მზია ორველაშვილი ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მეხუთე სეზონის გამარჯვებულია. რამდენიმე დღის წინ კი თავის ახალ მეწყვილესთან, ლიტველ ედგარას ბრაზასთან ერთად ვილნიუსში გაემგზავრა. მოგვიანებით წყვილი თბილისში გააგრძელებს მეცადინეობას და სულ მალე სხვადასხვა ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.
ედგარასი:
- ჩემმა მეწყვილემ მოულოდნელად მიმატოვა და გოგონას გარეშე ვიყავი დარჩენილი. მწვრთნელმა მირჩია, გაემგზავრე საქართველოში, იქ ძალიან კარგი გოგონაა და სცადეთ წყვილში ცეკვაო. დედაჩემი თბილისში ცხოვრობს, ისიც მოვინახულე და მზიასთან ერთად ცეკვაც მოვსინჯე, თავიდანვე ყველაფერი კარგად
21 წლის ვარ. ყველაზე მთავარი ჩემთვის ცეკვებია. ბავშვებს ვასწავლი და გარდა ამისა, ტურიზმის მენეჯმენტის პროფესიას ვეუფლები.
- თბილისში პირველად ჩამოხვედი?
- დედის მოსანახულებლად ჩამოვდიოდი ხოლმე. ჩემი დიდი ბაბუა ქართველი იყო.
- როგორ ფიქრობ, არ გაგიჭირდება თბილისში ცხოვრება?
- ვიცი, რომ თბილისში ძალიან ცხელა და სავარაუდოდ, მხოლოდ სიცხესთან გამიჭირდება შეგუება.
- მზია, შენი მეწყვილე საშა ოხრიმენკო იყო. რატომ აღარ გამოდიხარ წყვილში მეუღლესთან ერთად?
- ჩემსა და საშას შორის გაუგებრობა მოხდა. სხვების საბედნიეროდ და ჩემდა სამწუხაროდ, ერთმანეთს დავშორდით. სიმართლე გითხრათ, ამას არ მოველოდი. მერე ედგარასმა მომწერა, მინდა, შენთან მოვსინჯო ცეკვა, თუ მეწყვილე არ გყავსო. უარი არ ვუთხარი, რადგან მსოფლიოში ძალიან ძლიერ მოცეკვავედ მიიჩნევა. თან, ჩემი და საშას ყველანაირი ურთიერთობა დამთავრდა. გადავწყვიტე, პროფესიულად მივუდგე ედგარასის შემოთავაზებას და საქართველოს ჩემპიონატზე წინსვლა გავაგრძელო.
- რა მიღწევები აქვს შენს ახალ მეწყვილეს?
- თავის ასაკში მსოფლიოს 50 საუკეთესოს შორის შედიოდა. პერსპექტიული მოცეკვავეა და როცა ასეთი შემოთავაზება გაქვს, უარი არ უნდა თქვა.
- ედგარას, ვინ იყო შენი მეწყვილე?
- ლიტველი გოგონა, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესო მოცეკვავედ მიიჩნეოდა.
- გყავს საყვარელი გოგონა?
- დღესდღეობით შეყვარებული არ მყავს.
- მეწყვილეს რატომ დაშორდი?
- მას ჰყავდა მეგობარი ბიჭი მოსკოვში, ჩვენ ერთად ვეღარ ვმუშაობდით, რადგან ხშირად უწევდა გამგზავრება. შეყვარებულმა უთხრა, ან ცეკვას დაანებებ თავს, ან ჩვენ უნდა დავშორდეთო. ჩემმა მეწყვილემ მოსკოვში წასვლა გადაწყვიტა.
- შენ და მზია მიაღწევთ წარმატებას?
- მგონია, რომ წარმატებისთვის ყველანაირი პირობა გვაქვს. ყველაფერი კარგად იქნება. ძალიან მალე ბათუმში ჩატარდება კონკურსი, სადაც გვინდა, ჩვენი ძალები მოვსინჯოთ.
- მზია, რატომ დაშორდი მეუღლეს?
- ერთად ოთხი წელი ვიყავით, ეს ჩემთვის პატარა დრო არაა. იმ ყველაფრის გახსენება ძალიან მტკივნეულია. ის ადამიანი სიგიჟემდე მიყვარდა და ჭკუას ვკარგავდი მისთვის. საშაც ამბობდა, რომ ძალიან ვუყვარდი, მაგრამ მოხდა ისე, რომ დავშორდით. ვერ ვიტყვი, რომ ერთმანეთს ვუღალატეთ, ასეთი რამ დღემდე არ ხდება. ჩვენს ურთიერთობაში რამდენიმე მეგობარი ჩაერია. მათი წყალობით გადავწყვიტეთ ცალ-ცალკე ცხოვრება. ახლა უკვე ყველანაირი კონტაქტი გავწყვიტეთ. მე ჩემი ცხოვრება მაქვს, მას - თავისი. მინდა, მას ბედნიერება და ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო.
- ურთიერთობის შენარჩუნებას არ შეეცადე?
- არ მინდოდა დაშორება, მაგრამ იძულებული გაგვხადეს, ასე მოვქცეულიყავით. აღარ იყო ჩვენი ურთიერთობა ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო.
- თქვენს მეგობრებს თქვენი ერთად ყოფნა რატომ არ უნდოდათ?
- საქართველოში ხშირად მიაქვთ ენა ტყუილად. მეგობარი ჩემთან არ უნდა მოხვიდე, რაღაცები არ უნდა მელაპარაკო და მერე მეუღლეს სულ სხვა რამ არ უნდა უთხრა. ტყუილი ენის მიტანის გამო ჩემმა მეუღლემ ''აკრიფა''. მოკლედ, ჭკუიდან გადაიყვანეს.
- რას ეუბნებოდნენ შენს მეუღლეს? ეჭვიანობდა საშა?
- პროექტიდან რომ წავიდა, ვერ მხედავდა, რას ვაკეთებდი. ყველა კარგად ხედავდა, რას ვაკეთებდი, მაგრამ იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც უნდოდათ ჩვენი დაშორება და ჩვენი ურთიერთობის მომხრე თავიდანვე არ იყვნენ.
- ''ცეკვავენ ვარსკვლავებმა'' შეგახვედრათ და დაგაშორათ ერთმანეთს...
- ეს პროექტი ძალიან მიყვარს, მან ბევრი კარგი რამ გამიკეთა. ''ცეკვავენ ვარსკვლავები'' არაფერ შუაში არაა ჩვენს დაშორებასთან. ბედნიერი ვარ, რომ ოთხი წელი საშასთან ერთად ვი-ცხოვრე. ბედნიერ ქალად ვგრძნობდი თავს. მადლობელი ვარ იმ ყურადღებისა და სითბოსთვის, რაც მისგან მქონდა. ღმერთს მადლობას ვეუბნები, რომ საშასთან ერთად ვიყავი. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. შეიძლება, დროთა განმავლობაში ისევ შევრიგდეთ და კვლავ ერთად ვიყოთ. ძალიან მიყვარდა და დღემდე დეპრესია მაქვს, ამბებს რომ ვიხსენებ.
ახლა ჩემს ცხოვრებაში ედგარასი შემოვიდა. ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები ვართ. ხალხს ჰგონია, რადგან წყვილში ვცეკვავთ, ერთმანეთი გვიყვარს, მაგრამ ასე ნამდვილად არაა. დიდ პატივს მცემს და როგორც და-ძმა, ისე ვართ ერთმანეთთან. იმედია, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ისევ კარგად იქნება.
- ''ცეკვავენ ვარსკვლავებიდან'' საშა დიმასა და ალიონასთან ერთად სკანდალით წავიდა. გოჩა ჩერტკოევთან დაპირისპირებაზე მან ჟურნალ ''რეიტინგთან'' ისაუბრა. იქნებ, საშას ეწყინა, რომ პროექტი მასთან ერთად არ დატოვე?
- პროექტში ცეკვა ჩემი სამსახური იყო, კონტრაქტზე ხელი მქონდა მოწერილი. რა მექნა, ვერავის ვუღალატებდი და ხელს ვერავის ვკრავდი, რასაც ხელს ვკიდებ, ყოველთვის ბოლომდე მიმყავს. საშა მეუბნებოდა, იმუშავე, არ გაჩერდე, უნდა მოიგოო, იცოდა, რომ მიზანდასახული ვარ. ჩვენი დაშორების რეალური მიზეზი დღემდე მეც ვერ გამიგია. რაც უფრო ბევრს ვფიქრობ, ყველაფერი ძალიან ჩახლართულია.
- ახლა საშა, დიმა და ალიონა რას საქმიანობენ?
- დიმა და ალიონა ამერიკაში არიან სასწავლებლად წასული. საშა კი თურქეთში უნდა წასულიყო, მაგრამ აღარ წავიდა და უკრაინაში მუშაობს ქორეოგრაფად.
- მზია, შენი ახლანდელი მეწყვილე შეაფასე.
- როდესაც საშამ მკითხა, როგორ ფიქრობ, ვინ იყო შენთვის საუკეთესო პარტნიორიო, დაუფიქრებლად ვუთხარი, რომ ედგარასი. მკითხა, მე ცუდი ვიყავიო? ვუპასუხე, არა, უბრალოდ, ედგარასი საუკეთესოა-მეთქი. მართლა ვფიქრობ, რომ ჩვენ ერთად დიდხანს ვიცეკვებთ და ერთად ბევრ ტურნირს მოვიგებთ. შეიძლება, საშას ეწყინა, ასე რომ ვუთხარი, მაგრამ რა ვქნა, სიმართლის პირში თქმა მიყვარს.
მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''