12 ივნისი, 2015
მარიამ როინიშვილი საზღვარგარეთ მიდის - ''იმედია, ყოფილი მეუღლე ამაში ხელს არ შემიშლის''
ყოველთვის რთულია გასამგზავრებლად აუცილებელი თანხების მოძიება ცოტა ხნის წინ მარიამ როინიშვილი დედასა და შვილთან ერთად იტალიიდან დაბრუნდა, სადაც სასწავლებლად იყო ჩასული. მომღერალს წარმატებებზე, იტალიაში მოგზაურობასა და სამომავლო გეგმებზე ვესაუბრეთ.

- სანტა ჩეჩილია რომში ერთ-ერთი პრესტიჟული სასწავლებელია, სადაც მასტერკლასებს რენატა სკოტო ატარებს. ეს არაა სასწავლებელი, სადაც გაწერილია, კონკრეტულად რამდენი წელი უნდა ისწავლო, სეზონური სწავლებაა - შემოდგომასა და გაზაფხულზე. შარშან გაზაფხულზე ვიყავი ჩასული, მაგრამ შემოდგომის სეზონი სხვადასხვა მიზეზის გამო გამოვტოვე, მერე კი ''ცეკვავენ ვარსკვლავებშიც'' ჩავერთე. წელს გასული
სეზონის პროგრამის გავლა თავიდან მომიხდა. მომღერლებისთვის ამ აკადემიაში შესვლა და რენატოს მასტერკლასების მოსმენა უმნიშვნელოვანესია, რასაც კონცერტი აგვირგვინებს.
სხვათა შორის, წელს დაუშვეს გამონაკლისი იმ მხრივ, რომ მოგვცეს უფლება, ჩვენი ქვეყნის სიმღერა ან არია შეგვესრულებინა. რასაკვირველია, ვიმღერე იტალიური ოპერიდან ბეატრიჩეს არია, მაგრამ ქართული კლასიკიდან შევასრულე არაყიშვილის ძალიან ლამაზი რომანსი. ამაყი ვიყავი, რომ ამხელა საკონცერტო დარბაზში, ასეთი აუდიტორიის წინაშე ქართული ნაწარმოები ავაჟღერე.

- ალბათ, რთულია ამ აკადემიაში მოხვედრა.
- კი, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ მსურველებს უსმენენ და შემდეგ არჩევენ. ჩემთან ერთად იყო არაჩვეულებრივი ქართველი მომღერალი სალომე ჯიქია, მეც და მასაც გაგვიმართლა, რომ იმ 13 ადამიანს შორის მოვხვდით, რომლებიც აიყვანეს. გაზაფხულის სეზონზე აკადემიაში სწავლა დავასრულე, მაგრამ, რენატას რჩევით, შემოდგომაზე ვაპირებ ერთ-ერთ პრესტიჟულ კონკურსზე ჩასვლას, მითხრა, ჩემგან ყოველთვის ძლიერები მიდიან ამ კონკურსზეო. რენატა საკმაოდ სიტყვაძუნწია და გამიხარდა, რომ შემაქო. გარდა ამისა, იგეგმება მოსმენები სხვადასხვა სააგენტოში. ჩვენს სფეროში აგენტის გარეშე გზის გაკვლევა ძალიან რთულია.

- რომში დედასა და შვილთან ერთად იყავი?
- დიახ. ერთი-ორი კვირით რომ მივდიოდე სადმე, მაშინ დავტოვებდი, მაგრამ ერთი თვე პატარა დრო არ არის, თან ელენე ჩემ გარეშე მარტივად არ რჩება. ყოველთვის რთულია გასამგზავრებლად აუცილებელი თანხების მოძიება, მაგრამ თამრიკო ყველანაირად ცდილობს თანხის შეგროვებას, რომ ყველა ერთად ვიყოთ.

- სწავლის პარალელურად ქალაქის დათვალიერებას და ბავშვთან ერთად გასეირნებას ახერხებდი?
- ძალიან დატვირთული გრაფიკი გვქონდა აკადემიაში, ერთი თავისუფალი დღე მოგვცეს, მაშინვე ვატიკანში წავედი და კიდევ ერთხელ ვნახე მიქელანჯელოს პიეტა, რომელმაც ისეთი ემოცია გამოიწვია ჩვენში, რომ მეც და თამრიკოსაც ცრემლები მოგვდიოდა, რამდენჯერაც უნდა ჩავიდე რომში, ალბათ ყოველთვის ვატიკანისკენ მექნება თვალი.

- თუკი რომელიმე სააგენტოსთან მუშაობა დაიწყე, ალბათ იტალიაში მოგიწევს გადასვლა, ელენეს თან წაიყვან?
- წინასწარ განსაზღვრა ძნელია, მაგრამ როცა აგენტი გყავს, დიდი ალბათობით იმ ქვეყანაში წასვლა გიწევს. რაც შეეხება ელენეს, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემ ირგვლივ შეგნებული ადამიანები არიან, მათ შორის ელენეს მამა, რომელიც ჩემი წასვლის შემთხვევაში დაბრკოლებას არ შეგვიქმნის, რომ მე და ელენე ერთად ვიყოთ.

- ბავშვის ქვეყნიდან გასაყვანად ორივე მშობლის ნებართვაა საჭირო...
- ვიმედოვნებ, ჩემი ყოფილი მეუღლე გიორგი მახარაძე ამაში ხელს არ შემიშლის.

- რადგან ამ თემაზე ჩამოვარდა საუბარი, გკითხავ, რამდენად ხშირად აქვს ელენეს მამასთან კონტაქტი?
- ყველანაირად ვცდილობთ, ელენემ ისევე გაატაროს დრო მამასთან, როგორც დედასთან ატარებს, მაგრამ ალბათ გიორგი ძალიან დაკავებულია და ვერ ახერხებს იმ ინტენსივობით ელენესთან ყოფნას. ამ ფაქტორს ვაბრალებ იმას, რომ, სამწუხაროდ, მათ ისეთი ხშირი კონტაქტი არ აქვთ, როგორიც მამა-შვილს უნდა ჰქონდეს.

- პირადზე თუ ფიქრობ? მზად ხარ ახალი ურთიერთობისთვის?
- მზად ალბათ ყოველთვის ვარ, მაგრამ სხვა თემებზე იმდენად ვარ გადართული, მართლა ნაკლებად მრჩება დრო ამაზე საფიქრელად. თუმცა, როცა საკუთარ თავთან მარტო დავრჩენილვარ, მიფიქრია, რატომაც არა. შეუძლებელია, მზად არ იყო იმისთვის, რასაც სიყვარული ჰქვია. უბრალოდ, არ გამოჩენილა ისეთი მნიშვნელოვანი ადამიანი, რომ მასზე დავფიქრებულიყავი. სიმართლე გითხრა, არ განვიცდი დანაკლისს, რომ მარტო ვარ, არც იმ ასაკში ვარ, რომ მარტოობამ ზედმეტად შემაწუხოს. პირიქით, ძალიან კომფორტულად ვარ, მაქვს ჩემი საქმე, ვარ სახლში, დიდ დროს ვატარებ ელენესთან, რაც ყველაზე დიდი ბედნიერებაა.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
ნინო
მარიამ,უნიჭიერესი ქალბატონის უნიჭიერესი შვილი ხარ. თანაც ძალიან დიდი პოზიტივი მოდის შენგან. სხვანაირი ვერც იქნებოდა ქალბატონი თამრიკოს შვილი... მინდა გისურვო დიდი შემოქმედებითი წარმატებები და ბედნიერი მომავალი შენს საყვარელ ადამიანებთან ერთად!ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!!!
10:28 / 28-09-2015
გამოხმაურება / 0 /
მაია
წარმატებებიი
00:18 / 13-06-2015
გამოხმაურება / 0 /
maka
ნიჭიერი, საამაყო გოგო ხარ მარიამ და სხვანაირი ვერც იქნებოდი ისეთი დედის შვილი ხარ. რაც მეტს მიაღწევ ბოღმიანი ხალხი უფრო მეტი გამოჩნდება შენს ირგვლივ და მეტი გაგაკრიტიკებს. სამწუხაროდ ესაა რეალობა საქართველოში. მაგრამ იცოდე რომ არის ხალხი რომელიც შენით ამაყობს და გგულშემატკივრობს!
21:21 / 12-06-2015
გამოხმაურება / 0 /
mariams
Tsarmatebebs gisurveb,Imedia mogitsevs qartvelebs shenit viamakot.
18:20 / 12-06-2015
გამოხმაურება / 0 /
................
ამ ბოლო დროს პირი ღიად რატომ გრჩებათ?
16:12 / 12-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS