22 ივლისი, 2013
გიორგი ყიფშიძის დაკარგული ხუთი წელიწადი
5-6 წელია ამ უბედურებას შევეშვი. მთავარია, შენ მოინდომო. ნარკომანებს ძირითადად ერთი ''პრიჩინა'' აქვთ, წამალს რომ შევეშვა, მერე რა ვქნა - ეს არის ფრაზა, რომელსაც ხშირად გაიგონებ მათგან გიორგი ყიფშიძის ცხოვრებაში უდარდელი წლები არ ყოფილა. ბებია-ბაბუამ გაზარდა, მამას სამ თვეში ერთხელ ნახულობდა. პროფესიის არჩევანში სრული თავისუფლება მისცეს. ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ხუთი წელიწადი უაზროდ დაკარგა და ამის მიზეზსაც ამხელს. პანკობის პერიოდიც გამოიარა, ყურზე საყურით. პირველი ცოლი, კრისტი ყიფშიძე, მოიტაცა. უკვე ათი წელია ანისთან ცხოვრობს. მასთან წლისა და
3 თვის ალექსანდრე ჰყავს. ამბობს, რომ შვილთან დიდ დროს ატარებს, არ უნდა, მის პატარას მამა ისევე ენატრებოდეს, როგორც გიორგის მსახიობი მამა ზურა ყიფშიძე.

- გიორგი, მოდი იმ გამოცდილებით დავიწყოთ, რომელიც მიიღე მშობლებისგან. ბავშვობაზე, უდარდელ წლებზე გვიამბე...
- უდარდელ წლებზე? ასეთი წლები არსებობდა ვინმეს ცხოვრებაში? ეტყობა, შენ უდარდელ ოჯახში გაიზარდე. მე ასეთი ოჯახი არ მქონია.
- აბა, როგორი გქონდა?
- დარდიანი.
- რაზე დარდობდით?
- ჯერ ერთი, მამა სულ გადაღებებზე იყო, სამ თვეში ერთხელ ვხედავდით. ბებიასთან გავიზარდე, დედაჩემის დედასთან. უდარდელი როგორ იყო, ბაბუაჩემი, ლევიკო თურმანიძე, კვირაში ორჯერ ისეთი მთვრალი მოდიოდა სახლში, იარაღს ისროდა. ნატყვიარები იყო ჭერში. მეც მასროლინებდა ხოლმე. ბებიაჩემს გული მისდიოდა ამაზე, ასე პატარას იარაღს რომ მასროლინებდა.
- რა პროფესიის იყო ბაბუა?
- პროფესიით კოლორიტი იყო (იღიმება), სუხიშვილების მოცეკვავე და ნაწილობრივ მსახიობიც, მოჩხუბარიც, ხულიგნობაზე სამჯერ იჯდა ციხეში... ბაბუა ძალით მაჭმევდა, უნდოდა, კუნთმაგარი გავმხდარიყავი. ისეთ რამეებს მაჭმევდა, რაც არ მიყვარდა. ვერ ვიტანდი მწვანილს, წვნიანსა და ლობიოს საწურში ვატარებდი. ამაზე გიჟდებოდა. ცურვაზე დავდიოდი, მიყვარდა. თბილისის ჩემპიონიც გავხდი. სწავლას მაძალებდნენ კიდევ. გარკვეული საგნები მიყვარდა, ისტორია, ბიოლოგია, მაგრამ მორცხვი ვიყავი, დაფასთან ვერ გამოვდიოდი და ცუდი ნიშნები მყავდა. რუსულის პედაგოგმა `მოწვა~, რაც მჭირდა, შესვენებაზე გამომიძახებდა ხოლმე და ჩუმად ვუყვებოდი ლექსს, სხვებს რომ არ გაეგოთ. კარგი ნიშნები მყავდა რუსულში. 150-ე სკოლაში ვსწავლობდი დაწყებით კლასებში, მერე მე-6 სკოლაში გადამიყვანეს და ეს სკოლა დავამთავრე. ჩემი კლასელები იყვნენ ლაშა ბუღაძე, დები ბაგრატიონები, რატი ამაღლობელი.
- მშობლები არ ერეოდნენ შენი აღზრდა-განათლების საკითხებში?
- არ ჩარეულან პროფესიის არჩევაში. მამაჩემისთვის მამა არ დამიძახია. სულ ზურა იყო ჩემთვის. გადაღებებზე დავყავდი, ვძმაკაცობდით. ყველას უკვირდა, რატომ არ ეძახი მამასო. თუ რამეს დავაშავებდი, კი არ დამტუქსავდა, `რა დაგემართა, შე ჩემაო~, მეუბნებოდა.
- დედაზე რას მეტყვი?
- დედა მსახიობი იყო. კარიერა ზურას გამო დათმო. ორი მსახიობი ერთ ოჯახში არ გამოდის. ორივეს დიდი დრო სჭირდება, ამიტომ ერთმა უნდა დათმოს, რომ ყველანაირი კომფორტი შეუქმნას მეორეს. წარმოიდგინე, მშიერი ზურა სახლში რომ მოსულიყო და საჭმელი არ დახვედროდა. თან ხედავს, მისი ცოლი ამ დროს როლზე მუშაობს, მეორე მსოფლიო ომი დაიწყებოდა ოჯახში. მე და ზურას ომი სახლში ამ მიზეზით გვაქვს მუდმივად.
- რა თემაზე ომობთ?
- ნებისმიერ თემაზე. მაგალითად, რატომ არ ვაჭამე ძაღლს, რატომ არ გავასეირნე, რატომ გავიღვიძე გვიან და ა.შ. თან, არა მგონია, ეს იყოს ნამდვილი მიზეზი, არ ვევასები, რა (იცინის).
- ზურას ეჭვიანობის მიზეზიც ხომ არ იყო დედას უმუშევრობა?
- არა, ზურა არ არის ეჭვიანი.
- ამ ხნის განმავლობაში არასდროს წამოუყვედრებია დედას მამასთვის, რომ მის გამო კარიერა დათმო?
- როგორ არა, როცა საჭირო გახდება, ჯოკრები ხელში უჭირავს. დედაჩემი ბაბუაჩემმა ბიჭივით გაზარდა. ორი გოგო ჰყავდა, დედა უფროსი იყო. დედაჩემი თვალდახუჭული აწყობს და შლის `აკაესს~. მაგრად ისვრის. ერთი-ორჯერ მამაჩემს უთხრა, ხომ არ დაგავიწყდა, ვისი შვილი ვარ, გაგიხვრეტ შუბლსო (იცინის). ზურა მიხვდა, რომ ნამდვილი თურმანიძეა დედა, მალამო აღარ უშველის (იცინის).
- იყო გარკვეული შეზღუდვები მშობლების მხრიდან?
- არა, არ მახსენდება... ერთხელ ცხენი მოვიპარე ზოოპარკის თუ `მზიურის~ საჯინიბოდან. რაჭაში ვიპარავდი ხოლმე უუნაგირო ცხენებს და ეტყობა, ხელი მიმეჩვია. ცხენზე ჯირითიც მამისგან გამომყვა ალბათ. მოვიპარე და დავსეირნობდი ეზოში, კორპუსს წრეებს ვარტყამდი. გაგიჟდა საწყალი ცხენი, ნალებიც არ ჰქონდა გაკეთებული, უნაგირიც არ ედგა, ჩემი ხელით გაკეთებული ლაგამით ვმართავდი. 9 წლის ვიყავი. ეზოში 5-6 წლის ბავშვები გაოცებული მიყურებდნენ, უხაროდათ. ამაზე გადაირია ოჯახი. ნამდვილად მახსოვს, რომ ეს ამიკრძალეს.
- ჯარში იყავი?
- არა, ჯართან დაკავშირებით ისეთი ისტორია მაქვს მოსაყოლი... დეიდაჩემი კვიპროსში ცხოვრობს, ცოტა ხნით ვიყავი მასთან, ახალი ჩამოსული ვარ, 2 დღის, საყურე მიკეთია, ჭკუაზე არ ვარ. დილით მძინავს და ვიღაც `ფურაშკიანი~ ტიპი მაღვიძებს, ადექი, ადექი, ჩაიცვიო. ვიფიქრე, დამიჭირეს. თურმე ჯარიდან მოვიდნენ. მამაჩემს ვეუბნები, რას მიშვრები, ჯარში მიშვებ-მეთქი. არა, რა ჯარში, ახლობლები არიან, მიხვალ, დაგბრაკავენ და წამოხვალო. მივედით ვაკის კომისარიატში. გამსინჯეს, აქ გტკივა, იქ გტკივაო, მკითხეს და უარი რომ მიიღეს, ძალიან კარგიო, თქვეს. საიდანაც შემოვედი, ის კარი ჩაიკეტა, გაიღო მეორე კარი, სადაც `გრუზავიკი~ იდგა. შეგვყარეს და წაგვიყვანეს. მაგრად შემეშინდა, თქვენ ხომ არ გაგიჟდით-მეთქი, ვფიქრობ. მიგვიყვანეს სადღაც აეროპორტისკენ, რაღაც შენობაში. მიაყენეს `გრუზავიკი~ და ჩამოგვყარეს. დიდი კორიდორია, ფარდებით გაყოფილი. ვიღაც სუნიანი ტიპები იხდიან, შიშვლდებიან, ფეხშიშველი დადიან. შანსი არ არის, მე აქ არ გავიხდი, შანსი არ არის, ვფიქრობ. ტიპს საყურე მიკეთია, ჯარში საყურე ხომ წარმოგიდგენია, რას ნიშნავს. ნათიას დაგარქმევენ. მაგრად არ მინდა ქალის სახელი (იცინის). ამაკანკალა. ამ დროს ვხედავ, კორიდორის ბოლოში ზურა შემოვარდა ვიღაც ორ ტიპთან ერთად. ერთ-ერთი ექიმი აღმოჩნდა. ოფლი მოვიწმინდე შუბლიდან. გიორგი, ხომ გტკივა აქ, მეკითხება. კი, კი, მტკივა, მოვისაწყლე თავი. დაბრაკულიაო, გამოაცხადა და გამიყვანეს იქიდან. ზურას ჩავეხუტე, სად იყავი აქამდე-მეთქი, ვეკითხებოდი.
- ანუ, უმიზეზოდ დაგბრაკეს.
- ძალიან სერიოზული მიზეზი მქონდა - ტვინით არ ვიყავი ჯარისკაცი. თან მაშინ ძალიან ცუდი ჯარი იყო. ახლა ისეთი ჯარია, ზოგჯერ ვფიქრობ, ხომ არ წავიდე-მეთქი.
- გიორგი, ყველა მამაკაცის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ის ქუჩაში გადის თავის დასამკვიდრებლად. ეს პერიოდიც იყო ალბათ შენს ცხოვრებაში...
- რა თქმა უნდა, თან ისეთ უბანში გავიზარდე, აქ თავი თუ არ დაიმკვიდრე, სხვანაირად ქუჩაში ვერ გამოხვალ. `კრუტოი~ ძმაკაცები მყავდა, ბაბულიკები, ქურდის ძმისშვი-ლები. 16-17 წლის ასაკამდე ქუჩაში ვმუშაობდით. ბირჟას რიგრიგობით ვამაგრებდით, რაზბორკები გვქონდა, ზოოპარკში ტიპებს ქურთუკებს ვხდიდით. ძაან სერიოზულად `ვმუ-შაობდით~, თან ვიზრდებოდით. კვიპროსიდან რომ ჩამოვედი, მივხვდი, სისულელე იყო ეს ყველაფერი, `და დაბრა ნი დავიდიოტ~ და ჰიპებისა და პანკებისკენ ავიღე გეზი. დისლოკაციის ადგილი შეიცვალა. ვაკის პარკში გადავინაცვლე. დიმა დადიანთან და ეგეთ ტიპებთან დავიწყე `დვიჟენია~. ვაკის პარკში ვიღვიძებდი სკამზე, სერიოზულად ვლოთობდი. პარალელურად თეატრალურში ვსწავლობდი. თავიდან სარეჟისოროზე ვსწავლობდი, მერე სამსახიობოზე რომ გადავედი, გოგა მარგველაშვილთან, მომინდა პროფესიისთვის სერიოზულად შემეხედა. ქათინაურები მითხრა გოგამ და ეტყობა ამან იმოქმედა.
- საკმაოდ რთული პერიოდი იყო, ნარკოტიკი, წამალი, ყაჩაღობა, ცდუნების წინაშე არ მდგარხარ?
- დიდი ხანი ვიყავი ნარკოტიკზე დამოკიდებული, ხუთი წელი. ჩემი ცხოვრების მთავარ ეტაპზე ხუთი წელი არ მახსოვს.
- ეს სტუდენტობის პერიოდია?
- არა, ''ცხელ ძაღლს'' რომ ვიღებდით, ეგ წლებია.
- როგორ მუშაობდი? საკმაოდ კარგად ართმევდი თავს.
- ეს იყო დოპინგი ჩემთვის, ყოველ დილით, როგორც ყავას სვამს ადამიანი, მე წამალს ვიკეთებდი, რომ ნორმალური ვყოფილიყავი, იმდენად ცუდად ვიყავი.
- როდის მიხვდი, რომ არანორმალურობისკენ მიდიოდი?
- მაშინ, როცა დავკარგე როლები. ჩემი იმედი აღარ ჰქონდათ, კინაღამ თეატრიდან გამაგდეს, დედამ ლამის ჩემს შვილობაზე თქვა უარი, ცოლი კინაღამ გამშორდა.
Rating
- მეორე ცოლს გულისხმობ ალბათ...
- ჰო, ანა და დედაჩემი ძალიან დამიდგნენ მხარში. დავწექი და ვიმკურნალე. 5-6 წელია ამ უბედურებას შევეშვი. მთავარია, შენ მოინდომო. ნარკომანებს ძირითადად ერთი ''პრიჩინა'' აქვთ, წამალს რომ შევეშვა, მერე რა ვქნა - ეს არის ფრაზა, რომელსაც ხშირად გაიგონებ მათგან. ბევრს მართლა არაფერი აქვს საქმე, აღარავინ ჰყავთ, რომ დაანებონ, მართლა რა უნდა ქნან? მე ხელი შემიწყვეს ოჯახმაც, მეგობრებმაც, თეატრმაც და გადავრჩი.
- პროფესია როგორ აირჩიე?
- თავიდან სარეჟისოროზე ჩავაბარე, მშობლები არ ჩარეულან. მეორე კურსზე ერთმანეთის სპექტაკლების ნაწყვეტებში ვითამაშეთ. შილერის `ყაჩაღებში~ ვითამაშე. მოეწონათ რეჟისორებს და მსახიობობა ხომ არ გეცადაო, შემომთავაზეს. გადავედი მარგველაშვილთან და თავიდან დავიწყე სწავლა.
- მამამ რა თქვა?
- სხვა რამე გააკეთეო, მითხრა, მსახიობი თუ ხარ, ძალიან მაგარი უნდა იყო, საშუალო დონის მსახიობობა არაფერს მოგიტანსო. ეს პასუხისმგებლობა დღემდე მომყვება. სულ ვცდილობ, საშუალო დონის არაფერი გავაკეთო. ხან გამომდის, ხან არა. ყველაფერზე არ ვთანხმდები.
- პირველი ჰონორარი, პირველი ხელფასი გახსოვს?
- ძალიან პატარა ვიყავი. ფილმში გადამიღეს, ზურას შვილს ვთამაშობდი. ზურა მეფე იყო. ფილმს ''ალყა'' ერქვა. იქ მომცეს 14 მანეთი. ძალიან ბედნიერი ვიყავი. სკოლის ბუფეტში ''ვბლატაობდი''.
- ყველაზე მძიმე პერიოდი რომელი იყო შენს ცხოვრებაში?
- ზემოთ რაზეც გიყვებოდი - ნარკოტიკზე დამოკიდებულება. ერთი ხელის მოსმით დავკარგე ყველაფერი, რასაც ამდენი ხანი ვაშენებდი, აღარ მენდობოდნენ. რეჟისორები ფიქრობდნენ, დავეკავებინე თუ არა ამა თუ იმ როლზე. ძალიან გამიჭირდა ნდობის მოპოვება. დღემდე მომყვება ეს ეჭვის თვალი, აბა, შემომხედე, შევიწროებული ხომ არ გაქვს გუგები...
- ლენუკას რა როლი აქვს შენს ცხოვრებაში?
- ძალიან დიდი. მობილიზებული ტიპია ლენუკა, მიზანს დაისახავს და ასრულებს. ბევრი რამ ვისწავლე მისგან. პირდაპირ და საწყენადაც უთქვამს ბევრი რამ ჩემთვის. ბევრჯერ გამოვუფხიზლებივარ. კარგი და მყავს.
- სასიყვარულო გამოცდილებაზე რას გვეტყვი?
- სკოლაში კლასელი შემიყვარდა პირველად, მაია ბაგრატიონი. შენ გგონია, რამე ვუთხარი, ეს ის პერიოდია, გაკვეთილის მოყოლის რომ მრცხვენოდა. ტელეფონზე ვურეკავდი და ვუსმენდი, როგორ ამბობდა `ალოს~. ორი წელი ასე ვიყავი. მესიზმრებოდა და ბედნიერი ვიყავი.
- შენ როდის დაესიზმრე საწინააღმდეგო სქესს? მახსოვს, ერთხელ მითხარი, არავის ვყვარებივარო...
- მართლა ასე იყო. არ მახსოვს, ვინმე სიყვარულში გამომტყდომოდეს. თან მაშინ გოგონები სიყვარულში არ უტყდებოდნენ, სხვა დრო იყო, ტეხავდა. პირველი ცოლი მოვიტაცე. პირველი, რაც იკითხა, ვის მივყვები ცოლად, რომელმა მომიტაცეთ, არავის არ გიცნობთო.
- მეორე?
- მეორესთან ''ლავსთორი'' მქონდა. ერთმანეთს გამოვუტყდით. უკვე ათი წელია ერთად ვართ.
- როგორ გგონია, რა სჭირდება ქალს ბედნიერებისთვის?
- სტაბილური, მისიყვარულე მამაკაცი გვერდით, რომელსაც ენდობა. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ქალსა და კაცს შორის კარგი სექსი უნდა იყოს. ეს თუ არ არის, არაფერი უშველის წყვილს.
- სიურპრიზები?
- სიურპრიზებიც, კარგიც და ცუდიც. სხვა შემთხვევაში მოსაწყენი გახდება თანაცხოვრება.
- ყველაზე ცუდი სიურპრიზი, რაც მეუღლისთვის გაგიკეთებია, რა გახსენდება?
- ბევრ ცუდ სიურპრიზს ვუკეთებ ჩემდაუნებურად. ასე კონკრეტულად არ მახსოვს. ან არ მინდა საჯაროდ მოვყვე.
- მაშინ ყველაზე კარგი სიურპრიზი გვითხარი...
- ყველაზე კარგი? აი, ის (ბავშვისკენ იშვერს ხელს - ავტ.), ხელში რომ უჭირავს.
- თვითონ რა გამოცდილებას უზიარებ შვილებს, უფროსი, ნატაშკა, უკვე დიდი გოგოა...
- ნატაშკამ თავიდან ცოტა ეჭვიანობა დაიწყო უმცროსზე. მეც ასეთი ვიყავი. ჩემი და რომ გაჩნდა, 4 წლის ვიყავი, ზურგჩანთაში ჩავალაგე სურსათ-სანოვაგე და წავედი. მთაწმინდაზე მივდიოდი, ჩემი სახლიდან ჩანდა კოშკი და იქ ცხოვრება მქონდა განზრახული. ასე ეჭვიანობდა თავიდან ნატაშკაც. მაგრამ მერე კრისტის დასაც ბიჭი ეყოლა, მის მოვლაში ნატაშკამ დიდი წვლილი შეიტანა, შეეჩვია, უცვლიდა, აძინებდა, ეთამაშებოდა. ახლა ძმასთან აქვს იგივე დამოკიდებულება... მე და ნატაშკა ვმეგობრობთ. 24 წლის ვიყავი, ნატაშკა რომ გაჩნდა და იგივე ურთიერთობა გვაქვს, რაც მე და ზურას. ვენდობით ერთმანეთს, ყველაფერს მიყვება.
- შეყვარებულზეც?
- ჰო! რაც ძალიან არ მომწონს და ნერვები მეშლება. რა დროს მაგისი შეყვარებულია! ბაბულიკა ვიჩითები ამ დროს. სამაგიეროდ, მისი პედაგოგები მირეკავენ და მეუბნებიან, ეს რა შვილი გაზარდე, 10-იანებზე სწავლობსო. ენებს სწავლობს. მსახიობობაც მოსწონს, მოდელობაც, ისტორია უყვარს. საითაც გაუხარდება, იქით წავიდეს. უბრალოდ, მე ვიჩალიჩებ, რომ აქ არ ისწავლოს. ლონდონში მინდა გავუშვა სასწავლებლად. მანამდე ცოტა ფულსაც მოვუგროვებ.
- დასასრულ, შეცდომებზეც გვიამბე, ერთი და მთავარი, რომელიც ყველაზე მძიმედ გახსენდება...
- რა გინდა? ხომ იცი, ამ კითხვაზე მართალი პასუხი არ გექნება. ვნანობ იმ ხუთ წელს, რომელიც დავკარგე.
- დღესაც ხშირად გამიგონია შენი მისამართით ჭორები, გიორგი ისევ კაიფობსო, ამბობენ.
- ეს ეჭვი ყოველთვის იქნება. ისეთი აქტიური ვიყავი ამ დარგში, არ სჯერათ, რომ გადავაგდე. თან ისეთ როლს ვთამაშობ სერიალში...
- თინასნაირი გოგონები მოგწონს ცხოვრებაში?
- არა! კატოსნაირი უფრო მომწონს, ვიდრე თინასნაირი. მაგიჟებს მისი მსოფლმხედველობა. ძალიან რთულია ასეთ ადამიანთან თანაცხოვრება. მაკა ძაგანია ძალიან მომწონს, მისი გმირი თინა - არა.
- როგორ გგონია, აეწყობა თქვენი ურთიერთობა სერიალში?
- არა, შანსი არ არის. ღამღამობით თუ გავაუპატიურებ, სხვა შანსი არ არის. ყველა ადამიანს აქვს თავისი შავი მხარე. თინა ისეთი შიზოფრენიჩკაა, შეიძლება, სწორედ ეს მოეწონოს (იცინის).

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 29 /
ანიკო
გიო მთელ საქარტველოს უყვარხაარრ.. უმაგრესო პიროვნება და მსახიობია
20:06 / 24-08-2013
გამოხმაურება / 0 /
კუდიანი
ყველაფერი მაგარი თქვა,მაგრამ აი ყოფილი ნარკომანები და ფემინისტები ერთმანეთს ვერ გაუგებენ ჯერ რა... შეიძლება შემდეგ თაობაში გაქაჩონ პოტენციურმა "ყოფილმა ნარკომანებმა" და ბაბულიკებმა :D ისე კი მაგარი საყვარელი ტიპია.
17:34 / 10-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ტ ტ
აუ, რა მაგარი ცოლი ყოლია. ძაან მომეწონა, პირველს ჯობია. ყველა ქალი ძაან მაგრი უნდა იყოს ასეთ ჯოჯოხეთს რომ გაუძლოს. გიორგი, დაუფასე, თუ გინდა რომ დაფასდე. გულახდილობისთვის მადლობას გიხდი, გიო.
12:51 / 10-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
cxovreba iseti xanmoklea,anu cutisopeli...magari goimi unda iko narkomani rom iko.daliet mcvane chai,ivarjishet,cxovrebas ukuret sxva tvalit da magari tipebi da magari msaxiobebi iknebit.kvelas gisurvebt tkveni tavis povnas.
21:27 / 05-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ანაბანა
კოკო რასაც გიორგიზე წერ,ზუსტად ის ხარ შენ,,სკოლაში ზრდილობა არ გასწავლეს ბიჭო???))))ვაი შენს პატრონს,შენაირებით რომ არის გავსებული საქართველო,ეგ არის სამწუხარო
03:01 / 05-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS