08 მაისი, 2015
თათია შარანგიას ცხოვრების სევდიანი პერიოდი
წარმოშობით აფხაზეთიდან ვარ. ოჯახმა ბევრი პრობლემა გამოვიარეთ თათია შარანგია ფართო საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო, როდესაც ის ედუარდ შევარდნაძის რძალი გახდა. მოგვიანებით კი თათია სანდრო შელიას გაჰყვა ცოლად.

თათია და სანდრო რამდენიმე წელია, საქართველოში ცხოვრობენ. პიანისტს ბევრი საქველმოქმედო ღონისძიება აქვს დაგეგმილი. 20 აპრილს პირველი დიდი კონცერტი გამართა და შემოსული თანხა შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვების ფონდში გადარიცხა.


- თათია, ცხოვრება ქველმოქმედებას რომ დაუკავშირე, ეს მშობლების დამსახურებაა?
- რა თქმა უნდა, შენში რასაც ჩადებენ, მერე მოულოდნელად იჩენს თავს.
შეიძლება, ჩემი ნათქვამი ცუდად ჟღერდეს, მაგრამ ჩემს მშობლებს მართლა ძალიან უყვარდათ სიკეთის კეთება. ბავშვობიდან მქონდა სურვილი, რითაც შევძლებდი, სხვებს დავხმარებოდი. დიდი მასშტაბით მხოლოდ 20 აპრილს მომეცა ბავშვების დახმარების საშუალება.

- რა ხდებოდა შენს ბავშვობაში?
- წარმოშობით აფხაზეთიდან ვარ. ოჯახმა ბევრი პრობლემა გამოვიარეთ. გაგვიჭირდა აფხაზეთის დატოვება. რაც გვქონდა, ყველაფერი სოხუმში დავტოვეთ. ცხოვრება თავიდან დავიწყეთ. მამაჩემმა თბილისში დაიწყო მუშაობა. დედა ექიმია და ისიც მუშაობდა. ხუთი წლის ასაკში მუსიკალურ საბავშვო ბაღში დავიწყე სიარული. ექვსი წლისა შევედი მუსიკალურ კოლეჯში. ჩვეულებრივად ვსწავლობდი სხვადასხვა საგანს, დავდიოდი ცეკვაზე, მაგრამ მუსიკისადმი განსაკუთრებული სიყვარული არ დამიკარგავს.

- მშობლებმა შენი მიყვანა მუსიკალურ ბაღში რატომ გადაწყვიტეს?
- ეს იყო კერძო ბაღი, სადაც ბევრი ჩემი მეგობარი ერთად დავდიოდით. მუსიკოსი ნათესავები არ მყოლია და ოჯახს არ გაუთვლია, რომ მუსიკალურ კარიერას გავიკეთებდი. მუსიკის არაჩვეულებრივი მასწავლებლები შემხვდნენ, რამაც ფაქტობრივად ჩემი მომავალი განაპირობა.
13 წლის რომ ვიყავი, ერთ-ერთი საერთაშორისო კონკურსი საქართველოში ჩატარდა. ფრანგი ქალბატონი იყო ჟიურის ერთ-ერთი წევრი, მას სხვა დროსაც ვყავდი მოსმენილი კონკურსებზე და მირჩია, საფრანგეთში, კონსერვატორიაში წავსულიყავი სასწავლებლად. პარიზში წასვლის ძალიან მეშინოდა. კიდევ ორი დედმამიშვილი მყავს და დედა ვერ წამომყვებოდა, ძალები მოვიკრიბე და თოთხმეტი წლის ასაკში ჩემს ახლობელ მუსიკოსთან ერთად საფრანგეთში გავემგზავრე საცხოვრებლად. ძალიან რთული კონკურსი გავიარე და პარიზის ნაციონალურ კონსერვატორიაში დავიწყე სწავლა. პირველი ქართველი ვიყავი, რომელმაც ეს სასწავლებელი დაამთავრა.

- ხარ ედუარდ შევარდნაძის ყოფილი რძალი და ბუნებრივია, მასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა გვიჩნდება. როგორ გახსენდება ის?
- ვარ ძალიან ბედნიერი, რომ ედუარდ შევარდნაძეს ვიცნობდი. ძალიან მიყვარდა. ჩემი შვილები შევარდნაძეები არიან და ჩემი ინიციატივა იყო, რომ ჩემი შვილისთვის ედუარდი დაგვერქმია. მას ეს სახელი დიდი პასუხისმგებლობითა და სიხარულით დავარქვი. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა.

- მოსწონდა შენი შემოქმედებითი ცხოვრება?
- ის იყო არაჩვეულებრივი მსმენელი და შემფასებელი. ბევრ ჩემს კონცერტს დასწრებია, რაც ჩემთვის კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა იყო. არამარტო კონცერტებზე მისმენდა, როდესაც სახლში სტუმრად მივდიოდი, სულ მთხოვდა, რომ მისი საყვარელი ნაწარმოები შემესრულებინა.

- რომელი ნაწარმოები უყვარდა შენი შესრულებით?
- შოპენი უყვარდა და მისთვის ხშირად ვუკრავდი.

- როგორც ვიცი, არ გაღიზიანებს კითხვები წარსულზე...
- არა, რადგან ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია. ახლა მყავს მეუღლე, რომელიც ძალიან მიყვარს. გვყავს შვილები და დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი შვილი გვეყოლება.

- რამდენი შვილის გაჩენას გეგმავ?
- რამდენსაც ღმერთი მომცემს. სულ ასე ვამბობ, იმიტომ, რომ ვგიჟდები ბავშვებზე. მეც და სანდროსაც ძალიან გვინდა, რაც შეიძლება ბევრი შვილი გვყავდეს და ისინი სითბოსა და სიყვარულში გავზარდოთ.

- ყოფილ მეუღლესთან, ლაშა შევარდნაძესთან გაქვს ურთიერთობა?
- რა თქმა უნდა, მტკივნეული იყო დაშორება, მაგრამ დღეს არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს. ვმეგობრობთ, ბავშვები მასთან ყოველ შაბათ-კვირას დადიან.

- საქველმოქმედო კონცერტზე ლამაზი და სექსუალური კაბა გეცვათ. მეუღლე ხომ არ ეჭვიანობს?
- ვერ ვიტყოდი, რომ სექსუალური კაბა იყო. მე და ჩემი მეუღლე კაბას ერთად ვარჩევთ და საკონცერტო ვარცხნილობაზეც ერთად ვფიქრობთ. რაც მთავარია, ჩვენ ერთმანეთს ვენდობით. სანდროს ჩაცმაზე არანაირი გართულება არ აქვს.

- ორი ბავშვის გაჩენის შემდეგაც არაჩვეულებრივად გამოიყურებით.
- არც ერთი ფეხმძიმობის დროს არ მომიმატია და არ დამჭირვებია დიდი ძალისხმევა იმისთვის, რომ ფორმაში ჩავმდგარიყავი. ყურადღებას ვაქცევ ჯანსაღ კვებას. ვვარჯიშობ, რაც ყოველთვის არ გამომდის, რადგან, სამწუხაროდ, ზარმაციც ვარ.

- მეუღლეს, როგორც ვიცით, მუსიკა ძალიან უყვარს.
- სანდრო ჩემი ყველაზე კრიტიკული შემფასებელია. თვითონაც ძალიან კარგად უკრავს და ხშირად მაძლევს რჩევებს.

- მოგვიანებით კონცერტებს ერთად ხომ არ გამართავთ?
- გამორიცხული არაფერია, მაგრამ არ მგონია, ასე მოხდეს. ის თავისი საქმით ძალიან დაკავებულია. ნიჭიერია და დღეში სამი ან ოთხი საათი რომ დაუთმოს მუსიკას, კონცერტზე ერთად რომ შევასრულოთ ნაწარმოებები, ამასაც მოახერხებდა, მაგრამ ბევრს მუშაობს. საქართველოსთვის მნიშვნელოვან პროექტშია ჩართული. თავისი ფონდი აქვს, სადაც ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი რამ აქვს გასაკეთებელი.

- ხშირად გითქვამთ ინტერვიუებში, რომ სანდროს უყვარს თქვენთვის სიურპრიზების მოწყობა. თავად თუ გაგიოცებიათ?
- მისთვის სიყვარულია ჩემი ყველაზე დიდი საჩუქარი, თუმცა სიურპრიზებს მეც ვუწყობ, დაბადების დღეზე მისი მეგობრების კოსტიუმირებული შეკრება მოვაწყვე. კარგად გავერთეთ. სანდრო ძალიან კმაყოფილი იყო.

- თქვენს შვილებზე გვიამბეთ.
- ჩვენი უფროსი შვილი დათო (სანდრო შელიას შვილი პირველი ქორწინებიდან - ავტ.) ახლა ამერიკაშია. ათი წლისაა. უცნაურად მოხდა ყველაფერი. თავიდან დათომ, ალექსანდრემ და ედუარდმა ერთმანეთი რომ გაიცნეს, დათომ ქართული არ იცოდა, ჩემებმა კი არ იცოდნენ ინგლისური, მაგრამ მაინც არაჩვეულებრივად უგებდნენ ერთმანეთს. ჩვენთვის დიდი დღესასწაულია, როდესაც დათო თბილისში ჩამოდის.

- როგორ ფიქრობ, ბავშვები გაჰყვებიან მუსიკას?
- ორივე ძალიან მუსიკალურია. განსაკუთრებით ედუარდს აქვს კარგი მუსიკალური სმენა და გამორჩეული ხმის ტემბრი. ძალიან ბევრი ოპერის მომღერალი მეუბნება, რომ წარმატებული კარიერა შეიძლება ჰქონდეს. ვნახოთ, ეს უკვე მისი არჩევანი იქნება. მინდა, მათ აღზრდაში ყველაფერი ჩავდო და მერე ბავშვებმა თავიანთი არჩევანი თავად უნდა გააკეთონ.

მერი კობიავილი
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
ნონას
ნონაააა აღღეტ დაკოღ? სამწუხარო სხვა ბევრი რამ არის ჩვენს ქვეყანაში, ბავშვებზე ამას როგორ წერ. უფალს შეხედე ჯერ როცა ასეთი რამის თქმას აპირებ. თათიას კი წარმატებებს ვუსურვებ.
02:41 / 13-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ნონა
რა კარგი გოგოა, ძალიან მომეწონა, თუმცა ძალიან სამწუხაროა, ქვეყნის დამაქცევარის გვარი და ჯიში რომ გაამრავლა.
22:44 / 11-05-2015
გამოხმაურება / 0 /
19-52
ვერ გავიგე რაზე სევდიანობს, ლოგიკა აკლია მის საუბარს, პიარშიკობს და მეტი არაფერი.
20:59 / 08-05-2015
გამოხმაურება / 0 /
თამაზი
სათაურიდან ისე ჩანს, თითქოს ეს გოგო ნანობს, რომ მისი შვილები შევარდნაძეები არიან! რა არის აქ სევდიანი?
19:34 / 08-05-2015
გამოხმაურება / 0 /
მედეა
რა არი აქ სევდიანი? ბედნიერი ქალია და არაფერს არ ნანობს! რა მყვირალა სატაურს უკეთებთ ?
17:53 / 08-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ღმერთმა დაგლოცოს!
წარმატებები ნიჭიერო ადამიანო!მე დავესწარი თქვენს კონცერტს 20 აპრილს.გმადლობთ არაჩვეულებრივი საღამოსათვის.პატივისცემით თქვენი სილამაზის და ნიჭის თაყვანისმცემელი!
13:27 / 08-05-2015
გამოხმაურება / 0 /
18
წარმატება უნდა ვუსურვოთ მართლა წარმატებულს,არაა მერი კობიავილო.
10:44 / 08-05-2015
გამოხმაურება / 0 /
წარმატებას გისურვებთ
საოცრად დადებითი ადამიანია წაიკითხონ მისი ინტერვიუები ჩვენმა სვეცკებმა, ისწავლონ რა უნდა თქვან და რომ არ დაატყდეთ ლანძღვის ნიაღვარი
09:33 / 08-05-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS