- როგორ გაიცანით მეუღლე?
- ეროსი კიწმარიშვილის ძმა ჩემი კლასელი იყო. მისი მეშვეობით შევხვდით ერთმანეთს. შორენა ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, მე კი თეატრალურ უნივერსიტეტში პირველ კურსზე ვსწავლობდი. მისმა თითებმა მომხიბლა. განსაკუთრებული და ულამაზესი თითები აქვს.
- გაჭირვება და პოლიტიკური დაძაბულობა რომანტიკას კლავს...
- რომანტიკას ადამიანი თავად ქმნის, მაშინაც, თუ ირგვლივ დაძაბულობა და სტრესია. ბათუმში ვიყავით ორი კვირით წასულები. ცხრა საათზე პლაჟზე გავდიოდით, ვბანაობდით და თორმეტზე უკან ვბრუნდებოდით. გარეთ არეულობა, სროლა და განუკითხაობა ტრიალებდა. ჩვენ კი ჩვენი ედემი შევქმენით.
დაოჯახების შემდეგ ბავშვი ჩნდება და ვალდებულებები იმატებს. რომანტიკისთვის დრო აღარ გრჩება. მე და შორენას ძალიან გვიყვარს ერთმანეთი, ამიტომ პირადი სივრცისთვის მაინც ვიცლით.
ყველა შეყვარებული მამაკაცი რჩეულთან სიახლოვეს ცდილობს. შორენას მეც უკან დავყვებოდი. მახსოვს, მისი გულისთვის ერთხელ ხის ძირას, ტყეში გავათენე ღამე.
- ხელი როგორ სთხოვეთ?
- მეგობართან ერთად, მშობლებისგან დამოუკიდებლად ვცხოვრობდი. ის სასწავლებლად ჯერ მოსკოვში, მერე კი გერმანიაში მიდიოდა. ერთხელ შორენამ ამოგვაკითხა, სახლი დაგვილაგა და საჭმელი გაგვიკეთა. ვთხოვე, ჩემთან დარჩენილიყო. 10 დღე ერთად ვცხოვრობდით. მერე გადავწყვიტეთ, რომ მშობლებიც ჩაგვეყენებინა საქმის კურსში. არც ერთი მხარე არ ყოფილა წინააღმდეგი, უბრალოდ, გაუკვირდათ, ასე მოულოდნელად რომ დავოჯახდით.
თანაცხოვრება სასიამოვნო იყო, თუმცა მრავალი ყოფითი პრობლემა წამოიჭრა. არასდროს დამავიწყდება 1994 წლის 2 დეკემბერს, როცა ჩემი ქალიშვილი გაჩნდა, გაზი წავიდა. არც დენი იყო. ბიჭებმა მკითხეს, ბავშვს სამშობიაროდან რომ გამოიყვან, როგორ უნდა გაათბოო? არ ვიცი, მაგაზე ჯერ არ მიფიქრიამეთქი, ვუპასუხე. წავიდნენ, ბუხარი მოიტანეს და შეშაც მოზიდეს. ანი ჩემი ძმაკაცების გაზრდილია. დაახლოებით ოცი კაცი ვცხოვრობდით ერთად, სახალისო იყო. თბილად მახსენდება ის პერიოდი.
- რა არის სიყვარული?
- სიყვარულია, როდესაც მთელი შენი სამყარო ერთი ადამიანის ირგვლივ ტრიალებს და შენი ბედნიერება მას უკავშირდება. სიყვარულში ვნებაც მოიაზრება. ჩემი აზრით, იოკო და ჯონ ლენონი საუკეთესო სექსუალური პარტნიორები იყვნენ, ამიტომ უყვარდათ ერთმანეთი ასე ძლიერად.
- ხშირ შემთხვევაში ქართველი მამაკაცებისთვის ქორწინებამდე შეყვარებულთან ინტიმური ურთიერთობა მიუღებელია...
- მასე კიდევ ფიქრობს ვინმე? ალბათ მხოლოდ ის, ვისაც არასდროს ჰყოლია შეყვარებული ან დიდი ხანია დაოჯახებულია, შეყვარებულობის პერიოდში კი მსგავსი გამოცდილება არ ჰქონია. სექსისგან თავის შეკავება ანომალიაა.
- შორენასთან შეხვედრამდე სასიყვარულო თავგადასავლები გექნებოდათ...
- 15 წლის ასაკში უფროს გოგონასთან მქონდა ურთიერთობა. ერთხელ გერმანელი ქალი გავიცანი. ძმაკაცს ურიგებდნენ, მის გასაცნობად ერთად ავედით. ერთმანეთი დავინახეთ თუ არა, სიმპათიით განვეწყვეთ. ეს ჩემმა ძმაკაცმაც ადვილად შენიშნა. სიყვარულის ამბავი მალევე დამთავრდა. გერმანელ გოგონას მშობლებმა ხელი სტაცეს და სამშობლოში დააბრუნეს. შეეშინდათ, პოსტსაბჭოურ ქვეყანაში არ გაგვითხოვდესო.
თათული ღვინიანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''