04 მაისი, 2015
''X ფაქტორის'' ჟიურის წევრი თამთა გოდუაძე ქართულ პოპულარობას ვერ შეეჩვია
თამთა საბერძნეთში ძალიან პოპულარულია `X ფაქტორის'' ჟიურის უცვლელი წევრი აგერ უკვე მეორე სეზონია, საბერძნეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი თამთა გოდუაძეა. მან პოპულარობის გემოუცხო ქვეყანაში გაიგო, საქართველოში კი სულ მცირე ხნის წინ ფართო საზოგადოებამ მუსიკალური პროექტ `X ფაქტორის'' საშუალებით გაიცნო.

თამთა საბერძნეთში ძალიან პოპულარულია, იქ ცხოვრობს და კარიერის მწვერვალებიც იქ დაიპყრო, თუმცა საქართველოშიც შეიყვარა მაყურებელმა, ამიტომ დავინტერესდით, ხომ არ აპირებს კონცერტის გამართვას. ამ და სხვა თემებზე მასთან ექსკლუზიურად გასაუბრების საშუალება პროექტის კულისებში მოგვეცა.

- თამთა, როგორ განწყობაზე
ხარ, ჩაწერების შემდეგ, სანამ ლაივები დაიწყებოდეს?
- საერთო ჯამში, თავად პროექტის დაწყება, როგორც შარშან მიხაროდა, იმაზე ნაკლებად კი არა, უფრო მეტადაც მიხარია. რაც შეეხება მონაწილეებს, ახლა მოვრჩით ერთ-ერთი კატეგორიის ჩაწერას და იმხელა ენერგია დამეხარჯა, ემოციური თვალსაზრისით, რომ ძალიან რთული გამოდგა. შარშან არ მახსოვს, რომ ასე გამჭირვებოდა ოთხი კონკურსანტის არჩევა, მიუხედავად იმისა, რომ შარშანაც ძალიან კარგი მონაწილეები იყვნენ, წელს ძალიან კარგი ნაკადი გვყავს. ემოციურად `სკამების ეტაპი'' ყველაზე დამთრგუნველი გამოდგა.

- ჟიურის ცვლილებაზე რას გვეტყვი? ძალიან ხალისობთ ერთად.
- საერთოდ, მიყვარს ცვლილებები. სტეფანე პროექტში არ გამიცნია, წლებია, ჩემი მეგობარია. სოფო ტოროშელიძე კი `X ფაქტორში'' გავიცანი და ძალიან შემიყვარდა. ჟიურის შეცვლა პროდიუსერების გადაწყვეტილებაა, ჩემთვის - ახალი მეგობრების შეძენა.

- ყველას უნდა, მისმა კონკურსანტმა გაიმარჯვოს.
- რა თქმა უნდა, თუმცა მთლიანობაში არაეგოისტურად თუ შევხედავთ, პროექტი რომ შედგეს, მას უნდა ჰყავდეს ძლიერი გამარჯვებული და მნიშვნელობა არ აქვს, ვისი კონკურსანტი იქნება. მაგრამ, ბუნებრივია, ყველა ჩვენგანი იბრძოლებს, რომ ეს გამარჯვებული მისი გუნდიდან იყოს.

- სტრატეგია თუ გქონდა წინა ჯერზე და ახლა თუ გაქვს?
- რაღაც სტრატეგიას თავიდანვე აყალიბებ, მაგრამ ლაივებზე ბევრი რამ იცვლება, ასე რომ, ზუსტი და ჩამოყალიბებული ვერ იქნები. ბევრი რამ დამოკიდებულია კონკურსანტზე, რას დადებს ის სცენაზე. პირადად ჩემთვის ხალხის აზრს, რეაქციასა და სიყვარულს დიდი მნიშვნელობა აქვს. ვნახოთ, გადავუხვევ თუ არა ჩემს სტრატეგიას (იღიმის).

- ხალხის აზრს როგორ იგებ? სოციალურ ქსელში კითხულობ?
- სოციალური ქსელებისმანიაკი არ ვარ, იმას ვგულისხმობ, რომ არ ვუკვირდები ყველა სიტყვას. შეიძლება, ზოგადად გადავხედო და დავიჭირო დადებითი და უარყოფითი მოსაზრებები. ნეგატიური აზრის მოსმენაც საჭიროა. მცირე დოზით მაინც თუ შეიცავს ლოგიკას, დაგაფიქრებს, შესაძლოა, მანამდე ამაზე არც გიფიქრია. არასდროს მთრგუნავს უარყოფითი აზრი, ხანდახან გასათვალისწინებელიც კია. თუკი პირადად ჩემზე მეკითხები, უმადური უნდა ვიყო, რამე რომ ვთქვა, იმდენად დადებითი ემოცია მოდის ჩემდამი. მცირეოდენი უარყოფითი დამოკიდებულება თუ არსებობს და ალბათ, იარსებებს, ვერ გადაწონის ამ კარგ ემოციებს. გუშინ მინდოდა პოსტის დაწერა ამ თემაზე. ვიფიქრე, ვინმეს არ ეგონოს, რომ გამიზნულად ვწერ-მეთქი. გულწრფელად და გულით მინდოდა ხალხისთვის მადლობის გადახდა. შენი ხალხის სიყვარულს სხვანაირი სიტკბო აქვს. ძალიან მადლობელი ვარ ამისთვის.

- ალბათ, `X ფაქტორმა'' ითამაშა როლი შენს პოპულარობაში.
- მხოლოდ ამ პროექტმა. ადრეც მითქვამს, რომ მანამდე საქართველოში გამოჩენის არც მცდელობა მქონია და არც სურვილი. არა მგონია, ხმამაღალი ნათქვამი იყოს - ჩემს ხალხსა და ქვეყანას ჩემი თავი `X ფაქტორმა'' გააცნო და იმედი მაქვს, შეაყვარა. 

- აქ კონცერტის გამართვას ხომ არ ფიქრობ?
- დიდი სურვილი მაქვს. მინდა ვაჩვენო ჩემს ხალხს ჩემი ის კუთხე, რითაც საბერძნეთში მიცნობენ. ვერ ვიტყვი, რომ რაიმე კონკრეტული შემოთავაზება მაქვს და ახლა განვიხილავ, მაგრამ იმედია, დროთა განმავლობაში ასეც მოხდება.

- რა განსხვავებაა ქართულ და ბერძნულ პოპულარობას შორის?
- პოპულარობა ყველგან ერთია, მაგრამ საქართველოში ჩემთვის პოპულარობა უცნაურია. გეტყვით, რას ვგულისხმობ. საბერძნეთშიწელიწად-ნახევარი ვიცხოვრე, როგორცჩვეულებრივმა მოქალაქემ, დანარჩენი 12 წელივარ ცნობილი სახე. იქ უკვე შევეჩვიეამ ყველაფერსდა ეს ცხოვრების წესია.

- ანუ იქ უფრო ვარსკვლავურია ცხოვრება?
- არა, ვარსკვლავობა არაფერ შუაშია. მე `სტარობას'' არანაირ დატვირთვას არ ვანიჭებ. ახლა გესაუბრები იმაზე, თავად როგორ აღვიქვამ პოპულარობას. მოკლედ, იქ შეჩვეული ვარ, აქ კი - რა თქმა უნდა, ძალიანაც მომწონს, მიხარია და მადლობელი ვარ, მაგრამ ჩემთვის აქაური პოპულარობა ახალია. სადღაც რომ შევდივარ, მეუცნაურება, თუკი მიცნობენ. ამას წინათქუჩაში ქალი რომ გამომელაპარაკა, სერიოზულად გაოცებული ვუყურებდი, მერე წამებში ვიფიქრე, ტელევიზორში ვჩანვარ და როგორ არ ვეცოდინები-მეთქი. აქ ძალიან დიდხანს არ მიწევს ყოფნა, რომ ეს ყველაფერი გავითავისო და ყოველ ჩამოსვლაზე ახლიდან მიწევს ამის აღმოჩენა, გათავისება.

- თბილისში რამდენ ხანს გიწევს ყოფნა?
- ყველაზე მეტი ორდღე-ნახევარი. ამ ჩამოსვლაზე 21-ე ფრენა მქონდა 30 დღეში (იღიმის). ეს ფრენები მხოლოდ `X ფაქტორს'' არ უკავშირდება.

- რა არის დადებითი და რა უარყოფითი პოპულარობაში? ურჩევ ადამიანებს, იყვნენ პოპულარულები?
- გააჩნია, რისთვის უნდათ ეს პოპულარობა. რა უცნაური შეკითხვაა, სახლში ვზივარ, საჭმელს ვაკეთებ და პოპულარობა მინდა?

- სულაც არ არის უცნაური. ბევრი გაიხდის, გამოვარდება და ამით ხდება პოპულარული.
- თუკი გახდილი გამოვარდება და თავად მოეწონება, იყოს პოპულარული. ჩემთვის კი, თუ ჩემი საქმით არ ვარ ცნობილი, ასეთ პოპულარობას ღირებულება არ აქვს. რაც შეეხება დადებითსა და უარყოფით თვისებებს - მე ხომ მსოფლიო ვარსკვლავი არ ვარ, რომ ვიწუწუნო, გარეთ ფეხს ვერ ვადგამ და პაპარაცები დამდევენ-მეთქი. ეს ხომ ჩვენს რეალობაში სისულელეა. დამიჯერეთ, ძალიან ბევრი პაპარაცი თავად ვარსკვლავებისგან იგებს ინფორმაციას მათი გადაადგილების შესახებ.

საბერძნეთში ასეთი პოზიცია მიჭირავს - არასდროს ჩემი პირადული ამბები არ მიდის ჩემს შემოქმედებაზე წინ. ამის უფლებას არავის ვაძლევ და მსურს, ჩემთვის დავიტოვო რაღაც. ასე რომ, ვერ ვიტყვი, რომ პოპულარობა მაწუხებს, მთელი გაგებით ვარსკვლავებს, ალბათ, აწუხებთ. ხანდახან დამღლელია, მაგრამ იმდენ დადებით ენერგიას ვიღებ ადამიანებისგან, რომ ამად ღირს. ადამიანიცუდის გაკეთებითაცშეიძლება გახდესპოპულარული, მაგრამ ეს მე არ მაინტერესებს. თუკი კარგს აკეთებს, რატომაც არ უნდა დაუფასდეს და უყვარდეს ხალხს?!.

- წარმატების ფორმულა თუ გაქვს?
- აქაც ბევრი X-ია. ჩემს შემთხვევაში ტალანტზე არ დავიწყებ ლაპარაკს. ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანმა კარგად იცოდეს შანსების დაჭერა და ისინი ხელიდან არ გაუშვას. ბევრი მუშაობა უმნიშვნელოვანესია. ერთხელ რომ ვიღაც ტაშს დაგიკრავს, იმას არ ნიშნავს, რომ ხვალაც და ზეგაც დაგიკრავს. ხვალ და ზეგ თუკი მსმენელს მეტი არ მიეცი, სხვა მოვა და იმას ერგება აპლოდისმენტები. შენ რომ სულ შენი საქმით იყო აქტუალური, ვფიქრობ, უდიდესი ენერგია და მუშაობაა საჭირო. ამ ყველაფრის მარტო გაკეთება ძალიან რთულია, უნდა გყავდეს პროფესიონალები, რომლებიც შენ გვერდით იმუშავებენ. ტალანტის გარდა, რომელიც შეიძლება იყოს საშუალო, დიდი ან ძალიან დიდი, წარმატებას ბევრი სხვა ფაქტორის ერთობლიობაც განაპირობებს, რაზეც ახლა ვისაუბრეთ. ჩემი ცხოვრების მამოძრავებელი პროგრესია. ნახევარი ნაბიჯით მაინც წინ თუ არ წახვედი ერთი კონცერტიდან მეორემდე, არაფერი გამოვა.

- შენი შემდეგი ეტაპი როგორი იქნება?
- საბერძნეთში სხვანაირი სისტემაა, რომლის ახსნაც ძალიან მინდა, მაგრამ გამიჭირდება. იქაურ შოუბიზნესში უნდა იყო ჩახედული. ორი თვეა, ახალი კლიპი გადავიღე. ზაფხულში, როცა მოვახერხებ, კონცერტები მექნება, დავიწყე მუშაობა ახალ ალბომზე. სიახლეები იქნება, დეტალურად ჯერ ვერ ვისაუბრებ.

- შენი იმიჯიც ძალიან საინტერესოა და აქაც სულ სიახლეები გაქვს. ეს არ არის მნიშვნელოვანი მომღერლისთვის?
- გააჩნიამომღერალს, ჟანრს, რასაც ასრულებს და ტიპაჟს. ჩემი საქმემაძლევს საშუალებასდა უფლებას, იმიჯიც წინ წამოვწიო და ამ მხრივაც სიახლეები ვეძებო. ოფისში ასე ჩაცმული არ მივიდოდი. რა თქმა უნდა, ჩემი იმიჯი კარგად არის ნაფიქრი, თუმცა იმიტომ, რომ მე მომწონს და მიყვარს გიჟობა და თამაში ამ მხრივ. შემიძლია, ერთი დღე ვიყო პატარა ბავშვივით, მეორე დღეს კი სულ სხვანაირი. მეკითხებიან, ხასიათის მიხედვით ვიცვამ თუ არა, მაგრამ პირიქით ხდება - ჩემს ხასიათს ვცვლი ჩაცმულობის მიხედვით: თუ ფუშფუშა კაბა მაცვია, თავისთავად ბავშვური ვხდები, თუკი ქალურად, შეიძლება, ცოტა წარბიც ავწიო (იღიმის).

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ლილე
კარგი ხარ შენ!
02:31 / 05-05-2015
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
თამთა ყველასთვის საყვარელი მომღერალია საბერძნეთში.არასოდეს დამავიწყდება მისი გამოსვლები ბერძნულ აიდოლში.ქართველები უამრავ მესიჯებს ვაგზავნიდით ხმის მიცემის დროს.იყო საოცრად ლამაზი და მომხიბვლელი. საოცრად მღეროდა.ბოლოს ორნი დარჩნენ, ბერძენი ბიჭი და ქართველი გოგო. აიდოლი თამთას ეკუთვნოდა,ეს ყველამ იცოდა და ყველანიც აღიარებდნენ,მაგრამ თამთა ქართველი იყო.... თუმცა შემდგომში თამთა მართლაც ძალიან პოპულარული გახდა საბერძნეთში,ხოლო იმ ბიჭის სახელი, რომელსაც აიდოლი აჩუქეს, იმ დღიდან ყველამ დაივიწყა.თამთა კი უსაყვარლესი მომღერალია.
17:26 / 04-05-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS