21 ივლისი, 2013
რას აიძულებდა ნიკო ბერიძე „მაგთიფანში“ გამარჯვებულ ძმას
ასლანის დროსაც ვმღეროდი, მიშას დროსაც. ახლაც დაკავებული ვარ, მაგრამ მთავრობა რა შუაშია, ვერც ერთ მთავრობას ვერ ვიტან, ეს სიტყვა არ მიყვარს, სიამოვნებით მივცხრილავდი ყველას, წამებით მოვკლავდი „მაესტროს“ მუსიკალური პროექტი „მაგთიფანი“ დასრულდა. გამარჯვება გიორგი ბერიძემ მოიპოვა. ბენდისთვის, რომელიც გამარჯვებულს უნდა შეექმნა, გიორგიმ შემდეგი კონკურსანტები აირჩია: აკე პატარაია, ანრი ღუდუშაური და თორნიკე ყიფიანი. როკჯგუფი მალე ტურნეს დაიწყებს საქართველოს მასშტაბით, ამბობენ, მათი გამოჩენა შოუბიზნესს „ააფეთქებს“ .
კონკურსის გამარჯვებული გიორგი ბერიძე , ძმასთან - „ჯეოსტარელ“ ნიკო ბერიძესთან ერთად ჩავწერეთ.

- ნიკო, რამდენადაც ვიცით, ძმა შენ დაიყოლიე ამ კონკურსში მონაწილეობაზე. ეს როგორ მოახერხე?
- ალბათ თვითონაც მოჰბეზრდა ასეთი ცხოვრება. თავის საქმეს ბათუმში მანამდეც აკეთებდა, მაგრამ არ ჩანდა, საზოგადოება არ იცნობდა. ერთ ჯგუფში ვმღეროდით ორივე, „ჯეოპლანეტი“ ერქვა. კონცერტები გვქონდა. ვიყავით ახალგაზრდული მუსიკალური თეატრის წამყვანი სოლისტებიც. სულ ვეუბნებოდი ჯერ კიდევ „ჯეოსტარის“ დროს, რომ მონაწილეობა მიეღო რომელიმე მუსიკალურ პროექტში, მაგრამ უარზე იყო. ერიდებოდა, კომპლექსი ჰქონდა. ყველაზე მეტად კასტინგზე უმუსიკოდ სიმღერის ერიდებოდა. ისე, ცუდი მომენტია მართლა, როცა გადიხარ კასტინგზე, გიყურებს ვიღაც სამი ტიპი და უმუსიკოდ უნდა იმღერო, მიკროფონის გარეშე.
- ამჯერად როგორ დაიყოლიე?
- მკაცრად ვუთხარი, უნდა წახვიდე, თუ არადა, შენს თავს დააბრალე-მეთქი. ერთხელ ვუთხარი, მეტი არ დამჭირდა.
გიორგი:
- „ჯეოსტარზე“ გასვლასაც მაიძულებდა.
ნიკო:
- იმ წელს მინდოდა გასულიყო, როცა მე ვიყავი.
გიორგი:
- ორივე ვიმალებოდით და ბოლოს მაინც ნიკო გავიდა.
- ნიკო, შენც არ გინდოდა მონაწილეობა?
- მე უბრალოდ არ მეცალა. იმ პერიოდში სპექტაკლები მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მიწევს ბევრი საქმის ერთად კეთება და კარგადაც გამომდის, ამ მომენტში მაინც დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი.
- როგორ განვლო ამ სამმა თვემ ორივესთვის, რაც გიორგი „მაგთიფანში“ იყო?
გიორგი:

- ნაზავი იყო და ვერ მივხვდი რისი. ვიღლებოდი, თან არ ვიღლებოდი. ნევროზიც ავიკიდე. ჩაკეტილმა სივრცემ და დასჯამ გამოიწვია. ძალიან ცუდი კონკურსანტი ვიყავი, არ ვემორჩილებოდი წესებს. სულ დასჯილი ვიყავი ამის გამო. არაესთეტიკური ვიზუალისა და ბილწსიტყვაობის გამო ბევრჯერ დავისაჯე.
- არაესთეტიკური ვიზუალის გამო?!..
- ტრუსით დავტანტალებდი, ვიგინებოდი... საინტერესო და სასარგებლო იყო ის, რომ ბევრი რამ ვისწავლე, ყველაზე მაგარი პედაგოგები გვყავდა, ჩაჩი და მანანა მორჩილაძე.
ნიკო:
- ისეთ აზარტში ვიყავი, ერთი სერია არ გამომიტოვებია. თუ ღამით ვერ ვნახავდი, დილით ტელევიზიაში თანამშრომლებთან ერთად ვუყურებდი გამეორებას.
- ტელევიზიაში?
- დიახ, ტელევიზიაში. აჭარის ტელევიზიის მუსიკალური პროდიუსერი გახლავართ. ბოლო პერიოდში ძალიან გავაქტიურდი. გიორგის ვიდეორგოლი გავუკეთე, ცნობილი ხალხი ჩავწერე, როგორ გულშემატკივრობდნენ გიორგის. მთელი ღამე გავათენეთ მე და ჩემმა ბიძაშვილმა ამ ვიდეოს დასამონტაჟებლად. ისეთი ვიდეო გამოვიდა, ყველამ იტირა. მაქსიმალურად გამოვიყენე ნაცნობობა. ვისაც არ ვიცნობდი, ისინიც კი ჩავწერე. რუსული ესტრადის ვარსკვლავები, კომპოზიტორები, ჯგუფის ვოკალისტები. „სკაიპითა“ და „ფეისბუქით“ მოვაგვარე ეგ ამბები.
- გიორგიმ გამარჯვება დიდად არ შეიმჩნია, ემოციები აქვს?
ნიკო:

- ლუკა ზაქარიაძეს ჰგავს ამით (იცინიან).
გიორგი:
- თავიდან პროექტის ათეულშიც რომ მოვხვდი, მაშინაც არ გამომიხატავს დიდი ემოცია. ყველას უკვირდა. გამარჯვების მომენტშიც არ დამიწყია ხტუნაობა და ყვირილი.
ნიკო:
- ბევრ ხტუნაობასა და ყვირილს სიყალბე მოჰყვება, ჯობს, წყნარად იყო.
- შენც არ გიხტუნავია, გიორგიმ რომ გაიმარჯვა?
- არც დამინახავს, თავი მქონდა ხელებში ჩარგული. რომ გამოაცხადეს, 5 წუთი ჩუმად ვიყავი, მერე ვიხტუნე კიდეც და უზრდელობებიც ვაკეთე (იცინის).
- რას გულისხმობ?
- არ მინდა ამის თქმა.
- ნიკო, სხვა ფავორიტები გყავდა „მაგთიფანში“ ?
- ყველა ფინალისტი მომწონდა. ნებისმიერი იყო გამარჯვების ღირსი. კაი „სასტავი“ მოხვდა ფინალში. გიორგი თუ არ მოიგებდა, აკე პატარაიას გამარჯვება გამიხარდებოდა. თან ბათუმელია და თან ყველაზე კაი ტიპია.
Rating
- ნიკო, გიორგის ია ტომაშთან ჰქონდა კონფლიქტი, ამ მომენტს უყურე?
- კი, მიუხედავად იმისა, რომ იას დიდ პატივს ვცემ, ვფიქრობ, იმ მომენტში გიორგიმ კიდევ კარგად მოითმინა. მე არ მოვითმენდი, შეიძლებოდა, ტაფა ჩამერტყა თავში. ვერ ვიტან უზრდელობას.
- ია მოიქცა უზრდელურად და გიორგი არა?
- არა, ახლა შენ რომ მითხრა, შენი ჯიში მოვ...ნო, მერე მეორედ გამიმეორო, რომელი გამოვალთ უზრდელი? ხუმრობითაც რომ შემაგინოს ვინმემ ჯიში, ჩემს საქციელზე პასუხს არ ვაგებ.
- გიორგი, ბენდის სამეული როდის შეარჩიე?
- მანამდე, სანამ „მაგთიფანის“ სახლში შევიდოდით. რეპეტიციებიდანვე მივხვდი, ვინ რას იმსახურებდა. ამ სტილისთვის სამივე ზედგამოჭრილია. ნირვანა, კურტ კობეინი, ასეთი სტილი გვექნება. დიდი აფეთქება უნდა მოვახდინოთ თბილისში და არა მარტო თბილისში. მალე ტურნეს დავიწყებთ საქართველოში, დაგეგმილია გასვლები საზღვარგარეთაც, სადაც ქართველი ემიგრანტები არიან.
- ანტიჟიურის შესახებ ვერსიები გქონდათ რომელიმეს?
ნიკო:

- მე მქონდა ვერსია და გამართლდა.
- როგორ გამოიცანი, ხმით ვერავის მიამსგავსებდი, ყველაზე დიდი, სქესი გამოგეცნო.
- არა, ხმით ვერა, უბრალოდ, თვალი მოვკარი „მაესტროში“ და ვიეჭვე. ჩემი ეჭვი გამართლდა, მანამდე გასაიდუმლოებული ანტიჟიური რადიო „უცნობის“ დამფუძნებელი და მუსიკალური პროდიუსერი, გიორგი ასანიშვილი აღმოჩნდა.
- ნიკო, შენი სტატუსი ვნახე „ფეისბუქზე“ , „საქართველოს ვარსკვლავზე“ ნინა სუბლატს ვგულშემატკივრობდი და „მაგთიფანში“ გიორგი ბერიძესო, იცნობ ნინას?
- მე აღარ მახსოვდა, აღმოჩნდა, რომ ვიცნობ. მეგობარმა გამახსენა, რომ ერთხელ გამაცნო. სუფრასთანაც ვყოფილვართ თურმე ერთად. ის პერიოდი იყო, მე რომ ვმღეროდი „ჯეოსტარში“ . პროექტი რომ დამთავრდა, მივწერე ნინას, მივულოცე გამარჯვება.
- სხვათა შორის, შეყვარებულს დაშორდა...
- ჰო, ძველს.
- ახალიც ჰყავს?
- მანამდე ვინც ჰყავდა.
- ვინ ჰყავდა?
- მის ამბებს მე რატომ მეკითხები?
- კარგი, შენს ამბებს გკითხავ. შეყვარებული ხარ?
- არა და ბედნიერი ვარ.
- უსიყვარულობა თუ აბედნიერებდა, არ ვიცოდი.
- მე ყველაფერი მაბედნიერებს, ისიც, ახლა შენ რომ გელაპარაკები, იმიტომ რომ ძალიან გაფასებ.
- გიორგი, ვიცი, რომ შეყვარებული ხარ, რა ეტაპზეა თქვენი ურთიერთობა?
- მიყვარს. ქორწილი არ გვექნება. რად გვინდა ქორწილი. მთავარია სიყვარული, სექსი, მუსიკა.
- შვილები?
- შვილები სექსით კეთდება (იცინიან).
- მშობლებმაც იციან, ოჯახის გარეშე რომ გეგმავ გამრავლებას?
- ჯიგარი მშობლები მყავს. პანკები არიან ჩემი მშობლები.
ნიკო:
- სხვათა შორის, მამაჩემი მართლა ჰგავს მორისონს. მაგარი მამა გვყავს. დედაც ჰიპია შინაგანად. ჩვენი დაქალია.
- სამომავლო გეგმებზე რას მეტყვით?
გიორგი:
- „ვაკის პარკთან“ ერთად ტურნე გვაქვს დაგეგმილი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ზასავფართი იქნება კონცერტების მერეო, გვპირდებიან და რა ვიცი, ვნახოთ (იცინიან). ბულგარეთის საგზური მაჩუქეს, როგორც გამარჯვებულს. ნიკო მინდა წავიყვანო.
- შეყვარებულს არ ეწყინება?
- ეწყინება, ამიტომ დამიმატონ კიდევ ერთი საგზური (იცინიან).
ნიკო:
- კიდევ ერთიც დაამატონ და მეც წამოვიყვან ერთ გოგოს.
- ნიკო, აჭარის ტელევიზიაში როგორ მოხვდი, მთავრობის ცვლილების ბრალია?
- არა. სხვათა შორის, ისე მოხდა, რომ ასლანის დროსაც ვმღეროდი, მიშას დროსაც. ახლაც დაკავებული ვარ, მაგრამ მთავრობა რა შუაშია, ვერც ერთ მთავრობას ვერ ვიტან, ეს სიტყვა არ მიყვარს, სიამოვნებით მივცხრილავდი ყველას, წამებით მოვკლავდი... ჩემმა უფროსმა მეგობარმა, რომელსაც გადაცემა აქვს აჭარის ტელევიზიაში, თავისი გადაცემის ქუდისთვის მუსიკა მთხოვა, გამოადგა. მერე ტელევიზიის მთავარ პროდიუსერად დაინიშნა და მე მუსიკალურ პროდიუსერად ამიყვანა.
- თბილისიდან როგორ პროდიუსერობ აჭარის ტელევიზიას?
- ახლა პაუზა ვითხოვე, საავტორო სიმღერა ჩავწერე, როკჯგუფ „მძიმე ჯვარის“ სოლისტის, ლევან კაპანაძის სიმღერაა. მალე კლიპსაც გადავიღებთ. ორი კლიპის გადაღება აგვისტოს ბოლომდე უნდა მოვასწრო.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
რუსა
შემოგევლეტ ბიჭებო ბერიძეებო მიყვარხართ
17:32 / 22-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS