმენტაცია მომთხოვეს და როგორც კი მივუტანე, მაშინვე ჩემს გვარზე გადაკეთდა აბონენტის ნომერი. მერე ვკითხეთ კახიანებს, რატომ მოხდა, რომ მათი გვარი დაფიქსირდა ჩემს მრიცხველზე და აქედან დაიწყო აგრესია, ეკამ აფრები აუშვა, როგორც სჩვევია... დაიწყო ლანძღვა-გინება, რომ ბინას ამახევდა, წიხლით გააღებდა ყველა კარს და თუ ვიჩივლებდი, არასოდეს დამიმთავრებდა სასამართლოს.
- ეკა კახიანის მეუღლესთან თუ გისაუბრიათ ამ თემაზე?
- ეს ადამიანი არასოდეს მინახავს. ჭორად გავიგე, სადღაც უთქვამს, რომ რეალურად ბინა კახიანებმა ჩვენგან იგირავეს და 30 ათასი დოლარი გადაგვიხადეს. არ ვიცი, შეიძლება, არც უთქვამს, მაგრამ თუ ეს იყო გირავნობა, როგორ ფიქრობთ, იმედა კახიანი თუნდაც 300 დოლარს საბუთების გარეშე მომცემდა? მალე ისე დაიძაბა სიტუაცია, რომ ნაცნობები ერთმანეთს დაეჯახნენ. ყველა აღიარებდა ჩემს სიმართლეს, რადგან ეკასგან ადრევე იცოდნენ, რომ ჩემს ბინაში დროებით შემოდიოდნენ.
- ეკა მშობლებთან ცხოვრობდა?
- დიახ, დღესაც იმ ბინაში ცხოვრობს. ასევე ნინი, ანასტასია, ქეთო, ფლორა, ფლორას დედა და იმედა კახიანი. იყო პერიოდი, ეკა ქმართან გადადიოდა და მერე ისევ უკან ბრუნდებოდა. ამ წლების განმავლობაში უამრავი ადამიანი მიკავშირდებოდა და მათზე კომპრომატებს მთხოვდა, მაშინ მივხვდი, რომ რეალურად ბევრ ადამიანს უნდოდა ამ ხერხით კახიანების მორევა და ამ სიბინძურეში არ გავერიე. მივხვდი, რომ საქმე სასამართლოთი უნდა გადამეწყვიტა. ამავე დროს, გავიგე, რომ მშენებელმა მათ საბურთალოზე ბინა მისცა და კახიანები თავისი ნებით არ აპირებდნენ ბინის დაცლას. ეს ბინა სპორტის სასახლის ტერიტორიაზეა, აშენებულია იმავე მშენებლის მიერ და საჯარო რეესტრში დაფიქსირდა ეკა კახიანზე. 2009 წელს ადვოკატი ავიყვანე და 2010 წელს სარჩელი შევიტანეთ.
- თქვენ ერთ სართულზე ცხოვრობდით, რთული არ იყო, როცა იქვე მეორე ბინაში მცხოვრებ კახიანებთან დაძაბული ურთიერთობა გქონდათ?
- იძულებული გავხდი, ეს ბინა დამეტოვებინა და სხვაგან გადავსულიყავი. ბინა გავაქირავე. კონფლიქტი აღარ შემეძლო. მას შემდეგ, რაც იმედამ გაიგო, რომ ბინა გავაქირავე, შესაბამის უწყებას მიმართა იმის გასარკვევად, სახელმწიფო ბაჟს ვიხდიდი თუ არა, საოცრებაა (იღიმება). ჩემი ოჯახი კანონმორჩილია და ვერაფერი აღმოაჩინა. დიდი საშიშროება იყო, ჩვენი ოჯახიდან ვინმე მდგომარეობიდან გამოვეყვანეთ და საბედისწერო შეცდომა ჩაგვედინა. ადვოკატმა სარჩელი საქალაქო სასამართლოში შეიტანა. აქ არ იყო დავა ბინის მფლობელობაზე, სარჩელში იყო მოთხოვნა, რომ კახიანების ოჯახს უკანონოდ მითვისებული ბინა უნდა დაეცალა. დღეს იმედა კახიანი და მისი ოჯახი ბრალს მიყენებენ, რომ თურმე ადრე ქოხში ვცხოვრობდი, მაშინ, როცა ჩვენს ბინაში ცხოვრობდნენ მარკ მალენი და დანიელ კუნინი.
- რომელ ბინაზეა საუბარი?
- თავდაპირველად ჩვენი ორი ბინა ახალაშენებული კორპუსის გვერდით მდებარეობდა. იმ ტერიტორიის განაშენიანების გეგმა არსებობდა და ვიცოდი, რომ მალე ჩვენი ბინაც უნდა დაენგრიათ. როდესაც ახალი კორპუსის აშენება დაიწყეს, ჩემმა მდგმურმა მარკ მალენმა უარი განაცხადა ჩემი ბინის იჯარის გაგრძელებაზე, რადგან იქვე ხმაურიანი და მტვრიანი სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა. ამ დროს მოვიდა მშენებელი და შემომთავაზა, კონტრაქტი გაგვეფორმებინა, რომლის საფუძველზეც მე მათ ჩემს კუთვნილ ბინას მივცემდი, მათ ჩემი ბინის საოფისე ფართად გამოყენება სურდათ და ახალაშენებულ კორპუსში მოგვცემდნენ ორ 4-ოთახიან ბინას მერვე სართულზე, 130-130 კვადრატული მეტრის ფართის. მერე ისე მოხდა, რომ ერთ სართულზე არ იყო ორი ასეთი ბინა და მე 7500 დოლარი დავამატე.
დღეს იმედა კახიანი მედავება, რომ თაღლითი ვარ და საიდან ვიცოდი, რომ იქ რვა სართული აშენდებოდა. შესაგებებელში სწორედ ეს ეწერა, რომ მე ვარ თაღლითი. ეს კაცი მე მეძახის თაღლითს... არ შევეწირე საბუდარელ ჭაბუკს?
- 2009 წლიდან, სანამ განაჩენი დადგებოდა, როგორ მიმდინარეობდა სასამართლო?
- მშვიდ ვითარებაში, საშინელება იყო იმედა კახიანის რეპლიკები. საქალაქო სასამართლოში დავა ორწელიწად-ნახევარს გაგრძელდა. აბსოლუტურად გამჭვირვალედ ჩატარდა პროცესი პირველ ინსტანციაში და გამოიტანეს განაჩენი, რომ ბინიდან უნდა გამოსახლდნენ კახიანები და გადაეცეს კანონიერ მფლობელს ნატალია ჭეიშვილს. განაჩენის დადგომის შემდეგ კახიანებმა სააპელაციო სასამართლოს მიმართეს, სადაც 25 ოქტომბერს გადაწყვეტილება ერთი მოსმენით მიიღეს, განაჩენი დარჩა იგივე. ამის შემდეგ დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდა, სადაც იმავე გადაწყვეტილებით დამთავრდა აპრილში.
- და რატომ ატყდა ახლა ეს ამბავი?
- განაჩენის დადგომის შემდეგ კერძო აღმასრულებელს მივმართეთ. ჩემი შვილიშვილები ნაქირავებ ბინაში გაჩნდნენ და უფროსი შვილიშვილი უკვე მეორე კლასში გადავიდა. აღმას-რულებლებმა რამდენჯერმე გააფრთხილეს კახიანები ადამიანურად, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. ბოლოს წერილობით მიმართეს. მერე ჩავედი თელასში და როგორც ბინის კანონიერმა მფლობელმა, დენი ჩავუჭერი. 14 ივნისს აღსრულების ბიუროში მივიდა იმედა კახიანი, დაწერა ხელწერილი, რომ გაეცნო აღმსრულებლების წერილს, თხოვნით მოგვმართა, რომ ჩაგვერთო დენი, რადგან ავეჯისა და ჭაღების მოსახსნელად სჭირდებოდა და 15 ივლისამდე ნებით დაცლიდა ბინას. ამაზე ჩემს ადვოკატ ირაკლი ჟორჟოლიანს კაცური სიტყვა მისცა.
- პირობა არ შეასრულა?
- იცით რა ქნა? ამ ხელწერილის შემდეგ ყველა ინსტანციას მიმართა და აღმასრულებელსაც კი უჩივლა სასამართლოში. სასამართლომ 12 ივლისს პასუხი მისწერა და არ დააკმაყოფილა მისი სარჩელი. იმედას საჩივრის საფუძველზე პოლიციამ დაგვიბარა და ჩემი მეუღლე დაკითხეს. პირველი ინსტანციის დავის დროს პროკურატურაში მიჩივლა, ვითომ მივუვარდი სახლში და შეურაცხყოფა მივაყენე. ეს საჩივარი 17 ივლისს დაწერა, ჩემდა ''საბედნიეროდ'', 15 ივლისს რეანიმაციაში მოვხვდი, მაგრამ მან ეს არ იცოდა. ჩემი ადვოკატი მივიდა და ცნობა წარვადგინეთ, გაგიჟდნენ, ამდენი ტყუილი როგორ დაწერა, ორი საათი იჯდა პროკურატურაშიო. თქვენ არ იცით, კახიანების გამო ჩემმა ოჯახმა რამხელა ტრავმა გადაიტანა. რა არ იკადრეს ჩვენ წინააღმდეგ, ოღონდ კი ჩემი საკუთრება ხელში ჩაეგდოთ.
- დღეს რა ხდება, არ ცლიან ბინას?
- იმედა კახიანმა ერთი თვის განმავლობაში ყველა ინსტანცია მოიარა, 15 ივლისს მივედით და ბინა არ ჰქონდა დაცლილი. აღსრულების ბიურო ენდო, ეგონათ, გასაღებს მშვიდად მისცემდათ, მაგრამ იმედა კახიანმა პირობა არ შეასრულა და ბინის დაცლაზე უარი განაცხადა. მე მასთან არ ავსულვარ, აღმასრულებლების გარდა იქ იყვნენ ჩემი ადვოკატები, შვილისხელა გოგონას, ჩემს ადვოკატს, ქეთი ქვარცხავას საშინელი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მე უკვე არ მაქვს მორალური უფლება, ამდენი შეურაცხყოფა და ცინიზმი ვაპატიო კახიანების ოჯახს.
- კიდევ გაქვთ მათთან კონტაქტი?
- დღეს კიდევ მთხოვენ, რომ ელექტროენერგია ჩავურთო, ამას არავითარ შემთხვევაში არ გავაკეთებ. 30 ივლისს აღსრულებლის ბიურო მივა ბრიგადით და იძულების წესით გამოასახლებენ. არც კი სცადონ, ბინა დარბეული ან ცუდ მდგომარეობაში გადმომცენ. სხვა სარჩელებთან ერთად შევიტან მორალური ზიანის ანაზღაურებაზეც.
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''