20 ივლისი, 2013
„თუ თაკო სალაყაიას არ დაიჭერენ , ბრძოლას ისევ გავაგრძელებთ...“
მადლობას ნამდვილად ვერ ვეტყვით ახალ ხელისუფლებას, რომ მერაბიშვილი და ახალაია ციხეში არიან. ეს იყო აუცილებელი, რაც უნდა გაეკეთებინათ. საზოგადოებას სამართალიანობა შიოდა და მარტო ამით ვერ ჭამს სამართალი პურს. ვარდების რევოლუციის შემდეგ ჯაბა ჯიშკარიანი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ოპოზიციონერი გახლდათ. რამდენიმე თანამებრძოლთან ერთად ყველაფერს აპროტესტებდა, რაც ძველი მთავრობის ქმედებებში არ მოსწონდა. ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ მისი მეგობრების ნაწილი სახელმწიფო სამსახურში გადავიდა. ჯაბა კი ამ ბოლო დროს არსად ჩანდა.

- ჯაბა, როგორ გრძელდება შენი ცხოვრება ახალი საპარლამენტო არჩევნების
შემდეგ?
- ჩვენი მთავარი მიზანი ყოველთვის იყო თანასწორუფლებიანი თავისუფალი საზოგადოება, სადაც ხელისუფლება ყოველთვის ორიენტირებული იქნებოდა სამართლიანობასა და ხალხის ნების აღსრულებაზე. ჩემთვის ყოველთვის ფასეული იყო ადამიანის უფლებების დაცვა და დღესაც ამ ნიშას ვიკავებ. მეგობრებთან ერთად ადამიანების უფლებების დაცვას „სამოქალაქო ფრონტის“ სახელით ვაგრძელებ. ველოდებით ძველი დანაშაულებების გახსნას, როდესაც ძველი ხელისუფლება კრიმინალურად, არაკანონიერად მოქმედებდა საკუთარი მოქალაქეებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ.
- არჩევნების შემდეგ რამდენიმე უფლებადამცველი საკმაოდ წარმტებულად დასაქმდა, დაჩი ცაგურია, ირაკლი კორძაია...
- ყველას თავისი ცხოვრება აქვს. წლების განმავლობაში ვამბობდი, რომ არასოდეს მიბრძოლია პრივილეგიებისთვის. რაც შეეხება ჩემს მეგობრებს, ღმერთმა გაუმარჯოთ, ამ ადამიანებმა თავიანთი ადგილი იპოვეს. დღემდე ჩემი მეგობრები არიან და ასე იქნება. რაც შეეხება მათ არჩევანს, მივესალმები, მაგრამ ჩემი საქმე არ არის კონკრეტულ უწყებაში ჩაკეტვა.
- დღეს რომელ პოლიტიკურ პარტიას უჭერ მხარს?
- არც ერთს (იღიმება)... ეს არ არის ჩვენი ორგანიზაციის ამოსავალი წერტილი. მე ვიბრძვი ჩემს მეგობრებთან ერთად - აკაკი დარასელია, ილია წურწუმია, გიორგი დალაქიშვილი, გოგიტა ხიზანიშვილი და სხვები... ბოლო დროს აქცია არ მოგვიწყვია, მაგრამ განცხადებებს ვავრცელებთ. ბოლოს მიქაუტაძის საქმეზე გავავრცელეთ განცხადება. ვითხოვთ იმ პირების დასჯას, რომლებიც მის წამებაში მონაწილეობდნენ. გასაგებია, რომ საქართველოს ჰყავს ახალი ხელისუფლება, რომელიც სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას და ჩვენ თუ არ გვინდა, გირგვლიანისა და ვაზაგაშვილის ახალი ეპოქა დაიწყოს საქართველოში, რომლის თვალნათელი მაგალითია ბატონი მიქაუტაძე, ის თვითმკვლელობამდეა მიყვანილი, ველოდებით შსს-დან და სხვა უწყებებიდან, რომ დაისაჯონ დამნაშავე პოლიციელები, რათა სხვებმა იგივე არ გაბედონ. განცხადებაშიც აღვნიშნეთ, რომ ეს ახალი ხელისუფლების რეიტინგზეც აისახება. ვნახოთ, დასჯის დამნაშავეებს თუ ახირების პოზიციაში ჩავარდება, როგორც თავის დროზე მერაბიშვილი და სააკაშვილი იქცეოდნენ.
- ჯაბა, იმ ადამიანებიდან, ვის წინააღმდეგაც იბრძოდით წინა ხელისუფლების დროს, დღეს ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია დაკავებულები არიან. რამდენად ადეკვატურია ის ბრალი, რაც ახალაიას წარუდგინეს?
- რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი, მას მეტი დანაშაული აქვს ჩადენილი. ჩვენი ინფორმაციით, პროკურატურას არა აქვს საკმარისი მტკიცებულება და ალბათ მოქალაქეები კეთილს ინებებენ, მივლენ და დაწერენ საჩივრებს.
- პრესაში ხშირად ჰყვებიან ახალაიას სისასტიკეზე, პროკურატურასაც მიმართავენ და ითხოვენ, რომ დაკითხონ...
- გასაგებია, მაგრამ იქ რომ მიდიან, არ წერენ. პრესით ყველას უყვარს მანიპულირება და საქმე საქმეზე რომ მიდგება, ხელის დადება არ უნდათ. იმ ფაქტებზე, რომელსაც პრესით არახუნებენ, ვითომ მტკიცებულებები გააჩნიათ, ბოლოს აღარ აღმოაჩნდებათ ხოლმე. მადლობას ნამდვილად ვერ ვეტყვით ახალ ხელისუფლებას, რომ მერაბიშვილი და ახალაია ციხეში არიან. ეს იყო აუცილებელი, რაც უნდა გაეკეთებინათ. საზოგადოებას სამართალიანობა შიოდა და მარტო ამით ვერ ჭამს სამართალი პურს. ძალიან კარგად მახსოვს, ახალაიასა და მერაბიშვილის გარდა, ათობით და ათასობით ადამიანი აუბედურებდა საქართველოს, რომლებიც დღეს პარლამენტში სხედან. თუნდაც - დავით საყვარელიძე, გივი თარგამაძე, გოკა გაბაშვილი. მე ვფიქრობ, რომ ახალმა ხელისუფლებამ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ აუცილებლად უნდა დანიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. ჩვენ თუ ვაღიარებთ, რომ 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს სააკაშვილმა არჩევნები გააყალბა, აქედან გამომდინარე, მათი ადგილი ციხეშია.
დაახლოებით ერთი წელია, რაც ზურა ვაზაგაშვილის საქმის განახლებაზე სარჩელია შეტანილი, მაგრამ საერთოდ არ არის ძვრა პროკურატურაში. ასევე შეტანილია 7 ნოემბრის საქმეზე, 15 ივნისის, როდესაც პოლიციის შენობასთან ახალგაზრდებს სცემეს, ასევე „იმედის“ დარბევის თემაზე. ძალიან ბევრი კითხვაა საზოგადოებაში, რომელსაც ერთ დღეს დავსვამთ. გასაგებია, რომ პროკურატურა ახალი ორგანოა, ასე გვაჩვენებენ. შეიცვალა არჩილ კბილაშვილი, ლაშა ნაცვლიშვილი და ქალბატონი მწარიაშვილი, დანარჩენი იგივე კადრებია. ცვლილება მხოლოდ ღარიბაშვილის უწყებას ეხება. ნაკლებად იგრძნობა აგრესია საზოგადოებისადმი დამოკიდებულებაში. თუმცა იქაც არის დეფექტი საკადრო პოლიტიკაში. არის ასეთი ადამიანი, დავით დვალიშვილი, ბუტა რობაქიძის მკვლელი. დღეს დაწინაურებულია და ქობულეთის პოლიციის უფროსია. ის კარგად ჩანს კადრებში. ამის მტკიცებულებაც გამაჩნია. ერთი თვის წინ მან სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, რაზეც გენერალურ ინსპექციაში სარჩელიც არის შეტანილი. ამ ადამიანმა, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის ბუტა რობაქიძის მკვლელი, სამი ახალგაზრდა გაიტაცა ქობულეთის ერთ-ერთი პარკიდან, თავის კაბინეტში შეიყვანა, თანამშრომლებიც იქ იყვნენ. ბიჭებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და გაუპატიურებით ემუქრებოდნენ. ეს არ არის ირაკლი ღარიბაშვილის მინუსი, მაგრამ მინუსად დარჩება, თუ რეაგირებას არ მოახდენს.
- გირგვლიანის თემას წლების განმავლობაში ყველაზე აქტიურად აპროტესტებდით, დღეს დაკავებულ ვანო მერაბიშვილს ერთ-ერთ ეპიზოდად სწორედ ეს საქმე აქვს წარდგენილი. ამბობენ, რომ შესაძლოა მისი მეუღლეც დაიჭირონ.
- მერაბიშვილის ცოლის დაპატიმრება თითოეული ჩვენგანის მოთხოვნაა. მაშინ ჩვენ მერაბიშვილის დაპატიმრებას კი არა, გადადგომას ვითხოვდით. მან არ დასაჯა მელნიკოვი, თაკო სალაყაია, ახალაია, სანოძე, დონაძე და ის ადამიანები, რომლებიც შემდგომ სააკაშვილმა შეიწყალა. ამ პროტესტის შემდეგ დასაჯეს აფციაური, ღაჭავა, ბიბილურიძე და ალანია, მაგრამ შეიწყალეს. სწორედ ამ საქმეს ედავებიან დღეს ვანო მერაბიშვილს.
- შეიძლება, თაკო სალაყაია მართლა დააკავონ?
- ჩვენი მოთხოვნა იქნება და ალბათ დაიჭერენ. თუ მკვლელობის დაკვეთა არ დაუმტკიცდა და თავს დაიძვრენს, მაშინ დანაშაულის მფარველი გამოდის. იცოდა მომხდარის შესახებ, სუფრის წევრი იყო და პოლიციას ჩვენება არ მისცა. ძალიან ბევრი მუხლი შეიძლება წაუყენოს პროკურატურამ. თუ ჩვენს ქვეყანას და ხელისუფლებას იმის პოლიტიკური ნება გააჩნია, რომ სამართლიანობა უნდა აღდგეს და ეს არ არის ბუტაფორია, მაშინ უნდა დაიჭირონ თაკო სალაყაია. თუ თაკო სალაყაიას არ დაიჭერენ, ყველაფერი ნათელი გახდება და ბრძოლას ისევ გავაგრძელებთ.
Rating
- მახსოვს, წლების განმავლობაში დასდევდით პრეზიდენტს რესტორნებში და აქციებს უწყობდით.
- რამდენიმე დღის წინ დავიჭირე ფრანგულ რესტორანში, სადაც ცოტა ხნის წინ ნაციონალებმა იჩხუბეს. შეურაცხყოფა მივაყენე. დავუძახე, რომ ნაძირალა იყო და მისი მმართველობა დასრულებულია. დაახლოებით სამ მეტრში იყო ჩემგან. იგივე განმეორდა ფალიაშვილზე. მარტო ვიყავი ღამე. დაცვა ახლოს არ მიშვებდა და მემუქრებოდა, პატრულს გამოვიძახებო, მაგრამ რატომღაც აღარ გამოიძახეს. ჩვეულებრივ, თვითმარქვია ნაძირალა მიხეილ სააკაშვილს ვეძახდი, იცის მაგან, მისი სახელია. ჩემმა მეგობრებმა ლევან გოგიჩაიშვილმა და მელორ ვაჩნაძემ ნახეს სუში ბარში, სადაც ვნების ანგელოზებს იკმაყოფილებდა (იღიმება).
- მალე ის პრეზიდენტი აღარ იქნება, როგორ ფიქრობთ, დარჩება პოლიტიკაში?
- ჩემს მტერს არ ვუსურვებ მის მდგომარეობას. თავის გუნდის წევრებშიც არ აქვს ნდობა, ყველასგან განწირულია და წყობილებიდან არის გამოსული. ალბათ ჯამბაზად დარჩება საქართველოს მეხსიერებაში, თავისი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე. რას აკეთებს, ჩემზე კარგად ხედავთ თქვენ და საზოგადოება. სერიოზულად არ უნდა აღვიქვათ მისი ლაპარაკი.
- რამდენიმე საპრეზიდენტო კანდიდატი უკვე გამოიკვეთა. თქვენ რომელს დაუჭერთ მხარს?
- ვისი პროგრამაც ჩემთვის მისაღები იქნება. არ მინდა, პრეზიდენტი სახელისუფლებო გუნდის წევრი იყოს, პარტიაზე ან კერძო ინდივიდზე დამოკიდებული.
- როგორ ფიქრობთ, გიორგი მარგველაშვილის გარდა, ვის აქვს კიდევ დიდი შანსი?
- ალბათ ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს.
- წეღან გკითხეთ, სად წავა სააკაშვილი არჩევნების შემდეგ?
- სააკაშვილი წავა ციხეში. ის პოლიტიკაში ვერ დარჩება. მე შემიძლია გაგახსენოთ 26 მაისის შესახებ განცხადებები. ასევე „რედისონის“ გახსნაზე გაკეთებული განცხადება, როდესაც აფრასიძეების საქმეზე თქვა, რომ მან გასცა ცეცხლის გახსნის ბრძანება. ეს არის დანაშაული და პირდაპირი აღიარება მედიის საშუალებით.
- გაბედავს ახალი მთავრობა სააკაშვილის დაკავებას?
- გაბედავს ახალი მთავრობა, რომ კანონი არ შეასრულოს? ახალ მთავრობას ხალხმა იმიტომ მისცა ხმა, რომ სამართლიანობა აღედგინა და არა იმიტომ, რომ კოაბიტაციურ პროცესში ჩაეთრია საქართველოს მთელი მოსახლეობა.
- ხომ შეიძლება, ახალაიას ბრალი არ დაუმტკიცდეს და ციხიდან გამოუშვან?
- ალბათ ყველა გავგიჟდებით და ისევ რუსთაველზე დავწვებით ლოზუნგით - დაიჭირეთ ბაჩო ახალაია. როგორ უნდა გამოუშვან ადამიანი, რომელსაც დაახლოებით ორმოცდაათამდე ბრალდება აქვს წარდგენილი. ნორმალურ ქვეყანაში ერთი ბრალდებაც საკმარისი იქნებოდა მის გასასამართლებლად.
- წინასაარჩევნოდ ხალხს საინტერესო ლოზუნგი ჰქონდა - სისტემა უნდა დაინგრეს... როგორ ფიქრობთ, დაინგრა სისტემა?
- პოლიციური რეჟიმი ალბათ დაინგრა. მინდა მჯეროდეს, რომ პოლიციელები პოლიტიკურ დაკვეთებს აღარ შეასრულებენ. რაც შეეხება სისტემას, პროკურატურასა და სასამართლოში არაფერი შეცვლილა და იმედი მაქვს, გამოსწორდება. სასამართლოში კუბლაშვილის დარჩენა არ შეიძლება. ერთი ფაქტის შესახებ მინდა მოგიყვეთ, არის ერთი ადამიანი - დავით ჩხატარაშვილი, ის იყო ადეიშვილის მარჯვენა ხელი და დღემდე გარეთ დადის. მე მინდა გაგახსენოთ ჩემი მეგობრის ლევან გოგიჩაიშვილის საქმე, ყველაფერი თავისი ხელით დაწერა დავით ჩხატარაშვილმა, ასევე იყო შაკო გოგინაშვილის შემთხვევაშიც. მაშინდელი ოპოზიციის წინააღმდეგ აგორებული რუსეთის აგენტების სქემა, გოგა ხაინდრავას ვითომ ქურდებთან კავშირი და უამრავი სხვა. მეც მაგ კითხვას ვსვამ, რატომ არ არის ეს ადამიანი დაკავებული. მას არ ეხებიან და არც დაუკითხავთ. ჩემი ინფორმაციით, კონკრეტული ადამიანები მფარველობენ დღევანდელ ხელისუფლებაში, რაც, მერწმუნეთ, არ გამოუვათ. ეკრანიდან არ ჩამოვხსნით დავით ჩხატარაშვილს და იმ ადამიანებს, რომლებიც არ დაიჭერენ. დროის რაღაც მონაკვეთი გვაქვს აღებული, ვაცდით ახალ ხელისუფლებას. ჩვენ არ ვართY ჩასაფრებულის პოზიციაში, დავეხმარებით შსს-ს, პროკურატურას, რომ სამართლიანობა აღდგეს. იმისათვის ვიბრძვით, რომ ამ ხელისუფლებაშიც არ დაგვჭირდეს იმის გაკეთება, რასაც მიშას დროს ვაკეთებდით. ამის ენერგია გვაქვს და არ ვწუწუნებთ. ხუთ შინაგან საქმეთა მინისტრს გავაფუჭებთ, ორმოც პრეზიდენტს და ხუთას პრემიერ-მინისტრს, ჟინიც გვაქვს და ვაჟკაცობაც, მაგრამ არ მინდა, ასე მოხდეს.

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 12 /
გიოოგი
ჯაბა მეც,შენც და ყველამ ვინც ვიბრძოდით ყოველთვის ბოლომდე და ვინც გავძელით და აქამდე მოვიტანეთ საქართველო სანამ ბიძინა მოგვისწრებდა, დარწმუნებული იყავი ყველა ისევ ისე გავაგრძელებთ ბრძოლას, უბრალოდ ღმერთმა დაგვიფაროს რომ დაგვჭირდეს.
21:20 / 24-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მე
თითქოს სიმართლეს ამბობს მაგრამ კარგად თუ დაუკვირდება ადამიანი ეს კაცი ანუ ინტერვიუს მიმცემი აშკარად მიკერძოებულია. თუ სააკაშვილის დანაშაულობებს ამბობ დალოცვილო ნინო ბურჯანაძე რად გამოგყავს ანგელოზად? მის კისერზე არაა უდანაშაულო პოლიციელის სიკვდილი მანქანი~თ რომ ზედ გადაუარეს? გამომივიდა ესეც უფლება დამცველი. ვაფშე ვინ არის ეს კაცი? ერთი ყბედია რომელსაც ფულს უხდიან ყბედობაში
22:21 / 21-07-2013
გამოხმაურება / 0 /
333
ან რა თქმაა უნდა მივიდნენ და განაცხადონ , რომ განაცხადონ უნდა მტკიცებულება ქონდეთ, თუ ვერ დაამტკიცებენ ცრუ ჩვენებათ ჩაითვლება , ჟურნალისტი კი ართმევს ინტერვიუს თუ საინტერესო თემაა და იცის მკითხველი ეყოლება . ახლა მე რომ მოვინდომო დავწამო ცილი , რომ ჯიშკარიანმა დამარტყა ხელი მჯერავს მოიძებნება გაზეთი ან საიტი სადაც დაწერენ, ეს არის ბიზნესი, თუ ნაციონალებზე დამჭირდება მოგონება სხვა გაზეთს დავუკავშირდები, სამწუხაროდ საქართველოში ბევრ ჟურნალისტი მიკერძოებულია, ავიწყდებათ , რომ მათი მოვალეობა ინფორმაციის მოპოვება და ანალიზის გაკეთება მკითხველს უნდა მიანდონ, მადლობა რეიტინგს, რომ არ მბლოკავს.
17:41 / 21-07-2013
გამოხმაურება / 0 /
333
რატომღაც ავიწყდება ჯიშკარიანს , ხალხმა ხმა მისცა ახალ ხელისუფლებას იმიტომ. რომ გაიზრდებოდა სამუშაო ადგილები, პენსიები, ხელფასები, და არა მარტო სამართლიანობის აღდგენას, ამაზე უწმინდესმა კარგად ბრძანა. ყურადღება გამახვილდებოდა ინვალიდ, მიუსაფარ და მშობლის მზრუნველობამოკლებულ ბავშვებზე, მე ბევრგან მისაუბრია საკმაოდ განათლებულ და უბრალო ადამიანთანაც , ბევრისგან გამიგია , რომ დაიღალა სამართლიამობის აღდგენაზე მოსმენით, ეს იმას სულაც არ ნიშნავს სხვისი ჭირი , ღობეს ჩხირი" მაგრამ, ხალხს უნდა გააგრძელოს ცხოვრება უკეთეს პიობებში და უფრო მნიშვნელოვანი მათთვის სამუშაო ადგილების შექმნაა ნორმალური ანაზღაურებით, სამართლიანობის აღდგენას , როგორმე ჯიშკარიანის და ვაჩნაძის ხულიგნური გამოხტომების გარეშეც მიხედავენ .
17:07 / 21-07-2013
გამოხმაურება / 0 /
333
იმიტომ აპროტესტებდა რბილი სკამი უნდოდა, ცოტა დააცადეთ ახალმა ხელისუფლებამაც თუ არ მისცა თანამდებობა ახლა ამათ დაუწყებს კირკიტს, ბურჯანაძე როცა იყო ხომ ააყვავა, სწორია დამნაშავე უნდა დაისაჯოს. მაგრამ, თვითონ რა გაუკეთებია ქვეყნისთვის , ტრაბახობს რომ ქვეყნის პრეზიდენტი გალანძღა, ამით იქცევს საზოგადოების ყურადღებას.
16:50 / 21-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ლალო
წავიკითხე და გამეხარდა, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც გული ადვილად არ უცრუვდებათ და იმედები არ უქრებათ, სიახლე არ არის ის ფაქტი, რომ რაც ჩვენ გვემართება, ჩვენივე გულგრილობის ბრალია, თავიდანვე ბევრი რამ შევარჩინეთ ნაძირალების პატარა ჯგუფს და უფლება მივეცით, 9 წელი ისევ საბჭოთა საქართველოში, თუ გინდათ, ჩრდილო კორეაში გვეცხოვრა, ჯაბასნაირმა ხალხმა ჩვენი მხარდაჭერა ყოველთვის უნდა იგძნოს.
15:09 / 21-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ეტერ
მხოლოდ ქალბატონ სალომე ზურაბისჰვილს სჰეუდლია დგეს საქარტველოს გადარცჰენა და სამარტლიან სტორ გზაზე დაყენება,ტერიტორიების დაბრუნება,რის გარესჰე საქარტველო ვერ იარსებებს მას დალიან ბევრი მომხრე ყავს ერტეულები ვერაფერს დააკლებენ,გლახას რად უნდა მტერია-კარგია მუდამ მტრიანი...
11:47 / 21-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ალბინა
axali xelisuflebis tavidan did moimedes,aghar maqvs didi imedi danapirebs shegvisruleben,jerjerobit ar chans araferi,ukiduresi mdgomarebaa...lalis gasagonad---getanxmebi imashi rom imedi ar gaqvs axali xelisuflebis(sheidzleba naadrevic iyos amaze jer fiqri)magram uaresze ratom fiqrob,zurabishvilze rogor unda tqva xmas vadzlevo,misi prezidentoba ghmertma daufaros saqartvelos,mashinatve daqceuliyos im dghesve saqartvelo da is qartveli romelic mas xmas miscems,moghalate iyo da skamze mebrdzoli da isetad darcheba,ghmertma gvashoros misi ufrosoba,umcrosobac zedmetia
04:05 / 21-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ადკ
ვინ არის სურატზე სალაკაიასტან ერტად?
18:26 / 20-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ლალი
მე არაფრის იმედი აღარ მაქვს,ამ მთავრობამ ხალხისთვის არაფერი გააკეთა,მარტო პატიმრეს მისცეს შეღავატი და სხვა რა კეთდება რა,თვითონ დიდი ხელფასები დაინიშნეს და საცოდავ პენსიონრებს კი 15 ლ.მოუმატეს,ამიტომ მე არ მივდივარ არჩევნებზე და თუ წავალ ზურაბიშვილს ვაძლევ ხმას
18:07 / 20-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS