17 ივნისი, 2015
ვერიკო ტურაშვილის შეცვლილი იმიჯი და უარი პირად ცხოვრებაზე: „ჩემს არც ერთ შვილს არ ჰყავს მამა...“
ვერიკო მარტოხელა დედაა, ორ გოგონას ზრდის, ლიზასა და ნატაშკას ვერიკო ტურაშვილს, მიუხედავად მისი ცხოვრების ბევრი სამწუხარო ეპიზოდისა, ცხოვრების ხალისი არასდროს დაუკარგავს. თავისი ხმიდან გამომდინარე, კომპოზიტორები სულ სევდიან სიმღერებს უწერდნენ, სინამდვილეში კი ძალიან მხიარული ადამიანია და ეს მისმა მეგობრებმა კარგად იციან.

ვერიკო მარტოხელა დედაა, ორ გოგონას ზრდის, ლიზასა და ნატაშკას, რომელიც ჯერ ექვსი თვისაა, მაგრამ დედიკოს აგიჟებს. მომღერალმა ახლახან იმიჯი შეიცვალა და წითური გახდა. ვკითხეთ, ვარცხნილობის შეცვლა რამ განაპირობა.

- იმიჯის ცვლილებით გამორჩეული ადამიანი არ ვარ.
ბოლო ერთი წელი ძალიან მინდოდა წითური თმა, მაგრამ თმის შეჭრა და გასწორება არ მიფიქრია. ბუნებრივად წითური თმა სულ მომწონდა. მერე ცოტა მოვიჭერი და შემდეგ სულ მოკლედ შევიჭერი. თმის წითურად შეღებვა მინდოდა და ბოლოს გავრისკე. ამდენი წლის განმავლობაში მუქად მხოლოდ ერთხელ გა-დავიღებე, ვერ გავუძელი და ისევ ქერა გავხდი. შავი მხოლოდ პარიკი მკეთებია გადაღებისთვის, მიხდება, მაგრამ შავად შეღებვა არასდროს მნდომებია.

- ძალიან შეიცვალე.
- არ ვფიქრობ, რომ შევიცვალე. ბოლო პერიოდში ქერა თმასაც ვისწორებდი და ხვეულით ხშირად არ დავდიოდი, ჯერ გასწორებულ თმას შევეგუე, მერე ფერი დავიდე და მერე დავიწყე შეჭრა (იღიმის). ნელ-ნელა მივედი ამ ცვლილებამდე. ექსპერიმენტებს არ ვატარებ, მაგრამ რაღაც თუ გადავწყვიტე, მერე აღარ ვნანობ. არც გამიკეთებია ისეთი არაფერი, რომ მენანა. ალბათ, დარწმუნებული ვიყავი. ძალიან რეალისტი ვარ, მიწაზე მყარად ვდგავარ და თუკი რაიმე ცვლილებას გადავწყვეტ, დანამდვილებით ვიცი, რომ ეს მინდა.

- მეგობრებმა როგორ შეაფასეს შენი ახალი ვარცხნილობა?
- აბსოლუტურად ყველამ დადებითად შეაფასა. გამონაკლისი იყო აჩიკო მეფარიძე, რომელმაც მითხრა, გიხდება, მაგრამ მე ის ქერათმიანი ვერიკო მირჩევნიაო.

- კონცერტი გქონია გუშინ და გილოცავ.
- (იცინის) ნამდვილად მოსალოცი ამბავია. სხვათა შორის, ამ ბოლო დროს კონცერტები შედარებით მომრავლდა, ალბათ, სეზონის ბრალიცაა, რაღაცები ცოტა გააქტიურდა. ბოლო პერიოდში რამდენიმე კონცერტზე გამოვედი. ვანს ვესტუმრეთ რამდენიმე მომღერალი, ქალაქის დღესასწაული აღნიშნეს, ძველი და შედარებით ახალი სიმღერები შევასრულეთ.

- ვერიკო, შემოსავალი კონცერტებიდან გაქვს და ორი შვილის შენახვას ახერხებ?
- რა თქმა უნდა, ვერა. ჩემი საყვარელი ოჯახის წევრები მეხმარებიან, როცა კონცერტი არ მაქვს, ისინი მიხდიან ჰონორარებს (იცინის).

- შენს წრიპაზე გველაპარაკე, ნატაშკაზე.
- ჩემი ანგელოზია, რაოდენ უხერხულადაც უნდა ჟღერდეს (იღიმის). ლიზა ძალიან სხვანაირი იყო, ერთი წამით ვერ ვტოვებდი მარტო, ნატაშკა კი მშვიდი, გაწონასწორებული ბავშვია, ასეთი საყვარელი ბავშვი არ მინახავს. ეტყობა, ასაკში ცოტა გავაფრინე ამ ფონზე. გუშინ პირველად დავტოვე ღამე უჩემოდ, კონცერტზე რომ გავემგზავრე. ბუნებრივ კვებაზე მყავს და ვნერვიულობდი, მაგრამ თვითონ დაიწყნარა თავისი თავი.

- სიმშვიდით შენ გგავს?
- პატარაობისას ძალიან მშვიდი, კარგი ბავშვი ვიყავი, მერე ცხოვრებამ შემცვალა და ნელ-ნელა გავაფრინე (იღიმის). მგონი, ნატაშკა თავის თავს ჰგავს, რადგან არც ჩემს და არც სხვა მის გენში არ მეგულება ასეთი სიმშვიდე.

- ფოტოებიდან ჩანს, რომ ყველგან დაგყავს.
- არა, ვსეირნობთ ხოლმე ერთად, სტუმრად და ხალხმრავალ ადგილებში ნაკლებად დამყავს.

- ნატაშკას ცნობილი ნათლიები ჰყავს, მათ შორის მაიკო კაჭკაჭიშვილი.
- ცნობილებიც და არაცნობილებიც. მაიკოს ნატაშკა ისე შეუყვარდა, კონცერტზე გამგზავრებულს ღამის 4 საათამდე მირეკავდა, ბავშვი როგორ დატოვეო, ძალიან ნერვიულობდა. მაიკო ნატაშკას მეორე დედაა. ნატაშკას ათზე მეტი ნათლია ჰყავს, ორი მამის მხრიდან, დანარჩენი ჩემი მხრიდან. ლიზას ოთხი ნათლია ჰყავს და არ ვარ ბევრი ნათლიის მომხრე, მაგრამ ასე გამოვიდა. ბოლოს ვიფიქრე, რატომაც არა-მეთქი, არაფერს აფუჭებს, პირიქით, უკეთესია. თან, ჩემი ძალიან ახლობელი ადამიანები არიან.

- მთელ თბილისს მოანათვლინე ხომ ბავშვი?
- რა ვქნა? რამდენიმე ნათლია მყავდა არჩეული, მაგრამ ჩემმა ახლო მეგობრებმა თავად შემომთავაზეს, მოვნათლავთო და რატომ ვიტყოდი უარს? ძალიან მიხარია, რომ ჩემს შვილს ამდენი კარგი ნათლია ჰყავს. თან, მუსიკოსები არიან და იქნებ, მაიკოსთან ერთად, სალომე კორკოტაშვილმა და გიგა კუხიანიძემ დაანათლონ მუსიკის ნიჭი (იღიმის). მუსიკალური რომ იყოს, ცუდი არ იქნება.

- ლიზა, როგორც ვიცი, გეხმარება.
- ცდილობს მოხმარებას, როცა თავისუფალი დრო აქვს. შემიძლია ვანდო სახლშიც, ეზოშიც ეტლით რამდენჯერმე გაუყვანია. ლიზა უკვე დიდი გოგოა და თავისუფლად შეუძლია, რომ მიხედოს ნატაშკას.

- ვერიკო, პირადისთვის იცლი თუ ამაზე არ ფიქრობ?
- არა, რა პირადი. ჯერჯერობით ძალიან უხერხულია ორი დღის გაჩენილი ბავშვით პირადი ცხოვრების დაწყება. როცა რაღაც იქნება, მოგიყვები (იღიმის). დღეს სერიოზული ურთიერთობისთვის არანაირად არ ვარ განწყობილი.

- ნატაშკას მამა, ლაშა ნაკაიძე, თუ ნახულობს პატარას?
- არც ერთ ჩემს შვილს არ ჰყავს მამა. ასე გამოვიდა. ლიზას შემთხვევაში, სამწუხაროდ (ვერიკოს პირველი მეუღლე გარდაცვლილი ჰყავს - ავტ.) და ნატაშკას შემთხვევაში, საბედნიეროდ. ამ თემაზე საუბარს ამით დავასრულებ.

- კარგი. სხვა თემაზე გადავიდეთ. მუსიკალურ სფეროში რაიმეს გეგმავ?
- უახლოეს პერიოდში ახალ სიმღერას ვწერ, მაიკო კაჭკაჭიშვილისა და ბორიკო შხიანის ერთობლივი ნამუშევარია, ტექსტი ჯერ არ გვაქვს, სწორედ ახლა მივდივარ, რომ ტექსტის ამბავი მოვიფიქროთ. კლიპის გადაღებასაც ვაპირებ. მეორე სიმღერის ჩაწერაც დაგეგმილი მაქვს, ვნახოთ, რამდენად მოვახერხებ, სანამ ტელეგადაცემების სეზონი დამთავრდება.

- ძალიან ხშირად, საზღვარგარეთ, არა საქართველოში, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე წერენ ტექსტებს და ეს საინტერესოა. შენ ხომ არ გაგიჩნდა ამის სურვილი?
- მარტივი ტექსტების მსგავსი, როგორიც არის 70-80% არსებული ტექსტებისა, მეც შემიძლია დავწერო. მაგრამ ამ ბოლო დროს ტექსტი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახდა, ადრე სიმღერის სიტყვებს ისე არ ვუყურებდი, როგორც დღეს, მუსიკა უფრო მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ამიტომაც მივიჩნევ, რომ ეს საქმე იმან უნდა აკეთოს, ვისაც ძალიან კარგად გამოსდის. მირჩევნია, მუსიკა დავწერო, ვიდრე ტექსტი, ასე მგონია, ეს უფრო გამომივა. გეთანხმები, რომ პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე ტექსტები ძალიან საინტერესოა.

- საზაფხულო გეგმები გაქვს? მახსოვს, შენ და ნინო ძოწენიძე ერთად მღეროდით ზღვისპირეთში.
- დაგეგმილი არაფერია, მაგრამ მგონია, ამ ზაფხულსაც იქნება ამდაგვარი შემოთავაზება. ასეთ შემთხვევაში ბავშვებსაც თან წავიყვანდი.

- ვერიკო, მინდა გკითხო, დღეს ცხოვრების რა ეტაპზე ხარ? ბევრი რამ გამოიარე….
- ძალიან ადრე შემემთხვა რაღაცები. 24 წლისას თავზე დამექცა ყველაფერი და თავიდან მომიხდა ცხოვრების დაწყება, დღეს ჩემი შვილებით ბედნიერი ვარ, ოჯახის წევრები მყავს გარშემო, მეგობრები და მაქვს საქმე, რომელიც მიყვარს. ყოველთვის ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. რაც უნდა მოხდეს ჩემს ცხოვრებაში, არასდროს დავდივარ თავჩაღუნული, ზაფხულის მოსვლა მიხარია.

- ძლიერი ხარ, ბევრი ქალი შენ ადგილას ასეთ გამოცდებს ვერ გაუძლებდა.
- რას იზამდა, აბა? დეპრესიაში ჩავარდებოდა? მე ეს არ მახასიათებს, რაც ძალიან მაგარია. ვინც ახლოს არ მიცნობს, მას ძალიან მშვიდი ვგონივარ. მეგობრებმა კი იციან, რომ განსხვავე-ბული ვარ. რაც მთავარია, ცუდი არავის ვგონივარ, ყოველ შემთხვევაში, მე ასე მივიჩნევ (იღიმის).

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
მაკა
ვერიკო სიძლიერეს და ბედნიერ დედობას გისურვებ. პანტაპუნტით იკეთებენ ქალები აბორტს ისე რომ არც არაფერს იმჩნევენ... შენი მხრიდან ამ ბავშვის გაჩენა მხოლოდ შენს კარგ მხარეზე მიუთითებს. ბოღმიან ხალხს ყურადღება არ მიაქციო და ნერვები არ გააფუჭებინო. იცხოვრე მშვიდად შენს ანგელოზთან ერთად
15:59 / 17-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ვაა
რაგა პირადი უნდა შემოიარა მთელი თბილისი დაა))))
14:25 / 17-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS