11 მაისი, 2015
სად ატარებენ ხელისგულზე რუსკა მაყაშვილს: ''ვიფიქრე, რა ხდება, ლენინი ხომ არ ვარ-მეთქი''
მოკლედ, დიდ კომფორტში ვარ და ძალიან მივლიან რუსკა მაყაშვილმა სხვადასხვა შოუში წამყვანობის კარგი გამოცდილება დააგროვა, ახლა კი ყველაზე რეიტინგული მუსიკალური პროექტ ''X ფაქტორის'' წამყვანად გიორგი ყიფშიძესთან დუეტში შეარჩიეს. რუსკას რუსთაველის თეატრში რეპეტიციის შემდეგ ვესტუმრეთ და ბევრ თემაზე ვესაუბრეთ.

- ''ცეკვავენ ვარსკვლავები'' რომ დასრულდა, მაშინ ამბობდი, რა მინდოდა წვენებშიო. შემდეგ კი მაინც დაგითანხმეს წამყვანობაზე.
- (იღიმის) თავიდან ვამბობდი, რა მინდოდა, ეს რა რთული ყოფილა-მეთქი. მეგონა, უცებ ყველაფერი გამომივიდოდა, ''ცეკვებს'' ვგულისხმობ. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, რასაც ხელს ვკიდებ,
ვცდილობ, ყველაფერი გამოვიყვანო და მუღამი დავუჭირო. მთავარია, გსიამოვნებდეს ის საქმე, რასაც აკეთებ. მეგაშოუს წამყვანობა კი ძალიან ძნელია, თავიდან ალღო ვერ ავუღე, ღია ეთერში შევვარდი პირდაპირ, ვინერვიულე და ვთქვი, შანსი არ არის, როდისმე რამე წავიყვანო-მეთქი. მერე, ჩემი ინტერვიუები რომ წავიკითხე, რადგან ჯიბრიანი ადამიანი ვარ, საკუთარ თავს ვკითხე, რას ნიშნავს, არ გამომივიდა-მეთქი. იმავე პერიოდში მივიღე შეთავაზება ბავშვების ''ვოისის'' წაყვანაზე, იქ წაყვანის სხვანაირი სტილი იყო, დადგენილი ტექსტი არ მქონდა, მივხვდი, რომ ამ საქმით სიამოვნების მიღება დავიწყე. მერე, თანდათან, დავმშვიდდი და ''ერთი ერთში'' სრული სიამოვნება მივიღე. ცუდად არ გამომივიდეს თქმა, მაგრამ ვისწავლე, ახლა ღამეც რომ გამაღვიძო და ეთერში შემაგდო, რაღაცას მოვიფიქრებ სცენარისა და ტექსტის გარეშე.

- ''ერთი ერთში'' მოირგე ქალური, სექსუალური ჩაცმის სტილი. მანამდე სულ დახეული ჯინსით გვახსოვდი.
- სექსუალურობას არ ვაწვებოდი, პირიქით, მინდოდა, ძალიან კონსერვატიული ვყოფილიყავი. ყოველდღე პომპეზურობა არ მინდოდა, ქალური სილუეტის შემოტანა მომინდა, სიმკაცრე, ცოტა იუმორი ერთმანეთს დავაჯახე და ვფიქრობ, კარგი შედეგი მქონდა. ''ჯიდიესზე'' ძალიან ხარისხიანი პროექტი იყო და მან უდიდესი გამოცდილება მომცა, მე და კახა კინწურაშვილს თავისუფლება გვქონდა ერთმანეთთან, დადგენილი არაფერი ყოფილა, ბევრი რამ სპონტანურად მოხდა, ზოგი სისულელეც, რაც ვთქვით და რბილი ლ, რაც პირდაპირ ეთერში დავაბრეხვე (იღიმის).

- რუსკა, ია სუხიტაშვილი და აჩიკო სოლოღაშვილი ''X ფაქტორის'' წამყვანებად შენ და გიორგი ყიფშიძემ ჩაანაცვლეთ. უხერხულობა ხომ არ გქონია ამის გამო კოლეგასთან?
- ორივე ჩემი მეგობარია. მართალი რომ გითხრა, არ ჩავეძიე არაფერს, ეს ჩემი მხრიდან არ იქნებოდა სწორი. პროდიუსერების გადაწყვეტილება იყო, დამიძახეს და მივედი.

- გიორგი ყიფშიძესთან მეგობრობა გაკავშირებს?
- აღარც მახსოვს, რამდენი ხანია, ვიცნობ. მასთან და მის ოჯახთან ვახლობლობ. გიორგისთან პარტნიორული შეწყობა ნამდვილად არ გამიჭირდება, თუმცა ახლა აღარ ვღელავ, გამოცდილება დამიგროვდა და დამუღამებული მაქვს გადაცემის წაყვანა. რაც შეეხება ''X ფაქტორს'', ნერვიულობა ყველა შოუს ახლავს. ვხუმრობ ხოლმე, ვიარე, ვიარე, ჩამოვყალიბდი და მოვედი ნომერ პირველთან-მეთქი. ყველამ კარგად იცის და განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო, როგორი პროდაქშენი აქვს ''რუსთავი 2''-ს. არც სხვაგან მუშაობდნენ ცუდად, მაგრამ გამიკვირდა, როდესაც ასეთი აწყობილი სისტემა ვნახე. დიდი ყურადღებით მეპყრობიან, ერთი ადამიანი სულ შორიახლოს არის, რომ მკითხოს, რამე ხომ არ მჭირდება, ლანჩის დროს რომ შევდივარ საგრიმიოროში, უკვე იქ მხვდება ყველაფერი. მოკლედ, დიდ კომფორტში ვარ და ძალიან მივლიან, დიდი მადლობა მათ (იღიმის). უფრო მაგარ ადგილას სად უნდა წავსულიყავი, როგორც წამყვანი?

- ერთ-ერთ გადაღებაზე ვიყავი და ფეხშიშველი დარბოდი ფილარმონიაში.
- ძალიან მაღალ ქუსლებზე მეცვა და ვერაფრით შევეჩვიე. არანორმალურად მაღალქუსლიან ფეხსაცმელს რატომ ვეტაკე პირველივე ჩაწერაზე, არ ვიცი, არადა, თავად შევარჩიე. როგორც კი ჩაწერას ვამთავრებ, ან სპექტაკლიდან გამოვდივარ, საგრიმიორომდე სულ ფეხშიშველი მივდივარ (იღიმის).

- შენს განვლილ გზას რომ გადავხედოთ, პოპულარობა ძალიან სწრაფად მოიპოვე და ახლაც ინარჩუნებ. როგორ უმკლავდები ამას?
- გამკლავებას ვერ დავარქმევდი, ნაკლებად ვაქცევ ყურადღებას, გავხდები თუ არა უფრო პოპულარული. ვცდილობ ჩემში შევინარჩუნო ის ტიპაჟი, რაც ვარ, უშუალო, უბრალო და ჩვეულებრივი. ჩემი ცხოვრების წესი არ შემიცვლია და ვერც შევცვლი. ზოგადად, როცა წარმატება მოდის, ადამიანი იცვლება, ამბიციები გაწვება, მაგრამ არც ამბიცია მომმატებია და არც არასდროს დამიგვიანია სადმე იმ მოტივით, არა უშავს, დამელოდებიან-მეთქი. სხვათა შორის, ძალიან მაღიზიანებს, ინტერვიუებში რომ ამბობენ კონკურსანტები, მინდა გავხდე პო-პულარულიო. რატომ გაქვს მიზნად, გახდე პოპულარული?!. საქართველოში არის ასეთი მიდგომა, ოღონდ ტელევიზორში გამოჩნდნენ. არასდროს მითქვამს, ღმერთო, პოპულარული გამხადე-მეთქი, ყოველთვის მინდოდა მსახიობობა. იმასაც არ ვთვლი, რომ დიდი მიღწევები მაქვს ჩემს პროფესიაში და არაფერი მაქვს სასწავლი, მთელი ცხოვრება უფროსი ადამიანებისგან ბევრს სწავლობ და ახალი თაობისგანაც ბევრს იგებს ასაკით უფროსი ხალხი, ეს ერთხელ თათული დოლიძემ თქვა და მეც ვეთანხმები. რაც მეტი მეცოდინება, მით უფრო კარგი იქნება ჩემთვის სამომავლოდ.

- ხშირად მსახიობებს აღიზიანებთ, როცა მათ გარეგნობაზე აკეთებენ აქცენტს. როცა შენს ლამაზ ფეხებზე ამახვილებენ ყურადღებას, როგორ აღიქვამდი?
- არასდროს დავუძაბივარ ასეთ კომპლიმენტებს, რატომ უნდა დავძაბულიყავი? ზოგადად, ჩემ მიმართ ნეგატივი ნაკლებია. ხალხს, ალბათ, მოსწონს ის, რომ ჩვეულებრივად შეუძლიათ ჩემთან ურთიერთობა. თავიდან ცოტა დამაბნია დიდმა ყურადღებამ. ვიფიქრე, რა ხდება, ლენინი ხომ არ ვარ-მეთქი? როცა იტყვიან, რომ ლამაზი ფეხები გაქვს, ე.ი. ასეა, როცა იტყვიან, რომ სპექტაკლი კარგად ითამაშე, ესეც ძალიან კარგია და ეს ორი რამ ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან.

- ტელეპოპულარობა ხომ არ ვნებს მსახიობობას? მაგალითად, დუტა სულ წუწუნებს ამაზე.
- ჩემზეც ამბობდნენ იმავეს, რასაც დუტაზე, ერთი პერიოდი. უბრალოდ, დუტა აღარ არის თეატრში, მე კი საქართველოს წამყვანი თეატრის სცენაზე ვთამაშობ სპექტაკლებში. მაქვს ფუფუნება, რომ ტელევიზიის პარალელურად, ვიდგე თეატრის სცენაზე და სიამოვნება მივიღო. სცენაზე ვერ ნახავენ იმ რუსკას, რომელსაც ტელევიზიიდან იცნობენ. ასე მაყურებელს მოვატყუებდი. ჩემს თავს ხომ არ ვითამაშებ? ტელეპოპულარობა კარგია, რადგან მაყურებლის ნაწილი დაინტერესდება, როგორია რუსკა თეატრში და სპექტაკლზე მოვა. თეატრი ისედაც აკლია ქართველ მაყურებელს.

- ისევ ''X ფაქტორს'' რომ დავუბრუნდეთ, რა იქნება აქ განსხვავებული?
- ''4 სკამის'' კონკურსის ჩაწერებზე ძალიან ვინერვიულე და სერიოზული სახით ვიდექით მეც და გიორგიც. 10 კარგი კონკურსანტიდან ექვსი ნიჭიერი ადამიანი უნდა გაეშვათ და 4 ასევე ძალიან ნიჭიერი დაეტოვებინათ. ბავშვების კატეგორიის შერჩევისას კინაღამ გამასვენეს ფილარმონიიდან. ცრემლები ძლივს შევიკავე. პატარას რომ აწყენინებ, ძალიან რთული სანახავია. კი იცის, რომ შეიძლება წავიდეს, მაგრამ მაინც ხომ პატარა გული აქვს და სწყინს? კინაღამ ქუსლებიდან ჩამოვვარდი რამდენჯერმე. ამ ტურებზე არც მე და არც გიორგის საერთოდ არ გვეცინებოდა.

- წამყვანობასთან დაკავშირებით ვის აზრს ითვალისწინებ? სოციალურ ქსელებში კომენტარებს ადევნებ თვალს?
- არა. სიტყვის თავისუფლება ყველასთვის მოქმედებს. სოციალურ ქსელში ადამიანებს შეუძლიათ გააზიარონ თავიანთი მოსაზრებები. ადრე ვკითხულობდი კომენტარებს, ვერ ვიტყვი, რომ ჩემზე ბევრი ცუდი წამიკითხავს, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ არ არის საჭირო ამდენი კომენტარის კითხვა. ვითვალისწინებ იმათ აზრს, ვინც ჩემზე გამოცდილი და კომპეტენტურია. შენიშვნების არასდროს შემშინებია. სხვანაირად ვერ განვითარდები. იმასაც ვხვდები, ვინ რას და რატომ მეუბნება ხოლმე და იმის მიხედვით ვითვალისწინებ.

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ნონა
ძალიან მიყვარხართ მთელი ოჯახი..ალალი,თავმდაბალი გოგოა..თან მაგარი შარმიანი.,,ნისკარტას''კიდევ ყოვეთვის კოდალები მოელანდება და არ გეშინია შენსავე ღვარძლში არ ჩაიხრჩო? ისწავლეთ შრომა და ფორტუნა თქვენს გაგიღიმებთ
21:05 / 13-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ნისკარტა
კოდალა
09:08 / 12-05-2015
გამოხმაურება / 0 /
მარა
რუსკა ძალიან მიყვარხარ, წარმატებებს გისურვებ.
05:00 / 12-05-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS