მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ''ნაციონალების'' 9-წლიან მმართველობაზე სერიალს გადაიღებს, ამ ფილმის შესახებ ათასგვარი ჭორი გავრცელდა. მათ შორის ისიც, რომ სერიალის რეჟისორი გოგა ხაინდრავა ივანიშვილის როლზე ენტონი ჰოპკინსის კანდიდატურას განიხილავდა. სინამდვილეში კი მისთვის ჟურნალისტს უკითხავს, შესაძლებლობის შემთხვევაში, რომელ უცხოელ მსახიობს ათამაშებდა თავის ახალ ტელეფილმში, რაზეც ხაინდრავამ საყვარელი მსახიობი დაასახელა, თუმცა, როგორც ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, არა ივანიშვილის, არამედ ედუარდ შევარდნაძის როლზე.
სერიალი არ არის ჩაფიქრებული
- არაერთხელ გამჩენია თავში სცენები ამ ფილმიდან, წინადადებისთვის, რომელიც ''ჯიდიესიდან'' მივიღე, თითქოს უკვე მზად ვიყავი და ველოდებოდი მას. რაღაც ეტაპზე ჩვენ, როგორც დათო მაღრაძე ამბობს, ეროვნული თავგადასავლის მონაწილენი გავხდით, მისი ბოლო პერიოდი კი იყო ძალიან მწარე და სამარცხვინო, რაც გამოიხატებოდა ადამიანებისადმი, ზნეობისა და სამშობლოსადმი დამოკიდებულებაში. ეს ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა ''ნაციონალების'' მმართველობის დაცემის შემდეგ. გამოჩნდა მანკიერება, რომელიც საქართველოში დაითესა და ფესვი გაიდგა, ის საკმარისია იმისთვის, რომ ეს უზნეობა და ბოროტება დღემდე გრძელდებოდეს. ტელევიზიები საზოგადოებას წამლავენ ანგარებით, რომელსაც რეიტინგი დაარქვეს და ამყოფებენ სიცრუეში, დაპირისპირებასა და უმსგავსობაში. პანაცეად გამოეცხადნენ დამნაშავეებს, რომლებსაც აძლევენ საშუალებას, ცილი დასწამონ და აწამონ ბოროტების მანქანის მსხვერპლნი. თუ ესაა ქართველი ერის ნება, მაშინ სახელმწიფო უფსკრულისკენ მიექანება. ჯანსაღ საზოგადოებაში არ შეიძლება იყოს უტიფრობის, არაპროფესიონალიზმის ასეთი მოთხოვნილება.
- თქვენს სერიალში ეს თემა იქნება ხაზგასმული?
- რა თქმა უნდა. ეს ყველაფერი იქნება ნაჩვენები არა რეიტინგების მაძიებლების, არამედ მათი მსხვერპლის თვალთახედვიდან.
- სერიალის სცენარი მზად არის?
- გამიმართლა, რომ შევხვდი სცენარისტების ძალიან საინტერესო ჯგუფს ირაკლი სამსონაძის ხელმძღვანელობით. გვეხმარებიან კონსულტანტებიც ამა თუ სფეროდან, ჩვენთვის საინტერესოა, რა მექანიზმები იყო პოლიციაში, პროკურატურაში, საჯარო სამსახურებში, სასამართლოში. რამდენად ეგუებოდა ხალხი დანაშაულებრივი ბრძანებების შესრულებას.
სერიალში აისახება ქართული საზოგადოების ათწლიანი ეპოქა, მისი სახე, ჩვენ საქართველოში ფაშისტური რეჟიმის დაბადების მომსწრენი გავხდით. მე ამისი უამრავი დამადასტურებელი საბუთი მაქვს. ორი თვის განმავლობაში უამრავი ადამიანი ჩავწერეთ, მოვიძიეთ ძალიან ბევრი საინტერესო ამბავი, ვაგროვებდით ამ ბოროტების არქივს, რასაც საქართველოში ცალკეული მოქალაქეებისა თუ მოქალაქეების ჯგუფების მიმართ სჩადიოდნენ. იმ დროისთვის, როცა ''ჯიდიესისგან'' შემოთავაზება მივიღე, პრაქტიკულად, მასალები მზად მქონდა.
- ბატონი ბიძინასგან პირადად მიიღეთ შეთავაზება?
- ''ჯიდიესმა'' გამოაცხადა, რომ სურვილი ჰქონდათ, ამ თემაზე სერიალი გადაეღოთ. როგორც ვიცი, არა მხოლოდ ჩემთან ჰქონდათ საუბარი. ბატონ ბიძინას რამდენჯერმე შევხვდი. რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება, რომ მე გავხდი ტელევიზიის რჩეული ამ პროექტისთვის, მისი დიდი მონაწილეობით მიიღეს. ასე რომ, ამ პროექტში მისი წილი ძალიან დიდი და სერიოზულია. პირველივე გასაუბრებიდან ნათელი გახდა, რომ სამუშაოს ჩასატარებლად ძალიან სერიოზულად ვიყავი მომზადებული. გარდა მოგროვებული მასალებისა, თავად ვარ ამ პროცესების მონაწილე, სააკაშვილის ბოროტების მანქანის შიდა სამზარეულოც ნანახი მაქვს. მადლობა ღმერთს, გლდანის ციხეში არ ვმჯდარვარ, სულიერ ტანჯვასა და 24-საათიანი წნეხს იმაზე ფიქრით, ჩემი შვილი სახლიდან გასული უკან დაბრუნდებოდა თუ არა, წამებას ვერ შევადარებ, მაგრამ არანაკლები იყო.
- პერსონაჟებს პირდაპირ გადაიტანთ ეკრანზე?
- არა, მაგრამ ყველა მიხვდება, ვისზეა საუბარი. ახლა ორ გზაზე ვფიქრობ - ერთია, უნდა ჰგავდნენ თუ არა გარეგნულად მსახიობები მათ, ვისაც განასახიერებენ და მეორე - გარეგნული მსგავსება საერთოდ არ იყოს და მხოლოდ ფსიქოლოგიური პორტრეტები იყოს მსგავსი.
სერიალის ფორმატი ჩემთვის იმიტომაც არის მოსახერხებელი, რომ გრძელვადიანი პროცესის მეშვეობით არამხოლოდ პერსონაჟებს გამოკვეთ, არამედ იმ გარემოს, აურას, თვალთმაქც სამყაროს ავხსნი, საიდანაც ჯერჯერობით ვერ გამოვსულვართ.
35 წელიწადი ვიცხოვრე საბჭოთა საქართველოში, მაგრამ მსგავსის წარმოდგენა არ შეგვეძლო. ჩვენი მამები და პაპები ჩუმად გვიყვებოდნენ, რა ხდებოდა 1921-22-23 წლებში, როდესაც ჩვეულებრივ მასწავლებლებს გზაში ან გადასახლებაში სპობდნენ. რომ არა 21-ე საუკუნის გახსნილი საინფორმაციო არე, ზუსტად იმავეს გააკეთებდნენ, რაც 1921 წელს ნაგანით შეიარაღებულმა ტყავისქურთუკიანმა ადამიანებმა ჩაიდინეს. სააკაშვილი, მერაბიშვილი, ბოკერია, ესენი იყვნენ სერგო ორჯონიკიძე, მამია ორახელაშვილი, ფილიპე მახარაძე და ა.შ.
ფილმს ვიწყებ გლდანის ციხით, რომელიც ჩემთვის ისეთივე სიმბოლოა, როგორიც ფაშისტების ბანაკები. გამიგია, რომ იქ ხალხს გაზით წამლავდნენ, მაგრამ ხელკეტებით წამება ნამდვილად არ გამიგია. ციხის კადრებში არაფერი ახალი არ ყოფილა, ყველამ იცოდა, რა ხდებოდა ციხეებში, რომლებიც 300 000-მა ადამიანმა გამოიარა. საზოგადოებამ, ვფიქრობ, ამ ამბიდან შესაბამისი დასკვნები ვერ გამოიტანა.
- ძალიან ცოტა დროა გასული შესაფასებლად.
- ამიტომაც თავის დროზე დავპირდი სააკაშვილსა და მის რეჟიმს, რომ საქართველოში ნიურნბერგის პროცესს მოვუწყობდი. სერიალის საშუალებით ვაჩვენებ ყველაფერს, რაც მათ ჩაიდინეს. ჩემთვის ამ სერიალს ჰქვია ''პროცესი'', მისი რეალური სახელწოდებაა ''9+1'', მაგრამ როგორი იქნება საბოლოო სათაური, ახლა ვერ გეტყვით. ფაბულაც ასეთია - მიდის სასამართლო პროცესი, ყველა ბოროტების შემოქმედი დაპატიმრებულია, აქ გამომზეურდება სხვადასხვა მნიშვნელოვანი საქმე.
- კასტინგზე უკვე 1200 მსახიობი გასინჯეთ. უცხოელები არ იქნებიან მსახიობებს შორის?
- არაფერია გამორიცხული, მაგრამ ამ მიმართულებით არანაირი სამუშაო ჯერჯერობით არ მიმდინარეობს. გაოცებული ვარ იმ ნიჭიერებით, რომელიც დამხვდა ქართულ სამსახიობო სფეროში, არა მგონია აქ ვერ ვიპოვო მსახიობები, ჯერ ვერ გეტყვით, ვინ ითამაშებს სააკაშვილისა და ივანიშვილის პერსონაჟებს. რამდენიმე ვარიანტი უკვე გვაქვს, ვნახოთ. საინტერესო არიან ის ადამიანები, რომელთაც უშუალოდ შეეხო ამ წლების ძალადობა და ერთ-ერთია ირინა ენუქიძე, რომელსაც სერიალში აუცილებლად ''გავაცოცხლებ''.
- იყვნენ მსახიობები, რომლებმაც უარი გითხრეს კასტინგში მონაწილეობაზე?
- დიახ და არამხოლოდ მსახიობები. ალბათ, იმიტომ, რომ თავად იყვნენ ამ ყველაფრის თანამონაწილეები. ვფიქრობ, სინანულისთვის ეს კარგი შესაძლებლობა იქნებოდა. ვიცი, რომ რამდენიმე ადამიანმა არ ისურვა აქ მოსვლა, მაგრამ შეუცვლელი ადამიანები არ არსებობენ. ჩემთვის პრობლემა ნამდვილად არ იქნებოდა ამ ადამიანების მიღება, მაინტერესებს მათი პროფესია და უნარი ამა თუ იმ პერსონაჟის განსახიერებისას.
- რას ეტყვით ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ ამ სერიალის გადაღებებზე საარაკო თანხები დაიხარჯება?
- ჩემი კინემატოგრაფიული გამოცდილება, იქიდან გამომდინარე, რომ ფილმებს მუდამ მწირი ბიუჯეტით ვიღებდი, არ მაძლევს საარაკო თანხების წარმოდგენის საშუალებას (იცინის). ეს ფილმი დაჯდება ზუსტად იმდენი, რამდენიც ჯდება ყველა დანარჩენი სხვა სერიალი. ბუნებრივია, მიმაჩნია, რომ ყველა სერიალზე, ერთად აღებულზე, უფრო ხარისხიანი იქნება, რადგან მე კინოს ვიღებ. ეს სერიალი არაფერი განსაკუთრებული არ დაჯდება. ვინც ამაზე შფოთავს, მინდა ვუპასუხო, რომ სერიალის გადაღებაც ქმნის სამუშაო ადგილებს. ''ნაციონალები'' იმაზე შფოთავენ, რომ ვიღებ სერიალს, რომელშიც თავიანთ რეალურ სახეს დაინახავენ.
ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''