17 ივნისი, 2015
როგორ გოგონას ეძებს თავმდაბალი ჯარისკაცი ''X ფაქტორიდან''
მამის ოცნება აასრულა და ტურის ლიდერიც რამდენჯერმე გახდა 16 წლის ბათუმელმა ჯარისკაცმა გიორგი ნაკაშიძემ მთელი საქართველოს სიმპათია დაიმსახურა.''X ფაქტორში'' წელს გამოსვლას საერთოდ არ აპირებდა, მაგრამ მამის ოცნება აასრულა და ტურის ლიდერიც რამდენჯერმე გახდა. ბათუმში ჩასულს ოვაციებით შეხვდნენ. გიორგი რეაქციაში გვესტუმრა.

- ვიცი, რომ ბათუმში დიდი ამბით დაგხვდნენ, როცა პირველად გამოხვედი''X ფაქტორზე''.
- ყველა მელოდებოდა, ძალიან დიდი ამბით დამხვდნენ, დიდი ტალღა წამოვიდა ადამიანებისა, რომლებიც მქომაგობდნენ. ყველაფერი ძალიან უცბად მოხდა. ყველას დიდი მადლობა ასეთი გულშემატკივრობისთვის. თბილისშიც არანაკლებ
თბილად მხვდებიან.
ვერ წარმომედგინა, რომ ასეთი რამ შესაძლებელი იყო.

- ძალიან მორცხვი ადამიანი ჩანხარ.
- მორცხვი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ამბობენ, რომ თავმდაბალი ვარ. წელს არც ვაპირებდი კონკურსზე გამოსვლას. მამაჩემს უნდოდა ძალიან, რომ გამოვსულიყავი და წარმატებისთვის მიმეღწია. მისი დაჟინებული თხოვნით მივიღე მონაწილეობა პრეკასტინგში, რომელიც ბათუმში გაიმართა. იმიტომ არ ვაპირებდი კონკურსში მონაწილეობას, რომ ჯარში ვარ და მეგონა, პარალელურად სიმღერაც, ჯარში სამსახურიც ვერ მოხერხდებოდა და იქ პრობლემები შემექმნებოდა. პრეკასტინგის დროს ჯარში ვიყავი, მამაჩემმა დამირეკა და მთხოვა გასვლა. ძალიან მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი. გავედი სრულიად მოუმზადებლად, ვიმღერე და მოეწონათ. გადავედი შემდეგ ტურში, ჩამოვედი თბილისში და აქაც მოეწონათ.

- ჯარისკაცობას როგორ უყურებ? არჩევანს სიმღერასა და ჯარისკაცობას შორის გააკეთებდი?
- ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა. ყველაფერს თავისი ადგილი და დრო აქვს. ასეთი შედარებები არ მიყვარს.

- როგორ უთავსებ ჯარსა და კონკურსს ერთმანეთს?
- ჯარში არ იცოდნენ ჩემი ვოკალური შესაძლებლობები. თავიდან ეგონათ, რომ ვერ ვიმღერებდი. როცა ჩემი სიმღერები მოვასმენინე და გა მოსვლები ვაჩვენე, აზრი შეეცვალათ. გვერდში დამიდგნენ და სანამ პროექტში ვარ, გამათავისუფლეს.
მსახიობი ვარ, ბათუმის მუსიკალურ ცენტრში მიუზიკლებს ვდგამთ. 11 წლიდან ვმღერი. ვოკალის პედაგოგთანაც დავდიოდი. ბათუმის კონსერვატორიის სასწავლებელშიც ვსწავლობ. ვასრულებ არა მხოლოდ როკს, არამედ კლასიკურ საესტრადო სიმღერებს, როკოპერებს. მხოლოდ როკით არ ვარ დაინტერესებული, ამ მიმდინარეობას ორი წელია ვასრულებ, თუმცა ჩემს ხმაზე ალბათ ყველაზე მორგებული ჟანრია.

- შოუბიზნესში ჩახედული არ ყოფილხარ. უცბად აღმოჩნდი ამ ყველაფრის შუაგულში, კონკურენტების პირისპირ.
- ეს ყველაფერი ძალიან რთულია. შოუბიზნესში ჯერაც არ ვარ გარკვეული. მხოლოდ რეპეტიციებზე ვარ გადართული და იმაზე ვფიქრობ, შემდეგ ტურებში კარგად გამოვიდე, რომ ჩემი გამოსვლები ხალხს კიდევ მეტად მოეწონოს. მინდა, ყველასგან განსხვავებული ნომრები მქონდეს და ამის მიღწევა მსურს.

- ტურის ლიდერობას ელოდი?
- პირველ გამოსვლაზე მართლაც ყველაზე მაღალი პროცენტი მე მქონდა და გაოგნებული ვიყავი. ვერც კი გამოვხატე ემოციები, მერე და მერე მივხვდი, ემოციები უნდა გამომეხატა. შემდეგ გამოსვლაზე კიდევ სმს-ლიდერობას არ ველოდებოდი. გამიხარდა, მაგრამ მეწყინა ის, რომ ჩემმა მეგობარმა, რეზი ქარცივაძემ პროექტი დატოვა.

- მამა როგორ ხვდება შენს წარმატებას?
- მამა ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია, ყველა კონცერტს ესწრება, მთელი ოჯახი გვერდში მიდგას, დედა, და. მამის სიხარული ეკრანზეც კარგად ჩანს. მეგობრებიც ჩამოდიან კონცერტებზე.

- თაყვანისმცემლები სიმპათიას როგორ გამოხატავენ?
- ცუდი არავის არაფერი მოუწერია. ბევრი შეტყობინება მომდის, ძალიან თბილ რაღაცებს მწერენ, ყველას ვერ ვნახულობ, მაგრამ დიდ მადლობას გადავუხდი. მწერენ, რომ მოსწონთ ჩემი ხმა, გარეგნობა და ა.შ. რა კომპლიმენტიც არსებობს, ყველაფერს მწერენ (იღიმის).

- გოგონების აქტიურობა იქნება განსაკუთრებულად.
- აბა, ბიჭები კი არ მწერენ, უფრო გოგონები (იცინის).

- შეყვარებული არ გყავს?
- არა.

- როგორი გოგონა მოგხიბლავს?
- ამაზე სერიოზულად არ მიფიქრია, მაგრამ გოგონა რომ მომეწონოს, ყველასგან განსხვავებული უნდა იყოს, ჩემს ხასიათში ჯდებოდეს. რა თქმა უნდა, მუსიკაში უნდა ერკვეოდეს, თუ ვერ მღერის, კარგ მუსიკას უნდა უსმენდეს. მინდა, მყავდეს არაამბიციური გოგონა. არ მიყვარს, როცა გოგონებს ამბიციები აქვთ და ფიქრობენ, რომ ყველაზე ლამაზები არიან. ასეთებს შევხვედრივარ.

- შენ არ გაქვს თავში ავარდნილი საკუთარი გარეგნობა?
- არა. საბედნიეროდ, მამაჩემმა ისე გამზარდა, რომ არც გარეგნობა და არც სხვა რამ თავში არასდროს ამივარდება.

- გოგონებს დავუბრუნდეთ.
- არ მომწონს ცანცარა გოგონები, არასერიოზულები. გარეგნობას მნიშვნელობას ვანიჭებ, ყველა წერტილს ვაქცევ ყურადღებას.

- გქონია სასიყვარულო ურთიერთობა?
- ერთხელ მყვარებია, ეს ურთიერთობა შარშან დასრულდა, მიზეზებზე ვერაფერს გეტყვით.''X ფაქტორში'' მგულშემატკივრობს და უხარია ჩემი წარმატება.

- ''X ფაქტორში'' გამარჯვებას ელოდები?
- უნდა გავიმარჯვო-მეთქი, ჯერ ასეთი რამ არ მითქვამს, წარმატებას ველოდები. მაქვს გეგმები, მინდა, მთელმა მსოფლიომ გამიცნოს.

- მენტორი, გიორგი გაბუნია გეხმარება?
- ძალიან მეგობრული ადამიანია, ძმაკაცურად არის ჩემთან და დიმასთან. შესაძლოა, ხალხი ტელევიზიით რომ უყურებს, ჰგონიათ, რომ საშინელი ადამიანია, მაგრამ თუ დამიჯერებენ, ძალიან მაგარი ადამიანია, ყველანაირად გვიდგას გვერდში.

- თუ წარმოგიდგენია, 15 წლის შემდეგ სად იქნები და რას გააკეთებ?
- არ მიფიქრია, მაგრამ ალბათ მომღერალი ვიქნები. ალბათ კი არა, ნამდვილად და ავიხდენ ოცნებებს, ანუ მსოფლიო გამიცნობს (იღიმის).

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''







FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS