- ადამიანი, რომელსაც არც კონკურსებზე უშვებდნენ და არც კონცერტებზე ეპატიჟებოდნენ, ახლა
- (იღიმის) რა ვიცი, ჩემთვის ძალიან სასიამოვნო და საპასუხისმგებლოა, ვიყო ამ მასშტაბის პროექტში მენტორი, ჟიურის წევრი. მინდა გავამართლო ფსონი, რაც ჩემზე არის დადებული, როგორც შოუმენსა და მენტორზე. რაც შეეხება სხვების შეფასებას, უნიჭოებთან ვარ ზუსტად ისეთივე არაადეკვატური, როგორიც მათი ნიჭია.
- ჰოდა, ამბობენ, მენტორები რატომ დასცინიან ხალხსო.
- ჩემი ფრაზები არ არის დაცინვა, ჩემს სათქმელს იუმორითა და სარკაზმით ვეუბნები ისეთ კონკურსანტებს, რომლებიც სცენაზე საშინელებას გადმოგვცემენ. თუ ''აცხას''გულისხმობ წინა გადაცემიდან, საზოგადოებამ ნახა, რომ ამ გამომსვლელმა ვერაფერი შეძლო. რაც შეეხება ნიჭიერ ადამიანებს, ვფიქრობ, მათდამი დამოკიდებულებას განსაკუთრებით კარგად გამოვხატავ. ამას ყოველ ორშაბათს ნახავთ.
- წლების წინანდელი ანრი რომ გამოსულიყო ახლანდელი ანრის წინაშე, მიიღებდა მის კრიტიკას?
- რა თქმა უნდა, მივიღებდი. მაშინდელი ანრი ახლანდელ ანრის რომ შეხვედროდა, შეეცდებოდა, ძალიან მომზადებული ყოფილიყო. ჩემს დროს სად იყო ასეთი პროექტები. ჩემი თაობა, ფაქტობრივად, თვითგამორკვევით შედგა. ინტერნეტკაფეების ეპოქაში გავიზარდეთ. მუსიკალური ინფორმაცია დღეს ყველა ადამიანისთვის მისაწვდომია. ჩემს დროს ასეთი დიდი შანსებიც არ იყო გამოსაჩენად და ამაზე ფიქრი ყველაზე თამამ ოცნებაშიც არ არსებობდა. ასე რომ, მე რომ კონკურსანტად მოვსულიყავი, მივიღებდი შენიშვნებს, მაშინაც კარგი იუმორი მქონდა და ხუმრობაშიც ავყვებოდი, მეც ვეტყოდი ერთი-ორ რამეს.
- მაშინდელ ანრის რას გაუკრიტიკებდი? მაგალითად, ''იუმორესკა''რომ შეესრულებინა?
- ''იუმორესკას''შემთხვევაში - ვერაფერს. წამოვდგებოდი ფეხზე და ტაშს დავუკრავდი. თუ შემეპასუხებოდა, ვეტყოდი, რომ თავშეკავება არ აწყენდა. მე ნაადრევად ავუშვი აფრები. ეს იმის ბრალი იყო, რომ სულ ვიცოდი, დღეს რა ანრი ვიქნებოდი, თავისუფალი და შემდგარი ადამიანი. ცოტა ნაადრევად მომივიდა სიმართლის თქმა, ამან ბევრ რამეში უკან დამწია და ბევრი მტერი შემძინა, თუმცა მათგან დღეს ზოგი აღარც არსებობს დედამიწის ზურგზე, ზოგი კი ჩემი მეგობარი გახდა.
- მაგალითად, ვინ?
- მტერს ნამდვილად ვერ დავარქმევ, მაგრამ მეუბნებოდნენ, რომ ძალიან არ ვევასებოდი თემურ თათარაშვილს. ერთმანეთს არც ვიცნობდით, მაგრამ შორიდან არ მოვწონდი. წლების მერე დავმეგობრდით, თბილი ურთიერთობა გვაქვს და ერთმანეთს ვგულშემატკივრობთ. ალბათ, არ მოვწონდი ჩემი იმიჯის გამო, რომ დავათხლეშავდი რაღაც ''რეჩებს''.
- შენს მტრებს შორის ნამდვილად არ არის ინგა გრიგოლია, რომელმაც გადაცემის შემდეგ დაგიწერა, რომ გიჟდება შენზე.
- ინგა გრიგოლია არის ის ადამიანი, ავტორიტეტი, რომლის აზრიც ყოველთვის მაინტერესებს. სასიამოვნო იყო და გამაბედნიერა მის მიერ ღიად გამოთქმულმა კომპლიმენტმა. პირველი ''X ფაქტორის''ეთერში გასვლის შემდეგ ბევრმა ადამიანმა მომწერა, რასაც არ ველოდი. სხვათა შორის, ძალიან თვითკრიტიკული ვარ და ამ საქმესაც ასე ვუყურებ. პირველ გადაცემას მთელ ''რუსთავი 2''-თან ერთად ვუყურე ერთ-ერთ კლუბში. რომ მეუბნებოდნენ, რა მაგარი შოუ გამოგდისო, მეგონა, ნამეტანი მისვამენ თავზე ხელს-მეთქი. ვეხვეწებოდი, კრიტიკული მითხარით რამე-მეთქი. ვერ ვიტყვი, რომ არაფერი მაქვს გასაკრიტიკებელი. სიმართლე გითხრა, ჩემი ამ პირველი გამოსვლით არ აღვფრთოვანდი. აღმოჩნდა, რომ ამ შემთხვევაში ჩემი და საზოგადოების აზრი არ დაემთხვა ერთმანეთს, რადგან ჩემი თავი არ მომეწონა. ძალიან გამიხარდა ისეთი ენამწარე და ენამოჩათლახებული დივასგან მონაწერი ფრაზა, შეუდარებელი ხარ ჟიურიშიო, როგორიც ია ფარულავაა. თავის ჟანრსა და ტერიტორიაზე ჩემთვის ის შეუდარებელია, თუმცა ხშირად ვხოცავთ ერთმანეთს. თავზე ვახურავთ ყველაფერს. მორიელი და მერწყული ერთმანეთს ვერ უგებენ, თუმცა პატივს ვცემ. ამალიაზე რომ რაღაც დავწერე, მაშინ გამომეპასუხა და ვიჩხუბეთ (იღიმის).
- ანრი, საზოგადოების ნაწილი აღაშფოთა იმან, რომ ალეკო ბერძენიშვილი, მარიამ პავლიაშვილი, ლიკა შუბითიძე დაგიჩაგრავთ მენტორებს და მეორე ტურიდან გამოგიშვიათ.
… ამას მაყურებელი მოგვიანებით იხილავს. - როგორ? დავჩაგრეთ რას ნიშნავს? მე არავინ დამიჩაგრავს. ''თ''მოხსენით. ეს იყო კონკრეტულად მათი მენტორების გადაწყვეტილება.
- მუსიკოსმა მაიკო კაჭკაჭიშვილმა დაწერა, ''ძაღლებიან ქვეყანაში კატებს აყეფებენო''.
- მაია ალეკო ბერძენიშვილის მეგობარია და სხვანაირად ვერ იტყოდა. აქ მენტორი თავად იღებს გადაწყვეტილებას და მთლიანად პროექტის დადანაშაულება არ შეიძლება. წავიკითხე ასეთი რამ. ყველამ იცოდეს, რომ ძალიან ინფორმირებული ვარ. მათ გასაგონად, ვისაც ეჭვი ეპარება ამაში, ნახევარზე მეტ ''რუსთავი 2''-ს ძალიან დასწყდა გული, რომ ეს ადამიანები პროექტში ვერ დარჩნენ. ჩემი ახლობლები არიან და ზოგიერთთან ვმეგობრობ კიდეც, მაგრამ მათი საახლობლოს მისამართით ვიტყვი, არ არის სწორი, რომ გამოვიდნენ და ლანძღეს მთელი არხი, პროექტი, ყველა მენტორი, უშვერი და დაუმსახურებელი ეპითეტებით შეგვამკეს, ეს ''ლუზერობის''მანიშნებელია, როდესაც არ შეგიძლია, წესები ადეკვატურად გაიგო. მენტორი ნამდვილად დამოუკიდებლად წყვეტს და გვაქვს ეს ბედნიერება.
- გაქვს მოგების იმედი?
- როგორ არა. მყავს რამდენიმე ისეთი კონკურსანტი, რომელთა ლავირებითაც შემიძლია ფინალამდე მისვლა. მერე არ ვიცი, რა იქნება. თუ ამ ჭკუაზე დავრჩი და არ გავაფრინე, ჩემი კონკურსანტი მოგების ერთ-ერთი კანდიდატი იქნება. ყველაზე მეტად იმით შემიძლია ვიტრაბახო და ყველამ სწორად გაიგოს, რომ ძალიან კარგად მესმის საზოგადოების დაკვეთის. ვფიქრობ, გათვლებს გავაკეთებ იმაზე, რა მოეწონება ხალხს და გამოიწვევს გამოხმაურებას ისე, რომ პროფესიონალიზმის თამასამ არ დაიწიოს.
- ანრი, რამეს აპირებ ახალს?
- მალე გამოვა კლიპი, რომელიც რამდენიმე თვეა მიდევს თაროზე, სეზონს ველოდებოდი. ნიკო გომელაურის ლექსზე დავწერე სიმღერა, ''ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა…''.
- ჰომოფობობას ხომ არ დაგწამებენ იმ ცნობილი ფრაზის გამო, ''აქ ჯამლეტამ ჯონდო დააორსულა…...''
- არა, რას ამბობთ. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ფრაზა ჰომოფობიურია? მე ასე არ მივიჩნევ.
- ანუ დადებითი კონტექსტით არის ნათქვამი?
- ჯამლეტა და ჯონდო ნაკლებად ასოცირდება ლგბტ თემასთან. აქ სხვა სარკაზმი დევს. ეს უფრო ჰეტეროსექსუალებზეა ნათქვამი (იცინის), აქ სხვა დაორსულებაზეა საუბარი. ნიკო გომელაურს ეს იდეა არ ექნებოდა. აქ რომ ყველაფერი მოსულა, ეს ანტიდ არ უნდა გაიგო. ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ ფრაზაზე მაქვს მთელი ვიდეორგოლი აგებული? სხვათა შორის, ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც თავად ნიკო გამოჩნდება ვიდეორგოლში და თავად იტყვის ამ ფრაზას, რომელიც კარგად არ გამღერდა და თანაც, ამას ნიკოზე უკეთ ვერავინ იტყვის. ხალხი ამ კლიპში სოციალურ პრობლემებს დაინახავს, აბა, როგორ?!.
ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''