19 მაისი, 2015
თიკა თინიკაშვილი: ''ვერავის დავუშლი, ჩემს ქმარს ნუ უყურებ-მეთქი''
ცოტა ხნის წინ ნარმანიების ოჯახს ახალი წევრიც შეემატა თბილისის მერის მეუღლეს, ქალბატონ თიკა თინიკაშვილს, ინტერვიუსთვის ვესტუმრეთ. დავინტერესდით, რა პრობლემებს ხედავს დედაქალაქში და, მისი აზრით, რა არის გამოსავალი. თბილისის პირველი ლედი ქვეყნის მდგომარეობის გარდა თავის ცხოვრებაზეც გვესაუბრა.
ცოტა ხნის წინ ნარმანიების ოჯახს ახალი წევრიც შეემატა. დღეს უკვე ქალბატონი თიკა სამი შვილის დედაა. დიასახლისობასთან ერთად მუშაობასაც ახერხებს, სოციალურად აქტიურია და მაისში ქალბატონების დასახმარებლად პროექტის განხორციელებას გეგმავს.

- ქალბატონო თიკა, რთულია იყო თბილისის პირველი ლედი?
- საქართველოს კანონმდებლობის
მიხედვით, თბილისის პირველ ლედის მოვალეობები არ აკისრია. შეიძლება, მან თავისი სურვილით აიღოს რაიმე ვალდებულება საკუთარ თავზე. რა თქმა უნდა, მისასალმებელია, როდესაც იგი ხალხის დახმარებას ცდილობს. ამ დროს ალბათ სასიამოვნოდ დაიღლება კიდეც.

- რაიმე პროექტი განახორციელეთ ამ დროის განმავლობაში?
- ჯერჯერობით არა, თუმცა მაისში ქალების დახმარებას ვგეგმავ. ძალიან მნიშვნელოვანია მათი ჯანმრთელობა. არ მინდა, ეს თემა განვავრცო, სანამ განზრახვას რეალობად არ ვაქცევ.

- რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში არჩევნების შემდეგ?
- მეუღლეს კიდევ უფრო იშვიათად ვნახულობ. ამ დროს ქალური ეგოიზმი მძვინვარებს ხოლმე, მაგრამ რა გაეწყობა, უნდა შევეგუო. წუწუნს აზრი არ აქვს. ქვეყნის ინტერესები ყველაფერზე მაღლა დგას. ადრე დათოს შეეძლო, ჩემი ხათრით ცოტა ხნით საქმე გვერდზე გადაედო, მაგრამ ახლა აღარც ვთხოვ, ვიცი, რომ საქართველოს პრობლემებს აგვარებს.
მინდა, მეუღლესთან ერთად სადმე დავისვენო, ბავშვებთანაც მეტი დრო გაატაროს. აგრეთვე მიწევს შევეგუო დათოს მიმართ უსაფუძვლო ბრალდებებს. უწინ ვბრაზობდი და ოჯახის წევრებთან ხმამაღლა განვიხილავდი ამ უსამართლობას, თუმცა ნელ-ნელა შევეჩვიე. Aახლა უკვე მიკვირს, დათოს კრიტიკა თუ არ მესმის და ხუმრობით ვკითხულობ: ქვეყანაში რა მოხდა ისეთი, რომ ოპოზიციის აგრესიის ობიექტი შეიცვალა?

- დაცვა ხომ არ აგიყვანიათ?
- არა. თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ. თბილისი არაჩვეულებრივი ქალაქია. ძალიან მომწონს მისი ეთნიკური მრავალფეროვნება. მოქალაქეებს ერთმანეთისადმი თბილი დამოკიდებულება აქვთ და ყურადღებიანები არიან.

- თბილისში არსებული პრობლემებიდან ყურადღებას რაზე გაამახვილებდით?
- საცობებსა (რაც ძალიან რთული მოსაგვარებელია) და ეკოლოგიაზე. თითოეული ბინისთვის გამოყოფილი დამლაგებელი და ნაგვის ურნა ვერაფერს შეცვლის, სანამ თითოეული ადამიანი არ გააანალიზებს, რამდენად მნიშვნელოვანია სანიტარიული ნორმების დაცვა. თუ ევროპაში შესვლა გვსურს, კულტურა უნდა შემოვუშვათ ჩვენს გონებაში. შეიძლება, გამოსავალი ჯარიმებში იყოს. როცა ადამიანმა იცის, რომ კონკრეტული ქმედებისთვის დაისჯება, მისი განხორციელებისგან თავს შეიკავებს.

- დედაქალაქში ორმოები მომრავლდა. გადაადგილებისას ხელს არ გიშლით?
- ასეთ საკითხებს ნუ შევეხებით.

- არჩევნების შემდეგ მეზობლების დამოკიდებულება თქვენი ოჯახისადმი შეიცვალა?
- ახალაშენებულ კორპუსში ვცხოვრობთ. მეზობლებთან ახლო ურთიერთობა არ გვაქვს. ზოგიერთ მათგანს არც კი ვიცნობთ. კორპუსში შემოსახლება ამჟამადაც გრძელდება.

- ფეხით თუ დადიხართ ხოლმე? ქუჩაში ხალხს ხომ არ ესაუბრებით?
- ფეხით ხშირად დავდივარ. გზაში იშვიათად მცნობენ, თუმცა მე ყოველთვის მზად ვარ ადამიანებთან საუბრისთვის, მათი გასაჭირის მოსასმენად. სოციალურ ქსელში მიკავშირდებიან და დახმარებას მთხოვენ.

- გყოლიათ მეგობარი, რომელიც პოლიტიკური შეხედულების გამო დაგიკარგავთ?
- პოლიტიკას პირად ურთიერთობებში არაფერი ესაქმება. მეტიც, მგონია, რომ პოლიტიკა პოლიტიკოსების საქმეა და არა მოქალაქეების. ჯობს, ყველამ თავისი საქმე აკეთოს. მყავს მეგობრები, რომლებიც სხვა კუთხით უყურებენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. შეხვედრისას ვსაუბრობთ ყველაფერზე, პოლიტიკის გარდა, ასე ვინარჩუნებთ ურთიერთობას.

- რა არის ოჯახის ხერხემალი?
- თუ წყვილს სიყვარული არ აკავშირებს, ოჯახის შექმნას აზრი არ აქვს, თუმცა მხოლოდ სიყვარულიც არ არის საკმარისი. ცოლ-ქმარი ერთმანეთს პატივს უნდა სცემდეს და ერთმანეთისთვის გაწეულ ღვაწლს აფასებდეს.

- რით მოგხიბლათ ბატონმა დავითმა სტუდენტობისას?
- ძალიან მოწესრიგებული იყო. გაოცება ვერ დავმალე, როცა გავიგე, რომ ცოლი არ ჰყავდა და თავად უვლიდა თავს. ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს განათლებას. თუ კაცს ჭკუა აქვს, აღარ ვუყურებ მის გარეგნობას, სტატუსს ან წარმომავლობას. როდესაც დავახლოვდით, თავისი ადამიანური თვისებებითაც მომაწონა თავი.

- ხელი რომ გთხოვათ, ადვილად დათანხმდით?
- იმის მიუხედავად, რომ ძალიან მიყვარდა და ჩემი მომავალი მხოლოდ მასთან ერთად წარმომედგინა, იმწუთასვე მაინც არ დავთანხმებულვარ. დავფიქრდი, ყველაფერი თავიდან ავწონ-დავწონე. მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმისას აუცილებელია წინდახედულობა. ვკითხე საკუთარ თავს, ხომ ნამდვილად მინდოდა გათხოვება? ვიყავით თუ არა მზად მე და დათო ამხელა პასუხისმგებლობის ასაღებად.

- ნიშნობასა და ქორწილს ხომ ვერ გაიხსენებდით?
- ნიშნობა ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ტრადიცია და ცერემონიაა. ნიშნობის დღეს ჯერ წვიმდა, შემდეგ კი გამოიდარა. მახსოვს, ცაზე ცისარტყელა გამოისახა და სურვილი ჩავუთქვი. 13 აპრილს ჩემმა ოჯახმა დათოს ოჯახი გაიცნო, ყველაფერმა არაჩვეულებრივად ჩაიარა. ჩემი მამამთილი სწორედ მაშინ გავიცანი. დედამთილს უფრო ადრე შევხვდი. მეგრელებში მიღებული წესია, რომ მეგრელმა თავისი კუთხის გოგონა უნდა მოიყვანოს ცოლად. ჩემი მეუღლის დედ-მამას ამაზე გართულება არ ჰქონია. დათო 28 წლის იყო, მშობლებს სურდათ, რომ დაოჯახებუ-ლიყო და ძალიან გაუხარდათ, როცა ჩემი არსებობის შესახებ გაიგეს.

ამინდით ქორწილი ნიშნობას ჰგავდა. დილიდან კოკისპირულად წვიმდა და კაბა ტალახით დამესვარა. სასაცილოა ის, რომ ჩემზე მეტად სხვები დარდობდნენ ამას. მე სხვა საფიქრალი მქონდა. ხელი მოვაწერეთ და მცხეთისკენ გავწიეთ, სადაც სვეტიცხოველში ჯვარი დავიწერეთ. ბოლოს, როგორც ხდება ხოლმე, რესტორანში წავედით. ჩვენი ნათესავები დღესაც აღნიშნავენ, ასე მშვიდად ჩავლილ ქორწილზე არასდროს ვყოფილვართო. შეზარხოშების შემდეგაც კი ყველანი შეხმატკბილებული იყვნენ და ჩხუბი არ ატეხილა. ოქტომბერში სამთვიან თაფლობის თვეში წავედით. დათოს გერმანიაში სტაჟირების გავლამ მოუწია. ჯერ გერმანიას ვეწვიეთ, შემდეგ - იტალიასა და საფრანგეთს.
ახლა, რელიგიური ფაქტორიდან გამომდინარე, დიდი სიამოვნებით დავათვალიერებდი ისრაელს. წყნარი ოკეანის ქვეყნებიც მაინტერესებს.

- კერძების მომზადება გეხერხებათ?
- დიახ. ჩემს დედამთილსაც კი ძალიან მოსწონს ჩემი მომზადებული საჭმელები, ამიტომ, როცა სტუმრად ჩამოდის, ვცდილობ, გემრიელი კერძები დავახვედრო. თავად კულინარიული გამოცდილება არ გაუზიარებია. ღომის გაკეთება დათომ მასწავლა. არასდროს მიცდია გებჟალიას მომზადება, რადგან რძის ნაწარმი არ მიყვარს.
დათოს გამორჩეულად საყვარელი კერძი არ აქვს, თუმცა ყველა სამზარეულოს მეგრულს ამჯობინებს. ვა ქალები ვერ ხიბლავე

- როგორც ვიცით, მკაცრი მშობლები გყავდათ. ამან გავლენა მოახდინა თქვენზე?
- დათო უფრო ლოიალურია, ვიდრე მე, თუმცა ვცდილობ, შვილებთან მეგობრული ურთიერთობა მქონდეს და გადაწყვეტილების მიღებამდე მათი სურვილები გავითვალისწინო. დედ-მამამ სკოლის დამთავრებამდე ყურის გახვრეტის უფლება არ მომცა. ჩემს შვილებს მე ასეთ წვრილმანებში არ შევზღუდავ. მათ აცვიათ ის, რაც თავად მოსწონთ, თუ სიტუაციისთვის შეუფერებელი არ არის. მინდა, თითოეულმა მათგანმა იცოდეს აზრის გამოხატვა და სხვებისთვის ემოციებისა თუ საკუთარი სურვილების გაზიარება. ვცდილობ, პატარაობიდანვე ინდივიდებად ჩამოვაყალიბო. გამიჭირდება, შვილებს შეცდომების დაშვების უფლება მივცე, თუმცა დღეს ისეთი თაობა მოდის, მხოლოდ რჩევის მიცემა შეგვიძლია.

- რა ფასეულობებს უნერგავთ შვილებს და რა გზით?
- უფროსების პატივისცემას, ზრდილობასა და პატიოსნებას. ბავშვებს იშვიათად ვუკითხავ ''ლექციებს'', რადგან ეს მეთოდი უფროსებთან უფრო ამართლებს, ვიდრე უმცროსი ასაკის ბავშვებთან. სიტუაციიდან გამომდინარე ვმოქმედებ. ჩავჩურჩულებ ხოლმე, რომ არასწორად იქცევა. იმ მომენტში მაინც თავის აზრზე რჩება, თუმცა მოგვიანებით, როცა დაწყნარებულია, ამ საკითხს ვუბრუნდებით. ძილის წინაც ვახსენებ მომხდარს და ვარიგებ, რა იქნებოდა უკეთესი. კოკოსთან საუბარი ნაყოფიერია, შუათანასთან უფრო რთულადაა საქმე, რადგან ჯიუტია და მკვეთრად გამოხატულ პიროვნულ თვისებებს ავლენს.

- რა შეცვალა ოჯახში ახალი წევრის გამოჩენამ?
- ძიძა ავიყვანე. ძიძის ინსტიტუტს ყოველთვის მივესალმებოდი. ქალს სახლში ჯდომა არ უნდა უწევდეს, პროფესიისა და დიასახლისობის შეთავსებას უნდა ახერხებდეს. ძალიან რთულია, ორ საქმეს თავი წარმატებით გაართვა, ამიტომ დამხმარეა საჭირო.
ვცდილობ, შვილები ერთმანეთისგან არ გამოვარჩიო და მოზრდილებმა ნაბოლარაზე არ იეჭვიანონ. ლიტერატურას გავეცანი, ფსიქოლოგები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ თუ შვილს მშობლებისგან ყურადღება აკლია, ხშირად არაადეკვატური გზით ცდილობს მათი ყურადღების მიქცევას.

- რთული ფეხმძიმობა გქონდათ?
- ბოლოს, გოგონაზე არა. გადასხმებს ვიკეთებდი, თავს კარგად ვგრძნობდი, ამიტომ საარჩევნო კამპანიაში ჩართვაც მოვახერხე. ბიჭებზე ტოქსიკოზი მაწუხებდა. რაიმე ამოჩემება არ მქონია. ძალიან მიყვარს ხილი, ორსულობის დროსაც სულ მას ვითხოვდი.
სამივეჯერ ბუნებრივი გზით გავაჩინე ბავშვი. ყველაფერი გავიწყდება, როდესაც შვილს გულზე გიწვენენ. უყურებ პატარა, დაუცველ ჯუჯას, რომელსაც ძალიან სასაცილო სახე აქვს და აცნობიერებ, რომ მასზე უნდა იზრუნო. წამში ირთვება დედის ინსტინქტი. მუცლადყოფნისას გაუცნობიერებლად გიყვარს, ელაპარაკები, მუსიკას ასმენინებ, როცა ჩნდება, სიყვარული სხვა ფაზაში გადადის, უფრო აქტიურდება.

- როგორი დედამთილი იქნებით?
- ჩემი ბიჭები ჯერ იმდენად პატარები არიან, ჩემი თავი ამ ამპლუაში ვერ წარმომიდგენია. ვეცდები, ცოლ-ქმრის ურთიერთობაში არ ჩავერიო. მსურს, ჩემს რძალს ძალიან უყვარდეს ჩემი ვაჟი, უვლიდეს და უგებდეს მას. გამიხარდება, თუ თვითრეალიზებული ქალი იქნება. უმჯობესია, კარიერა და ოჯახი შეათავსოს. თუ დედა სოციალურად აქტიურია, შვილებთანაც უკეთესად ახერხებს კომუნიკაციას. ჯანსაღი პირადი სივრცე: სამსახური, კოლეგები, სამეგობრო წრე, დადებითად აისახება ქალის განწყობაზე, შესაბამისად - ბავშვებზეც.

ალბათ, არ მესიამოვნება, თუ სიგარეტს მოწევს. არა იმიტომ, რომ ''პატიოსანი ქალი თამბაქოს არ უნდა ეწეოდეს'', უბრალოდ, არ მინდა, მისმა მავნე ჩვევამ ჩემი შვილიშვილები დაა-ზიანოს. არც მოკლე კაბაზე ან წითელ ტუჩსაცხზე მექნება უარყოფითი რეაქცია. მთავარია, უხდებოდეს და ქმარს მოსწონდეს.

- ეჭვიანი ხართ?
- არა. დათო არასდროს მაძლევს საბაბს, მეტიც, ხშირად ვერც კი ამჩნევს, ქალბატონები ინტერესს რომ იჩენენ მის მიმართ. ვერავის დავუშლი, ჩემს ქმარს ნუ უყურებ ან ელაპარაკები-მეთქი. არც ჩემი მეუღლეა ეჭვიანი. გათხოვების შემდეგ მყავდა შემორჩენილი ერთგული თაყვანისმცემლები, მაგრამ მათი აქტიურობა იმდენად სერიოზული არ ყოფილა, რომ ქმარი შემეწუხებინა.

თათული ღვინიანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 32 /
ნანა
ვინაა ნარმანია ააააააა ვერმეტყვით
12:37 / 24-05-2015
გამოხმაურება / 0 /
tbiliseli
Ojaxi martlats kargi aqvs DA amravlot gmertma,magram am bolo dros manqanis sheketeba imdenjer momixda ROM pikri davitske ikneb Gigis ganmantavisuplebel aktsiaze mets xom Ar davitsko siaruli?
03:13 / 23-05-2015
გამოხმაურება / 0 /
გაგრა
მაგალითი უნდა აიღოთ ნარმანიების ოჯახისგან, ასეთი უნდა იყოს ქმარი,ცოლი, ამდენი ბავშვი უნდა ჰყავდეს ოჯახს, პატიოსნება და ერთმანეთის დანდობა. გასაგებია?
18:47 / 22-05-2015
გამოხმაურება / 0 /
18
რომელ ქვეყანაში გინახიათ ასე უღმერთოდ აგინებდნენ ხალხის მიერ არჩეულ მერს, და მოსახლეობის მეორე ნახევარს კი ძალიანაც სწამდეს ქალაქის მერის. ნარმანია კარგი მუშაკია.
18:37 / 22-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ლია
ჩვენ სულ არ გვაინტერესებს მაგატი ურტიერტობა საქმე გააკეტოს საქმეე
12:03 / 22-05-2015
გამოხმაურება / 0 /
dani
ასეთი "ეგზომ და ფრიად" საუბრის მანერა აქვს ნარმანიას მეუღლეს? :) ძალიან ხელოვნურად საუბრობს, ასე მომეჩვენა
12:40 / 21-05-2015
გამოხმაურება / 0 /
მდა
ვის რაში სჭირდება ეგ ნარმანია რო მაგას ვინმე უყუროს.....
10:40 / 21-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ადა
საპრეზიდენტო ნაკლებად, ღმერთმა დაიფაროს ეგ პრეზიდენტად. მშვენიერი პრეზიდენტი გვყავს ისე... აი ნარმანია არა ცუდი ტიპი სულ მცირე 20 წელი უნდა კიდე პოლიტიკის ანბანი რომ ისწავლოს...
20:04 / 20-05-2015
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ ლამაზო ქალბატონო და ლამაზო ოჯახო....
10:30 / 19-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ლოლა
მსურს, ჩემს რძალს ძალიან უყვარდეს ჩემი ვაჟი, უვლიდეს მას. ლოლ ტან რეალიზაციაც უნდ აგაუკეტოს ტასვ ტურმე, ლოლ უცხოეტში პირიქიტაა, კაცები უვლიან ქალს მალე ასე იქნება აქაც, მატრიარქატის ხანა დადგება აქაც სულ მალე
10:07 / 19-05-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS