- აჩი, როგორც სოციალური ქსელიდან ირკვევა, შენ და გაია ხაჩიძე შერიგდით.
- ნამდვილად ასეა. ვაწვალეთ ერთმანეთი და ბოლოს შევრიგდით.
-
- გასაგები მიზეზების გამო ქალბატონებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობა ოფიციალური იყოს და გაიაც არაა გამონაკლისი. შესაბამისად, ჩვენი ყოველი შერიგება და დაშორება ოფიციალური იყო. გამოვიდა, რომ ოფიციალურად ორჯერ მოვაწერეთ ხელი და ორჯერ გავაწერეთ. ახლა ხუმრობით ვამბობთ, რომ ხელის მოწერას არ ვჩქარობთ. ჩვენთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ ჯვარი დავიწეროთ.
- ჯვარი ჯერჯერობით არც ერთხელ არ დაგიწერიათ?
- არა. ვფიქრობთ, ღმერთთან კავშირი ყველაზე მნიშვნელოვანია. გვინდა, ძალიან მაგარი ჯვრისწერა გვქონდეს.
- როდის გეგმავთ?
- ალბათ, უახლოეს მომავალში. გვინდა, ჯვარი თბილისში დავიწეროთ და ამისთვის კარგად უნდა მოვემზადოთ. გვსურს, ყველაფერი ლამაზად გავაკეთოთ. მასშტაბურ ქორწილზე ლაპარაკი არ არის. ბავშვობაში ვოცნებობდი, მთელი თბილისი ყოფილიყო ჩემი მაყრიონი. მინდა, ბარათაშვილის ხიდზე მაყრიონი მანქანებითა და ცხენებით მოგვყვებოდეს. გაიას მთელი ცხოვრება უნდოდა, ფილმ ''ჩხიკვთა ქორწილში''რომაა, ისეთი ქორწილი გადაეხადა. მეგობრები რომ შეკრებილიყვნენ დიდ იტალიურ ეზოში და დიდხანს ემხიარულათ.
- დაიწერა, რომ გაიამ შენს პოპულარობას ვერ გაუძლო. ეჭვიანობდა და ამიტომ დაშორდით. მერეროგორ მოახერხე მისი გულის მოგება?
- ყველა ქალი ეჭვიანობს საყვარელ მამაკაცზე და გაიასაც ეს დაემართა, მაგრამ ეს სიტყვა შეგვიძლია, შევცვალოთ და ვთქვათ, რომ ჰქონდა ეჭვიანობის მომენტები. ხელოვანი ადამიანის ცოლობა ან ქმრობა რთულია. გასაგებია, რომ ჩემი მსმენელი ძირითადად ქალები უნდა იყვნენ და ინტერესი მათგან უნდა მოდიოდეს. ზოგს სულაც არ აინტერესებს, გყავს თუ არა მეუღლე. უნდა და გამოხატავს თავის სიმპათიებს. ვერავის ავუკრძალავ მესიჯის სახით ან ''ფეისბუქზე''მოწერას, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ჩარჩო. ზღვარგადასული ყურა დღება ყველას აღიზიანებს და გაიაც არაა გამონაკლისი. მეც არავინ მაიძულებს, რომ ვიღაცას გავუღიმო ან ხელი დავუქნიო, მაგრამ აქ ორი მომენტია გასათვალისწინებელი. ყოველთვის კაცთმოყვარე და კომუნიკაბელური ტიპი ვიყავი, ვისთანაც ყველა ურთიერთობს. ჩემი კარიერა 24 წელი გრძელდება და Kკარგად ვიცი, რაც ხდება სცენაზე. თავში არ უნდა აგივარდეს. როდესაც ძველებურად, ჯიგრულად აღარ კონტაქტობ ხალხთან, ამბობენ, ნახე, თავში აუვარდა და აღარ გვესალმებაო. ასეთ დროს ხელოვანი ხალხისთვის ოქროს შუალედის დაჭერა ძალიან რთულია. ხალხს უნდა გაუღიმო კიდეც, მაგრამ მათთან დისტანციაც უნდა დაიცვა, რადგან ოჯახი გაქვს. ორ ცეცხლს შუა ვართ და მეუღლეებიც, რა თქმა უნდა, ხანდახან იბნევიან. მე და გაია დავსხედით და გავარკვიეთ ეს ყველაფერი ერთმანეთთან. ახლა საპირისპირო სქესისგან წამოსულ ყურადღებას ჩვეულებრივად იღებს, მთავარია, მე არ დავიწყო ვიღაცასთან ფლირტი და წერილობითი ან სხვა ურთიერთობა. ახლა კარგად ხვდება ქალბატონი გაია, რომ ხალხთან საერთოდ თუ არ ვიურთიერთე, ჩემი შემოსავალი შემცირდება. რა თქმა უნდა, ყველაფერი ზომიერების ფარგლებში უნდა მოხდეს.
- როგორ შეხვდნენ თქვენს მორიგ შერიგებას ახლობლები?
- ეს თემა ზოგისთვის სასაცილოც იყო. ათი მეგობრიდან შვიდმა მაგრად იცინა და გვითხრეს, იდიოტები ხართ, ჩვენ რაღას გვერჩით და გვაწვალებთო. გასაგებია, რომ ჩვენი მეგობრები ნერვიულობენ. ორი ადამიანის ბრალია, რომ ამდენი ხალხი ეხვევა ამ გაუგებრობაში. ჩვენთვის კი ეს ყველაფერი ძალიან გასაგებია. დავშორდით და ისევ შევრიგდით. ცოლ ქმარს შორის ჩხუბიც შეიძლება და შერიგებაც. ცუდი ისაა, რომ გარშემო მყოფ ადამიანებს ცხვირის ჩაყოფა უნდათ და მერე იწყება გაუგებარი ჭორაობა. ჩვენ შემთხვევაშიც დაიწერა, რომ ეჭვიანობის გამო დავშორდით. მართალია, იყო ეს მომენტიც, მაგრამ მთავარი ეს არ ყოფილა. მე გადავდგი გაუთვლელი ნაბიჯები, რომლებსაც არ დავაკვირდი და წინ არ გავიხედე. გაიასაც იგივე დაემართა თავისი არასწორი რეაქციებით. განაწყენებულმა ადამიანმა შესაძლოა, რაიმე არასწორად თქვა, მაგრამ მერე დაწყნარებული გონებით ყველაფერი კარგად უნდა გააანალიზო და სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
- თბილისში ჩამოსვლას როდის გეგმავთ?
- ივნისის შუა რიცხვებში თბილისში ერთერთი ორგანიზაციის საღამოს წავიყვან. ამ პერიოდშივე იგეგმება ჩემი გრანდიოზული საღამო. შემიძლია, პირობა დავდო, რომ ძალიან საინტერესო და კარგი საღამო გამოვა. ეს ჩემთვის უმნიშვნელოვანესი დღე იქნება, რადგან 1994 წლიდან სოლოკონცერტი არ მქონია. სერიოზულად ვემზადები. ჯერ ვერ გაგიმხელთ, ვინ მიიღებს მონაწილეობას. სამღერი და გასახსენებელი ბევრი მაქვს. ჩემი კვალი ქართულ ესტრადაზე დავტოვე. მეგობრები შაყირით მეუბნებიან, ლეგენდა ხარო. ეს გადამეტებული ნათქვამია, მაგრამ ის, რაც წლების წინ ქართულ შოუბიზნესში გავაკეთე, ახლა არ კეთდება. სიამაყე სულხან საბას ლექსიკონში სიბრიყვეს ნიშნავს, მაგრამ ამ შემთხვევაში მაინც ვიამაყებ იმით, რომ მე ბევრი კარგი რამ მაქვს ''ჩადენილი''ქართულ ესტრადაზე. მერე დაახლოებით ათი წელი დავიკარგე და, ფაქტობრივად, არაფერი გამიკეთებია თბილისში. ახლა მაქვს შანსი, რომ კარგი სოლოკონცერტით დავბრუნდე და ამ შანსს აუცილებლად გამოვიყენებ.
მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''