- თაკო, შენს კარიერასა და ცხოვრებაში ბევრი რთული პერიოდი იყო. შენ მაგივრად ''ევროვიზიაზე'' სოფო ტოროშელიძე გაემგზავრა ჯგუფ ''ელდრაინთან''
- ''ევროვიზია'' არაა ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანი. უბრალოდ, გული მტკივა, რომ იმ მომენტში კონკრეტულმა ადამიანებმა ზურგი მაქციეს. გული მწყდებოდა იმაზეც, რომ ჩემს ნაშ-რომს სხვა ასრულებდა. ვინ იქნებოდა ის, მნიშვნელობა არ ჰქონდა. ძალიან ჯიუტი და პრინციპული ვარ. არის რაღაცები, რასაც არასდროს გადავაბიჯებ არაფრის ფასად. ვერასდროს მივცემდი ჩემი გამოყენების უფლებას მარტო იმიტომ, რომ ''ევროვიზიაზე'' წავსულიყავი. რაც მოხდა, მოხდა. ვერაფერს შევცვლი.
- ''X ფაქტორშიც'' მონაწილეობდი ჯგუფთან ერთად. მენტორი სოფო ტოროშელიძე იყო და პროექტი მისი წყალობით დატოვე. მასთან როგორი ურთიერთობა გაქვს?
- ''ევროვიზიის'' კონკურსის გამო იმდენად გამწარებული და გულნატკენი ვიყავი, რომ ჩემ მაგივრად ვინც უნდა წასულიყო, ყველა გამოიწვევდა აგრესიას. თუმცა მოგვიანებით, როდესაც დავწყნარდი, მივხვდი, რომ ჩემი გაბრაზება თვითონ სოფოს არ ეკუთვნოდა. ერთ მშვენიერ დღეს მოვძებნე ''ფეისბუქზე'', დავიმატე მეგობრებში და ბოდიში მოვუხადე ზედმეტი აგრესიისთვის, რომელიც მას ჩემი მხრიდან არ ეკუთვნოდა. მერე ნორმალური ურთიერთობა გვქონდა. ''X ფაქტორი'' ჩემთვის გარკვეული ექსპერიმენტი იყო. მოხდა ისე, რომ გაგვაგდეს, სოფოს გა-დაწყვეტილებით ''X ფაქტორს'' დავემშვიდობეთ. დღესდღეობით სოფოსთან ისეთი ურთიერთობა არ მაქვს, როგორიც მქონდა. თუმცა დაბოღმილი არ ვარ, უბრალოდ, არის რაღაცები, რაც არ ითქმის.
- ''პროფილში'' შენს გულახდილ ინტერვიუს, სადაც ჰყვებოდი, მამამ თაკო ვადაჭკორია დუმილს არღვევს და მეუღლემ როგორ მიგატოვეს, მათი მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა?
- არც ერთი არ შემხმიანებია. ისინი ჩემი ცხოვრებიდან წავიდნენ. ზოგადად, ცუდი ხასიათი მაქვს, შემიძლია, ძალიან ბევრი ვიფიქრო, მაგრამ თუ ერთხელ ვთქვი, რომ ვსვამ წერტილს, აუცილებლად დავამთავრებ ყველაფერს, ამ შემთხვევაში ასეა. რომც გამოჩენილიყვნენ, ჩემში არაფერი შეიცვლებოდა. მომბეზრდა სიჩუმე. ვფიქრობ, რაც უფრო ბევრი ადამიანი მოჰყვება თავის ამბავს, სხვებისთვის სტიმული იქნება, რომ არ უნდა გაჩერდნენ. ყოველთვის უნდა შეეცადო, ნებისმიერი სირთულის მიუხედავად, ცხოვრება გააგრძელო და შენი საქმე აკეთო.
- ყოფილი მეუღლის, ერეკლე მანგოშვილის ოჯახის წევრებთან გაქვს ურთიერთობა?
- როგორც კი მეუღლეს დავშორდი, ავტომატურ რეჟიმში გაქრა ყველა. ალბათ, არ ვიყავი ისეთი კარგი, რომ ჩემთან ურთიერთობა შეენარჩუნებინათ, ან ახალ რძალს ელოდებოდნენ. არავისთან არ მაქვს ურთიერთობა, მაგრამ იმიტომ არა, რომ მე მინდა ასე. გულწრფელად ვამბობ, მინდა, სანდროს თავის ნახევარდასთან ჰქონდეს ურთიერთობა.
- როგორც აღნიშნე, შენი მეუღლე ბევრ რამეს იტყუებოდა. ამბობდა, რომ იყო ბიზნესმენი, თუმცა ეს სიმართლე არ აღმოჩნდა. როგორ ვერ მოახერხე მასზე სიმართლის გაგება?
- მე ვიცოდი, რომ ერეკლე იყო ახალგაზრდა, რომელიც ხშირად დადიოდა საზღვარგარეთ, ჰქონდა პატარა ბიზნესი და ბინა ვაკეში, მერე აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო. ამ ყველაფრის გარკვევა ალბათ იმიტომ არ დავიწყე, რომ ის ზედმეტად ადეკვატური იყო. მეც იმ დროისთვის კარგი შემოსავალი მქონდა და არავის ფული და ბიზნესი არ მჭირდებოდა, აქედან გამომდინარე, იმის ქექვა, მართალს ამბობდა თუ არა, არ დამიწყია. ცოლად რომ გავყევი, აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამებოდა, მაგრამ ამის გამო ოჯახი არ დამინგრევია. მიყვარდა ისეთი, როგორიც იყო.
- თქვენ იურიდიულად ცოლ-ქმარი არ ყოფილხართ?
- ხელის მოწერა და ჯვრისწერა ერთად გვინდოდა. მხოლოდ ნიშნობა გადავიხადეთ, რომელსაც მისი და ჩემი სანათესავო სრული შემადგენლობით დაესწრო. ''ევროვიზიიდან'' რომ ჩამოვიდოდი, მერე ვაპირებდით დიდი ქორწილის გადახდას. მის სახლში გადავედი საცხოვრებლად და მის მეუღლედ მივიჩნეოდი.
- როგორც გაირკვა, მას შენამდეც ჰყავდა ცოლი.
- იმ გოგონასთან ბევრი საერთო ნაცნობი აღმოგვაჩნდა. მინდა გითხრა, რომ ორივე ძალიან თბილად მოვიხსენიებთ ერთმანეთს. მე ვხვდები, მან რა გამოიარა. დღესდღეობით ის გათხოვილია და ბავშვს ელოდება. კარგადაა და მიხარია.
- თამთა შედანია შენ შესახებ ამბობს, რომ ერეკლეს მეგობარი გოგო ხარ, ვისგანაც ბავშვი ჰყავს. შენთვის მისი ნათქვამის მოსმენა, ალბათ, რთულია.
- ზუსტად ამან გამაღიზიანა. ძნელია, სამი წლის განმავლობაში მოისმინო ეს ყველაფერი და პასუხი არ გასცე. თუ გაინტერესებთ, გეტყვით, რომ აბსოლუტურად არ მაქვს იმის პრეტენზია, ერეკლეს ყოფილი მეუღლე მერქვას. ნეტა, არ მერქვას და თუ ვინმეს ეს დაამშვიდებს, ასე იყოს, მაგრამ იმას ვერავინ გაექცევა, რომ ერეკლესგან შვილი მყავს. ეს ფაქტია, რაზეც თვალს ვერავინ დახუჭავს. თამთა ამბობდა, რომ ევროპაში ცხოვრობდა და ერეკლეს მეგობარი გოგოსგან შვილი თუ ჰყავს, მისთვის პრობლემა არაა. ევროპაში ვცხოვრობდი მეც, იმიტომ, რომ ვსწავლობდი და ზუსტად ევროპაში ასე მწვავედ არ უსვამენ ხაზს, მამაკაცის გვერდით მეგობარი გოგოა თუ - ცოლი. ერეკლესთან დაშორების მერე მშვიდად და წყნარად ვცხოვრობდი, გამოჩნდა და შერიგება მთხოვა. მაშინ არც ვიცოდი, ვინმეს თუ ხვდებოდა. რამდენჯერმე შევხვდით, იქნებ, კიდევ რაღაც გამოგვსვლოდა და ზუსტად მაშინ გავიგე, რომ ''მის საქართველოს'' ათეულიდან ვიღაც გოგოს ხვდებოდა. არ მიეჭვიანია. როდესაც რვა თვე დაშორებული იყო ცოლს, რომელთანაც არ უნდოდა ურთიერთობა, რა გასაკვირია, რომ ვინმეს შეხვედროდა. მაგრამ ერეკლესთან შერიგებაზე უარი იმიტომ არ მითქვამს, რომ ვიღაცას ხვდებოდა, არამედ იმიტომ, რომ პრობლემა, რაც ჩვენ შორის იყო, არ და ვერ გადაიჭრა.
- ეს პრობლემა ფინანსებს უკავშირდებოდა თუ?..
- იმ დროს ერეკლე ფინანსურად კარგად იყო. ცდილობდა, ბავშვისთვის თანხა მოეცა. უბრალოდ, ჩვენი ურთიერთობა ვერ ლაგდებოდა. მიყვარდა მაშინაც, როცა შერიგებაზე უარს ვეუბნებოდი, არ ვიცი, რატომ მიყვარდა, ალბათ, ბავშვის მამა ცოტა სხვა თემაა. უცბად დამშორდა და მერე უცბად გამოჩნდა, ალბათ, ამიტომ ყველაფერი ვერ გადავხარშე. მისმა ფინანსებმა კი ვერ მომხიბლა.
როგორც ადამიანი, ერეკლე მართლა მეცოდება. მძიმე პერიოდები აქვს მასაც გამოვლილი. ცუდ დროს ცუდ ადგილას მოხვდა. რაღაც სიტუაციებში არ გაუმართლა. იდეალური ვარიანტი ვიყავი, რომ მისთვის ცხოვრება დამელაგებინა, მაგრამ ვერ მოხერხდა. ვცდილობდი, მაგრამ არ გამოვიდა. არ ვიყავი ისეთი ცოლი, რომელიც ბევრ რამეს ითხოვს. ცოტა გვერდით რომ დამდგომოდა, ალბათ, ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ...
- ''მის საქართველო'' რომ იყო ერეკლეს გვერდით, ამას განსაკუთრებულად ხომ არ განიცდიდი?
- ერეკლეს გვერდით ვინც უნდა გამოჩენილიყო, ნებისმიერ შემთხვევაში ვიეჭვიანებდი, როდესაც ქალს მამაკაცი ჯერ კიდევ უყვარს, ასე ხდება. ის ქალი ჩემზე ბევრად ლამაზიც შეიძლება იყოს და ძალიან მაგარი პარამეტრები ჰქონდეს, მაგრამ მე ზუსტად ვიცი, ვინ ვარ და ზუსტად ვიცი, რა ადგილი მეკავა ერეკლეს ცხოვრებაში, ზუსტად ვიცი ისიც, მე რომ მნდომებოდა, ერეკლე ჩემ გვერდით იქნებოდა. ამიტომ ერთი წამით არ მიფიქრია, ვაიმე, ერეკლე ''მის საქართველოს'' გვერდით არის-მეთქი.
- როგორ ფიქრობ, დადგება დრო, როდესაც ყოფილ მეუღლესთან დაალაგებ ურთიერთობას?
- მგონია, რომ დადგება ეს მომენტიც. ამას მე თუ ვერ მოვახერხებ, ჩემი შვილი რომ გაიზრდება, დას აუცილებლად მოძებნის და გაიცნობს. მე თამთასთან პრობლემა არასდროს მქონია. არ ვფიქრობ, რომ მან დამინგრია ოჯახი. სასოწარკვეთილი ყოფილი ცოლის როლში არასდროს ვყოფილვარ. დღესვე რომ შემეხმიანოს, ჩვეულებრივად მივიღებ და ჩვენს შვილებს ერთმანეთს გავაცნობ.
- რა ხდება ახლა ყოფილი მეუღლის ცხოვრებაში?
- როგორც ვიცი, დაჭერილია. როცა გავიგე, რომ მეორედ დაიჭირეს და თამთას დაშორდა, ძალიან შემეცოდა. მძიმე პერიოდში ყველამ ხელი ჰკრა. სასაცილო რამეს გეტყვი. ერთ დღეს გადავწყვიტე, რომ წავიდოდი ციხეში მის სანახავად და ბავშვს გავაცნობდი. ვფიქრობდი, იქნებ, ტკივილი შეუმსუბუქდეს-მეთქი. ეს ჩემი მხრიდან ზედმეტი მიამიტობა იყო. მერე შემეშინდა ამ ნაბიჯის გადადგმის. არ ვიცოდი, როგორ გაგრძელდებოდა. არ მინდოდა, სანდროს მამა პირველად ციხეში ენახა. მეუღლის ციხეში ნახვის უაზრო ფიქრები თავიდან ამოვიგდე.
- სანდრომ რა იცის მამის შესახებ?
- სამწლინახევრისაა და ჰიპერაქტიური ბავშვია. კითხვებს ყველაფერზე მისვამს. ყველაფრის ახსნას მთხოვს, მაგრამ მამას არასდროს ახსენებს. მეგობრის მამებს ბაბუს ეძახის. სიტყვა მამა გაატარა და გადააბიჯა და რატომ, არ ვიცი. ეს თემა მანერვიულებს.
- შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?
- ამ ყველაფრის მერე ისეთი სტრესი მივიღე, რომ დიდი ხანი არავინ მომწონებია. მეუღლესთან დაშორების შემდეგ მხოლოდ ერთი სერიოზული ურთიერთობა მქონდა. იმ ადამიანმა ფეიერვერკი მაჩუქა. მას მერე მიჭირს ვინმესთან ურთიერთობა.
- მას რატომ დაშორდი?
- გარკვეული მიზეზების გამო ერთად ვერ ვიქნებოდით. საზღვარგარეთ მიდიოდა და წასვლას მთხოვდა, რაც არ მოხდებოდა. ის ყველაზე მაგარი მამაკაცი იყო ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ბოლო წერტილი მაინც დაშორება იქნებოდა. ურთიერთობის დიდხანს გაწელვა უაზრობა იქნებოდა და დავშორდით.
- ასაკით უფროსი იყო?
- უფროსი იყო. მე ზოგადად არ მიყვარს პატარა ბიჭები. ჩემი ქმარი გამონაკლისი იყო. ჩემზე ერთი წლით უმცროსი გახლავთ. ალბათ, იმიტომ მოიგო, რომ ვიზუალურადაც და ქცევითაც ბევრად დიდი ჩანდა. სამი წელია, არავინ მყავს და ეს ამბავი არავის სჯერა. მეუბნებიან, როგორ შეიძლება, მარტო იყოო. შეიძლება, ერთი საათით შევხვდე ვინმეს, მაგრამ ვხვდები, რომ მასთან არაფერი გამოვა. მეუღლის წყალობით, დიდი სკოლა გავიარე და კარგად ვისწავლე კაცების გარჩევა. რადგან საყვარელი მამაკაცი გვერდით არ მყავს, იმას არ ნიშნავს, რომ უბედური ვარ.
მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''