- ზომიერად ტრადიციული ვარ. ბაბუებისგან ბევრი კარგი რამ ვისწავლე და ამ ყველაფერს ვაფასებ. არ შეიძლება, თუნდაც ჩვენი სტუმართმოყვარეობა,
- თურმე, იყო ისეთი პერიოდი, როცა ქალის რესტორანში ყოფნა სირცხვილად მიიჩნეოდა, დღეს კი ეს არავის უკვირს.
- სიმართლე გითხრა, მე იმ პერიოდს არ მოვსწრებივარ, როცა ქალის რესტორანში ყოფნა სირცხვილად ითვლებოდა და არაფერი ვიცი ამის შესახებ, თუმცა ჩემი რუსი მეგობრები მეკი-თხებიან მსგავს რაღაცებს. რატომღაც ჰგონიათ, რომ საქართველოში ქალი ჩადრით დადის, სულ სამზარეულოშია და ემსახურება კაცს. სიმართლე გითხრა, მე დღესაც მომწონს სახლში სუფრის გაშლა, ოჯახში ახლობელ ადამიანებს ვიწვევ, შესაბამისად, ატმოსფეროც ძალიან თბილია. სახლის გარემო უფრო მომწონს, ვიდრე სხვაგან წასვლა, მაგრამ ხანდახან სახლში ყველას ვერ დაატევ და სხვა გამოსავალი არ არის.
- ზემოთ ოჯახური ტრადიციები ახსენე, წყვილის ქორწინებამდე თანაცხოვრებაზე რას ფიქრობ?
- ამ თემაზე ორმაგი პასუხი მაქვს, წყვილისთვის ქორწინებამდე თანაცხოვრება კარგია, რადგან უკეთ იცნობენ ერთმანეთს, მაგრამ ჩემს დაზე რომ დავფიქრდე, გამიჭირდება, გათხოვებამდე ვინმესთან თანაცხოვრების ნება დავრთო. ძალიან რთულია, როცა ეს შენიანს ეხება, პირადად მე კი თანახმა ვარ, ჩემთვის ვისურვებდი ამას, რადგან მერე და მერე ყველაფერს აადვილებს, თუმცა თუ თანაცხოვრება ფიასკოთი დასრულდა, მერე ხომ იცი, საქართველოში როგორცაა?!.
- სასიყვარულო ურთიერთობაში გენდერულ თანასწორობაზე რას ფიქრობ?
- ეს აუცილებელია, არ შეიძლება, კაცი იყოს დიქტატორი, ყველა საკითხი ჰარმონიულად უნდა გვარდებოდეს, შენი მეორე ნახევარი უნდა ხვდებოდეს, რა გსიამოვნებს და რა – არა. ეს დამოკიდებულება ორმხრივი უნდა იყოს, როგორც შენ არ უნდა აკეთო ის, რაც ქალს არ მოსწონს, ასევე არ უნდა მოიქცეს ისიც.
- ოჯახს მამაკაცი უნდა მართავდეს?
- მამაკაცი უნდა იყოს უფროსი, გადაწყვეტილებებს ოჯახის დანარჩენ წევრებთან შეთანხმების შემდეგ უნდა იღებდეს. ჩემს ოჯახში ასეა, კონსილიუმს ვაწყობთ და ერთად მივდივართ გადაწყვეტილებამდე, მაგრამ ბოლო სიტყვა მაინც მამაკაცს უნდა ეთქმოდეს.
- ჭკვიანი ქალი რას ნიშნავს შენთვის?
- უნდა იყოს ერუდირებული, ზომიერად ნაკითხი, განათლებული და უნდა ჰქონდეს იუმორის გრძნობა, ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ჭკვიანი ქალი კარგია, მაგრამ იუმორის გარეშე ის სიჭკვიანეც იკარგება.
- დღეს ქალებიც, მამაკაცების მსგავსად, დაკავებული არიან, კაცს აკნინებს, როცა ცოლს მასზე მეტი შემოსავალი აქვს?
- მომწონს, რომ ქალები აქტიურები და დასაქმებულები არიან, მაგრამ ჩემთვის უფრო სასიამოვნო იქნება, თუ მატერიალურად მე უფრო ძლიერი ვიქნები, ვიდრე ჩემი მეორე ნახევარი. რაც უფრო ძლიერი ქალი გეყოლება გვერდით, შენ მით უფრო ძლიერი უნდა იყო. თუმცა არის შემთხვევები, როცა ცოლი უფრო მაღალანაზღაურებადი და წარმატებულია, ვიდრე ქმარი და ამაში ცუდი არაფერია. უბრალოდ, როგორც კაცს, მაინც მინდა, ფინანსურად მე უფრო ძლიერი ვიყო.
- რა მნიშვნელობას ანიჭებ ქალის განვლილ ცხოვრებას?
- ყველას აქვს წარსული და ამას ვერაფერს მოვუხერხებთ. ზოგს გაუმართლა პირადში, ზოგს – არა, ამიტომ ამაზე განსაკუთრებულად ყურადღების გამახვილება არ ღირს. განვლილ ცხოვრებას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, მთავარია, დღევანდელ დღეს როგორაა და მომავალში როგორ იქნება.
- ჩვენს რეალობაში ქალის პატიოსნებას რა განსაზღვრავს?
- ქალის განვლილი ცხოვრება მისი პატიოსნების მანიშნებელი არ უნდა იყოს, სულიერება უფრო მნიშვნელოვანია, მთავარია, სულიერად იყოს პატიოსანი. შეცდომები ყველას მოსდის, ამიტომ ამის მიხედვით გაკიცხვა სწორი არ მგონია.
- ამბობენ, ქალების გაძლიერების ფონზე მამაკაცები შესუსტდნენო, ასეა?
- ეს მამაკაცზეა დამოკიდებული, არ უნდა დაითრგუნოს ძლიერი ქალის გვერდით, პირიქით, ძლიერი მეორე ნახევარი სტიმული უნდა გახდეს, რომ შენც წარმატებული და ძლიერი გახდე, მეტი უნდა გააკეთო ამისთვის და ქალს უნდა აგრძნობინო, რომ ძლიერი ხარ!
- პირადზე საუბარი და არცთუ ახლობელი ადამიანისგან კითხვა, მოგყავს თუ არა ცოლი, ხომ არ გაღიზიანებს?
- იცი, რაშია საქმე, როცა ახლობელი ეცდება შენს პირადში ჩარევას, ის გწყინს ადამიანს, თორემ უცხო რას იტყვის, ეგ არ მაინტერესებს და მნიშვნელობას არ ვანიჭებ.
- არატრადიციულ ორიენტაციაზე რას ფიქრობ?
- ნეიტრალური დამოკიდებულება მაქვს, ყველას თავისი ცხოვრება აქვს და ეს გასაკიცხი არ უნდა გახდეს. უბრალოდ, როგორც ჰეტეროსექსუალები არ დავდივართ, არ ვამბობთ, რომ ქალები მოგვწონს და ამის თაობაზე მიტინგებს არ ვმართავთ, მათაც ასე არ უნდა მოაწყონ აქციები. ჩემს სამეგობროში, ყოველ შემთხვევაში, მათ არავინ ზღუდავს. გაღიზიანებას იწვევს რელიგიურად მნიშვნელოვან ადგილებზე მათი აქტივობა, აქცია. მათი ორიენტაციის თავზე მოხვევა, მგონი, ზედმეტია. ზოგადად, ყველაფრის თავს მოხვევაა მიუღებელი, ყველას აქვს არსებობის უფლება, ოღონდ თავისთვის უნდა იყვნენ.
ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''